გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/4799-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.12.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ზ-----------–--ე
წარმომადგენელი ე----------–---–ი
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი მ---------------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის N01-------- გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და დებულების წესების სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით, ზ----------–----------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსოს 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის განაჩენით ზ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით ზ-----------–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ზ-----------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ-----------–--ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით ზ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით მსჯავრდებული ზ-----------–--ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ-----------–--ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენზე არ იქნება მიღებული განსახილველად, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული ზ-----------–--ეს საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 68-87);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 01 თებერვლის განაჩენი (ს.ფ. 88-101);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინება (ს.ფ. 102-105);
- თბილისის საქალაქო სასამათლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი (ს.ფ. 106-114);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება (ს.ფ.115-118);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განაჩენი (ს.ფ. 119-124);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 125-131);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 135-137);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ნოემბრის განაჩენი (ს.ფ. 138-140);
3.1.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ-----------–--ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ერთხელ, ხოლო წახალისებულია ასევე ერთხელ. კერძოდ, N12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 07 მარტის განკარგულებით მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი ,,საყვედური'', ხოლო ამავე დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 06 ივნისის N139 ბრძანებით სანიმუშო ყოფაქცევისათვის წახალისებულ იქნა და ვადამდე ადრე მოეხსნა დისციპლინური სახდელი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელეს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი.
ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული დაწესებულებაში ყოფნის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს კულტურულ, საგანმანათლებლო და ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში. მონაწილეობდა ინტელექტუალურ თამაშებში ,,რა, სად, როდის?'' და ,,ეტალონი''. წარმატებით გაიარა N12 დაწესებულებაში განხორციელებული ფსიქო-სოციალური პროგრამები: 1. საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომის“-ს მიერ, ორგანიზებული პროგრამა „აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციული ღონისძიების გაძლიერება, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში“; 2. ააიპ „ადამიანი, კანონი თავისუფლება“-ს მიერ ორგანიზებული პროგრამა „მომზადება“ გათავისუფლებისათვის“ (ორი კურსი); 3. ესწრებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ, დაგეგმილ ლექციას თემაზე; ტრადიცია და თანამედროვეობა“. 4. ესწრებოდა მწერალ დავით ტურაშვილთან შეხვედრას და პროექტი „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში პოეზიის საღამოს. წარმატებით გაიარა სატრენინგო/საგანმანათლებლო პროგრამები; 1. მცირე ბიზნესის მწარმოებელი“-ს, მედავითნეობის, გალობის, კომპიუტერის, კომპიუტერული გრაფიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის, ინგლისური ენის, სასტუმროს საქმის მწარმოებლის, გერმანული ენის და ოჯახური/მცირე სასტუმრო“-ს შემსწავლელი კურსები. მონაწილეობდა დაწესებულებაში ჩატარებულ ჭადრაკის ტურნირში. ესწრებოდა დაწესებულებაში გამართულ ანსამბლ „რუსთავი“-ს კონცერტს, ფილმების ჩვენებას, პროექტი „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში პოეზიის საღამოს, სასულიერო სემინარიის ლექტორ - გიორგი გვასალიას ლექციას, ლექცია-სემინარებს რელიგიურ და თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით, საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარე - მაყვალა გონაშვილთან შეხვედრას, საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდამჭერ პროგრამას; „შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან და ფონდ „ივერიისა“-ს წარმომადგენელთან, წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას, სადაც მოწვეულ იყვნენ პოეტები. ამჟამად მსჯავრდებული ზ-----------–--ე გადის ტუროპერატორის, გიდის და მეწარმეობის შემსწავლელ კურსებს, ხშირ ვიზიტებს ახორციელებს დაწესებულების ბიბლიოთეკაში, უყვარს კითხვა, კითხულობს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას. ზ-----------–--ე დადის N12 დაწესებულებაში არსებულ „წმინდა გიორგი“-ს სახელობის ეკლესიაში, ესწრება წირვა-ლოცვებს, არის მთავარი მედავითნე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ-----------–--ის პირადი საქმე.
- სერტიფიკატები (ს.ფ 179-192).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- N12 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის დახასიათება (ს.ფ. 166-172)
3.1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის N01-------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ-----------–--ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის ოქმი (ს.ფ. 151-158).
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისისს N01-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 159-165).
3.1.4. საქართველოს საპატრიარქო, შემოქმედის ეპარქიის 2018 წლის 5 ოქტომბრის N61 დახასიათების მიხედვით ზ-----------–--ე არის გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მარკოზის (გურგენიძე) აღმსარებელი. მსჯავრდებული 2014 წლიდან არის მთავარი მედავითნე, აღმსარებელი და მაზიარებელი. იგი ინანიებს თავის დანაშაულს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადის მისი მოძღვარი - არქიმანდრიტი მარკოზი და მსჯავრდებულს ახასიათებს დადებითად. დახასიათებაში ასევე აღინიშნება ის გარემოება, რომ ზ-----------–--ე საზოგადოებისათვის არ იქნება საშიში. წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილი 2018 წლის 08 ოქტომბრის წერილში, შუამდგომლობს ზ-----------–--ეს, რომელიც მისი სულიერი შვილია, ღვთისმოშიში, გულისხმიერი და მორჩილი ადამიანია, გამოირჩევა თავმდაბლობით, არის აღმსარებელი და მაზიარებელი. გულწრფელად ინანიებს ჩადენილ შეცდომას. დეკანოზი დარწმუნებულია, რომ ზ-----------–--ე თავისუფლებაში ყოფნა საფრთხეს არ შეუქმნის სახელმწიფოსა და საზოგადოებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს საპატრიარქო, შემოქმედის ეპარქიის 2018 წლის 5 ოქტომბრის N61 დახასიათება (ს.ფ. 194).
- წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის 2018 წლის 08 ოქტომბრის დახასიათება (ს.ფ. 197).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია), სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი რეგლამენტირებულია პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლში (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია). ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
ხსენებული საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.
6.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების (სადავო პერიოდში მოქმედი) თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.
მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.
ხოლო შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ამავე დებულების მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საბჭომ 2018 წლის 04 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მითითებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, საკითხის განხილვისას გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ფაქტი, რომ არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული. დადებითად შეაფასა მისი ჩართულობა დაწესებულებაში მიმდინარე სხვადასხვა საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო, კულტურულ თუ სპორტულ პროგრამებსა და ღონისძიებებში. ასევე, წახალისების ფაქტი. გაეცნო მოწოდებულ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მეორე მხრივ ყურადღება გაამახვილა ჩადენილ დანასაულის ხასიათისა და სიმძიმეზე. სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ კი ყაჩაღობა და თავისუფლების აღკვეთა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ამასთანავე მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ადმინისტრაციის მხრიდან დაიმსახურა დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობა. ვინაიდან სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისათვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და დანაშაულის ხასიათი, ასევე ის, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი; ამასთანავე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილების შესახებ.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასამართლო, მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, განმარტავს - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით, კანონმდებლობა კი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილება მიიღოს თანასწორობის პრინციპის დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებლად მიიჩნევს სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.
აღნიშნულიდან გამომიდნარე, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ემსახურება სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური გარემოებების არსებობისას, თვითნებურად არათანაბარი შეფასების პრევენციას. შესაბამისიდ, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ რაიმე კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას თავისი დისკრეციული უფლებამოსილებებიდან გამოიყენა ერთ-ერთი, მაშინ იგი ვალდებულია ყველა სხვა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში მიიღოს იგივე გადაწყვეტილება, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მოახდინოს კანონის არაერთგვაროვანი განმარტებისა და გამოყენების პრევენცია, ერთგვაროვანი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში. თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც მსგავსი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებულ მითითებაზე ზ-----------–--ის მიერ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის შესახებ. გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას ჩადენილი ქმედებისათვის კანონით დადგენილი ზოგადი მახასიათებლების შესახებ, რაც კონკრეტულად ზ-----------–--ის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებული დამატებითი გარემოებების მითითების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით საკითხის შეფასებად. უფრო მეტიც, სასამართლო მიუთითებს, რომ საბჭოს მიზანს წარმოადგენს ასევე მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, დაოჯახებულია. აქვს მუშაობის გამოცდილება. გამოირჩევა ორგანიზატორული თვისებით, გამოხატულია თვითგანვითარების ტენდენცია, მუშაობს საკუთარ თავზე და რესურსების განვითარება-რეალიზებაზე. დაწესებულებაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. სამომავლო გეგმები მკაფიოა, რომელიც შესაბამისობაშია საკუთარ შესაძლებლობებთან. იგი უკავშირდება შრომით საქმიანობაში ჩართვას და ოჯახზე ზრუნვას. თვითაღქმა პოზიტიური, რომელიც განპირობებულია საკუთარი თვითშეფასების და გარემოს უკუკავშირიდან გამომდინარე. პრობლემურ სიტუაციაში მიდრეკილია გამოიყენოს მოლაპარაკების სტრატეგია. ავლენს პოზიტიური დამოკიდებულების ტენდენციებს. მისი რწმენები -შეხედულებები იმართება რელიგიური შინაარსებით. ამდენად, სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, მოპასუხე ასევე ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული გარემოებებიც.
ამდენად, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 271 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №01-------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ზ-----------–--ეს პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, 271 მუხლებით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №01-------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-----------–--ეს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს მოსარჩელე ზ-----------–--ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია