გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/15899-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ა------ მ--–--ე
წარმომადგენელი - ნ-----–--ზ ბ---–----ე, ე------ პ-----ე
მოპასუხე - შპს ,,წ--–-----------------------–------ი“
წარმომადგენელი - მ------ ვ-------–---–-, ბ------ ზ----–---–ი, დ----- ტ-------ე, უ---------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 28 965 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 25 800 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 15 მარტსა და 2016 წლის 31 მაისს, ა------ მ--–--ემ შპს ,,წ--–-----------------------–------ისგან“ იყიდა სარწყავი სისტემის მილები, ზომით 110*6000 და 125*6000. შეძენილი მილებით ვერ მოხდა ნათესების მორწყვა, ვინაიდან გამოვიდა მწყობრიდან და წყალმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილას. შეძენილ მილებს ჩაუტარდა ლაბორატორიული შემოწმება და დაიდო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომ მილი არის ყოვლად უსარგებლო, რომ კატეგორიულად დაუშვებელია აღნიშნული მილი გამოყენებულ იქნეს სარწყავად.
მოსარჩელე ა------ მ--–--ე რამდენჯერმე დაუკავშირდა მოპასუხეს და სატელეფონო საუბრის დროს აუხსნა არსებული ვითარება, ამასთან, მოითხოვა საქმის გამოსწორება. მოპასუხე დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რაც მხოლოდ დაპირებად დარჩა. მოგვიანებით კი საერთოდ აღარ უპასუხეს მოსარჩელის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს.
2016 წლის 01 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი, თუმცა მასზე პასუხი არ გაუცია.
მოსარჩელეს აღნიშნული სარწყავი მილები ესაჭიროებოდა კარტოფილის მოსარწყავად, რომელიც დარგული ჰქონდა 4 ჰა-ზე. 2016 წლის 21 ივლისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია 2016 წლის მონაცემებით, როგორი მოსავლიანობა იყო 1 ჰა-ზე და ასევე 1 კგ. კარტოფილის ფასის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის პასუხის თანახმად, 1 ჰა-ზე საშუალო მოსავლიანობა 12.3-14.9 ტონა იყო, ხოლო 1 კგ. კარტოფილის ფასი ფერმერის კართან განსაზღვრა - 0.41-0.43 ლარი. მოსარჩელემ კარტოფილის მოურწყაობით ვერ მიიღო მოსავალი ჯამში 60 ტონა. ყოველივე ამით კი მას მიადგა მატერიალური ზიანი 25 800 ლარის ოდენობით. სწორედ მითითებული ზიანის ანაზღაურებას ითხვს მოსარჩელე მოპასუხისგან (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ წარმომადგენელმა ა------ მ--–--ის სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანიას ა------ მ--–--ისთვის არ მიუცია არანაირი გარანტია და მხარეებს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, საქონლის შეძენის შემდგომი მომსახურების შესახებ, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სარწყავი სისტემის პროექტირება და მის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ მიერ. წყლის ტუმბო, რომლის საშუალებითაც ცდილობდა ა------ მ--–--ე განეხორციელებინა წყლის მიწოდება, მისი მინიმალური წყლის წარმადობა შეადგენს 108 მ3/სთ-ში, ამ დროს აღნიშნული ტუმბოს წნევა შეადგენს 85 მ-ს ანუ 8.5 ატმოსფეროს.
2017 წლის 03 ივნისს, ა------ მ--–--ის სარჩელთან დაკავშირებით, დათვალიერებულ იქნა ა---–---–--ის რაიონის ს------– ა------ში მდებარე ა------ მ--–--ის საცხოვრებელი ბინის ეზოში დასაწყობებული, შპს ,,წ--–-----------------------–------ისგან“ შეძენილი პოლიეთილენის, სწრაფი გადაბმის 110 მმ და 125 მმ, 6 მეტრი სიგრძის მილები. მილებს აღენიშნებოდა გრუნტისა და გადაბმის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნამყოფია ექსპლუატაციაში და მუშაობდა. მოსარჩელის განმარტებით მილები მიერთებული ჰქონდა ამავე ეზოში მდგარი რ------–- წარმოების მაღალი წნევისა და წარმადობის ტუმბოზე.
მოსარჩელემ მილები გაუშვა ექსპლუატაციაში და მოპასუხისთვის არ მიუმართავს დაზიანების დროს. ა------ მ--–--ემ შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მიმართა მხოლოდ 2016 წლის 02 აგვისტოს, რაზეც მოპასუხე კომპანიამ უპასუხა, რომ დაზიანებულ მილებს შეიცვლიდნენ, მაგრამ მან მოითხოვა გაყიდული ყველა მილის, რომელიც მას უკვე ექსპლუატაციაში ჰქონდა, უკან დაბრუნება და ღირებულების ანაზღაურება, რაზეც მოპასუხისგან უარი მიიღო. მოსარჩელემ მილები არასწორი ტექნიკური სქემით ააწყო, რის გამოც სასურველი შედეგი ვერ მიიღო. ექსპერტის დასკვნა, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა, ჩატარებულია მიმდინარე წლის მარტში. მილები დასაწყობებული იყო ღია ცის ქვეშ. გასულ ზამთარს დეკემბერ-თებერვლის თვეებში ა---–---–--ის რაიონში დაფიქსირებულია ტემპერატურა -3-დან -23 გრადუსამდე, რაც პოლიეთილენის მილის სტრუქტურას ცვლის და ისინი დაუცველი ხდება. ასეთ მილზე ექსპერტიზის ჩატარება კი რეალურ სურათს არ იძლევა. ამასთან, ტუმბო, რომელსაც მოსარჩელე იყენებდა ამ მილებში წყლის გასატარებლად, არ შეესაბამება თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, სადავო მილებისთვის განკუთვნილ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2015 წლის 15 მარტსა და 2016 წლის 31 მაისს ა------ მ--–--ემ მოპასუხისაგან შეიძინა მილები სხვადასხვა დიამეტრის მილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოსები (ტომი 1, ს.ფ. 23-24)
4.2. მოსარჩელემ ქ------–--–- ნაყიდი მილები დაქირავებული ა/მანქანის მეშვეობით ორჯერ გადაიტანა ა---–---–--ის რაიონის ს------– ა------ში, რაშიც გადაიხადა 750-750 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 24 მარტის აქტი (ტომი 1, ს.ფ. 25)
- 2016 წლის 01 ივნისის აქტი (ტომი 1, ს.ფ. 26)
4.3. საქმეში წარმოდგენილი 07.03.2017 წლის ცნობა #---ს და პოლიეთილენის დაწნევითი (d---- მმ) მილის ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების თანახმად, პოლიეთილენის დაწნევის მილები არ აკმაყოფილებს გოსტი 1--------- ცვლილება #-- ცხრილი #-, ცხრილი #-, პ---- ცხრილი #- მოთხოვნებს, კერძოდ მილის შიდა და გარე კედლების ზედაპირი არაერთგვაროვანია, შიდა კედლის ზედაპირი ხორკლიანია, გვერდითი ზედაპირი ფოროვანია - რაც დაუშვებელია, სტანდარტის მოთხოვნით ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯვისას მინიმალური ზღვარია 350%, გამოსაცდელი ნიმუშისა კი 0.5-21% რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.03.2017 წლის ცნობა N02 (ტომი 1, ს.ფ. 16-17)
- პოლიეთილენის დაწნევითი (d---- მმ) მილის ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლები (ტომი 1, ს.ფ. 19-20)
4.4. მეწარმე სუბიექტის სტანდარტის თანახმად, მილები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე მეწარმე სუბიექტის სტანდარტისა და დადგენილი წესით დამტკიცებული ტექნოლოგიური რეგლამენტის მოთხოვნებს. მილები გამოიყენება სასმელი და სამეურნეო წყლის ტრანსპორტირებისთვის 0-დან 80 °C ტემპერატურამდე.
მილების დასამზადებელი მზა კომპოზიცია მიიღება თ-------------, რომლის ხარისხი გარანტირებულია თანდართული სერთიფიკატით. მილები მზადდება 20.0-დან 110.0 მმ-მდე გარე სამუშაოს დიამეტრით.
მილების ზედაპირი უნდა იყოს სწორი და გლუვი ან გრძივი სიმტკიცის ზოლებით. დასაშვებია მაფორმირებელი და დამყალიბებელი მოწყობილობების მცირე ხარვეზებით, მცირეოდენი დანაყრი მილის შუა ზედაპირზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ჰაერის ბუშტუკებისგან დაყალიბების პროცესში, აგრეთვე ნიშანდების მოწყობილობის მიერ წარმოქმნილი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5მმ-ისა. ფარდობითი დაგრძელება გაგლეჯვისას უნდა იყოს %, არანაკლები 350.0.
ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს ხარისხის დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: დამამზადებელი საწარმოს დასახელება და მისამართი; პარტიის ნომერი, დამზადების თარიღი; პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები, პარტიის რაოდენობა მეტრებში ან კგ-ში; პროდუქციის პირობითი აღნიშვნა.
ზედაპირის გარე სახეს, მილების ზომებს, დენადობის ზღვარს გაჭიმვისას და ფარდობით წაგრძელებას გაგლეჯვისას, ნორმალურ ტემპერატურაზე შიგ მუდმივ წნევაზე სიმტკიცეს განსაზღვრავენ თითოეული პარტიისათვის, ამასთანავე პარტიიდან იღებენ 5 ნიმუშს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის შედეგად მიიღება უარყოფითი შედეგები თუნდაც ერთ მაჩვენებელზე, ტარდება ნიმუშის ორმაგი რაოდენობის განმეორებით შემოწმება. განმეორებითი შემოწმების შედეგები საბოლოოა და ვრცელდება მთელ პარტიაზე.
ნორმალურ და მაღალ ტემპერატურაზე შიგა მუდმივი წნევით სიმტკიცესა და გახურების შემდეგ მილის ზომების ცვლილებას განსაზღვრავენ პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ, ამასთანავე პარტიიდან იღებენ სამ ნიმუშს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.
უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში თუნდაც ერთ მაჩვენებელზე, ატარებენ მილის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დაზუსტებას, რის შემდეგ ახდენენ პარტიის გამოცდას დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმე სუბიექტის სტანდარტი (ტომი 1, ს.ფ. 55-62)
4.5. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2016 წლის კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე განისაზღვრა 14,9 ტონა კარტოფილის მოსავლიაონობა, ხოლო 1 კგ-ს ფასად კი განისაზღვრა - 0,41 ლ (ფერმის კართან) და 0,95 ლ - წლიური საშუალო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქსტატის მონაცემები (ტომი 1, ს.ფ. 94-97)
4.6. 2017 წლის 03 ივლისის შემოწმების აქტში, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილია მხოლოდ მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ ხელმძღვანელი პირის მიერ (აღნიშნულ აქტზე ხელმოწერაზე მოსარჩელე ა------ მ--–--ემ უარი განაცხადა), აღნიშნულია, რომ ა------ მ--–--ის განმარტებით, შ-----–--–------------------------–-----------“ შეძენილი პოლიეთილენის სწრაფი გადაბმის 110 მ-იანი, 125 მმ-იანი 6 მ-ის სიგრძის მილები 2016 წლის აგვისტოს თვიდან 2017 წლის 03 ივლისამდე დასაწყობებულია მისი საცხოვრებელი ბინის ეზოში ღია ცის ქვეშ. მილებს აღენიშნება გრუნტის კვალი, გადაბმის კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნამყოფია ექსპლუატაციაში. ამავე ეზოში დგას რ------–- წარმოების მაღალი წნევის ტუმბო ,,----. ა------ მ--–--ის განმარტებით, 2016 წლის ივლისის თვიდან ამ ტუმბოზე მიერთებული ზემოაღნიშნული წყლის და გაზის ტექნოლოგიებიდან შეძენილი მილებით ახორციელებდა წყლის მიწოდებას ნაკვეთში. მისი განმარტებით ტუმბოზე მიმაგრებული მანომეტრის ჩვენების საშუალებით არეგულირებდა წნევას, რაც შეეხება ჰაერის გამომშვებ სარქველებს და უკუ სარქველებს, როგორც საჭიროა სისტემის გამართული მუშაობისთვის, კერძოდ, ჰიდრავლიკური დარტყმების შესამცირებლად მილის დეფორმაციის და დაზიანების თავიდან ასაცილებლად სარწყავ სისტემაზე დამონტაჟებული არ ჰქონდა. აღნიშნული მილებით ა------ მ--–--ეს წყალი მიჰყავდა მკვეთრი დაქანების, აღმართსა და დაღმართის რელიეფზე. მარტივი გაზომვით, ტელეფონის გამოყენებით წყლის წყაროდან ყველაზე მაღალ წერტილამდე დონეებს შორის სხვაობა არის 60 მეტრამდე. 1710-1770 მეტრი წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, როდესაც მაღალი წნევის მილებით წყლის მიწოდება ხდება ანალოგიურ რელიეფზე და დიდ დისტანციაზე აუცილებელია ჰაერის გამომშვები სარქველის დამონტაჟება (დასაწყისში ყველაზე მაღალ წერტილსა და მაგისტრალის ბოლოში, უკუსარქველი და წნევის დამგდები, რომელთა არქონის შემთხვევაში, გარდაუვალია მილების დაზიანებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.07.2017 წლის აქტი შემოწმების შესახებ (ტომი 1, ს.ფ.120-122)
- ფოტო-მასალა (ტომი 1, ს.ფ. 123-133)
- ექსპერტიზის 08.07.2015 წლის დასკვნა (ს.ფ. 62-67)
- ინფორმაცია გარემოე ეროვნული სააგენტოდან (ტომი 1, ს.ფ. 146)
- გადასაადგილებელი სატუმბი სადგური (ტომი 1, ს.ფ. 147-151)
- ტექნიკური რეგლამეტი, ინსტრუქციები (ტომი 1, ს.ფ. 152-188)
4.7. მილების მონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცედურების თანახმად, ტუმბოს ტექნიკური მონაცემებით, რომლითაც ა------ მ--–--ე ახორციელებდა წყლის მიწოდებას ნაკვეთში, მინიმალური წარმადობის შემთხვევაში, 100 მ3/სთ, 1600 მ მანძილზე წყლის მისაწოდებლად, 30 მეტრიანი რელიეფურ დონეთა შორის სხვაობის დროს, საჭირო იყო გამოეყენებინა 180 მმ დიამეტრის, 6 ატმოსფეროზე გათვლილი პ/ე მილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ამოცანის შესრულება (100მ3-ის 1600 მეტრ მანძილზე მიწოდება, მაქსიმალური სამუშაო წნევით 5,5 ატმოსფერო) შეუძლებელი იქნებოდა.
წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი არასწორი გამოყენებისაგან გამომდინარე საფრთხე ან თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ ადეკვატური გამაფრთხილებელი ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული, რომ წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობა არ იქნეს გამოყენებული არასწორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მილების მონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცედურები (ტომი 1, ს.ფ. 134-139)
- წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (ტომი 1, ს.ფ. 44-188)
- ტექნიკური პირობები (ტომი 2, ს.ფ. 101-115)
- ცნობა, სასაქონლო ზედნადები (ტომი2, ს.ფ. 150-156)
4.8. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 10.11.2017 წლის დასკვნის თანახმად, როგორც ტუმბოს მარკირებიდან ჩანს, ტუმბო არის მუშაობის ორი რეჟიმით - პარალელური და მიმდევრობითი. პირველ რეჟიმში მუშაობის დროს, ტუმბოს წყლის საჭირო რაოდენობა (30ლ/წმ, განმცხ. მონაცემები), უნდა მიეწოდებინა 33 მეტრის სიმაღლეზე 1600 მეტრის სიგრძეზე. სინამდვილეში, თუ სწორად იქნება შერჩეული მილის დიამეტრი, ტუმბო ანვითარებს ისეთ სიმძლავრეს, რომ ამ სიმაღლეზე ის აწვდის 432 მ3/სთ ანუ 114 ლ/წმ საჭირო ხარჯის - 30 ლ/წმ ანუ 114 მ3/სთ d=125 მმ მილში გატარების დროს, საჭირო დაწნევის სიდიდე აღწევს ძალიან დიდ რიცხვს - 12 449 ატმოსფეროს (ექსპერტის გაანგარიშებით). ასეთი დიდი დაწნევა გამოიწვია მილის დიამეტრის სიმცირემ დიდი ხარჯის პირობებისთვის და ამით განპირობებულმა მილის წინაღობამ.
ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ტუმბოს გაშვების მომენტში, უცნობია რომელ რეჟიმში მუშაობდა იგი. სავარაუდოა, რომ იყო მიმდევრობით რეჟიმში რადგან, დიდმა განვითარებულმა წნევამ მალე დააზიანა მილები, პარალელურ რეჟიმში უფრო გვიან დააზიანებდა. 30 ლ/წმ გადასაქაჩად 1600 მ სიგრძეზე და 32 მეტრის სიმაღელზე, საჭიროა PE100 PN 10 SDR17 d=160 ტიპის მილი. დამწნევ ხაზზე, ურდულის შემდეგ, აღნიშნული ტუმბოს შემთხვევაში, უნდა დადგეს მანომეტრი და წნევის რეგულატორი, დარეგულირებული 8-9 ატმოსფეროზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის 10/11/2017 წლის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 16-23)
- 13/07/2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 88)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - ა------ მ--–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 352-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 477-ე,487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს შესთავაზა დაზიანებული ექვსი მილის გამოცვლა სხვა მილებით, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
სამოქალაქო კოდექსის მუხლი 491-ე მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა------ მ--–--ის მიერ შპს ,,წ--–-----------------------–------ისგან“ შეძენილი მილების, მოსარჩელის მიერ მათში ნორმაზე მაღალი წნევით წყლის ნაკადის გაშვებით დაზიანების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმეში წარმოდგენილია ექსპერტების დასკვნები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 07.03.2017 წლის ცნობა #---ს და პოლიეთილენის დაწნევითი (d---- მმ) მილის ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლების თანახმად, პოლიეთილენის დაწნევის მილები არ აკმაყოფილებს გოსტი 1--------- ცვლილება #-- ცხრილი #-, ცხრილი #-, პ---- ცხრილი #- მოთხოვნებს, კერძოდ მილის შიდა და გარე კედლების ზედაპირი არაერთგვაროვანია, შიდა კედლის ზედაპირი ხორკლიანია, გვერდითი ზედაპირი ფოროვანია - რაც დაუშვებელია, სტანდარტის მოთხოვნით ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯვისას მინიმალური ზღვარია 350%, გამოსაცდელი ნიმუშისა კი 0.5-21% რაც კატეგორიულად დაუშვებელია. რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მოწვეული სპეციალისტის თ----------–---- დასკვნას, აღნიშნულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ როგორც ტუმბოს მარკირებიდან ჩანს, ტუმბო არის მუშაობის ორი რეჟიმით - პარალელური და მიმდევრობითი. პირველ რეჟიმში მუშაობის დროს, ტუმბოს წყლის საჭირო რაოდენობა (30ლ/წმ, განმცხ. მონაცემები), უნდა მიეწოდებინა 33 მეტრის სიმაღლეზე 1600 მეტრის სიგრძეზე. სინამდვილეში, თუ სწორად იქნება შერჩეული მილის დიამეტრი, ტუმბო ანვითარებს ისეთ სიმძლავრეს, რომ ამ სიმაღლეზე ის აწვდის 432 მ3/სთ ანუ 114 ლ/წმ საჭირო ხარჯის - 30 ლ/წმ ანუ 114 მ3/სთ d=125 მმ მილში გატარების დროს, საჭირო დაწნევის სიდიდე აღწევს ძალიან დიდ რიცხვს - 12 449 ატმოსფეროს (ექსპერტის გაანგარიშებით). ასეთი დიდი დაწნევა გამოიწვია მილის დიამეტრის სიმცირემ დიდი ხარჯის პირობებისთვის და ამით განპირობებულმა მილის წინაღობამ. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ტუმბოს გაშვების მომენტში, უცნობია რომელ რეჟიმში მუშაობდა იგი. სავარაუდოა, რომ იყო მიმდევრობით რეჟიმში რადგან, დიდმა განვითარებულმა წნევამ მალე დააზიანა მილები, პარალელურ რეჟიმში უფრო გვიან დააზიანებდა. 30 ლ/წმ გადასაქაჩად 1600 მ სიგრძეზე და 32 მეტრის სიმაღელზე, საჭიროა PE100 PN 10 SDR17 d=160 ტიპის მილი. დამწნევ ხაზზე, ურდულის შემდეგ, აღნიშნული ტუმბოს შემთხვევაში, უნდა დადგეს მანომეტრი და წნევის რეგულატორი, დარეგულირებული 8-9 ატმოსფეროზე.
როგორც დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, ექსპერტის პასუხი არის ბუნდოვანი და იგი უფრო ვარაუდის დონეზე მსჯელობს დაზიანების შესაძლო მიზეზებზე. შესაბამისად, უფრო მეტი კონკრეტიზაციისთვის და გარკვეულობისთვის, სასამართლომ აღნიშნული ექსპერტი მოიწვია სასამართლო სხდომაზე, ზეპირი ახსნა-განმარტების მისაცემად. ექსპერტმა თ----------–---მ დამატებით განმარტა, რომ მილების ამგვარი დაზიანება შეეძლო გამოეწვია, როგორც აღნიშნულ მილებში მაღალი წნევით სარწყავი წყლის მიწოდებას, აგრეთვე ამ მილების ნაკლიანობას. იმ ექსპერტიზის ფარგლებში, რაც მან ჩაატარა საქმეში წარმოდგენილი დასკვნის გასაცემად, დაზიანების კონკრეტული მიზეზების დადგენა ვერ მოხერხდებოდა, ამისთვის საჭირო იყო სხვა სახის ექსპერტიზის ჩატარება, რაც მას არ განუხორციელებია. მან დაადგინა მილების დაზიანების სახე, თუმცა რეალური მიზეზები ამ დაზიანებისა შესაძლოა ყოფილიყო ორივე შემთხვევა, მაღალი წნევა ან მათი ხარვეზიანობით დამზადება, რისი დაბეჯითებით თქმაც არსებული მოცემულობით შეუძლებელია.
სასამართლოსთვის საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შეეცვალა დაზიანებული ექვსი მილი, სხვა იმავე მაჩვენებლების მქონე მილებით. წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს შეკითხვაზე მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო მოპასუხე კომპანია თავიდანვე თანახმა დაზიანებული მილების შეცვლაზე, თუკი ის დარწმუნებული იყო, რომ მილები იყო უნაკლო და სათანადო ხარისხის. ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ წერილობითი მიმართვები ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე მხარის მიერ უპასუხოდ და რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. ერთადერთი რაც შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ მხრიდან იქნა გაკეთებული, არის ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც არ იძლევა ცალსახა და ნათელ პასუხს დაზიანების მიზეზებზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიას სათანადო ღონისძიებები უნდა გაეტარებინა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მის მიერ გაყიდული პროდუქცია არის უნაკლო. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების სტანდარტის ფარგლებში, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხე მხარეზე იყო.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს თავად მოაპსუხე მხარის მეირ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე - მეწარმე სუბიექტის სტანდარტები. აღნისნული სტანდარტების თანახმად, სწორედ მოაპსუხე მხარის ანუ გამყიდველის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მის მიერ ნაწარმოები თუ რეალიზებული პროდუქცია იყო სტანდარტებთან და ხარისხთან შესაბამისობაში. სარჩელზე დარტული დასკვნებით და ექსპერტ-სპეციალისტების ჩვენებით დგინდება, რომ მათ მიერ ვერ მოხდა იმის დადაგენაც კი თუ რა მასალით იყო ნაწარმოები მილები, ვინაიდან არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარებოდა ისინი. ამდენად, სასამართლოს მაიჩნია, რომ მოპასუხის მიერ უხარისხო მილები იქნა რეალიზებული, აღნიშნულის საწინააღმდეგო კი თავად მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. პირიქით, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოპასუხე მხარის მოწმემ, ინჟინერმა ჰ--–--–-------------------- მიუთითა, რომ მეორადი დამუშავების მასალებისაგან კეთდება მილები.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოაპსუხე მხარემ გარემო პირობებზე მიუთითა, როგორც ერთ-ერთ გარემოებაზე, რომელსაც შეეძლო მილების დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში სასამარტლო ორ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, პირველი, აღნიშნული მტკიცების ტვირთი იყო მოპასუხე მხარეზე, რომ გარემო პირობებს ისე შეუძლია მოახდინოს გავლენა სარწყავ მილებზე, რომ მათი დაზიანება სწორედ იმგვარად მოხდეს როგორც მოცემულ შემთხვევაში იყო და მეორე, აღსანიშნავია, რომ მილების დაზიანების ფაქტი მათი შეძენიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა და არა ერთი წლის შემდეგ. შესაბამისად, გარე მეტეოროლოგიურ პირობებს გავლენა ვერ უნდა მოეხდინათ უკვე არსებულ შედეგზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ მილების დაზიანებად დაასახელა ტუმბოს სიმძლავრე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ტუმბო სრული დატვირთვის დროს ავითარებდეს უფრო მეტ წნევას, ვიდრე ამას გაუძლებდა მილები, თუმცა აღსანიშნავია, რომ წნევის დარეგულირება შესაძლებელია და ტუმბოს ჩართვიდან ავტომატურ რეჟიმში არ ხდება მაქსიმალური წარმადობით და მხოლოდ სრული დატვირთვით მუშაობა. მოსარჩელის ინტერესის სფეროც კი ვერ იქნებოდა 6 ატმოსფერული წნევის მილებში გაეშვა 10 ატმოსფერული წნევა წყალი, რაც მილების სრულად ან ნაწილობრივ დაზიანებას გამოიწვევდა.
რაც შეეხება მილების სრული ღირებულების დაკმაყოფილებას, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ორ გარემოებაზე გაამახვილებს ყურდღებას, კერძოდ, მოსარჩელემ მას შმდეგ რაც დაინახა რომ წყლის გაშვების შემდეგ ზიანდებოდა მილები, ცვლიდა მათ ადგილმდებარეობას, ასევე ამოიღო სისტემიდან დაზიანებული მილებიც, თუმცა მილები ყოველი წყლის გაშევების შედეგად ზიანდებოდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მაიჩნია, რომ აუცილებელი არ არის ყველა მილის დაზიანება ან განადგურება მოხდეს იმისთვის, რომ ნაკლი იქნეს აღმოჩენილი, მით უმეტეს, რომ მილების დაზიანება სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დიამეტრის მილებზე მოხდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი სახეობა დიამეტრის დამზადებულია თავად მოაპსუხის მიერ, ხოლო მეორე სახეობა ილებისა კი მოაპსუხის მიერ შემოტანილია თურქეთის რესპუბლიკიდან. შესაბამისად, ერთი სახეობის მილები ერთ მიწოდებად, ერთ ჯგუფად უნდა იქნეს განხილული, როგორც ერთი ნივთი, ვინაიდან მათი ერთნაირი შემადგენლობა და ერთი დამამზადებელი ჰყავთ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოაპსუხე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მარკირების არსებობის ფაქტი, არ წარმოუდგენილა საკონტრო შემოწმების აქტი, სანამ წარმოებაში გაიშვებოდა მილები, ანუ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება წარმოებული და შექმნილი პროდუქციის დროს ან/და რეალიზაციამდე, ამასთან, მოპასუხე სწორედ აღნიშნული პროფილით წლების განმავლობაში მომუშავე ფირმაა, რაც უფრო მეტად ავალდებულებს წარმოებისა თუ რეალიზაციის წესების დაცვას, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მილების ანაზღაურების ნაწილში.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მას არ ჰქონდა ინტერესი, მოპასუხე მხარის მიერ ნაკლის გამოსწორების, კერძოდ, დაზიანებული მილების ახალი, იმავე ხარისხის და მაჩვენებლების მქონე მილების მიმართ, ვინაიდან, არ ჰქონდა გარანტია, რომ სარწყავი სისტემის მილებში განმეორებით წყლის გაშვების შემდეგ, იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებოდა. წარმოდგენილ შემთხვევაში, მას ინტერესი ჰქონდა მთლიანი შესრულების მიმართ, ვინიადან მის მიერ მილების შეძენა მოხდა ფერმერული საქმიანობის მიზნით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მილები შეიძინა ქ------–--–-, ხოლო გადატანა კი მოახდინა ა---–---–--ის რაიონის ს------– ა------ში, აღნიშნული კი იწვევდა კიდევ დამატებით ხარჯებს, გარდა იმ ხარჯისა, რაც თავის დროზე გასწია მოსარჩელემ. მართალია რამდენიმე მილი აღმოჩნდა დაზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე შეანაცვლა მილები, მათ შორის მორწყვის სისტემიდან სრულად ამოიღო დაზიანებული მილები, თუმცა წყლის ჭავლის ყოველი გაშვების შედეგად ზიანდებოდა მილები. იმის გათვალისწინებით, რომ სრული ღირებულების ანაზღაურების წინაპირობა არ უნდა იყოს ყველა მილის დაზიანება, არამედ გონივრული განსჯის შედეგად ყოველი ახალი გაშვების შედეგად რადგან ზიანდებოდა მილები და მათი უხარისობა გამოიკვეთა მათი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, შესაბამისად, მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული შესრულების მიმართ, მით უმეტეს, რომ მოსარჩელსითვის ინტერესის სფეროს სწორედ ის სეზონი წარმოადგენდა, როდესაც უნდა მომხდარიყო მორწყვა და მოგვიანებით, სწორედ ამ მორწვის შედეგად მოსავლის მიღება. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების სახით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია ნივთის ნაკლის გამო მოშალოს ხელშეკრულება, რაც მოპასუხეს აკისრებს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შესრულების დაბრუნების ვალდებულებას.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში იმ გარემოების ვარაუდი, რომ მოპასუხე მხარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სარწყავი სისტემის მილების გამართული მუშაობის შემთხვევაში, მოიყვანდა კარტოფილის მოსავალს და მიიღებდა 25 800 ლარის სარგებელს, ერთგვარად ჰიპოთეზურ ხასიათს ატარებს და არაგონივრულია მისი, როგორც დადასტურებული ფაქტის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს საქმეზე წარმოდგენილი აქვს მონაცემები საქსტატიდან, სასამართლოს მაიჩნია, რომ აღნიშნული მონაცემები ვერ დაედება საფუძვლად სასარჩელომ ოტხოვნის დაკმაყოფილებას, ვინიადან წარმოდგენილი მტკიცებუელბებით არ დასტურდება რა ფართობის მორწვა სურდა მოსარჩელეს, არ დგინდება მოსავლის არსებობა და ის შედეგი, რომ ზიანი სწორედ მილების გაუმართაობამ მიაყენა. მართალია მოსარჩელის მიერ ნაყიდი მილების მიზანი ფერმერული მეურნეობის გაუმჯობესება იყო, თუმცა იმ წელს ჰქონდა თუ არა უკვე დათესილი კარტოფილი, რომელიც დაზიანდა ან/და განადგურდა სრულად ან ნაწილობრივ, რაც დაკავშირებული იყო სწორედ მორწყვასტან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სარწყავი სისტემის გაუმართაობამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით 25800 ლარის ოდენობით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, შესაბამისად, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 774 (ტომი 1, ს.ფ. 103), 869 ლარის (ტომი 1, ს.ფ. 33) გადახდა, ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 4%-ს ოდენობით, საადვოკატიო მომოსახურების ხარჯის ნაწილი (ტომი 1, ს.ფ. 98-102) 500 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ხარჯი 950 ლარის ოდენობით ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 31-32).
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა------ მ--–--ის სარჩელი შპს ,,წ--–-----------------------–------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 28 965 ლარის ოდენობით.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ა------ მ--–--ის მოთხოვნა, მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ისთვის“ მიუღებელი შემოსავლის 25 800 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 950 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის 500 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე შპს ,,წ--–-----------------------–------ს“ მოსარჩელე ა------ მ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 869 ლარის ანაზღაურება
5. მოსარჩელე ა------ მ--–--ის მიერ 30/03/2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 869 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 774 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე