გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210118002476151
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16266-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს „სა--------------------------------–“

წარმომადგენელი - სა-–------–---–---–---–ი

 

მოპასუხე - შპს „ნა–------–-----------–-------ი“

წარმომადგენლები - თე------–-----–---–ი, გი--------–--ე (დირექტორი)

 

დავის საგანი - დავალიანების გადახდა, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ნა–------–-----------–-------ს“ სს „სა--------------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 4 560 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს „ნა–------–-----------–-------ს“ სს „სა--------------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, გადაუხდელი თითოეული ტრანშის გადახდის ვალდებულების დადგომიდან 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით დარიცხული საპროცენტო სარგებლის - 919.41 ლარის გადახდა.

 

1.3. შპს „ნა–------–-----------–-------ს“ სს „სა--------------------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, 2018 წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 1.20 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 23 მარტს სს „სა--------------------------------–სა“ და შპს „ნა–------–-----------–-------ს“ შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №S--------------, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ დააზღვია ხელშეკრულების დანართ №3-ში მითითებული პირები. კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, აენაზღაურებინა დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. თავის მხრივ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის განვადებით გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებით (მისი ყველა დანართისა და მასში შესული ყველა ცვლილების ჩათვლით) გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დანართი №3-ით განისაზღვრა ინფორმაცია დაზღვეულების, სადაზღვევო პრემიის ოდენობისა და ბარათის ტიპის შესახებ. ხოლო, დანართი №4-ით, კი განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც, მზღვეველისათვის გადასახდელმა წლიურმა სადაზღვევო პრემიამ ჯამში შეადგინა - 5 472 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო 12 თანაბარ ტრანშად, თითოეული ტრანშის ოდენობამ, კი შეადგინა - 456 ლარი.

 

მოპასუხეს, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №S---------------ის მიხედვით, 4/1/2015წ. გადახდილი აქვს - 456 ლარი და 5/1/2015წ., ასევე - 456 ლარი, ჯამში 912 ლარი. ხოლო, დარჩენილი 10 ტრანშის შესაბამისი თანხები მოპასუხეს გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 4560 ლარს.

 

ამას გარდა, მოსარჩელის განმარტებით, იგი შემოსავლის/სარგებლის ნახვის მიზნით ყოველდღიური/ჩვეული საქმიანობის ფარგლებში, თანხებს ათავსებს სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილ დეპოზიტებზე/ანაბრებზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნულ თანხას განათავსებდა სს „სა---------–--------ის“ ვადიან ანაბარზე, რომლის მეშვეობითაც მიიღებდა შემოსავალს ანაბარზე დარიცხული სარგებლის სახით. ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ დაკარგა სავარაუდო შემოსავალი, რასაც ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება მოქმედებდა მხოლოდ იმ დრომდე ვიდრე სს „ნა–------–-----------–-------ი“ გადაიხდიდა სადაზღვევო შესატანს. დაზღვევის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 2.2.6. პუნქტის თანახმად დამზღვევის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მზღვეველს არ ეკისრება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება. დამზღვევს დაკარგული ჰქონდა დაზღვევის მიმართ ინტერესი. მზღვეველმა, კი თავისი პრეტენზიების შესახებ მოსარჩელეს აცნობა მხოლოდ 2016 წელს, როცა ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა და ყველა ფაქტობრივი რისკის დადგომის შესაძლებლობა ამოიწურა. ამასთან, მოპასუხის დასაქმებულებს ფაქტობრივად საერთოდ არ უსარგებლიათ დაზღვევით.

 

რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელეს მისთვის არ განუცხადებია, იმ ფაქტის შესახებ, რომ შესაძლოა ზიანი მიდგომოდა მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელის წერილობით გაფრთხილებაში არ ყოფილა მითითებული მიუღებელ შემოსავალზე. ამასთან, გაფრთხილების წერილზე მოპასუხემ მოსარჩელეს საპასუხოდ აცნობა, რომ დაკარგული ჰქონდა ინტერესი დაზღვევის მიმართ და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 2.2.6. პუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება. მოპასუხე დამატებით მიუთითებს, რომ კომპანია განიცდიდა ფინანსურ კრიზისს, რის გამოც განხორციელდა რეორგანიზაცია და კადრების შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 23 მარტს სს „სა--------------------------------–ს“ (მზღვეველი), ხელშეკრულების დანართ №3-ში მითითებულ პირებსა (დამზღვევი) და შპს „ნა–------–-----------–-------ს“ (დამსაქმებელი) შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის სამმხრივი ხელშეკრულება №S--------------, რომლის საფუძველზეც წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, უზრუნველეყო დაზღვეული პირებისათვის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა: 2015 წლის 26 მარტის 24:00 საათიდან 2016 წლის 26 მარტის 24:00 საათამდე.

 

ხელშეკრულების დანართი №4-ის თანახმად, მზღვეველისათვის გადასახდელი ჯამური წლიური სადაზღვევო პრემიის მოცულობა განისაზღვრა - 5472 ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო 12 თანაბარ ტრანშად, თვეში - 456 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.03.2015წ. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება და დანართი №4 (იხ. ს.ფ. 21-22; 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 23.03.2015წ. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1-ის 2.6.2. პუნქტის თანახმად, დაზღვეული ვალდებულია მის წილად გადასახდელი სადაზღვევო პრემიის (შენატანის) გადახდის მიზნით, უზრუნველყოს დამსაქმებლისათვის/დამზღვევისათვის წერილობითი დავალების მიცემა, რათა დამზღვევმა/დამსაქმებელმა მოახდინოს მისი კუთვნილი ანაზღაურებიდან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის (შესატანის) დაკავება/ჩამოჭრა და მზღვეველისათვის გადარიცხვა. ხოლო, 2.7.1. პუნქტის თანახმად, კი დამსაქმებელი ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს დამზღვევების ხელფასიდან/ ანაზღაურებიდან სადაზღვევო შესატანის (პრემიის) დაკავება და მზღვეველისათვის გადარიცხვა.

 

დანართი №1-ის 2.7.2. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს რომელიმე დამზღვევთან შრომითი/მომსახურების/სასამსახურო ურთიერთობის შეწყვეტის და/ან რომელიმე დამზღვევის მიერ ხელფასიდან/ანაზღაურებიდან სადაზღვევო პრემიის დაკავების შესახებ წერილობითი დავალების გაუქმების ფაქტის შესახებ, რა დროსაც მზღვეველი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეუწყვიტოს დამზღვევს და დამზღვევის მიერ დაზღვეულ პირებს დაზღვევა.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე შპს „ნა–------–-----------–-------ს“ მოსარჩელე სს „სა--------------------------------–ისათვის“ წერილობით არ უცნობებია კომპანიაში განხორციელებული ცვლილებებისა და კადრების შემცირების გამო, 23.03.2015წ. ხელშეკრულებით განსაზღვრულ დამზღვევებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შესაბამისად აღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.03.2015წ. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1 (იხ. 23-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 23.03.2015წ. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1-ის 3.3. პუნქტის თანახმად, განვადებით ანგარიშსწორების შემთხვევაში, დამზღვევის მიერ მორიგი შესატანის (პრემიის) გადაუხდელობისას, მზღვეველი უფლებამოსილია, დამზღვევს განუსაზღვროს პრემიის გადახდის ორ კვირიანი დამატებითი ვადა. თუ ამ ვადის გასვლის შემდგომ, ადგილი ექნება სადაზღვევო შემთხვევას და გადახდა არ იქნება განხორციელებული, მზღვეველი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან. ამასთან, პრემიის დროულად გადაუხდელობისას, მზღვეველი იტოვებს უფლებას, ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულება. ხოლო, 2.2.6. პუნქტის თანახმად, კი მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის/დაზღვეულის/დამსაქმებლის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.03.2015წ. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1 (იხ. 23-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. შპს „ნა–------–-----------–-------ის“ მიერ მასსა და სს „სა--------------------------------–ს“ შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის №S------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში გადახდილ იქნა სადაზღვევო პრემია - 912 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2015 წლის 14 აპრილს - 456 ლარისა და 2015 წლის 07 მაისს - 456 ლარის ოდენობით.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „ნა–------–-----------–-------ს“ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი სადაზღვევო პრემიის თანხა (10 ტრანში) - 4560 ლარის ოდენობით, არ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „სა---------–--------ის“ საგადახდო დავალებები №156 და 225 (იხ. ს.ფ. 55-56);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. მოპასუხის განმარტებით, შპს „ნა–------–-----------–-------ს“ სს „სა--------------------------------–ის“ წერილობითი შეტყობინება, 23.03.2015წ. სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თაობაზე, ჩაბარდა დაახლოებით 2016 წლის ზამთრის პერიოდში, მოპასუხის მიერ სადაზღვევო პრემიის ბოლო გადახდიდან 7-8 თვის შემდგომ. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე, მისივე განმარტებიდან გამომდინარე, ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. სს „სა--------------------------------–ს“ სს „თი---------ში“, სს „ბა------------ში“ და სს „ფი---------------------–--ში“ 2010 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში გახსნილი ჰქონდა ანაბრები.

 

სს „სა--------------------------------–“ 2009 წლიდან დღემდე ფლობს დეპოზიტებს შემდეგ ბანკებში: სს „სი-–---------------ი“ (ყოფილი სს „ბი----------ი“), სს „ბა-------------–--ა“, სს „ტე-------ი“, სს „სა---------–--------ი“, სს „ბა------------“ და სს „ტე-------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები (იხ. ს.ფ. 59-63; ასევე, იხ. 15.11.2018წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულებები);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „სა--------------------------------–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 3261-ე, მე-400, 411-ე, 799-ე, 817-818-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა, ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია. აღნიშნული უფლება-მოვალეობებით განისაზღვრება, მაგრამ არ ამოიწურება დაზღვევის ხელშეკრულების არსი. არამედ, მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა სხვა ტიპის ვალდებულებებსაც შეიძლება მოიცავდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 23 მარტს სს „სა--------------------------------–ს“ (მზღვეველი), ხელშეკრულების დანართ №3-ში მითითებულ პირებსა (დამზღვევი) და შპს „ნა–------–-----------–-------ს“ (დამსაქმებელი) შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის სამმხრივი ხელშეკრულება №S--------------, რომლის საფუძველზეც წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, უზრუნველეყო დაზღვეული პირებისათვის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა. ხელშეკრულების დანართი №4-ის თანახმად, წლიური სადაზღვევო პრემიის მოცულობა განისაზღვრა - 5472 ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო 12 თანაბარ ტრანშად, თვეში - 456 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, აღნიშნული ხელშეკრულების დანართებით განისაზღვრა დაზღვევის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; სადაზღვევო დაფარვების, მომსახურების მიღების, ანაზღაურების გაცემის პირობები და ბარათის ტიპები; ინფორმაცია დამზღვევებისა და დაზღვეულებისა შესახებ; სადაზღვევო პრემიის (შესატანის) ოდენობა და მისი გადახდის წესი.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, ასევე რომ შპს „ნა–------–-----------–-------ის“ მიერ 23.03.2015წ. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახდილ იქნა მხოლოდ ორი თვის სადაზღვევო პრემია. კერძოდ, 2015 წლის 14 აპრილს - 456 ლარისა და 2015 წლის 07 მაისს - 456 ლარის ოდენობით. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დარჩენილი 10 თვის სადაზღვევო პრემია მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის.

 

6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს 23.03.2015წ. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, გადაუხდელი 10 თვის სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დამზღვევის მხრიდან დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. ამავე კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი. მსგავსი დანაწესია გათვალისწინებული მხარეთა შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების დანართი №1-ის 3.3. პუნქტში.

 

ზემოთ მოხმობილ ნორმათა სამართლებრივი რეგულირების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია. (იხ. სუსგ. №ას-1308-1246-2014; 03 აპრილი, 2015 წელი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 817-818-ე მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები. (იხ. სუსგ. №ას-1708-1602-2012; 09 ოქტომბერი, 2013 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადაზღვევო პრემია ბოლოს გადახდილ იქნა 2015 წლის 07 მაისს. ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2016 წლის 26 მარტს. თუმცა, მოსარჩელეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არ მოუთხოვია თავისი უფლების დაცვა. ამასთან, როგორც მოპასუხე განმარტავს, კომპანიაში ფინანსური კრიზისის გამო, მოხდა კადრების შემცირება, რის გამოც მათ დაკარგეს ინტერესი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ. დაზღვეული პირები აღარ წარმოადგენდნენ მათთან დასაქმებულ პირებს. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე შპს „ნა–------–-----------–-------ს“ აღნიშნული გარემოების შესახებ მოსარჩელისათვის წერილობით არ უცნობებია. რაც შეეხება მოსარჩელეს, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელისაგან დავალიანების არსებობის შესახებ წერილობითი შეტყობინება შპს „ნა–------–-----------–-------მა“ მიიღო დაახლოებით 2016 წლის ზამთრის პერიოდში. აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა განმარტა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან ვერ იქნა მოძიებული გაფრთხილების წერილი.

 

ამდენად, როგორც განსახილველი საქმის მასალებითაა დადგენილი მზღვეველი, რომლის მიმართაც არაერთგზის დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მის მიერ დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში სათანადოდ არ იქნა გამოყენებული კონტრაჰენტის/დამზღვევის წერილობითი გაფრთხილების ფორმა. მზღვეველის უმოქმედობა ან/და არაჯეროვანი მოქმედება კი, ამ ტიპის დავის გადაწყვეტისათვის არა მხოლოდ თეორიული, არამედ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, გონივრულ ვადაში წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე, იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ.

 

ამას გარდა, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 23.03.2015წ. სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში არ მომხდარა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, ხელშეკრულების დანართი №1-ის 2.2.6. პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის/დაზღვეულის/დამსაქმებლის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. აქედან გამომომდინარე, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ამდენად, თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ასეთ ვითარებაში დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში ვარდება. ასეთ შემთხვევაში დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც სსკ-ის 818-ე მუხლიდან გამომდინარე კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს.

 

ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მიერ გონივრულ ვადაში არ მომხდარა დამზღვევის წერილობითი გაფრთხილება დავალიანების არსებობისა და გადაუხდელობის მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ, სს „სა------------------------------ი ელმა“ დაკარგა შპს „ნა–------–-----------–-------ის“ მიმართ სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „სა--------------------------------–ის“ სარჩელი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. (იხ. სუსგ. №ას-459-438-2015; 07 ოქტომბერი, 2015 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუმცა, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის დაკისრების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მეორადი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სს „სა--------------------------------–ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

შესაბამისად, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით, სს "სა--------------------------------–ის" შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს "სა--------------------------------–ის" სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს "ნა–------–-----------–-------ის" (ს/კ 4--------) კუთვნილ მოძრავ ქონებას - სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: - მარკა, მოდელი - ტოიოტა VOXY'' ს-----------–--------------------–------–--–----------–------------------. ფერი -შავი. სარეგისტრაციო მოწმობა A-------- გაცემული 30.10.2017 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „სა--------------------------------–ის“ სარჩელი შპს „ნა–------–-----------–-------ის“ მიმართ დავალიანების გადახდისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს "სა--------------------------------–"-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს "ნა–--------–----------–-------ის" (ს/კ 4--------) კუთვნილ მოძრავ ქონებას - სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: - მარკა, მოდელი - ტოიოტა VOXY'' ს-----------–--------------------–------–--–----------–------------------. ფერი -შავი. სარეგისტრაციო მოწმობა A-------- გაცემული 30.10.2017 წელს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე