გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/15446-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.12.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----,წარმომადგენელი ხ------- მ----,მოპასუხე ნ--- ი--–---–-,წარმომადგენელი ე---------- ი------,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--- ი--–---–ს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო ჰონორარის სახით 4050 აშშ. დოლარის და 1000 აშშ. დოლარის, სულ 5050 აშშ. დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს მ---–---- ჩ-----–---ს და ნ--- ი--–---–ს შორის 26.02.2016 წელს დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა ნ--- ი--–---–-ს სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტი ნ--- ი--–---–- ადვოკატს მ---–---- ჩ-----–---ს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს (ჰონორარს) 1000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (იგულისხმება 27 000 აშშ დოლარის არ დაკისრება) კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადაუხადოს 27 000 აშშ დოლარის 15%. ხელშეკრულების 4.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა, რომელშიც იგულისხმებოდა 1000 აშშ დოლარი, უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში. აღნიშნული შეთანხმება დანართის სახით უნდა დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას. ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ,,საპროცესო ოპონენტებთან“ მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, კლიენტი ვალდებულია ადვოკატს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი). ამავე ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტით კლიენტი ვალდებულია დროულად და სრულად გადაუხადოს ადვოკატს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური (ჰონორარი).
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ასლი ს.ფ. 14-19.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. მოპასუხე ნ--- ი--–---–მა ზემოაღნიშნული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 26.02.2016 წელს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს სახელზე გასცა რწმუნებულება/მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით. რომლის გაუქმება ცალმხრივად მოხდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ 07.07.2017 წელს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
26.02.2016 წლის მინდობილობის ასლი ს. ფ. 241.
რწმუნებულების გაუქმება ს. ფ. 279.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---მა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 04.03.2016 წელს მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, 16.03.2016 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნოტარიუს ბაჩანა შ-----–--ს მიერ გაცემული 29.04.2015 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.03.2016 წლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. 25.03.2016 წელს მ---–---- ჩ-----–---მა ნ--- ი--–---–-ს სახელით სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------------– ს---- კ--------ის“ მიმართ 2015 წლის 29 აპრილს ნოტარიუს ბ----- შ-----–--ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების 13028.27 აშშ დოლარით შემცირება და დავალიანების თანხის 14 013.66 აშშ დოლარით განსაზღვრა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სააღსრულებო ბიუროს წერილის ასლი ს. ფ. 185.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ასლი ს.ფ. 186-189.
განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ასლი ს.ფ. 190-195.
სარჩელის ასლი ს.ფ. 196-208.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. 02.02.2017 წელს შპს კ-------------– ს---- კ--------ის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ--- ი--–---–ს 01.02.2017 წლის მდგომარეობით შპს კ-------------– ს---- კ--------ის მიმართ სასესხო ვალდებულება არ გააჩნია.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
02.02.2017 წლის ცნობის ასლი ს. ფ. 43.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. 06.03.2017 წელს მოსარჩელე ნ--- ი--–---–-ს წარმომადგენელმა მ---–---- ჩ-----–---მა სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით ნ--- ი--–---–-ს სარჩელი შპს მისო კ-------------– ს---- კ--------ის მიმართ დარჩა განუხილველი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
06.03.2017 წლის განცხადების ასლი ს. ფ. 122.
23.03.2017 წლის განჩინება ს.ფ. 129-132.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ შეუსრულებია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრ ფულად ვალდებულებას 27000 აშშ დოლარის 15%-ის, კერძოდ 4050 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. შპს კ-------------– ს---- კ--------ის მიერ 08.10.2018 წელს გაცემული ცნობაში მითითებულია, რომ ნოტარიუსს ბ----- შ-----–--ს მიერ 29.04.2015 წელს გაცემულ #1-------- სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იძულებით აღსრულებისას დაფარულ იქნა ნ--- ი--–---–ს და შპს ....... სესხი სრულად. თანხა გადახდილია შპს კ-------------– ს---- კ--------ში სალაროში გადახდის გზით. კერძოდ შპს ........ დავალიანება 2500.40 ლარი გადაიხადა გ--- რ---–---–მა, ხოლო ნ--- ი--–---–-ს დავალიანება 1400.55 ლარი გადახდილ იქნა გ--- რ---–---–ის მიერ.
შპს კ-------------– ს---- კ--------ის მიერ 20.07.2017 წელს გაცემული ცნობაში მითითებულია მოპასუხეს შპს კ-------------– ს---- კ--------ში 02.02.2017 წელს დაიფარა მისი სესხი, ამასთნ გაცნობებთ, რომ არ მომხდარა ვალის პატიება ან/და აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით შპს კ-------------– ს---- კ--------ის მიერ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ცნობა საქმე #2/7226-16 ან/და ნებაყოფლობით აღსრულება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა ს. ფ. 338.
ცნობა ს. ფ. 128.
3.1.8. მხარეთ შორის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოპასუხის უძრავ ქონებას იძულებით აღსრულების გზით ემუქრებოდა საფრთხე, კერძოდ 29.04.2015 წელს ნოტარიუსის მიერ მოპასუხის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებლო ფურცლით კრედიტორის მიერ მოთხოვნილ იყო მოპასუხისაგან 28 000 აშშ დოლარი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
თბილისის სააღსრულებლო ბიუროს წერილის ასლი ს. ფ. 185. 226. 230-236
სააღსრულებლოფურცლის ასლი ს. ფ. 222-225.
უძრავ ქონებაზე აღმასრულებლის მოთხოვნით ყადაღის რეგისტრაცის ასლი ს. ფ. 237-238.
3.1.9. მოპასუხის დაყადაღებული ქონება გათავისუფლებულ იქნა ყადაღისაგან სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტის საფუძველზე კ--------ორის მოთხოვნით. მოპასუხეს არ დაკისრებია და მას არ გადაუხდია კ--------ორის დავალიანება 28 000 აშშ დოლარი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
კრედიტორის მიმართვა იძულებით აღსრულების შეწყვეტის შესახებ ს. ფ. 118.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ საადავოკატო მომსახურების ღირებულების სახით 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება შესრულებული აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---ს თავდაპირველად წარმოდგენილ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნად მითითებული ჰქონდა 4050 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ამასთან დავის მოკლე მიმოხილვაში ს. ფ. 2 და დავოს ფაქტობრივი გარემოებების მე-2 გრაფაში ს. ფ. 4 პირდაპირ უთითებდა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 1000 აშშ დოლარი, თუმცა არ იქნა გადახდილი დავის წარმატებით დასრულებისათვის შეთანხმებული თანხა 27 000 აშშ დოლარის 15% და სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას ითხოვდა თავდაპირველი სარჩელით მოპასუხისათვის. იგივე თანხა ეროვნულ ვალუტაში ჰქონდა მოსარჩელეს მითითებული სარჩელის ფასის გრაფაშიც და სახელმწიფო ბაჟიც ამის პროპორციულად იყო გადახდილი სარჩელი ხელმოწერილი იყო უშუალოდ მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება თითქოსდა სარჩელში დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ზემოათმითითებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის გათვალისწინებულ მოპასუხის მიერ დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების აღიარების ფაქტობრივ გარემოებას, რომლის გაქარწყლებაც მან ვერ შეძლო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანამდე ამავე საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლში მითითებული რომელივე ფაქტობრივი გარემოების (აღიარების გაქარწყლება) მითითებით ან დამტკიცების გზით.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების ჩანაწერზე, სადაც მითითებულია შემდეგი: ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარი 1000 აშშ დოლარის ოდენობით ექვემდებარება გადახდას დავის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ამასთან ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად. იმ შემთხვევაში კი თუ ხელმოწერისთანავე არ მოხდებოდა გადახდა, უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმება სხვა ვადაში თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოვალეს 1000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება კრედიტორის მიმართ შესრულებული აქვს, რის გამოც ვალდებულება ამ ნაწილში სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ფულადი ვალდებულების 1000 აშშ დოლარის ოდენობით შესრულებაზე კრედიტორის აღიარების არარსებობის ან მისი გაქარწყლების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოპასუხეზე გადავიდოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---–---- ჩ-----–----ს სარჩელი 4050 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 1000 აშშ დოლარის ნაწილში უსაფუძვლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 90-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 427-, 429-ე, 709-ე, 710-ე, 720-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, სწორედ, ამ მხარეებს - რწმუნებულსა და მარწმუნებელს გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ამასთან, ''სამართალწარმოების'' ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლო განმარტავს, რომ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დაიდო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. წინამდებარე შეთანხმების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ან უსასყიდლო ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დავალების ხელშეკრულებით უფლებამოსილების ფარგლებში რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით, ასრულებს რა დავალებულ მოქმედებას, აღნიშნული მოქმედების შედეგად წარმოშობილი მატერიალური სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მარწმუნებელია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის დათქმა „შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე“. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლში მითითებული ხარჯი არ მოიაზრებს რწმუნებულის მიერ შესრულებული მოქმედების საფასურს, იგი გულისხმობს იმ ხარჯს რაც უკავშირდება მარწმუნებლის მიერ დავალებული მოქმედების შესრულებას. რაც შეეხება გასამრჯელოს შესრულებული დავალებისათვის აღნიშნული რეგულაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
უდაოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოქმედებდა მოპასუხის სახელითა და ხარჯით და დავალების ხელშეკრულება მხარეთ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იყო სასყიდლიანი, რაც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა.
სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა მისთვის ჰონორარის სახით გადასაცემი თანხის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებს და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რწმუნებულის მიერ შესრულებულ იქნა, კერძოდ მოპასუხე გათავისუფლდა 27000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია, რას მოიცავდა მხარეთა შეთანხმება და შესრულდა თუ არა რწმუნებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა გავიგოთ ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 720.1 მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე კოდესის 720.3 მუხლით თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მარწმუნებელმა ნ--- ი--–---–მა 07.07.2017 წელს ცალმხრივად გააუქმა რწმუნებულება მოსარჩელესთან და უარი განაცხადა შემდგომში მის მომსახურების მიღებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რწმუნებულების გაუქმების დროისათვის რწმუნებულს დავალებული მოქმედება უკვე შესრულებული ჰქონდა ანუ არ დადგა ის უარყოფით სამართლებრივი შედეგები რაც მოპასუხის ქონებას ემუქნებოდა იძულებით რელიზაცცის გზით, შეჩერდა სააღსრულებლო წარმოება და მოსასუხეს არ გადუხდია კ--------ორის მიერ სააღსრულებლო ფურცლით მოთხოვნილი თანხა, ხოლო მარწმუნებლის მხრიდან რწმუნებულების ცალმხრივად გაუქმება განპირობებული იყო მხოლოდ იმ მიზნით რომ თავიდან აეცილებინა ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს რწმუნებულს ხელშეკრულებით შეთანხმებული გასამრჯელო 27000 აშშ დოლარის 15%-ის ოდენობით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა ამ მოვლენის დადგომისთანავე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მხარეთ შორის დადებული გარიგებით გათვალისიწინებული პირობა 27 000 აშშ დოლარის არდაკისრების შესახებ დამდგარი იყო შესაბამისად მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს მხარეთა შორის შეთანხმებული წარმატების გასამრჯელო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეზე 12.10.2017 წელს მიღებული #ას-1161-1116-2016 წლის გადაწყვეტილება). ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მარწმუნებელს ვალდებულება ნაწილობრივ 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შესრულებული აქვს. ამდენად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს საერთო ჯამში 393 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი, მოპასუხე ნ--- ი--–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად საპროცესო ხარჯის სახით 343 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 1500 ლარი. სასამართლო მიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის არაუმეტეს 4%-ს - 98 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017 წლის #2/15446-17 განჩინებით მოსარჩელე მხარის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოპასუხე ნ--- ი--–---–ს დაეკისროს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს სასარგებლოდ 4050 აშშ. დოლარის გადახდა.
2. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხე ნ--- ი--–---–ს დაეკისროს მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–----ს სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 343 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე მ---–---- ჩ-----–---ს დაეკისროს მოსარჩელე ნ--- ი--–---–-ს სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 98 ლარის გადახდა.
5. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2017 წლის #2/15446-17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი