გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6055-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შ-----------------ი
წარმომადგენლები - ნ----------------ე, ი-------------ე
მოპასუხე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო
წარმომადგენელი - ე-–-----------ე
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–---ი
მესამე პირი - შპს ,,ე--------------ი''
წარმომადგენელი - ს--–---------------ე
მესამე პირი - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - მ----------–---ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის (რეგისტრაციის N8------) ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება (ე.წ. ,,ვირტუალური უარი);
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, შ-----------------ის მიერ 2017 წლის 25 მაისის განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად გადაცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს ,,ე--------------ის'' წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2. მესამე პირის - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი ასევე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 4 მაისს შპს ,,ე--------------მა“ N3-- წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის საფუძველზე, კომერციულ საიდუმლოებად ეცნოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ქ-------------–-----ის შემაერთებელი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი; პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები; საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე; საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე; საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ქ-------------–-----ას ტექნოლოგიურ ნაწილზე; კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს ,,ე--------------ის“ 2017 წლის 4 მაისის წერილი N3-- (ტ.I, ს.ფ. 469-470);
4.1.2. დადგენილია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული: ,,ქ----“ ქვესადგურიდან დ--–-----------–----–------ის, სოფელ ო---------მდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,ქ-------------–-----ა“-ს და დ--–-----------–----–------ის, სოფელ ო--------იდან ყ--------------–----–------ის, სოფელ ა-------მდე ,,ქ-------------–-----ას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ327+44დან-პკ.950+18-მდე) მშენებლობის პროექტი, პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები, საექსპერტო დასკვნა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე, საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე, საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ქ-------------–-----ას ტექნოლოგიურ ნაწილზე, კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის ბრძანება N9---- (ტ.I, ს.ფ. 102-103);
4.1.3. 2017 წლის 25 მაისს შ-----------------მა განცხადებით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა შპს ,,ე--------------ის“ 500 კვ.-იანი ძაბვის ქ-------------–-----ა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული სრული ადმინისტრაციული წარმოების (ყველა ეტაპის გამოცალკევებით) მასალების ასლი. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მისაწოდებლად მიუთითა ელექტრონული ფოსტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შ-----------------ის 2017 წლის 25 მაისის განცხადება (ტ.I, ს.ფ. 21).
4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 8 ივნისის N0----- წერილით შ-----------------ს ეცნობა, რომ შპს ,,ე--------------ის“ მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული განმცხადებლის მიერ მითითებულ ობიექტზე მშენებლობასთან დაკავშირებული შემდეგი ადმინისტრაციული წარმოების მასალა: მშენებლობის პროექტი; პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები; საექსპერტო დასკვნა, 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე; საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე; საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ქ-------------–-----ას ტექნოლოგიურ ნაწილზე; კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის წერილი N0----- (ტ.I, ს.ფ. 22).
4.1.5. 2017 წლის 6 ივლისს შ-----------------მა ადმინისტრაციული საჩივრით (რეგისტაციის N8------) მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ,,ქ----“ ქვესადგურიდან დ--–-----------–----–------ის, სოფელ ო---------მდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის, ,,ქ-------------–-----ა“-ს და დ--–-----------–----–------ის, სოფელ ოქრუანიდან ყ--------------–----–------ის, სოფელ ა-------მდე ,,ქ-------------–-----ას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ327+44დან-პკ.950+18-მდე) მშენებლობის პროექტის, ტექნიკური დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ“ ბრძანების ბათილად ცნობა და 2017 წლის 25 მაისს მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად გადაცემა.
დადგენილია, რომ შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი (ტ.I, ს.ფ. 27-34);
-მხარეთა განმარტებები (იხ.: სასამართლო სხდომის ოქმები).
4.1.6. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ იქნა სს ,,-----------–---------–-–--------–----------------ს (,,G--”)/შპს ,,ე--------------“-სა (შემდეგში ,,დამსაქმებელი“) და ,,ფ----------------------------------ი/ „F-------------------”-ს (შემდეგში ,,კონსულტანტი“) შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ,,საკონსულტაციო სერვისების შესახებ ხელშეკრულების“ ამონარიდი (სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის სახით), რომლის 1.12.1 პუნქტის თანახმად, თავად კონსულტანტი და იგი აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ მისი დასაქმებულებიც, საიდუმლოდ შეინახავენ ყველა კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომელიც მას გადაეცა დამსაქმებლის და K---ს მიერ, აგრეთვე გაცვლილ ინფორმაციას, წინამდებარე კონტრაქტთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებულ ცოდნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული დოკუმენტები გამოხატულად არ იყო განსაზღვრული, როგორც კონფიდენციალური. აღნიშნული კონფიდენციალურობის ვალდებულება კონსულტანტისა და მისი დაქირავებულებისთვის ძალაში რჩება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც. იგი არ ვრცელდება სასამართლოსთვის, ან საჯარო ორგანოსთვის გამჟღავნებაზე, რამდენადაც აღნიშნული გამჟღავნება ხორციელდება იურიდიული ვალდებულებების გათვალისწინებით, ან სასამართლოს ან საჯარო ორგანოს ბრძანების ძალით. იგი აგრეთვე არ ვრცელდება იმ მასალებზე, ინფორმაციასა და ცოდნაზე, რომელთა გამჟღავნებაზეც დამსაქმებლის და K---ს მიერ გაცემულია წერილობითი თანხმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,-----------–---------–-–--------–----------------ს (,,G--”)/ შპს ,,ე--------------“-სა (შემდეგში ,,დამსაქმებელი“) და ,,ფ----------------------------------ი/ „F-------------------”-ს (შემდეგში ,,კონსულტანტი“) შორის 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკონსულტაციო სერვისების შესახებ ხელშეკრულების ამონარიდი (ტ.II, ს.ფ. 249-255).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში, ხოლო 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის (რეგისტრაციის N8------) ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება (ე.წ. ,,ვირტუალური უარი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე შ-----------------ის მოთხოვნა მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის შ-----------------ის 2017 წლის 25 მაისის განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად გადაცემის დავალება.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე ნორმის ,,ნ” ქვეპუნქტის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კომერციულ საიდუმლოებას განმარტავს და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურას ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ან სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავს და მისი დაცვის აუცილებლობას კანონმდებელი არ ადგენს. ზოგადი წესისამებრ ინფორმაციას გააჩნია კომერციული ღირებულება, თუ მისმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთან, პირი, რომელსაც ეკუთვნის ინფორმაცია, თავად განსაზღვრავს კომერციული თვალსაზრისით რამდენად ღირებულია ეს ინფორმაცია მისთვის და თავადვე ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას. თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციის კრიტერიუმებს და აღნიშნული ინფორმაციის ღიაობა არის თუ არა კანონით დადგენილი ვალდებულება.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია კომერციული ღირებულება, რომლის გამჟღავნება ზიანის მომტანია პირის კონკურენტუნარიანობისათვის. პირი, რომელსაც შეეხება ინფორმაცია, თავად განსაზღვრავს ინფორმაციის ღირებულებას მისთვის და თავადვე ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხის ინიცირებას, მასვე ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ინფორმაციის მისაწვდომობა საფრთხის შემცველია მისთვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წარდგენილი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა, თუ სურს ამ ინფორმაციის საიდუმლოების უზრუნველყოფა. პერსონალური მონაცემების დაცვისაგან განსხვავებით კომერციული საიდუმლოების შემთხვევაში მისი დაცვა იმთავითვე არ არის პრეზუმირებული, ინფორმაციის დაცვის ინტერესი ამ შემთხვევაში თავისთავად არ იგულისხმება. პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი რეჟიმისაგან განსხვავებით, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, მისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ნების გამოხატვა. ამასთან, ინფორმაციის გასაიდუმლოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სუბიექტის ნება-სურვილზე და მოსაზრებაზე. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებისთვის მფლობელს, ნების გამოხატვის გარდა, უნდა გააჩნდეს საჯარო დაწესებულებაში შენახული ინფორმაციის დაცულობის მიმართ გამართლებული, პატივსადები ინტერესი, რაც განპირობებულია საიდუმლოების მფლობელის შესაძლო თვითნებობის შეზღუდვის საჭიროებით, ვინაიდან კომერციულ საიდუმლოებად ინფორმაციის გამოცხადება აკისრებს სხვებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ვალდებულებას, ანიჭებს ინფორმაციის მფლობელს განსაკუთრებულ უფლებებს, ხოლო სახელმწიფოს ამ უფლებების უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ განმცხადებელმა მოითხოვა იმ დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, რაც სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარედგინა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ამასთან შპს ,,ე--------------ი“ განმარტავს და სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ინფორმაციის საიდუმლოდ გამოცხადების განცხადება ეფუძნება მასსა და ,,ფ----------------------------------ი/ „F-------------------”-ს 2014 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებულ საკონსულტაციო სერვისების შესახებ ხელშეკრულების პირობებს, რადგან სწორედ კონსულტანტი მხარე არის დაინტერესებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე. მაშინ როდესაც, კომერციული საიდუმლოების დაცვა დისპოზიციურია ინფორმაციის მფლობელისათვის. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის კომერციული საიდუმლოების რეჟიმში დაცვას, ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას, რომელსაც თავად ინფორმაციის მფლობელი ავრცელებს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა ინფორმაციის მფლობელი, კერძოდ ,,ფ----------------------------------ი/ „F-------------------”-ი თავად, პირადი განცხადებით არ ახდენს ინფორმაციის გასაიდუმლოებას, არამედ შუამავლის მეშვეობით ხდება ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულების შესრულება. კანონით დადგენილი პირობა, რომ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას ითხოვს ის პირი ვინც ფლობს მას, მოცემულ შემთხვევაში არ არის შესრულებული, რადგან ინფორმაცია არ წარმოადგენს შპს ,,ე--------------ის“ კომერციულ საიდუმლოებას.
7.3. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობები არის I კატეგორიის (მაგისტრალური) ნავთობსადენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, I და II კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, I კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, I კატეგორიის რკინიგზა, I კატეგორიის საავტომობილო გზა, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, გვირაბები. ამავე დადგენილების 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა. ამავე დადგენილების 47-49-ე მუხლები კი ადგენს იმ მონაცემთა ჩამონათვალს, თუ რას უნდა შეიცავდეს არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები. ამავე დადგენილების 52-ე მუხლი ადგენს აღნიშნული დოკუმენტების შეთანხმების წესს. ამგვარი დოკუმენტის შეთანხმება მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია. ამავე დადგენილების XII თავში მოცემულია სამშენებლო დოკუმენტის პროექტის, სამშენებლო დოკუმენტისა და მშენებლობის ორგანიზების პროექტის განმარტება. დადგენილების შესაბამის ნორმებში კი მოცემულია, თუ რას უნდა შეიცავდეს სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით. ამდენად, მითითებული დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია, რაც იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ ,,ქ----“ ქვესადგურიდან დ--–-----------–----–------ის, სოფელ ო---------მდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის, ,,ქ-------------–-----ა“-ს და დ--–-----------–----–------ის, სოფელ ო--------იდან ყ--------------–----–------ის, სოფელ ა-------მდე ,,ქ-------------–-----ას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ327+44დან-პკ.950+18-მდე) მშენებლობის პროექტის, ტექნიკური დოკუმენტაცია სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალის შემადგენელი ნაწილია.
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება საჯაროობის პრინციპით. მშენებლობის პროცესის საჯაროობის აუცილებლობაზე მიუთითებს ამავე დადგენილების 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ'' ქვეპუნქტი, VII თავი და რიგი ნორმები რომლებიც ითვალისწინებენ საინფორმაციო დაფის (როგორც მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე, ისე მშენებლობის მონაცემების ინფორმაციის შემცველი) სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსების აუცილებლობას და სხვა. დადგენილების მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, V კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ქვეპუნქტის მიხედვით, V კლასის შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/524 გადაწყვეტილებაზე (საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გ---------------–--ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების (იმ პერიოდში მოქმედი რედაქცია) შინაარსის, დანიშნულებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით უდავოა, რომ კონსტიტუცია ესწრაფვის ჯანსაღ გარემოზე უფლების მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და მას ადამიანის ძირითად უფლებად განიხილავს. ეკოლოგიური უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მომავალი თუ მიმდინარე მშენებლობისადმი ამგვარი ფართო ინტერესი განპირობებულია შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფაქტორიდან, რომ შენობა-ნაგებობა მომეტებული რისკის შემცველია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. მშენებლობას (შენობა-ნაგებობას) გარემოს უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავს ასევე ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ორჰუსის) კონვენცია (ძალაშია 2001 წლის 30 ოქტომბრიდან, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის N135 დადგენილებით). აღნიშნული კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,გ“ ქვეპარაგრაფის თანახმად, ,,გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ გულისხმობს წერილობითი, აუდიოვიზუალური, ელექტრონული ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მოწოდებულ ყველა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მისი ცხოვრების პირობების, კულტურული ობიექტების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან შესაძლოა მოახდენს გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ზემოთ ბ) ქვეპარაგრაფში მითითებული ფაქტორები, ქმედებები ან ღონისძიებები. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის მე-9 პარაგრაფით საზოგადოებისათვის გარანტირებულია გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მართლმსაჯულების საკითხების მოპოვების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამავე კონვენციის მე-4 მუხლის მე-4 პარაგრაფის ,,ვ“ ქვეპარაგრაფის მიხედვით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა შეიძლება უარყოფილ იქნას, თუ მისი განცხადება ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს სამრეწველო ან კომერციული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როდესაც კანონიერი ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით ასეთი კონფიდენციალობა დაცულია კანონით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2016 წლის 19 ივლისს გაიცა №121-04 ,,ქ----“ ქვესადგურიდან დ--–-----------–----–------ის სოფელ ო---------მდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,ქ-------------–-----ას“ მშენებლობის ნებართვა. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ პროექტი მიზნად ისახავს კონკრეტული სიმძლავრის ხაზის კონკრეტული ბუნებრივი პირობებისთვის შესაფერის სტანდარტულ და აპრობირებულ ანძებზე განთავსებას.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, გაზიარებულ იქნა შპს ,,ე--------------ის“ 2017 წლის 4 მაისის N3-- წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქსანი ს-------–-----ის შემაერთებელი 500 კვ. ელ. გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, პროექტის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემები, საექსპერტო დასკვნა, 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის უბნებზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედეგებზე, საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ს-------–-----ას მშენებლობის ფუძე-საძირკვლების და მზიდი კონსტრუქციული ნაწილების საპროექტო დოკუმენტაციაზე, საექსპერტო დასკვნა 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ქ-------------–-----ას ტექნოლოგიურ ნაწილზე და პროექტის ტექნიკური დოკუმენტაცია წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაგეგმილი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება უშუალოდ ეხება გარემოს, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება კი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული და გარანტირებული ყველა ადამიანის ძირითადი უფლებაა. ამასთან, საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი სახელმწიფო, ვალდებულია ამავე კონვენციის დებულებების შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-----------------ს, როგორც დაინტერესებულ პირს უფლება ჰქონდა დაინტერესებულიყო იმ პროექტით რაც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებებთან. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ერთი მხრივ, შპს ,,ე--------------ის“ ინტერესი ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვის შესახებ და მეორე მხრივ, მოსარჩელის ინტერესი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე. ორივე შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს პირთა საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობას, რაც უნდა მოხდეს ინტერესდა შეფასების/შეპირისპირების საფუძველზე. ამასთან, მართალია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს პირის უფლებას, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებაში ჩარევის შემთხვევებს/შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ინფორმაცია შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სამსახურმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების დადგენისას. ერთ-ერთ ასეთ პრინციპს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპი წარმოადგენს იმ სოციალურ უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით. აღნიშნული პრინციპის კონსტიტუციური ხასიათი განაპირობებს მშენებლობის ნებართვის/ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. აღნიშნული პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა კი ადმინისტრაციული ორგანოს აქტიურობაზე, კერძოდ გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენცია აწესებს გარემოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის კომერციული საიდუმლოების მოტივით დაცვის აუცილებლობას, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ ასეთი კონფიდენციალობა დადგენილი უნდა იყოს კანონით. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოთხოვნა განმცხადებლის მფლობელობაში არსებული ღირებული ინფორმაციის (პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალის) კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე. ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი რეგულირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით. აღნიშნული ნორმა ადგენს ზოგად წესს, რომ ინფორმაცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად თუ მისი ღიაობა სავალდებულო არ არის კანონით. წინამდებარე დავის ფარგლებში, თუნდაც დავის საგანს არ წარმოადგენდა ის გარემოება დოკუმენტი მართლაც შეიცავს თუ არა მფლობელისათვის კომერციული ღირებულების ინფორმაციას, ამგვარი დოკუმენტის, როგორც სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილის, საჯაროობის აუცილებლობას ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება, შესაბამისად კომერციულ საიდუმლოებად ცნობილი საპროექტო დოკუმენტაცია ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, მიუხედავად კანონით განსაზღვრული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობისა.
7.4. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანებით, კომერციულ საიდუმლოებად ცნობილ კონსულტანტებთან დადებულ ხელშეკრულებებზე. მაშინ, როდესაც კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებები უკვე კომერციულ საიდუმლოებად არის ცნობილი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ხელშეკრულების შინაარსი, შესაბამისად, სასამართლო ვერც იმას დაადასტურებს, არსებობს თუ არა რაიმე შინაარსობრივი კავშირი, სასამართლოს მიერ ზემოთ განხილულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, რომელიც კანონით დადგენილი წესით სავალდებულო საჯაროობის სფეროში არის მოქცეული. ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომერციული საიდუმლოების სრულად გასაჯაროებამ, შესაძლოა გამოიწვიოს იმ პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, რაც მისი არსებობის შემთხვევაში, დაკავშირებული იქნება ხელშეკრულების კონტრაჰენტ მხარეებთან. დამატებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა სამართლებრივი ინტერესი ჰქონდა კონსულტანტებთან დადებული ხელშეკრულებების სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
7.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილების - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, საქმეში არსებული ფაქტები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას და მოთხოვნას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხსენებული ბრძანება და მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით
7.6. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის (რეგისტრაციის N8------) ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების (ე.წ. ,,ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა, რომლითაც შ-----------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანება, შესაბამისად გასაჩივრებული - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის (რეგისტრაციის N8------) ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების (ე.წ. ,,ვირტუალური უარი) კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7.7. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის შ-----------------ის 2017 წლის 25 მაისის განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემის დავალების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე გამორიცხავს ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე არსებით მსჯელობას, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამასთან, შ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მიუღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოპასუხეებს - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 24-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის N9---- ბრძანება და დაევალოს მოპასუხე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შ-----------------ის 2017 წლის 6 ივლისის (რეგისტრაციის N8------) ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება (ე.წ. ,,ვირტუალური უარი);
4. დანარჩენ ნაწილში შ-----------------ს ამ ეტაპზე უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
5. მოპასუხეებს - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე