გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3075-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნ----- გავაშელაშვილი
მოსარჩელე - ნ--- ქ------ე;
წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;
მოპასუხე - პ---–- ხ------;
წარმომადგენელი - მ--- ლ-----ე;
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შეწყდეს ნ--- ქ------ესა და პ---–- ხ------ს შორის 2010 წლის 12 ნოემბერს №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
1.2 მოპასუხე პ---–- ხ------ს მისი მცირეწლოვანი შვილების - მ---- ხ------ს (დაბ. 2011 წლის 06 იანვარს) და ნ-----–----ი ხ------ს (დაბ. 2015 წლის 26 მაისს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტი თვეში 200-200 ლარის, ჯამში 400 ლარის გადახდა, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე ნ--- ქ------ე 2010 წლის 12 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე მ---- ხ------სთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 06 იანვარს დაბადებული მ---- ხ------ და 2015 წლის 26 მაისს დაბადებული ნ-----–---- ხ------. 2016 წლის 18 ოქტომბერს შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ-----ს ქუჩა N9, რომელიც გაფორმდა მოპასუხის სახელზე. ამ დროისათვის მხარეებს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ბინის გადაფორმების შემდეგ მოპასუხე გახდა უკონტროლო, მოითხოვა ოჯახის დანგრევა. წლების განმავლობაში კონფლიქტური ურთიერთობების ფონზე, რაც არაერთხელ გამხდარა პოლიციის თუ სასამართლოს ჩარევის საფუძველი, ოჯახის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ბავშვების და მოსარჩელის მიმართ პ---–- ხ------ იჩენს აგრესიას, მეუღლეს სცემდა, რის გამოც სამი თვეა მხარეებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფება მის კმაყოფაზე, რომელსაც შემოსავლის არანაირი წყარო არ გააჩნია. მოპასუხე კი მუშაობს სს „ვ-----–----------–--------------ას“ ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორად. ამასთან, თავისუფალ დროს მუშაობს ტაქსის მძღოლად კუთვნილი ავტომობილით და მისი ყოველთვიური შემოსავალი 1500 ლარს შეადგენს, რაც სადავო არაა, მაგრამ არანაირ დახმარებას არ უწევს შვილებს, რის გამოც ითხოვს ალიმენტის დაკისრებას. ამასთან, განმარტავს, რომ მოპასუხე წინააღმდეგია განქორწინება მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე პ---–- ხ------მ განმარტა, რომ არასწორია მითითება ბინის შეძენასთან დაკავშირებით, რადგან ბინა შეიძინეს მისმა მშობლებმა და დროებით გაფორმდა მის სახელზე, დედის ავადმყოფობის გამო. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას ოჯახთან დაკავშირებით, იგი თავად ხდებოდა უკონტროლო, როცა უთითებდა მიეხედა შვილებისა და ოჯახისთვის. მართალია იგი მუშაობს სს „ვ-----–----------–--------------ას“ ავტოგასამართ სადგურზე, მაგრამ მისი ხელფასი შეადგენს დარიცხულ 430 ლარს და ხელზე ასაღებ 350 ლარს. ტაქსის მძღოლად ვერ მუშაობს, რადგან ძალიან იღლება. ამდენად, მოსარჩელის მითითება მის მიერ 1500 ლარის გამომუშავებაზე ემსახურება სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. იგი თანახმაა შვილებს გადაუხადოს 80-80 ლარი ყოველთვიურად. რაც შეეხება ქორწინების შეწყვეტას, მოპასუხე თანახმაა შეწყდეს მასსა და ნ--- ქ------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე პ---–- ხ------მ განმარტა, რომ იგი თანახმაა შვილებს გადაუხადოს ალიმენტი თვეში 115-115 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 12 ნოემბრიდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. უკვე რამდენიმე თვეა ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 06 იანვარს დაბადებული მ---- ხ------ და 2015 წლის 26 მაისს დაბადებული ნ-----–---- ხ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-16);
3.1.3. ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან, მათი საცხოვრებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეებს შორის დავა არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე პ---–- ხ------ არის სს „ვ-----–----------–--------------ას“ თანამშრომელი და ის მუშაობს ავტოგასამართ სადგურზე ოპერატორი-ცვლის უფროსის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ფიქსირებული დარიცხული ხელფასი შეადგენს 430 ლარს, ხოლო მისი ყოველთვიური სახელფასო დანამატი განისაზღვრება ავტოგასამართი სადგურის საანგარიშო თვის რეალიზაციის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ვ-----–----------–--------------ას“ 2018 წლის 27 სექტემბერს გაცემული ცნობა Nკ/09/263 (იხ. ს.ფ. 33);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. პ---–- ხ------ არ ეთანხმება ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 ლარის, ჯამში 400 ლარის დაკისრებას და თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 115-115 ლარი, ჯამში - 230 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 120-120 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამ---ცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლიდან მოსარჩელე ნ--- ქ------ე და მოპასუხე პ---–- ხ------ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ ეტაპზე გარკვეული უთანხმოების და კონფლიქტების გამო ერთად აღარ ცხოვრობენ. მას აღარ აქვს სურვილი მეუღლესთან შერიგების და ითხოვს განქორწინებას. მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- ქ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შეწყდეს ნ--- ქ------ეს (პ/ნ 6----------) და პ---–- ხ------ს (პ/ნ 6----------) შორის 2010 წლის 12 ნოემბერს, №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, მ---- ხ------ (დაბ. 2011 წლის 06 იანვარს) და ნ-----–---- ხ------ს (დაბ. 2015 წლის 26 მაისს).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, ნ--- ქ------ესთან ერთად. მოპასუხე პ---–- ხ------ დასაქმებულია და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 430 ლარს. ხოლო მისი ყოველთვიური სახელფასო დანამატი განისაზღვრება ავტოგასამართი სადგურის საანგარიშო თვის რეალიზაციის მიხედვით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - მ---- ხ------ს და ნ-----–---- ხ------ს უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
მოპასუხე პ---–- ხ------ თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 115-115 (ასთხუთმეტ-ასთხუთმეტი) ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ აქვს საშუალება და ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 120-120 ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 13 სექტემბრიდან, მ---- ხ------ს და ნ-----–---- ხ------ს სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ნ--- ქ------ის მიერ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, არსებობს მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების საფუძველი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ნ--- ქ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო შვილების სასარგებლოდ 115-115 (ასთხუთმეტ-ასთხუთმეტი) ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად არსებობს მოპასუხე პ---–- ხ------სთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 25 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
7.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 300 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--- ქ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს ნ--- ქ------ეს (პ/ნ 6----------) და პ---–- ხ------ს (პ/ნ 6----------) შორის 2010 წლის 12 ნოემბერს, №6---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. მოპასუხე პ---–- ხ------ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - მ---- ხ------ს (დაბ. 2011 წლის 06 იანვარს) და ნ-----–----ი ხ------ს (დაბ. 2015 წლის 26 მაისს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 120-120 ლარი, სულ 240 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
4. მოპასუხე პ---–- ხ------ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. მოპასუხე პ---–- ხ------ს მოსარჩელე ნ--- ქ------ის სასარგებლოდ გადახდეს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 200 ლარი.
6. მოსარჩელე ნ--- ქ------ეს დაუბრუნდეს ნ----- ჩ-------ის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 3--------, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22, (50.00 ლარი, გადამხდელი: ნ----- ჩ-------ი, გადახდის თარიღი: 20 სექტემბერი, 2018 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“).
7 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა დიდავა