გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002600152
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5348-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - პ------ კ--------

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მ----- ჩ--------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული წესების დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. მისი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 07 აგვისტოს N2--- განაჩენით პ------ ა------ის ძე კ-------- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის 1,4,6,7 და 9 პუნქტებით, 240-ე მუხლის 1და მე-2 ნაწილებით, 238-ე მუხლის 1,2 და 4 ნაწილებით, 152 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 104-ე მუხლის 1,4,6,7 და 9 პუნქტებით უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

პ------ კ-------ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 07 აგვისტოს N2--- განაჩენი (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 13-25);

 

3.1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის N2------- განჩინებით გადაკვალიფიცირებულ იქნა შემდეგი მუხლები:152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 09 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიციდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" და"დ" ქვეპუნქტებზე და საბოლოოდ სასჯელის ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის N2------- განჩინება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 27-29);

 

3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 თებერვლის განჩინებით N1--- მსჯავრდებული პ------ კ-------- 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 07 აგვისტოს განაჩენით და 2007 წლის 30 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისგან,ხოლო 1/4-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძვ. რედაქცია), 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ. რედაქცია), 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოო, პ------ კ--------ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 05 თებერვლის N1--- განჩინება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 36-37);

 

3.1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის N9------ განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის N9------ განჩინება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 42);

 

3.1.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის N9------ განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 თებერვლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის N9------ განჩინება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი I, ს.ფ 42);

 

3.1.6. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ პ------ ა------ის ძე კ--------ს 2000 წლის 23 დეკემბერს (N2---------) 21-ე საუკუნის სადგომასთან დაკავშირებით გამოეცხადა "მადლობა" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 10 დეკემბრის N---- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" პ------ კ--------ს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემანი“.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის N8-- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" პ------ კ--------ს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემანი“.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 11 იანვრის N2--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" პ------ კ--------ს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემანი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 23 დეკემბრის N2--------- აქტი (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 48);

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 10 დეკემბრის N---- ბრძანება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 214);

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის N8-- ბრძანება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 226);

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 11 იანვრის N2--- ბრძანება (პ------ კ-------ის პირადი საქმე, ტომი I, ნაწილი II, ს.ფ 233);

 

3.1.7. 2017 წლის 02 აგვისტოს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ პ------ ა------ის ძე კ-------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭოს №0---------- გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ შუამდგომლობა მოცემულ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკითხის განხილვისას საბჭომ იმსჯელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისიწნა ის ფაქტები, რომ მსჯავრდებულს მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში და იგი არ არის ნასამართლევი, მის მიმართ გამოყენებულია წახალისების ღონისძიებებები, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები და პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე სახეზეა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 150-155).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პ------ კ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №138 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 02 აგვისტოს №0----------გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პატიმრობის კოდექსისა“ და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, ადმინისტრაცია უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.

 

6.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.

 

საბჭო მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს შეფასების კრიტერიუმებით, რაც მოცემულია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:

 

ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, როგორც გასაჩივრებული აქტით დგინდება, მსჯავრდებულმა 1997 წლის 23 ივნისს პ------ კ--------მ ზ------ ჩ-----მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს მოქალაქე ბ. ლ---------ი და სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს თ----------ეს, მ---------, ც-----–---–სა და ხ------–--ეს, რომლებიც გარდაიცვალნენ. პ. კ-------- და ზ. ჩ----- გატაცებული ავტომატებით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ყაჩაღურად გ----------ს და ა-----–--ას. მათ რამოდენიმე ტყვია ესროლეს გ----------ს და მისი მკვლელობით ჩადენილი დანაშაულის დაფარვისა და ავტომანქანის სხვა პირადი ნივთების გატაცების განზრახვის გაადვილების მიზნით ასევე განზრახ მოკვლის მიზნით რამოდენიმე ტყვია ესროლეს ც.ა-----–--ას.

 

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; მოცემულ შემთხვევაში, პ------ კ-------ის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ არის, ხოლო წახალისებული იქნა რამდენჯერმე კერძოდ: სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ პ------ ა------ის ძე კ--------ს 2000 წლის 23 დეკემბერს (N2---------) 21-ე საუკუნის სადგომასთან დაკავშირებით გამოეცხადა "მადლობა" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 10 დეკემბრის N---- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" პ------ კ--------ს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემანი“; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის N8-- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" პ------ კ--------ს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემანი“; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 11 იანვრის N2--- ბრძანებით "მსჯავრდებულის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების შესახებ" პ------ კ--------ს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემანი“.

 

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მსჯავრდებული პ------ კ-------- ნასამართლობის არმქონეა.

 

დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, პ------ კ--------ს ჰყავს დედა, მამა და სამი და.

 

ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში პ------ კ--------ს გავლილი აქვს N8 დაწესებულებაში 2015 წლის იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით 3 თვიანი კომპიუტერის შემსწავლელი კურსი და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, 2015 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე გაიარა 3 თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, 2016 წელს გაიარა N8 დაწესებულებაში ქართული ენის შემსწავლელი სპეც. კურსი და მიიღო სერთიფიკატი, 2016 წელს N8 დაწესებულებაში გაიარა მართვის მოწმობის შემსწავლელი თეორიული სამ თვიანი კურსი და მიიღო სერთიფიკატი, 2016 წლის თებერვლის თვეში N8 დაწესებულებაში მონაწილეობა მიიღო "ჭადრაკის ტურნირში", 2016 წელს N8 დაწესებულებაში მონაწილეობა მიიღო ლიტერატურულ კონკურსში და მიიღო შესაბამისი სიგელი, 2016 წლის იანვრიდან N8 დაწესებულებაში მონაწილეობას იღებს სასულიერო სემინარებში, 2017 წლის ივნისის თვიდან მონაწილეობას იღებს ინგლისური ენის, გერმანული ენის და საქმიან ურთიერთობათა კულტურის სპეც. კურსებში. პ------ კ-------- არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე და მსჯავრდებულის გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე, კერძოდ პ------ კ-------ის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე სახეზეა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულების მხედველობაში მიღებით, სასამართლო სრულად ეთანხმება, პ------ კ-------ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ------ კ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 271-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ------ კ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე