გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19847-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - თ-----------------–---–ი;
წარმომადგენელი - ი-----–---–-----–---–ი;
მოპასუხე - დ--–------------ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ--–------------ეს მოსარჩელე თ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 5000 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ--–------------ემ სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის ზაფხულში დ--–------------ეს და თ-----------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, რის საფუძველზეც მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, მხარეთა შორის დაიდო ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც დ--–------------ემ აღიარა თ-----------------–---–ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და იკისრა ვალდებულება სესხის სახით გადაცემული თანხა დაეფარა - 2018 წლის მაისის თვეში.
3.1.3. დადგენილია, რომ მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის თნხის დაფარვის თაობაზე არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 16).
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. შესაგებელი, სარჩელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თა---------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 400-ე, 427-ე, 429-ე, 623-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე დ--–------------ემ სარჩელი ცნო სრულად.
გარდა ამისა, სასამართლო ასევე განმარტავს:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, თ-----------------–---–ს და დ--–------------ეს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი ხელწერილით. ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად დ--–------------ემ აღიარა, მისი დავალიანება თ-----------------–---–ის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა თანხა დაებრუნებინა გამსესხებლისათვის 2018 წლის მაისის თვეში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალის აღიარების ხელწერილი ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები შეესაბამება მხარეთა ნებას და არ არსებობს გამოვლენილი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი, აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერთი მხარე დამოუკიდებლად კისრულობს მეორე მხარის სასარგებლოდ გარკვეულ შესრულებას. იგი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. მხარეებს შორის ასეთი ხელშეკრულების არსებობისას საკმარისია, რომ დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა და საჭირო აღარაა ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლის გამოკვლევა. ამდენად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას. პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დ--–------------ისათვის - 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი აწესრიგებს ფულადი ვალდებულებების შესრულებისა და მისი მიღების წესს, რომლის თანახმადაც კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად და ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ დავაზე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი სესხის სახით გაცემული თანხა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორივე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც თანხის გადაცემის (5000 აშშ დოლარის) ფაქტი უდავოა, სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი, მითითებული ნორმის შესაბამისად, მთლიანად მოპასუხე დ--–------------ეს უნდა დაეკისროს, რომელმაც არ უარყო ზემოაღნიშნული ფაქტი და აღიარა რომ მის მიერ სესხის თანხის დაფარვა არ მომხდარა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე დ--–------------ემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 367 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - დ--–------------ეს მოსარჩელე თ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 5000 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოსარჩელე თ-----------------–---–ს დაუბრუნდეს ი-----–---–-----–---–ის მიერ 02/07/2018 წელს სს ''თი---------ში'' სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 367 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №0.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი