გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310018002442523
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2881-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ნ------- ქ-----ე

წარმომადგენლები - თ----- ქ-----ე და ო--------------–---–-

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–---

 

მესამე პირი - ა---–------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - თ--------------–---–-

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ--------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანება.

 

1.2. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ------- ქ-----ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის - ა---–------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი, მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას და აღნიშნა, რომ მოსარჩელე - ნ------- ქ-----ე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–------ს რაიონის სოფელ ქ------ში.

 

2.3. მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენემა არ ცნო სარჩელი და მხარი დაუჭირა მათ მიერ გაცემულ ცნობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ------- ქ-----ეს დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია 2013 წლის რეგისტრაცია, ასევე არ გაუვლია მინისტრის №--- ბრძანებით დამტკიცებული 2014 წლის დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია.

 

ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ნ------- ქ-----ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა ქ. ა---–------. 1990 წლიდან არ ჰქონდა ახალგორში მუდმივი სამუშაო ადგილი, მისი შვილები დაიბადნენ და საშუალო განათლება მიიღეს ქ. თბილისში. მათთვის ცნობილი არ იყო რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ნ------- ქ-----ე დაკავშირებული იყო ქ. ახალგორთან ყოველდღიური ყოფითი, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ასევე აღნიშნულია, რომ ნ------- ქ-----ესთან მიმართებაში არ დასტურდება ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ამ გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნიეს ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენა.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 30-31).

 

3.1.2. 2018 წლის 5 თებერვალს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციისა და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად ნ------- ქ-----ეს ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის დროს ნ------- ქ-----ემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1--- წელს ქ. ახალგორში. 1--- წელს დაამთავრა ა---–------ს სოფელ ლ--------ს საშუალო სკოლა. 1976-1990 წლებში მუშაობდა სოფელ ლ-------ში სხვადასხვა ადგილებზე. დაოჯახდა 1989 წელს ახალგორში, ყავს მეუღლე და ორი შვილი, რომელთა დაბადების ადგილიც არის ქ. თბილისი. შვილებმა დაამთავრეს ქ. თბილისის საჯარო სკოლა. მეუღლე დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 5 თებერვლის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 26-29).

 

3.1.3. დადგენილია, რომ ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა ნ------- ქ-----ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ ნ------- ქ-----ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც მიზანშეუწონლად მიიჩნიეს ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, 2018 წლის 28 მარტს, მინისტრს გაუგზავნა №0------------ მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ზემოაღნიშნული დასკვნა, ნ------- ქ-----ისთვის (პ/ნ: 0----------) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 30-31);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მარტის №0------------ მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 65).

 

3.1.4. საქართველოს ა---–------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 30 იანვრის №2----- ცნობის თანახმად, მოქალაქე - ნ------- ქ-----ე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–------ს რაიონის სოფელ ქ------ში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ა---–------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 30 იანვრის №2----- ცნობა (ს.ფ. 74)

 

3.1.5. 2018 წლის 2 თებერვალს, მოსარჩელე - ნ------- ქ-----ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ არის საქართველოს მოქალაქე და არ გაუვლია 2013-2014 წლების დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 2 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 72)

 

3.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის’’ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მარტის №0------------ მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა ნ------- ქ-----ეს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანება (ს.ფ. 77).

 

3.1.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - სამმართველოს უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის №0------------ წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: ცხოვრობდა თუ არა ნ------- ქ-----ე 2005-2008 წლებში მისამართზე: ქ. თბილისი, ა----–-----–--------------.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 6 მარტის MIA 3--------------------- სამსახურეობრივი ბარათის პასუხით, მოქალაქე - ნ------- ქ-----ის შესახებ ირკვევა, რომ იგი 2005-2008 წლებში მისამართზე: ქ. თბილისი, ა----–-----–---------------ში ნამდვილად ცხოვრობდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2018 წლის 5 მარტის ოქმი ზეპირი გასაუბრების შესახებ, რომელიც შეადგინა საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის კაპიტანმა - მ------- ქ-----ემ, 2018 წლის 28 თებერვლის №4----- სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე და გაესაუბრა მოქალაქე - ე-–------------–---–ს, რომელმაც აღნიშნა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ა----–-----–---------------ში დაახლოებით 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოქალაქე - ნ------- ქ-----ე, 2005-2008 წლამდეც ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, თუმცა პერიოდულად მიდიოდა სოფელში, ა---–------ს რაიონში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 23 თებერვლის №0------------ წერილი (ს.ფ. 115)

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს 2018 წლის 6 მარტის MIA 3--------------------- სამსახურეობრივი ბარათის პასუხით მოქალაქე ნ------- ქ-----ის შესახებ.(ს.ფ. 117)

- 2018 წლის 5 მარტის ოქმი ზეპირი გასაუბრების შესახებ.(ს.ფ. 119).

 

3.1.8. 2018 წლის 12 ნოემბერს სასამართლომ განიხილა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------- ქ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შევიდა: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ჯ) დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად საცხოვრებელი ადგილი, პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად პირი, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს აგვისტოს ომამდე წარმოადგენდა ა---–------ს რაიონი, მოპასუხე მხარის პოზიცია კი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ნ------- ქ-----ის მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილსაც წარმოადგენდა იგივე ადგილი, არ შეესაბამება სიმართლეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს მოსარჩელის შვილის საკუთრებას, ხოლო თავად მოსარჩელე ცხოვრობდა ა---–------ს რაიონში მშობლებთან ერთად და ეწეოდა მეურნეობას, თბილისში კი ჩამოდიოდა პერიოდულად მეუღლესთან და შვილებთან. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და რომელთანაც იგი დაკავშირებულია ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით.

 

6.3. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით პირს დენილის სტატუსი აღუდგება თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი კი გულისხმობს პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტას, თუ მან ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე - ნ------- ქ-----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს დევნილის სტატუსი შეუწყდა, რადგან მას არ გაუვლის დევნილთა 2013 წლის რეგისტრაცია, ასევე არ გაუვლია მინისტრის №--- ბრძანებით დამტკიცებული 2014 წლის დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია. 2018 წლის 2 თებერვალს ნ------- ქ-----ემ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანებით ნ------- ქ-----ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე. კანონმდებლობის თანახმად, კი პირს შესაძლებელია დევნილის სტატუსი შეუწყდეს თუ მან ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს შეწყვეტილი დევნილის სტატუსის აღდგენას ისეთ შემთხვევაშიც, თუ მან კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გაიარა რეგისტრაცია, შემდგომ კი პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოსარჩელის მიერ ა---–------ს რაიონში მუდმივად არცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას, 1990 წლიდან არ ჰქონდა ახალგორში მუდმივი სამუშაო ადგილი, მისი შვილები კი დაიბადნენ და საშუალო განათლება მიიღეს ქ. თბილისში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ფაქტები არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ სოფ. ქ------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამომრიცხავ გარემოებად, რადგან მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია რა მონაცემების საფუძველზე დაადგინა მოპასუხე მხარემ მოსარჩელის ა---–------ს რაიონში, კერძოდ სოფ. ქ------ში მუდმივად არცხოვრების ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ა---–------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 30 იანვრის №2----- ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მოქალაქე - ნ------- ქ-----ე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ა---–------ს რაიონის სოფელ ქ------ში. ასევე, წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ნ------- ქ-----ეს იმ პერიოდში გააჩნდა უძრავი ქონება ქ. თბილისში.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს 2018 წლის 6 მარტის MIA 3------------ წერილს, რომელიც გაცემული იქნა №4----- სამსახურეობრივი ბარათის პასუხად და რომელიც მომზადდა 2018 წლის 5 მარტის ზეპირი გასაუბრების ოქმის საფუძველზე, არ არის მითითებული, რომ ქ. თბილისი წარმოადგენდა სადაო პერიოდში მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, პირიქით გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ ნ------- ქ-----ე დაახლოებით 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ა----–-----–ის №1---ში, მაგრამ 2005-2008 წლებში მიდიოდა სოფელში, ა---–------ს რაიონში.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ მიერ ნაწარმოები ზეპირი გასაუბრების ოქმით ცალსახად არ შეიძლება დადასტურებული იქნეს მოსარჩელის ქ. თბილისის მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია 2008 წლის მოვლენებამდე მოსარჩელე - ნ------- ქ-----ის ა---–------ს რაიონში, სოფელ ქ------ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

6.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის მეორე პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნტქით დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2008 წლამდე ნ------- ქ-----ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ა---–------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ქ------ი, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------- ქ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №9-- ბრძანება.

 

3. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ------- ქ-----ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

 

4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. ა----–-----–ის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი