გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2018
საქმის ნომერი
330310018002561885
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4686-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - დ-------------ე

წარმომადგენელი - გ--------------–--ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ------------

მესამე პირი - სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES 0------------ გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: 10.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 11:25:16 სთ.);

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ დ-------------ის სახელზე გაცემული ATSU №0----- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მხარეს სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმეზე დადგენილია, რომ 2010 წლის 16 დეკემბერს, სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ დ-------------ის სახელზე გაიცა დიპლომი ATSU №0----- (სარეგისტრაციო N---) მასზედ, რომ სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის 17.07.2009 წლის N1 გადაწყვეტილებით დ-------------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი ATSU №0----- (სარეგისტრაციო N---) (ს.ფ. 58).

 

4.1.2. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2006 წლის 21 მარტს საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო უნივერისტეტის მიერ დ-------------ის სახელზე გაიცა დიპლომი ს------------- (სარეგისტრაციო N----) მასზედ, რომ დ-------------ე 1999 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის აგრობიზნესის ფაკულტეტის სრული კურსი ფერმერული მეურნეობის სპეციალობით, კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დ-------------ეს მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და ფერმერული მეურნეობის მენეჯერის კვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დიპლომი ს------------- (სარეგისტრაციო N----) (ს.ფ. 64).

4.1.3. 2018 წლის 25 მაისს დ-------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ATSU №0----- (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 25.05.2018წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 51-61).

 

4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, დ-------------ის 2018 წლის 25 მაისის განცხადების განხილვის ფარგლებში, 2018 წლის 30 მაისს MES 1------------ წერილით მიმართა სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ს, რომლითაც სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ს გაეგზავნა სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ისა და სსიპ ს----------–--------------------–---------------------––----------------------- მიერ დ-------------ის სახელზე გაცემული დიპლომების ასლები და ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, კორესპონდენციის მიღებიდან 5 დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში დ-------------ის სწავლის პერიოდის შესახებ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად არ გავლის შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მაისის MES 1------------ წერილი (ს.ფ. 71).

 

4.1.5. დადგენილია, რომ სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის 2018 წლის 6 ივნისის MES 8------------ წერილით, ზემოაღნიშნული MES 1------------ წერილის პასუხად ცენტრს ეცნობა, რომ დ------------მ 2009 წელს დაამთავრა სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი და 2009 წლის 17 ივლისის N1 გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მის სახელზე ნამდვილად გაიცა დიპლომი ATSU №0----- (სარეგისტრაციო N---), ასევე უნივერისტეტის მირ განმარტებულ იქნა, რომ დ-------------ემ 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო უნივერისტეტის სუბტროპიკული მეურნეობის აგრობიზნესის ფაკულტეტი ფერმერული მეურნეობის სპეციალობით და 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მიენიჭა ფერმერული მეურნეობის მენეჯერის კვალიფიკაცია. მის სახელზე გაიცა დიპლომი ს------------- (21/03/2006წ.) რეგისტრაციის N----. მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა კი შეადგენდა 5 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის 2018 წლის 6 ივნისის MES 8------------ წერილი (ს.ფ. 76).

4.1.6. საქმეზე წარმოდგენილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 ივნისის MES 2------------ სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის საბაკალავრო პროგრამაზე, ფიქსირდება შემდეგი მონაცემები - საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დ-------------ე N-- § 8, 25.04.2005 წლის ბრძანებით მეორე სპეციალობის მიღების მიზნით ჩარიცხულ იქნა დაუსწრებელი სწავლების სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსზე. თავდაპირველი ჩარიცხვის ბრძანება და თარიღი - N--, § 8, 25.04.2005 წელი, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თარიღი - 2009 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 20 ივნისის MES 2------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 68-69).

 

4.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES 0------------ გადაწყვეტილებით დ-------------ეს უარი ეთქვა სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ გაცემული ATSU №0----- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული 2018 წლის 25 ივნისის MES 0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 103-107).

 

4.1.8. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES 5------------ გადაწყვეტილებით დ-------------ის სახელზე საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო უნივერისტეტის მიერ გაცემული ს------------- (სარეგისტრაციო ნომერი N----) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES 5------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-97).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES 0------------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ხოლო ცენტრის კომპეტენციის ფარგლები მოცემულია მე-5 მუხლში.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობები და პროცედურები.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ დ-------------ე 1999 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო უნივერსიტეტის სუბტროპიკული მეურნეობის აგრობიზნესის ფაკულტეტის სრული კურსი ფერმერული მეურნეობის სპეციალობით, კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დ-------------ეს მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და ფერმერული მეურნეობის მენეჯერის კვალიფიკაცია და 2006 წლის 21 მარტს საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო უნივერისტეტის მიერ დ-------------ის სახელზე გაიცა დიპლომი ს------------- (სარეგისტრაციო N----).

 

საქმეზე ასევე დადგენილია, 2005 წლის 25 აპრილს დ-------------ე ჩაირიცხა სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მე-2 კურსზე და 2010 წლის 16 დეკემბერს სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ დ-------------ის სახელზე გაიცა დიპლომი ATSU №0----- (სარეგისტრაციო N---) მასზედ, რომ სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის 17.07.2009 წლის N1 გადაწყვეტილებით დ-------------ეს, მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღბას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ჩატარდა 2005 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მოსარჩელე სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ში ჩარიცხულ იქნა 2005 წლის 25 აპრილს. ამასთან, საქართველოს ს---------------–---------------------–-–---ო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დ-------------ე 25.04.2005 წლის N-- § 8 ბრძანებით მეორე სპეციალობის მიღების მიზნით ჩარიცხულ იქნა დაუსწრებელი სწავლების სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსზე.

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნია ამგვარი ნდობა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას.

 

6.4. სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების დადასტურებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ დ-------------ემ მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, ასევე დადასტურებულია მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს მოსარჩელის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელიც ასევე აღიარებს განათლების უფლებას, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.

 

გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

 

პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული 2018 წლის 25 ივნისის MES 0------------ გადაწყვეტილება დ-------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ დ-------------ის სახელზე გაცემული ATSU №0----- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 25 ივნისის MES 0------------ გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ ა-----–-------–--------–-–---------------------ის მიერ დ-------------ის სახელზე გაცემული ATSU №0----- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო N---) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის დ-------------ის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე