განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
160141318002314092
დავის ტიპი
144 (1) 2 გ
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002314092

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/112-18 13 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031150218002)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა

სხდომის სახე : ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: თინათინ მუმლაძე, მზია თომაშვილი

 

ბრალდებული: გ------ გ-------ი

მამის სახელი: რაგიმ

დაბადებული: 1-----–-–---------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–------------–-

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი, ნიალი იბრაგიმოვა, ევგენია კარაპეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 გ------ გ-------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

1.2. გ------ გ-------მა ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 14 თებერვალს დაახლოებით 23:40 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ნ---------–ში, მთვრალმა გ------ გ-------მა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის მეუღლეს- ლ---–- ბ------ოვას მოსთხოვა ვახშმის მომზადება. განაწყენებულმა მასზე, რომ დროულად არ მოიტანა საჭმელი გ------ გ-------მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი, თითქოს ოჯახში საჭმლის მომზადება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, გადაწყვიტა ლ---–- ბ------ოვას დასჯა, რისთვისაც განიზრახა მისი წამება. ის ჯერ თმებში წვდა და სცემა ლ---–- ბ------ოვა, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, დანაშაულებრივი ქმედების გაადვილების მიზნით გ------ გ-------მა გადაწყვიტა მისი შებოჭვა და მისთვის თავისუფლების აღკვეთა. ამ მიზნით გ------ გ-------მა იატაკზე წააქცია ლ---–- ბ------ოვა და ხელები შეუბოჭა პლასტმასის ე.წ. „ხამუტით“. როდესაც სცადა ფეხების შებოჭვაც, ლ. ბ------ოვა შეეწინააღმდეგა და მის დასამორჩილებლად გ------ გ-------მა ფეხში ჩაარტყა დანა, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ფეხების და ხელების შებოჭვის შემდეგ გ------ გ-------ი ლ---–- ბ------ოვას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ხელებს და ფეხებს ურტყამდა მას ტანის არეში რამდენიმე საათის განმავლობაში. ლ---–- ბ------ოვა შებოჭილ მდგომარეობაში ხელებით ურტყამდა მას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. გ------ გ-------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

2.2. გ------ გ-------მა ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ოლღა სავჩენკომ განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, მარნეულში. 2018 წლის 15 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს გამოძახება მარნეულში, ბერიტაშვილის ქუჩაზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ ბევრი ხალხი, ერთი გოგო კი იწვა საწოლზე, მოწმემ განმარტა, რომ მას დამხდურებმა განუცხადეს, რომ გოგოს სცემა ქმარმა, დაიჭრა და ითხოვდნენ დახმარებას. ოლღა სავჩენკომ დაადასტურა, რომ ქალი იყო შეშინებული, კანკალებდა, ხელებზე, სახეზე აღენიშნებოდა სილურჯეები, ბარძაყზე კი ჭრილობა, რომელთან დაკავშირებითაც განუმარტეს, რომ მიიღო დანით. ოლღა სავჩენკომ დაადასტურა, რომ გამოძახებაზე იმყოფებოდა ექთან გაიანე ოგანესიანთან და სასწრაფოს მძღოლ არამაის მირზოიანთნ ერთად. მოწმემ განმარტა, რომ მან პაციენტს ჭრილობა დაუმუშავა, გადასხმა გაუკეთა და გადაყვანილ იქნა მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალში.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გაიანე ოგანესიანი. მან დაადასტურა, რომ 2018 წლის თებერვალში გამოძახებაზე იმყოფებოდა ექიმ ოლღა სავჩენკოსთან და სასწრაფოს მძღოლ არამაის მირზოიანთან ერთად. გაიანე ოგანესიანმა განმარტა, რომ პაციენტს ხელზე ზოლად ჰქონდა სილურჯეები, სილურჯე ასევე აღენიშნებოდა სახეზე, ნაჩხვლეტები, რომელიც იქ მყოფი მეზობლების განმარტებით მიაყენა მეუღლემ. გაიანე ოგანესიანმა ასევე განმარტა, რომ მას ესმის აზერბაიჯანულიც და თავად დაზარალებულმაც განაცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დაზარალებული მათი მისვლისას იმყოფებოდა მშობლების სახლში.

 

დაკითხვისას არამაის მირზოიანმა განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფოში, მძღოლად. ამა წლის თებერვლის თვეში გამოძახებაზე იმყოფებოდა მარნეულში, ბერიტაშვილის ქუჩაზე. არამაის მირზოიანის განმარტებით მან გამოძახებაზე მიიყვანა ექიმი ოლღა სავჩენკო და ექთანი გაიანე ოგანესიანი. მისივე განმარტებით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბევრი ხალხი, ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ის შევიდა სახლში, რათა ენახა მისი დახმარება ხომ არ იყო საჭირო. მძღოლის განმარტებით პაციენტი იყო ქალი, რომელიც იყო შეშინებული, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები. არამაის მირზოიანმა დაადასტურა, რომ შემდეგ გამოვიდა ოთახიდან, რადგან დარწმუნდა, რომ ექიმს და ექთანს მისი დახმარება არ სჭირდებოდათ. არამაის მირზოიანმა განმარტა, რომ მან იცის აზერბაიჯანული და იქ მყოფი ხალხისაგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ პაციენტს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა აბრამ შახბაზოვი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს გ------ გ-------ის მეზობლად. გ------ გ-------ი მის ხელშია გაზრდილი და მასზე ცუდი არაფერი გაუგია. მოწმის განმარტებით 2018 წლის 14-15 თებერვალს იყო ავად, მკურნალობდა, შემდეგ კი მეზობლებისაგან გაიგო, რომ გ------ გ-------ს ქალი უცემია. ასევე აღნიშნული გარემოება მისთვის ცნობილი გახდა ცოლისგანაც. მოწმის განმარტებით მას თავად არაფერი დაუნახავს. მხოლოდ, რამდენიმე დღეში მას შეხვდა ლ---–- ბ------ოვა, უთხრა, რომ სცემა ქმარმა და აღნიშნული არ მიაჩნდა პრობლემად. ასევე განუცხადა, რომ თავად არ უჩივლია და იჩივლეს მისმა მშობლებმა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ---–- ბ------ოვას მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. 2018 წლის 15 თებერვლის ლ---–- ბ------ოვას გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ნ---------–ში, მეუღლესთან გ------ გ-------თან, დედამთილთან სონა გ-------ასთან და მაზლიშვილთან ემილ გ-------თნ ერთად. საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი. პირველ სართულზე ცხოვრობენ დედამთილი და მისი მაზლიშვილი, ხოლო თავად მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს სახლის მეორე სართულზე. მას გ------ გ-------თან ჰყავს 4 შვილი: სონა გ-------ა, ეთერ გ-------ა და ნურანა გ-------ა და რაგიმ გ-------ი. 2018 წლის 14 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში გ------ გ-------ი დილიდან გასული იყო სახლიდან. საღამოს იქნებოდა, დაახლოებით 23:00 საათი, როდესაც მისი ქმარი გ------ გ-------ი სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში. მისვლისთანავე უხეში ტონით მიმართა ჩაი მოედუღებინა, რასთან დაკავშირებითაც მას უარი არ უთქვამს და ჩაი მოუდუღა, მაგიდასთან დასხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ, რა დროსაც იქნებოდა დაახლოებით 23:40 საათი გ------მა მას უმიზეზოდ დაუწყო გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ლ---–- ბ------ოვამ ჰკითხა თუ რატომ აგინებდა, რას ერჩოდა, მაგრამ გ------ი იყო ძალიან მთვრალი და განაგრძობდა მის შეურაცხყოფას, შემდეგ ადგა ფეხზე და მივიდა მასთან, თმებში ჩაავლო ხელი, უთხრა მოგკლავო, ლ---–- ბ------ოვა ტიროდა და ეხვეწებოდა გ------ს თავი დაენებებინა მისთვის. დაუწყო ცემა, ლ---–- ბ------ოვა კი ამ დროს იჯდა სკამზე, გ------მა მუშტი დაარყა რამდენჯერმე სახის არეში, რა დროსაც აღნიშნული სკამი გატყდა და იატაკზე დავარდა, რის შემდეგაც იქვე ოთახში ჰქონდათ პლასმასის შესაკრავები ე.წ. ,,ხამუთები“, რომლებითაც ხელები შეუკრა, თან ხელში სამზარეულოს დანა ეჭირა, შემდეგ ფეხების შეკვრას ცდილობდა, მაგრამ მისგან თავის დაღწევას ცდილობდა ლ---–- ბ------ოვა და ფეხებით გაწევა უნდოდა გვერდზე და ამ დროს გ------მა დანა, რომელიც ხელში ეჭირა დაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში და ფეხებიც შეუკრა ე.წ. ,,ხამუთით“, გ------ი ძალიან აგრესიული იყო, არ ეშვებოდა მის შეურაცხყოფას და ცემას, პარალელურად ურტყამდა ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ამ დროს კარებთან მივიდა მისი მაზლისშვილი ემინ გ-------ი, რომელმაც დაინახა თუ როგორ ურტყამდა მისი მეუღლე. იგი გაიქცა მაშინვე ბებიამისის -მისი დედამთილის - სონა ჰასანოვას დასაძახებლად, მაგრამ გ------ი მაინც არ შეეშვა მის ცემას, ამასობაში მალევე მივიდა სონა ჰასანოვაც, რომელმაც დაინახა, რომ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და გ------ი ურტყამდა, სონამ უთხრა გ------ გ-------ს ლ---–- ბ------ოვაასთვის თავი დაენებებინა, თუმცა გ------მა უპასუხა შენი საქმე არ არის, შენს საქმეს მიხედეო და გააგდო ისევ დაბლა სართულზე, თვითონ კი კვლავ უკან შეუბრუნდა და გააგრძელა გინება, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც გაჩერდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ლ---–- ბ------ოვა დაბმული ძირს ეგდო, ხოლო თვითონ სკამზე იჯდა. დაახლოებით, ერთი საათის გასვლის შემდეგ კვლავ დაიწყო მისი ცემა და რამდენიმეჯერ მუცლის არეში დაარტყა ხელი, ის ეხვეწებოდა შეშვებოდა და დაენებებინა თავი, დაახლოებით 4:00 საათამდე გ------ გ-------ი მიდიოდა მასთან და ურტყამდა ფეხებსა და ხელებს, დაახლოებით 5-6 ჯერ შეუბრუნდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაახლოებით 4:00 საათზე მივიდა და თვითონვე დანით გაჭრა პლასტმასის შესაკრავები და გაუხსნა ხელ-ფეხი. ამის შემდეგ გ------ გ-------მა დაიძინა მათ საძინებელში ლოგინზე, ასევე იმავე ლოგინზე დაიძინა ლ---–- ბ------ოვამ იმ მიზეზით, რომ სხვა ლოგინი არ აქვთ და კარიც გასაღებით იყო ჩაკეტილი, რომ არ გაქცეულიყო. დილით ლ---–- ბ------ოვას კარი დახვდა ღია, რის შემდეგაც შეძლო სახლიდან წასვლა და მშობლებთან მისვლა. ლ---–- ბ------ოვამ განმარტა, რომ შემთხვევის დროს ეცვა შავი ფერის ჯინსის შარვალი და შავ-თეთრში გაწყობილი ზოლიანი პერანგი, რომელიც იმჟამად სახლში იყო, მის საძინებელ ოთახში. დაზარალებულის განმარტებით გ------ გ-------მა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო დაახლოებით 23:40 საათიდან და დაახლოებით 4:00 საათამდე მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში კი გ------ გ-------ი ურტყამდა მას ხელ-ფეხს. ლ---–- ბ------ოვამ აღნიშნა, რომ გ------ის დარტყმების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

ლ---–- ბ------ოვა გამომძიებლის მიერ ასევე გამოიკითხა 2018 წლის 18 თებერვალს. მან გამომძიებელს განუმარტა, რომ გ------ გ-------მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელფეხი შეუკრა და დანა დაარტყა იმის გამო, რომ თითქოს, ვახშამი დროზე არ გაამზადა და აღნიშნული ფაქტი იყო მიზეზი მისი ამგვარი ქმედებებისა. მას უნდოდა რაიმე მიზეზის პოვნა და დაესაჯა ვახშმის დაგვიანებით გამზადების გამო. ლ---–- ბ------ოვამ განმარტა, რომ ის მეუღლის დარტყმების შედეგად განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული ჩვენებაც სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა სონა ჰასანოვას, არასრულწლოვან ემინ გ-------ის და ხანუმზარ ჰასანოვას ჩვენებები.

 

სონა ჰასანოვას 2018 წლის 15 თებერვლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ სონა ჰასანოვა ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ნ---------–ში ოჯახთნ ერთად. მან განმარტა, რომ გ------ გ-------ი არის მისი შვილი, ხოლო ლ---–- ბ------ოვა რძალი, რომლებიც ცხოვრობენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. მოწმის განმარტებით 2018 წლის 14 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში ლ---–- ბ------ოვა იყო სახლში, ხოლო გ------ გ-------ი დღის განმავლობაში არ დაუნახავს. დაახლოებით 23:30 საათზე კი მას დაუძახა შვილიშვილმა ემინ გ-------მა, რომელიც სთხოვდა ასულიყო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. აივანზე ასვლისას კი ფანჯრიდან დაინახა, რომ ლ---–- ბ------ოვას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იატაკზე იყო დაგდებული და შველას ითხოვდა, გ------ გ-------ი კი მას სცემდა ხელებით და ფეხებით. სონა ჰასანოვას განმარტებით მან ვერ შეძლო კარის გაღება და დახმარება, რადგან კარი ჩაკეტილი იყო. გ------ გ-------ი კი მას გაუვარდა და აგრესიულად მოსთხოვა ჩასულიყო დაბლა. სონა ჰასანოვამ ასევე განუმარტა გამომძიებელს, რომ გ------ გ-------ს ხელში ეჭირა დანა, თუმცა დაარტყა თუ არა ლ---–- ბ------ოვას მას არ დაუნახავს.

 

არასრულწლოვან ემინ გ-------ის 2018 წლის 16 თებერვლის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ემინ გ-------ი დაიკითხა მამუკა მატიაშვილის მიერ, კანონიერი წარმომადგენლის, სოციალური სამსახურის მუშაკის თეონა სისვაძის თანდასწრებით. ემინ გ-------მა განმარტა, რომ გ------ გ-------ი არის მისი ბიძა, ცხოვრობენ ერთ სახლში, მან 2018 წლის 14 თებერვალს გ------ გ-------ი ნახა ნასვამ მდგომარეობაში, შემდეგ მათი ოთახიდან შემოესმა ყვირილის ხმა, აირბინა ზემოთ, ნახა, რომ ოთახის კარი იყო ჩაკეტილი, დაინახა ლ---–- ბ------ოვა, რომელიც იყო იატაკზე დაგდებული, ხელ-ფეხ შეკრული და გ------ გ-------ი მას სცემდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ასევე დაადასტურა, რომ მან დაინახა გ------ გ-------ის ხელში დანა. ემინ გ-------მა გამომძიებელს განუმარტა, რომ მან საშველად მოუხმო ბებიას სონა გ-------ას, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ვერ შეძლეს ლ---–- ბ------ოვას დახმარება. ემინ გ-------მა განმარტა, რომ ამის შემდეგაც ესმოდა ლ---–- ბ------ოვას ხმა, შემდეგ კი დაეძინა და როცა დილით გაიღვიძა ლ---–- ბაირმოვა სახლში აღარ დახვდა.

 

ხანუმზარ ჰასანოვას 2018 წლის 19 აპრილის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ლ---–- ბ------ოვა არის მისი შვილი. 2018 წლის 15 თებერვალს, როდესაც იმყოფებოდა სახლში მასთან მივიდა მისი შვილი ლ---–- ბ------ოვა, ტიროდა იყო განერვიულებული. უთხრა, რომ ღამე სცემა ქმარმა ხელ ფეხი შეუკრა პლასტმასის შესაკრავებით, ბარძაყის არეში დაარტყა დანა. ხანუმზარ ჰასანოვამ გამომძიებელს განუმარტა, რომ მან თავად ნახა ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა, ასევე სიწითლეები მაჯის არეში, სახეზე კი სილურჯეები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რადგანაც ლ---–- ბ------ოვა გრძნობდა ტკივილს მათ მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი მამუკა მატიაშვილი. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, გავლილი აქვს არასრულწლოვნათა მართლმსაჯულებაში შესაბამისი კურსი. დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა არასრულწლოვნის დაკითხვაში.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა ელდარ ბოლქვაძე. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა, რომ მოწმის სახით გამოკითხა სასწრაფოს მძღოლი, ექიმი და აბრამ შახბაზოვი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ნიზამი მუსაევი. მან განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალაში ტრავმატოლოგად. მან განმარტა, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ ახსოვდა გარემოებები. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მოწმეს წარედგინაჯეო ჰოსპიტალის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათები და მასზე არსებული ხელმოწერები. მოწმემ დაადასტურა, რომ სამედიცინო ბარათებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნოდა მას. ნიზამი მუსაევმა განმარტა, რომ არ ახსოვდა მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, განმარტა, რომ ლ---–- ბ------ოვა მიიღო როგორც პაციენტი, ქმარი მივიდა და მიაყენა დაზიანებები, თუ ხელები დაუბა მსგავსი შინაარსის ჩვენება ნიზამი მუსაევის განმარტებით მას არ მიუცია. ნიზამი მუსაევმა განმარტა, რომ რაც ახსოვს არის ის, რომ ქალი მივიდა ბარძაყზე ჭრილობით, ხელებზე დაზიანებებით და განუცხადა, რომ სცემა ქმარმა. სხვა კი მას პაციენტისათვის არაფერი უკითხავს.

 

2018 წლის 15 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ბეთქილ გერლიანის მიერ, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი - მ--------–--------------------–------------–-, გ------ გ-------ის საცხოვრებელი სახლი; შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, ხელოვნური განათების პირობებში, მშრალ ამინდში. გ------ გ-------ის საცხოვრებელ სახლს აქვს სამფრთიანი ლურჯი ფერის ეზოს რკინის ჭიშკარი. ჭიშკარში შესვლის შემდეგ ეზოში მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ბეტონის კონსტრუქციის კიბის საშუალებით ავდივართ მეორე სართულის აივანზე, სადაც დგას დივანი, აღნიშნულ დივანზე იყი ტანსაცმელი, მათ შორის ქალის შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა ჭრილი. აღნიშნული შარვალი ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. ამის შემდეგ ორფრთიანი ხის კარით ვხვდებით საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც პირველ ოთახში მარჯვნივ დგას სამზარეულოს თეთრი ფერის კარადა, ხოლო მარცხნივ მაგიდა და დივანი, რომლის გვერდზე ასევე დგას ლოგინი, რომელიც არეულია და ლოგინის წინ დგას დიდი ზომის ღუმელი. აღნიშნულ ღუმელში ცეცხლის დასანთებ მხარეს ყრია თეთრი ფერის პლასმასის შესაკვრელები ე.წ. ,,ხამუთები“, რომლებიც არის 5 ცალი და ერთმანეთზე არის გადაბმული და გადაჭრილები. აღნიშნული ,,ხამუთები“ ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. საძინებელ ოთახში განთავსებულია ლოგინი. ლოგინის გვერდზე გდია ქაღალდის მონახევი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, აღნიშნული ქაღალდის მონახევი ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა. ლოგინის ხელმარჯვნივ დგას დივანი, დივნის წინ არის დამტვრეული პატარა ზომის მაგიდა. დივნის გვერდით ყვავილის ქოთანი, რომელშიც ჩარჭობილია შავტარიანი დანა. დანის პირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. აღნიშნული დანა ამოღებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნუგზარ ჯავახიშვილი. მან განმარტა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მონაწილეობას ირებდა როგორც ექსპრტი. ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელიც მდებაროებდა მარნეულის რაიონის სოფელ ნ---------–ში, ამოღებულ იქნა დანა, პლასტმასის ე.წ. ,,ხამუთები“, ჯინსის შარვალი და ქაღალდის ნაგლეჯი სისხლის ლაქებით. აღნიშნული ნივთიერ მტკიცებულებანი მისივე განმარტებით გადაეცა გამომძიებელ ბეთქილ გერლიანს.

 

2018 წლის 9 აპრილის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ სისხლის ნიმუში არებულ იქნა დაზარალებულ ლ---–- ბ------ოვასაგან მარნეულის ,,ჯეო-ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში.

 

2018 წლის 22 მარტის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ სისხლის ნიმუში აღებულ იქნა ქ. თბილისის გლდანის N8 საპყრობილეში გ------ გ-------ისაგან. სისხლის ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით, ექთან აიგუნ ჰასანოვას მიერ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა აიგუნ ჰასანოვა. მან დაადასტურა, რომ მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ნებაყოფლობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა ირკვევა, რომ ლ---–- ბ------ოვამ (დაბადებული 24.08.1978) ექიმს მიმართა 15.02.2018 15:20 საათზე სტაციონარიდან გაწერეს 15.02.2018 წლის 16:30 საათზე. დოკუმენტში მითითებულია, რომ მას ჰქონდა გულმკერდის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, მარცხენა ბარძაყის ღია ჭრილობა, მხრის სარტყლისა და მხრის დაჟეჟილობა. ავადმყოფი უჩიოდა ტკივილს თავის, სახის, ყელის, გულმკერდის, მტევნის და ბარძაყის არეში, პაციენტის გადმოცემით ის ცემა ქმარმა და მიიღო ტრამვა. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევითა და ტრავმატოლოგის კონსულტაციით: ობ: მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში აღენიშნა ჭრილობა 1,5 x0,5 სმ, სწორი კიდეებით, შუბლის, ყელის, გულმკერდის და ორივე მტევნის არეში აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევა, მოძრაობა მარცხენა მხრის სახსრის არეში შეზღუდულია. მარცხენა სახსარში შემავალ ძვლებში ხილული ტრავმული ხასიათის ცვლილებები არ ვლინდება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N002127918 დასკვნით მოქალაქე ლ---–- ბ------ოვას 16.02.18 წ. ობიექტური შემოწმები აღენიშნება ნაჭდევები ზედა კიდურებზე, სისხლნაჟღენთები ზედა და ქვედა კიდურებზე, გულმკერდის უკანა ზედაპირზე და ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ქვედა კიდურზე; ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით, ხოლო ყველა დანარჩენი - რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში.

 

ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა ბესიკ მანჯგალაძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ლევან სამხარაულის 22.05.2018 ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N003345018 დასკვნით დგინდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინა: პაკეტში წარწერით:

,,მუქი ფერის პლასტმასის ტარიანი დანა მუქი ფერის ლაქებით“... -მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) სისხლს არ შეიცავს;

პაკეტში, წარწერით: „ქაღალდი მუქი ფერის ლაქებით“... - მოთავსებული ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ლ---–- ბ------ოვას (ობ. N5, პაკეტი წარწერით ,,ლ---–- ბ------ოვას სისხლის ნიმუში“);

პაკეტში წარწერით:,,პლასტმასის ხამუტები“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) სისხლს არ წარმოადგენს. სალტეებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.N4-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ლ---–- ბ------ოვას (ობN5) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ობ N4-ის გენეტიკურ პროფილში გ------ გ-------ის (ობ. N6 პაკეტი წარწერით ,,გ------ გ-------ის სისხლის ნიმუში’’ გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება).

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ია ედიბერიძემ განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ იქნა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ თეორიულად საგანზე შეხებისას გენეტიკური კვალი შეიძლება დარჩეს და შეიძლება არა. აღნიშნული დამოკიდებულია საგნის ზედაპირზე, კონტაქტის ფორმაზე.

 

ლევან სამხარაულის 2018 წლის 04 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003756518 დასკვნით დგინდება, რომ ფუთაში არსებული წარწერის მიხედვით, მუქი ფერის შარვალი მუქი ფერის ლაქებით“ - მოთავსებულ შარვალს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით განვითარებული დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტი ელგუჯა კუტალაძე. მან დაადასურა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულისსახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ-ტრასოლოგად. მას შესასრულებლად დაეწერა ბეთქილ გერლიანის დადგენილება. მოწმემ დაადასტურა, რომ ნივთმტკიცება მიიღო დალუქულ მდგომარეობაში, მისი მთლიანობა არ იყო დარღვეული, გახსნის შმედეგ მასში აღმოჩნდა შავი ჯინსის შარვალი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ შარვალზე არსებული დაზიანება განვითრებული იყო ჭრილს შედეგად.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ბეთქილ გერლიანი. მან განმარტა 2018 წლის 15 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა ლელა ბ------ოვას სასწრაფოს მეშვეობით საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. მან გამოკითხა ლ---–- ბ------ოვა, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ შეუკრა ხელ-ფეხი, დანით მიაყენა დაზიანება. ამის შემდეგ მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. ამოღებულ იქნა ნივთიერ მტკიცებულებანი, კერძოდ ქაღალდი მოწითალო ლაქებით, გადაჭრილი ე.წ. ,,ხამუთები“, ასევე შარვალი. 2018 წლის 17 თებერვალს კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ------ გ-------ი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, რა დროსაც შეაჩერეს და მის მიერ მოხდა ბრალდებულის სახით გ------ გ-------ის დაკავება. მოწმე ბეთქილ გერლიანმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. განმარტა, რომ მოწმის სახით დაკითხა სონა ჰასანოვა, ხანუმზარ ჰასანოვა.

 

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებანი, კერძოდ ე.წ. ,,ხამუთები“, რომლებიც იყო 5 ნაწილად, სხვადასხვა ზომის, დანა შავი ტარით და ქაღალდი მოწითლო ლაქებით. რაც შეეხება სისხლის ნიმუშებს, აღნიშნული არ გამოკვლეულა სხდომაზე, რადგან დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ.

 

3. მტკიცებულებათა შეფასება:

 

3.1. სასამართლო იზიარებს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ლ---–- ბ------ოვას ჩვენებას. სასამართლოს აღნიშნული შეფასება ემყარება შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებს: საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება დაედოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა ლ---–- ბ------ოვას გამოქვეყნებული ჩვენებისა სისხლის სამართლის საქმეში გ------ გ-------ის ბრალის დამადასტურებლად მოიპოვება მთელი რიგი მტკიცებულებანი, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერ მტკიცებულებანი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ოლღა სავჩენკოს, ექთნის გაიანე ოგანესიანის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის არამაის მირზოიანის ჩვენებები. გარდა ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, თუმცა სასამართლო ადგენს გამოქვეყნებული ჩვენების გამოყენების შესაბამის საფუძვლებს. კერძოდ საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი(AL-Khawaja and Tahery) შემუშავებულ იქნა პრინციპები, რომლის მიხედვითაც მოწმის ჩვენების გამოქვეყნებისას სასამართლომ უნდა შეისწავლოს: 1. არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი; 2. დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი ; 3. სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას.

 

დაზარალებულ ლ---–- ბ------ოვას სასამართლო სხდომაზე წარმოსადგენად ბრალდების მხარის მიერ ამოწურული იყო ყველა შესაძლებლობა. ასევე სასამართლომ მიიღო განჩინება დაზარალებულის იძულებით წარმოდგენის შესახებ, რომლის აღსრულებაც ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა დაზარალებულის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების გამოქვეყნებაზე დაყენებულ იქნა და სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, შესაბამისად ყველა გონივრული შესაძლებლობა დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენისა იყო ამოწურული. ასევე სასამართლომ დაზარალებულის ჩვენება შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას მისი ჩვენების გადამოწმებისა. კერძოდ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ბეთქილ გერლიანი, მან სასამართლოს მოახსენა ყველა ის გარემოება, რაც მას პირადად განუცხადა დაზარალებულმა. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნენ და დაიკითხნენ დაზარალებულთან გამოცხადებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი და მძღოლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანმა გაიანე ოგანესიანმა სასამართლოს მოახსენა, რომ მას ესმის აზერბაიჯანული და პირადად მას დაზარალებულმა განუცხადა, რომ დაზიანებები, რომელიც აღენიშნებოდა პაციენტს მიაყენა ქმარმა. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მოეპოვებია და სასამართლოში წარედგინა მტკიცებულებანი, რომლითაც გაბათილდებოდა დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება და სასამართლოს დაუკარგავდა მის მიმართ ნდობას. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო სრულად იზიარებს ლ---–- ბ------ოვას ჩვენებას და სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით საფუძვლად უდებს გამამტყუნებელ განაჩენს.

სასამართლო ასევე იზიარებს სონა ჰასანოვას და ხანუმზარ ჰასანოვას ჩვენებებს, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი, რომელიც აწარმოებდა ზემოაღნიშნული მოწმეების დაკითხვას და განუცხადა სასამართლოს მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესახებ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ზემოაღნიშნული პირებიდან მიიღებდნენ დანაშაულთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას და აღნიშნული გარკვეულწილად ამცირებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მნიშვნელობას.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ემინ გ-------ის ჩვენებას. სასამართლო ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენებას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი ჩვენების გამოქვეყნების შესახებ, რადგანაც მიიჩნია, რომ ამოწურული იყო მისის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. ასევე სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი მამუკა მატიაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ დაკითხა არასრულწლოვანი, აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, თუმცა მას არ უსაუბრია და არც მხარის მიერ არ ყოფილა შეკითხვა დასმული თუ რა გარემოებების შესახებ ისაუბრა მოწმემ დაკითხვისას და რა ინფორმაცია მიაწოდა მას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი- სოციალური მუშაკი თეონა სისვაძე, რომელიც ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან და სასამართლოს არ მოუსმენია მისი ჩვენებაც არასრულწლოვნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშრებით. შესაბამისად სასამართლოს არ მიეცა საშუალება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გადაემოწმებინა მოწმე ემინ გ-------ის ჩვენება.

 

სასამართლომ გ------ გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად შეაფასა შემდეგი მტკიცებულებანი: 2018 წლის 15 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთიერ მტკიცებულებანი, ლ---–- ბ------ოვას სამედიცინო დოკუმენტაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N002127918 დასკვნა, გენეტიკური ექსპერტიზის N003345018 დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003756518 დასკვნას, დაზარალებულ ლ---–- ბ------ოს ჩვენება, მოწმეების ოლღა სავჩენკოს, გაიანე ოგანესიანის, არამაის მირზოლიანის ჩვენებები და სხვა მტკიცებულებანი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია გ------ გ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

დაზარალებულის ჩვენებით იკვეთება, რომ მას ბრალდებულმა მარნეულის რაიონის სოფელ ნ---------–ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ვახშმის დაგვიანების გამო, დასჯის მიზნით განიზრახა მისი წამება, კერძოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მისი წინააღმდეგობის და დანაშაულებრივი ქმედების გაადვილების მიზნით ხელები შუბოჭა ე.წ. ,,ხამუთებით“, ფეხში ჩაარტყა დანა, და დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას სხეულის სხვადასხვა არეში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ე.წ. ,,ხამუტები“, რომელთან დაკავშირებითაც ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ მასზე აღინიშნებოდა ლ---–- ბ------ოვას გენეტიკური პროფილი. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა დანა და ქაღალდის ნაგლეჯი, სადაც დაფიქსირდა ლ---–- ბ------ოვას სისხლის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასევე ამოღებულ იქნა შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით ეცვა მას. შარვალზე ჩატარებული ტრასოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასზე არსებული დაზიანება განვითარებული იყო ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა მოწმეების ოლღა სავჩენკოს, გაიანე ოგანესიანის და არამაის მირზოიანის ჩვენებები. გაიანე ოგანესიანმა ცალსახად დაადასტურა, რომ მას დაზარალებულმა ლ---–- ბ------ოვამ უთხრა, რომ დაზიანებები, რომელიც აღენიშნებოდა მას მიაყენა ქმარმა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს გ------ გ-------ის მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის უტყუარობას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დაცული ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი, ღირსება. აღნიშნული ღირებულებები იმდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში, რომ ისინი განმტკიცებულია უმაღლესი იერარქიის ნორმებში და მათი უგულებელყოფა ითვლება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად, არავის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას. მოცემული საკითხის უდიდეს მნიშვნელობას ცხადყოფს ასევე ის გარემოებაც, რომ უშუალოდ ამ საკითხის თაობაზე მიღებულ იქნა 2 საერთაშორისო აქტი: წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია და იმავე სახელწოდების ევროპული კონვენცია. ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებისადმი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებაზე მიუთითებს ასევე ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ქმედებებზე არ ვრცელდება პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადები და მისი ჩამდენი პირის დასჯა დასაშვებია მიუხედავად იმისა, თუ რა დროა გასული ქმედების ჩადენიდან. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს ასევე, რომ წამების აკრძალვა აბსოლუტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებების გამართლება რაიმე მიზეზით, რაც არ უნდა დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი ამოძრავებდეს ქმედების ჩამდენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1992 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე Tomasi v. France).

 

იმისათვის, რომ გ------ გ-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურდეს, აუცილებელია დადგინდეს, რომ 1. დაზარალებული არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, 2. ბრალდებულის ქმედება თავისი ა) ხასიათით, ბ) ინტენსივობით ან გ) ხანგრძლივობით იწვევს ა) ძლიერ ფიზიკურ ტკივილს 3. ქმედების მიზანია ა) პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მომწეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ------ გ-------ი არის ლ---–- ბ------ოვას მეუღლე, შესაბამისად ზემოაღნიშნული პირები არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

რაც შეეხება ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, მათ შორის შედეგს, საქმის მასალებით, კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო 2018 წლის 14 თებერვლის 23:40 წუთზე, თმებში წვდა, სკამიდან მუშტის დარტყმის შემდეგ ვარდება ძირს, დაზარალებული ცდილობს თავი დააღწიოს მას, უწევს წინააღმდეგობას, თუმცა ბრალდებული ქმედების ჩადენის გაადვილების მიზნით პლასტმასის ე.წ. ,,ხამუტები: უკრავს მას ხელ-ფეხს, ფეხში არჭობს დანას. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაახლოებით დილის 4:00 საათმდე, ბრალდებული კი მას 5-6-ჯერ მიუბრუნდა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. საგულისხმოა ექიმ ოლღა სავჩენკოს ჩვენების ის ნაწილი სადაც იგი აღნიშნავს, რომ მათი მისვლისას, დაზარალებული, რომელიც იყო უკვე მშობლების სახლში იყო შეშინებული, კანკალებდა და მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

 

მოცემულ საქმეზე ბრალდებულის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, ქმედების ”სისასტიკემ” მიაღწიოს იმ ზღვარს, რომელიც იძლევა მისი წამებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას. სისასტიკე შეფასებითი ცნებაა და მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და სულიერი შედეგები, დაზარალებულის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში, გ------ გ-------ის მიერ განხორციელებული ქმედებების, ძალადობის რაოდენობის, ინტენსივობის, ხანგრძლივობის, დაზარალებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეფასდეს წამებად.

 

4.2. ბრალდებულს ასევე ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების ყველანაირი შესაძლებლობა (ჩაკეტილია ოთახში, დამწყვდეულია სარდაფში და ა.შ.). ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ პირს არ ჰქონდეს გადაადგილების არანაირი ობიექტური შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს. დანაშაულის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. დადგენილია, რომ დაზარალებულს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, ოთახის კარი იყო ჩაკეტილი და მას დილამდე არ ჰქონდა საშუალება გასულიყო ოთახიდან და თავი დაეღწია მოძალადისაგან. დაზარალებული ჩვენებაში განმარტავს, რომ მას ბრალდებულმა მხოლოდ დილის 4:00საათზე გაუხსნა ხელ-ფეხი, კარი კი კვლავ ჩაკეტილი იყო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა ბრალდებულ გ------ გ-------ის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ; ასევე წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული გ------ გ-------ი არ არის ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს ამ კუთხით საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის განცხადებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ ბრალდებული ოჯახის მარჩენალია, ჰყავთ ოთხი შვილი და ამჟამად მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ დაზარალებულს უყვარს მისი მეუღლე, არის მშრომელი ადამიანი, საუკეთესო მეუღლე, იყო მასთან ციხეში, ურიცხავს თანხებს და მისგან არანაირ საფრთხეს არ გრძნობს. სასამართლო განმარტავს, რომ განცხადება შესრულებულია ქართულ ენაზე, განცხადებაზე არ არის თარჯიმნის ხელმოწერა, ასევე დადგენილია, რომ გამოკითხვისას გამომძიებლის მიერ ლ---–- ბ------ოვას დაენიშნა თარჯიმანი, რადგანაც მან არ იცოდა სამართალწარმოების ენა. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ზემოაღნიშნულ განცხადებას.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრებს შორის, ასევე გასათვალისწინებელია ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი და ქმედების განხორციელების სახე და ხერხი.

 

5.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გ------ გ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლის ვადით. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7(შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. საბოლოო სასჯელი კი გ------ გ-------ს, როგორც ნასამართლეობის არმქონე პირს დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია ქაღალდის მონახევი, შავტარიანი დანა, გ------ გ-------ის და ლ---–- ბ------ოვას სისხლის ნიმუშები, ე.წ. ,, ხამუთები“ და ლ---–- ბ------ოვას შარვალი. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქაღალდის მონახევი, შავტარიანი დანა, გ------ გ-------ის და ლ---–- ბ------ოვას სისხლის ნიმუშები, ე.წ. ,, ხამუთები“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო ლ---–- ბ------ოვას შარვალი სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა დაუბრუნდეს ლ---–- ბ------ოვას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ------ გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლის ვადით.

 

გ------ გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7(შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სსკ-ის 111,1441-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------ გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

გ------ გ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 17 თებერვლიდან.

 

გ------ გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ქაღალდის მონახევი, შავტარიანი დანა, გ------ გ-------ის და ლ---–- ბ------ოვას სისხლის ნიმუშები, ე.წ. ,, ხამუთები“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

შარვალი დაუბრუნდეს დაზარალებულ ლ---–- ბ------ოვას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე