გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 2/145-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - გ--------–---------ძე
წარმომადგენელი - კ--------------–---–ი
მოპასუხე - შ------------------
წარმომადგენლები - ნ--------------–-–---–ი, მ----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შ----------------- მოსარჩელე გ--------–---------ძის სასარგებლოდ, დაეკისროს ფულადი თანხის - 22 535 (ოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუტმეტი) ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოპასუხე შ----------------- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის (22 535 ლარი) წლიური 9.8%-ის - 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის გადახდა.
1.3. მოპასუხე შ----------------- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 679 (ექვსას სამოცდაცხრამეტი) ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2016 წლის 14 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება -„მორიგების აქტი“, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მხარდაჭერა გ--------–---------ძისათვის მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში (გ--------–---------ძისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე). აღნიშნული შეთანხმება საჭირო გახდა, რადგან იმ პერიოდში, როდესაც გ--------–---------ძე გადიოდა მოყვარული პილოტის კურსებს, ,,ს-----------’’ და საქართველოში მოქმედ სხვა საავიაციო სკოლებს ჩამოერთვათ უფლება მოემზადებინათ მოყვარული პილოტები. მას შემდეგ, რაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს აღუდგა ასეთი სწავლების უფლება, შეთანხმების მიხედვით, შპს ,,ს-----------’’ უნდა უზრუნველეყო გ--------–---------ძისათვის მოყვარული პილოტის მოწმობის აღებაში მხარდაჭერა.
იმისთვის რომ მოსარჩელეს მოყვარული პილოტის მოწმობა მოეპოვებინა, შპს „ს-----------------ს“ გადახდილი აქვს საკმაოდ სოლიდური თანხა. მიუხედავად გ--------–---------ძის არაერთგზის მცდელობისა და მიცემული დამატებით საკმაოდ დიდი ვადისა - მხარეთა შორის წარმოშობილი „გაუგებრობა“ მოგვარებულიყო (მოპასუხეს შეესრულებინა „მორიგების აქტით“ გათვალისწინებული ვალდებულება) - უშედეგო აღმოჩნდა. მოსარჩელემ თავად მიმართა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს (დღეის მდგომარეობით საქართველოში ერთადერთ სწავლების უფლების მქონე დაწესებულებას) და გამოითხოვა სწავლების პირობები. უნივერსიტეტიდან მოწერილი ფასების მიხედვით დასტურდება, რომ სწავლება ღირს 18 950 ლარი. ამასთან, სწავლის წინ საჭიროა სამედიცინო კომისიის გავლა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 750 ლარს და დამატებით მოითხოვს რამოდენიმე ანალიზის წარდგენას, რომელთა ღირებულება შეადგენს 255 ლარს. ასევე შპს ,,ს-----------ს’’ კურსის გავლის პერიოდში მოსარჩელეს დასჭირდა ე.წ ,,ჯეპესენის’’ კურსის გავლა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 780 ლარი, რომელსაც გაუვიდა ვადა. ამასთან, საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა მდებარეობს თელავში და შესაბამისად ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს 1800 ლარს (თითო გზა 20 ლარი). შესაბამისად ჯამში ეს ხარჯები შეადგენს 22 535 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ--------–---------ძემ ნამდვილად დაიწყო სწავლა შპს ,,ს----------ში“ მოყვარული პილოტის კურსებზე, თუმცა არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სწავლების გავლა უპირობოდ ნიშნავდა გ--------–---------ძის მიერ მოყვარული პილოტის მოწმობის აღებას, ვინაიდან შპს ,,ს----------ში“ სწავლების ერთადერთი მიზანი იყო - ამ უკანასკნელს მოეპოვებინა გამოცდის ჩაბარების უფლება; მოპასუხე მხარე ასევე აღიარებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის 14 იანვარს გ--------–---------ძესა და შპს ,,ს-----------ს“ დირექტორ ა-----------------ს შორის გაფორმდა ,,მორიგების აქტი’’, რომლის თანახმად ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, შეთანხმების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, მისივე ხარჯით, გ--------–---------ძისათვის დამატებითი ხარჯის გარეშე, განეხორციელებინა მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში მოხდებოდა შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება შპს ,,ს-----------ს“ ან სხვა ორგანიზაციის მიერ. თუმცა, მოპასუხის პოზიციით, გ--------–---------ძის მიერ არასწორად იქნა შეფასებული სადავო მორიგების აქტის პირობები. მოსარჩელეს თავად უნდა გამოეხატა ნება, თუ კონკრეტულად რომელ სასწავლებელში სურდა სწავლა. მოპასუხე ვერ შეურჩევდა მას სასწავლებელს, ვინაიდან აღნიშნულზე მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა. ამ კუთხით გ--------–---------ძე არანაირ ინიციატივას არ იჩენდა. სწორედ მას უნდა გადაედგა პირველი ნაბიჯი, მიემართა შპს ,,ს-----------სთვის“, დაეფიქსირებინა ნება, სურვილი და მზადყოფნა სწავლის შესახებ. თუმცა მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მხარეებს ერთმანეთი არც უნახავთ; მოსარჩელემ საავიაციო უნივესიტეტიდან სწავლის საფასურის შესახებ პასუხი მიიღო 2017 წლის 22 ნოემბერს, თუმცა მოპასუხისთვის არც ამჯერად მიუმართავს წერილობითი განცხადებით და ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2018 წლის 23 თებერვალს სასამართლოში სარჩელის ჩაბარების შემდეგ. მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა დარღვეული მორიგების პირობები, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს მორიგების აქტის დადებიდან ერთი წლს განმავლობაში არ მიუმართავს მოპასუხისთვის, შესაბამისად დაუსაბუთებელია ფინანსური ზარალის შესახებ გ--------–---------ძის განცხადება; ვინაიდან მოსარჩელემ გაუშვა ერთწლიანი, მორიგების პირობებით გათვალიწინებული ვადა, ამ ეტაპზე შპს ,,ს-----------“ არ აქვს ვალდებულება დააფინანსოს გ--------–---------ძის სწავლა; მოპასუხის განმარტებით, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ გ--------–---------ძეს მორიგების აქტის შესაბამისად ჰქონდა მხოლოდ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნაა არა კომპენსაცია, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ, არამედ სამომავლო სავარაუდო სწავლების ხარჯის ანაზღაურება; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1 მოსარჩელე გ--------–---------ძემ 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე ავიაკომპანია ,,ს-----------ს’’ სასწავლო-საფრენონსო ცენტრში გაიარა მოყვარული პილოტის მომზადების კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავიაკომპანია ,,ს-----------ს’’ სასწავლო-საფრენონსო ცენტრის დირექტორის მიერ გაცემული სერთიფიკატი ს.ფ. 23;
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერთიფიკაცი ს.ფ. 17;
- შპს ,,ს-----------ს ‘’ მიერ გაცემული ცნობები ს.ფ. 19-22; 24-28;
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
3.1.3. შპს ,,ს-----------“ და საქართველოში არსებულ სხვა ანალოგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის საავიაციო უნივერსიტეტს ჩამოერთვა მოყვარული პილოტის მომზადების ლიცენზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- მორიგების აქტი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2014 წლის ივნისის თვეში შპს ,,ს----------მა‘’ მიმართა სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გ--------–---------ძისთვის მოყვარული მფრინავის მოწმობის გასაცემად, რაზეც სააგენტომ უარი განაცხადა, იმ საფუძვლით, რომ განაცხადი არასრულყოფილი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მორიგების აქტი ს.ფ 33;
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
3.2.2. 2015 წლის 09 დეკემბერს გ--------–---------ძემ მიმართა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რითაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სტატუსი ჰქონდა ავიაკომპანიის მიერ მასზე მოყვარული პილოტის მოწმობის გაცემის მოთხოვნას; სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2015 წლის 18 დეკემბერს გაცემული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ ავიაკომპანია „ს-----------ს“ მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი პილოტ-კურსანტების, მათ შორის გ--------–---------ძის სასწავლო პროცესში ჩართულობისა (თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული მომზადების ჩანაწერები) და ტესტირების გავლის დამადასტურებელი საბუთები, რაც გახდა სააგენტოს მიერ აღნიშნული სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 დეკემბრის წერილი ს/ფ 31;
- 2015 წლის 18 დეკემბრის სამოქალაო ავიაციის სააგენტოს წერილი ს.ფ. 32;
3.2.3. 2016 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი (შედგა შეთანხმება), თუმცა აღნიშნული მორიგების აქტის სასამართლო წესით დამტკიცება არ მომხდარა, ანუ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მორიგების აქტი ს.ფ 33;
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინება სარჩელის გამოხმობის გამო მისი განუხილველად დატოვების შესახებ ს.ფ 34-36;
3.2.4. შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში“ მოყვარული პილოტის მომზადების პროგრამის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსის საფასური შეადგენს 18 950 ლარს. დამატებით საჭიროა სხვა ხარჯების გაწევა: მათ შორის სამედიცინო კომისიის გავლის ხარჯი, სამედიცინო კომისიისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯი, ე.წ. ,,ჯეპესენის’’ კურსის გავლის ხარჯი და საავიაციო უნივერსიტეტის ბაზაზე (რომელიც მდებარეობს თელავში) ტრანსპორტირების ხარჯი, რაც ჯამში შეადგენს 22 535 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს საქართველოს საავიაციო უნივესიტეტის 22.11.2017 წლის წერილი ს.ფ.38;
- გ--------–---------ძის მიმართვა შპს ,,აეროპორტის მრავალპროფილიან პოლიკლინიკას’’ ს.ფ. 39;
- შპს ,,აეროპორტის მრავალპროფილიან პოლიკლინიკის’’ წერილი ს.ფ.40;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.5. საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით სწავლის პერიოდი იყოფა 2 სემესტრად, კრედიტების რაოდენობდა 50; პროგრამაზე მისაღებად საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერთიფიკატის ფლობა;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს საავიაციო უნივერისტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ამონაწერი;
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა გ--------–---------ძის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 90-ე, 93-ე, 316-319-ე, 325-ე, 327-ე, 394-ე, 408-ე, მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება მორიგების აქტის სახით. შესაბამისად, ის გარემობა, თუ რა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მორიგების აქტის შედგენამდე მხარეებს შორის, სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს. ამასთან, მხარეთა შორის 2016 წლის 14 იანვარს გაფორმებული მორიგების აქტი წარმოადგენს პირობადადებული გარიგების ერთგვარ სახეს, რომლითაც მხარეებმა ნაკისრი ვალდებულების შესრულება განსაზღვრული მოვლენის დადგომას დაუკავშირეს. კერძოდ, მორიგების აქტის მე-3 პუნქტის თანახმად შპს ,,ს-----------’’ იღებს ვალდებულებას ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში შპს ,,ს-----------ს’’ ხარჯით გ--------–---------ძისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე განახორციელოს გ--------–---------ძის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში, თუ ამ ვადაში საქართველოში მოხდა შესაბამისი სასწავლო ლიცენზიის მიღება შპს ,,ს-----------ს’’ ან სხვა ორგანიზაციის მიერ. მე-4 პუნქტით კი დაკონკრეტებულია, რომ მხარდაჭერა გამოხატული იქნება გ--------–---------ძის გადამზადებაში თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში;
მოცემულ შემთხვევაში არცერთი მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს ,,ს----------მა’’ იკისრა გ--------–---------ძის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის მიღებაში. დავის საგანს წარმოადგენს მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობა მოპასუხე მხარის მიერ, ამასთან, სადავოა დადგა თუ არა შეთანხმებულ ვადაში პირობა და რა გარემოებები უნდა განიმარტოს მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობად;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ჩაითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე; ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია.
მართალია, მორიგების აქტით პირდაპირ არ იკვეთება, თუ რომელ მხარეს უნდა შეეტყობინებინა ამ პირობის დადგომის შესახებ, თუმცა მორიგების აქტის შინაარსიდან გამომდინარე აღნიშნული მოსარჩელის ინტერესებში შედიოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
ხელშეკრულება ორივე მხარეს აკისრებს გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს-----------ს’’ უფლება იყო მიეღო ინფორმაცია გ--------–---------ძის მიერ სწავლის დაწყების შესახებ, ხოლო ამ ინფორმაციის მიწოდებისა და მოპასუხესთან აქტიური კომუნიკაციის ვალდებულება მოსარჩელე მხარეზე იყო, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც ამ უკანასკნელს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია;
წარმოდგენილი სარჩელით სადავო გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, თუ როდის მიიღო შპს ,,ს----------–----------–--------------------ა’’ მოყვარული პილოტის სასწავლო ლიცენზია და მიიღო თუ არა მხარეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში, ვინაიდან ამ დროის გასვლის შემდეგ პირობა ძალადაკარგულად ითვლება. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა, ვინაიდან სწორედ გ--------–---------ძის აქტიური ქმედებები, მიმართული სწავლის დაწყების ინიციატივის გამოჩენისაკენ და მზაობა სწავლის დასაწყებად გახდებოდა საფუძველი შპს ,,ს-----------ს’’ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, რადგან მორიგების აქტის თანახმად, შპს ,,ს----------მა’’ გ--------–---------ძის მხარდაჭერა იკისრა სწორედ სწავლის დასაფინანსებლად და არა სხვა მიზნებისთვის. სწორედ ამგვარი მიზანმიმართული ქმედებები უნდა განეხორციელებინა გ--------–---------ძეს. მხოლოდ 2017 წლის ნოემბრის თვეში ანუ მორიგების აქტით გათვალისწინებული ერთწლიანი (2017 წლის 14 იანვარი) ვადის გასვლის შემდეგ საავიაციო უნივერსიტეტისადმი მიმართვა არ არის საკმარისი საფუძველი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ, მაშინ როდესაც დაუდგენელია ამ თანხის გამოყენების მიზნობრიობა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ს-----------’’ ვერ გაუწევდა ფინანსურ მხარდაჭერას გ--------–---------ძეს მანამ, სანამ თავად ეს უკანასკნელი არ გაივლიდა სათანადო პროცედურებს შესაბამის სასწავლებელში ჩასარიცხად. შპს ,,ს-----------ს“ მხრიდან სწავლების დაფინანსება მთლიანად იყო დამოკიდებული გ--------–---------ძის ქმედებებზე, რაც მიმართული იქნებოდა კონკრეტულ სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურებისკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ფორმათა მრავალფეროვნებაში დიდია იმის ალბათობა, რომ გარიგების მონაწილეებმა განსხვავებული მნიშვნელობით გაიგონ გამოვლენილი ნება, ვიდრე ეს ნების გამომვლენს ჰქონდა ნაგულისხმევი. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში. ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდნენ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი მიზნად;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან;
ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრული და არა გამოთქმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ „ბოლომდე უნდა იფიქროს“ იმასთან დაკავშირებით, თუ სავარაუდოდ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მხარეთა სურვილი. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საინტერესოა გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება [10.11.1999 – I ZR 183/97 – NJW 2000, 743]: ხელშეკრულების დამატებით განმარტების არსი მდგომარეობს ხარვეზის შემცველი გარიგების მხარეთა ჰიპოთეტური სურვილის შესაბამისად განვრცობაში. ამასთან, სასამართლო უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ რაზე შეთანხმდებოდნენ მხარეები, როგორც კეთილსინდისიერი ხელშეკრულების მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, მათი ინტერესების ჯეროვანი შეჯერების პირობებში, თუ მათ არ გამორჩებოდათ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი. არსებული ხარვეზები უნდა შეივსოს ხელშეკრულების დამატებით განვრცობის გზით იმგვარად, რომ „ბოლომდე იყოს ნაფიქრი“ კონკრეტული ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები (შდრ BGHZ 84, 1, 7; 90, 69, 77; 135, 387, 392). აქედან გამომდინარე, მხარეთა ჰიპოთეტური ნების გამორკვევისას ხელშეკრულების დანარჩენი შინაარსისა და ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული სხვა გარემოებების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მხარეთა ფაქტობრივ ნებას, რამდენადაც შესაძლებელია მისი დადგენა...“. (ი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას-1161-1116-2016)
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, შპს ,,ს----------მა’’ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა გ--------–---------ძის მხარდაჭერა მოყვარული პილოტის მოწმობის აღებაში, თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებაში და გადაეხადა სწავლების საფასური, თუმცა ამავე მორიგების აქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობად გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ გარიგების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში თავად მოსარჩელე გ--------–---------ძეს უნდა შეესრულებინა გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, არა მარტო მიემართა კონკრეტული ლიცენზირებული სასწავლებლისათვის სწავლის პირობების გასაგებად, არამედ განეხორციელებინა მთელი რიგი მოსამზადებელი პროცედურები დასახელებულ სასწავლებელში ჩასარიცხად და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს სასწავლებელი მიიღებდა მას კურსანტად, ამ დროიდან უკვე შპს ,,ს-----------’’ წარმოეშვებოდა გ--------–---------ძის სწავლის დაფინანსების ვალდებულება; ამდენად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების წინაპირობად თავად მხარეთა შორის დადებული მორიგების აქტის მიხედვით განიხილებოდა გ--------–---------ძის აქტიური ქმედებები, მიმართული ლიცენზირებულ სასწავლებელში ჩასარიცხად. ამგვარი ქმედებების განხორციელების დამადასტურებელი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და მხოლოდ შპს ,,ს----------–---------–-------------------------ი’’ 2017 წლის ნოემბერში მიმართვის წერილი სწავლის საფასურის შესახებ, არაა საკმარისი წინაპირობა მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებად. მითუფრო, რომ შპს ,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის’’ მიერ დამტკიცებული პროგრამის თანახმად, დასახელებულ უნივერსიტეტში მისაღებად და სწავლების კუსრის გასავლელად საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ასევე საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერთიფიკატის ფლობა;
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულება არა თუ შეთანხმებით გათვალისწინებულ ერთწლიან ვადაში არ წარმოუდგენია მოსარჩელეს, არამედ არც საქმის განხილვის ეტაპზე, რაც მას უკარგავს სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან მთელი ამ დროის განმავლობაში გ--------–---------ძეს არ გამოუვლენია კონკრეტული ნება სწავლის დასაწყებად, ხოლო ამ ნების არარსებობის პირობებში გაუგებარია რა ვალდებულება უნდა შეესრულებინა მოპასუხეს. ნება სამართლებრივად მავალდებულებელ ძალას შეიძენს მას შემდეგ, რაც დადგება გარიგებით განსაზღვრული პირობა, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვადის უშედეგოდ გასვლის გამო, პირობა ძალადაკაგარგულად მიიჩნევა და გარიგება სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების საფუძველი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა სახელშეკრულებო ნების გამოვლენის თავისუფლების პრინციპს, თუმცა, კეთილსინდისიერების ფარგლებში კონტრაჰენტთა ქმედებების, ერთმანეთისადმი ნაკისრი უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ფაქტობრივი ნების გონივრულობისა და სამართლიანობის შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ ვინაიდან პირობითი გარიგების შესაბამისად შეთანხმებული პირობის დადგომის შესახებ შეტყობინება არ განხორციელებულა მოსარჩელის ბრალეულობით, მოპასუხე ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების დამრღვევ სუბიექტად და შესაბამისად, მას ვერ დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხე მხარისთვის ხარჯების (სწავლის საფასური, მგზავრობის ხარჯები, სამედიცინო სერთიფიკატისა და მოყვარული პილოტის ლიცენზიის აღების ხარჯები) ანაზღაურების დაკისრებას, თუმცა გასწია თუ არა გ--------–---------ძემ რაიმე ხარჯი მორიგების პირობების შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია, შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება სამომავლო ხარჯებს, რაც შესაძლოა მომავალში გასწიოს გ--------–---------ძემ, სცილდება მორიგების აქტით შეთანხმებულ პირობებს და მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. აქვე საყურადღებოა მორიგების აქტის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, შპს ,,ს-----------ს’’ მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ გ--------–---------ძე აუცილებლად აიღებს მოყვარული პილოტის (Private Pilot) ლიცენზიას. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ გ--------–---------ძის მიერ სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოცდების ჩაბარების შემდეგ; მორიგების აქტის დასახელებული პუნქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ შპს ,,ს----------მა’’ იკისრა გ--------–---------ძის ფინანსური მხარდაჭერა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. მორიგების აქტის პირობების სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მხარეთა მიერ გამოხატულ ნებას და სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა საბოლოო მიზანს;
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ძირი თანხის 9,8%-ის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ვერ დადასტურდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნების საფუძვლიანობა; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------–---------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეს დაეკისროს მოპასუხის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა