გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14713-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - მარი კირვალიძე
მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი’’
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე
მოპასუხეები - ზ--------------–---–ი, ე-–---------------
წარმომადგენელი - ბ--–--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 5 000 ლარი, დარიცხული სარგებელი - 5 350 ლარი, პირგასამტეხლო - 2 555 ლარი და ჯარიმა - 60 ლარი.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-19):
1.1.1. 2016 წლის 26 ნოემბერს მასსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის №R---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის - ე-–---------------ს სახელზე 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გაიცა სესხი 5 000 ლარი;
1.1.2. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად განეხორციელებინა შენატანის გადახდა 399 ლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად;
1.1.3. სესხის უზრუნველსაყოფად მის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბ--------;
1.1.4. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის ვალდებულებები დამატებით ასევე უზრუნველყოფილია მოპასუხე - ზ--------------–---–ის თავდებობით. ხელშეკრულების თანახმად თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული ოდენობით - 23 400 ლარით;
1.1.5. მსესხებლის მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც გამოიხატა იმ გარემოებაში, რომ მის მიერ არ არის გადახდილი არცერთი თვის გადასახადი;
1.1.6. მის მიერ 2017 წლის 24 დეკემბერს მსესხებელს, ხოლო 2018 წლის 10 აპრილს თავდებს გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების ნებაყოფილობით შესრულების თაობაზე, თუმცა მათ მიერ არ განხორციელებულა დავალიანების გადახდა;
1.1.7. 2018 წლის 15 თებერვალს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაიცა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 20 თებერვალს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა;
1.1.8. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული გირავნობის საგნად გამოყენებული მსესხებლის ავტომობილი. იგი სავარაუდოდ განადგურებულია;
1.1.9. მოპასუხეებს მის მიმართ გადასახდელად ერიცხებათ 2016 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 5 000 ლარი, დარიცხული სარგებელი - 5 350 ლარი, პირგასამტეხლო - 2 555 ლარი და ჯარიმა - 60 ლარი;
1.1.10. გარდა უშუალოდ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ვალდებულებებისა, მოპასუხეებს ასევე ეკისრებათ მის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის, გირავნობის მოწმობის გაცემის საზღაური - 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე ე-–---------------მ რომელშიც, მიუთითა სარჩელის ნაწილობრივ ცნობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე მან სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 83-88).
2.2.1. სესხის ხელშეკრულება დაიდო რეალურად არა მასსა და მოსარჩელეს შორის, არამედ მოსარჩელეს და ლ-–-----------ს შორის;
2.2.2. მსესხებლად მისი მითითება განაპირობა მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ავტომობილი, რომელიც მან მიჰყიდა ლ-–-----------ს, არ ჰქონდა მყიდველს გადაფორმებული;
2.2.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, ისევე როგორც მოთხოვნილი პირგასმტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
2.2. მოპასუხე ზ--------------–---–ს სარჩელი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მას არც შესაგებელი წარმოუდგენია განსაზღვრულ ვადაში და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელეს და მსესხებელ ე-–---------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №R---------- ხელშეკრულება რომლის თანახმადაც საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 7 800 ლარით.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შეთახმებით სესხის გადაცემის შესახებ. სესხზე დარიცხული სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისთვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე, მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, თუ გადაცემიდან რამდენ ხანში უზრუნველყოფს მოგირავნე ავტომობილის რეალიზაციას.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში მას გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა შემდეგი წესით და ოდენობით: გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 30 აშშ დოლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს დააკისროს მის (გამსესხებლის) სასარგებლოდ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებამდე.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი: მარკა, მოდელი - ბ--------, სარეგისტრაციო ნომერი - Q------, გამოშვების წელი - 2002, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №–W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ამავე თარიღში მხარეთა შორის დაიდო №R---------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, მსესხებელს გადაეცა თანხა 5 000 ლარის ოდენობით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით - 6%. ამავე შეთანხმების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა სესხის 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, გრაფიკი (ს.ფ. 20-28)
3.1.2. 2016 წლის 26 ნოემბერის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №R---------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში მოსარჩელეს და ზ--------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, თავდებობის წინარე ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის მიერ ძირითადი ვალის უზრუნველსაყოფად. ამავე ხელშეკრულების ტერმინთა განმარტების თანახმად კი ძირითადი ვალი განმარტებულია, როგორც მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხი ან/და გადასახდელი სესხის სარგებელი, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლო.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით - 23 400 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31)
3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეულია 2016 წლის 26 ნოემბერის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის თანდართული გრაფიკით გადახდის თაობაზე. მსესხებელს არც ერთხელ არ განუხორციელებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 24 დეკემბერს მსესხებელს - ე-–---------------ს გაეგზავნა შეტყობინება მის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და გირავნობის საგნის გადაცემის თაობაზე.
მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგნის გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვა (ს.ფ. 32)
3.1.5. 2018 წლის 10 აპრილს მოპასუხე ზ--------------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ამავე შეტყობინებით მოპასუხეს განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვა, საფოსტო შეტყობინება (ს.ფ.33-34)
3.1.6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 თებერვალს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ავტომობილზე მარკა, მოდელი - ბ--------, სარეგისტრაციო ნომერი - Q------, გამოშვების წელი - 2002, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №–W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა- A-------- გაიცა №0----- გირავნობის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გირავნობის მოწმობა (ს.ფ. 35)
3.1.7. №0----- გირავნობის მოწმობის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილის ძებნა.
აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოპასუხე ე-–---------------ს საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნად განსაზღვრული ავტომობილი ვერ იქნა მოძიებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, ხელშეკრულება (ს.ფ. 40-43)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.8. 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: ძირითადი თანხა - 5 000 ლარი, სარგებელი - 5 350 ლარი, პირგასამტეხლო - 2 555 ლარი და ჯარიმა - 60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 46)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 5 000 ლარის და ჯარიმის - 60 ლარის გადახდა.
უპირველესად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ე-–---------------ს მითითებაზე იმის თაობაზე, რომ იგი არ წარმოადგენს 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს, ვინაიდან თანხა არ ყოფილა მის მიერ მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც, მსესხებელია მოპასუხე ე-–---------------, ამასთანავე მიმდინარე დავის ფარგლებში მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა წარმოდგენილი ხელშეკრულების ნამდვილობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, კი მხოლოდ მოპასუხის მითითება, რაც ფაქტობრივად გამოხატულია შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით და არაკვალიფიციური შედავებით, არ წარმოადგენს მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურებისათვის საკმარის საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში ასევე უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დარღვეულია, რაც გამოიხატა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესით თანხის გადაუხდელობაში. ამასთან, უდავოა, რომ მსესხებლის მიერ არც ერთხელ არ განხორციელებულა ვალდებულების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ სესხად მიღებული ძირითადი თანხის დავალიანება - 5 000 ლარი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - 60 ლარის ოდენობით.
3.2.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 2 675 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო №R---------- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, მსესხებელს გადაეცა თანხა 5 000 ლარის ოდენობით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით - 6%, შესაბამისად წლიური - 72%. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი სარგებლის ოდენობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.
ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სესხის სარგებელი ნაცვლად წლიური 72%-ისა, უნდა განისაზღვროს წლიური 36%-ით, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 2 675 ლარის გადახდა.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, სარგებლის შეთანხმებული ოდენობის განსაზღვრა წლიური 24-42%-ით, არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას (იხ. სუსგ, საქმე №ას-703-657-2017, 2017 წლის 19 ივლისის განჩინება).
3.2.3. 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2 555 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არსებობს მისი 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.5%-ის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხეთა მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 2 555 ლარის ოდენობით. მოპასუხისათვის.
მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაც შედგენს 2 555 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, 50-ე, 54-ე, 325-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის - ე-–---------------ს მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდებმა - ზ--------------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სრულად შეესრულებინათ მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ სესხად მიღებული ძირითადი თანხა - 5 000 ლარი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა - 60 ლარის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს როგორც მსესხებლის, ასევე თავდებების მიმართ 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 5 000 ლარის და ჯარიმის - 60 სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი უთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ.
აღნიშნული მუხლის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს’’ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ საქმე №ას-208-197-2017).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 325-ე მუხლებზე დაყრდნობით დადგენილად ბათილად მიიჩნია შეთანხმება სესხის სარგებელის ნაცვლად წლიური 72%-ით გათვალისწინების შესახებ და გონივრულად მიიჩნია მისი განსაზღვრა წლიური 36%-ით. შესაბამისად, სარგებლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2016 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 2 675 ლარის გადახდა.
6.4. მოპასუხების მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 393.45 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 57-59). სარჩელის ფასის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 5 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 63.52%, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 247 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის და გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 73-77).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,მ---------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეებს - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდა 2 675 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხეებს - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 500 ლარის ოდენობით;
5. მოპასუხეებს - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ჯარიმის გადახდა 60 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხეებს - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის და გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარის გადახდა;
7. მოპასუხეებს - ე-–---------------ს და ზ--------------–---–ს შპს ,,მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 247 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს მის მიერ 21/05/2018 წელს №1526885483 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 5 ლარი;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი