განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100118002647809
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/-----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ქ-----------------------–---------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------–-------–-------ში.

 

ადვოკატი - ნ-----------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის განაჩენით, ქ---------------–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, ასევე განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.

თაღლითობისთვის ნასამართლევ ქ---------------–--ლს 2017 წლის მარტში, ქ.თბილისში, თ-----------------–-------------ში არსებულ სს „ჯ---------–---ის“ შენობაში შეხვდა თ--------------------–ი, რომელსაც სურდა შვილის - ე-–-------------–ის აშშ-ში გამგზავრება. ქ---------------–--ლი დაპირდა, რომ მოუმზადებდა გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაციას და ე-–-------------–ს გააყოლებდა ქ.თბილისის მერიის თანამშრომელთა ჯგუფს, რომელიც ამერიკაში თითქოსდა 2017 წლის მაისში მიდიოდა, სანაცვლოდ კი მოსთხოვა 3 300 აშშ დოლარის სასწრაფოდ გადახდა.

2017 წლის 30 მარტს, ღამით, თ--------------------–მა თავის სახლში, მდებარე ქ.თბილისში, თ-------------------–-----------------------------ში, ქ---------------–--ლს გადასცა 2 000 აშშ დოლარი და 1 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. 2017 წლის 22 აპრილს ქ---------------–--ლი დაუკავშირდა თ--------------------–ს და მოსთხოვა კიდევ 500 აშშ დოლარის დამატება, რაც თ--------------------–მა გადასცა სავაჭრო ცენტრ „მ----–--ნთან“.

ქ---------------–--ლმა არ შეასრულა პირობა, ისარგებლა თ--------------------–ის ნდობით და მოტყუებით დაეუფლა მის თანხას, რითაც დაზარალებულს მიადგა 9 277,66 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ქ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ--------------------–ისაგან მიღებულ ინფორმაციას, მოწმეების: ე-–-------------–ის, გ-----------------–---–ის, რ--------------–-–---–ის, ე-–-----------–---–ის და ლ----------------აგან მიღებულ ინფორმაციას, სს „ჯ---------–---ის“ ოფისის დათვალიერების ოქმს და ფოტოსურათებს, ეროვნული ბანკის დათვალიერების ოქმს და ამონაბეჭდ ინფორმაციას, ქ.თბილისის მერიიდან მიღებულ ინფორმაციას, თ--------------------–ის მიერ წარმოდგენილ სატელეფონო ამონაწერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის განაჩენს ქ---------------–--ლის მიმართ და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ქ---------------–--ლის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ქ---------------–--ლი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით თაღლითურად დაეუფლა თ--------------------–ის კუთვნილ 9 277,66 ლარს. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

3.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად, ნათელია, რომ ბრალდებული ქ---------------–--ლი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა თ--------------------–ის კუთვნილ ფულად თანხას. ქ---------------–--ლის ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ თ--------------------–ისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 9 277,66 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ---------------–--ლი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის ქ---------------–--ლი ითვლებოდა ნასამართლევ პირად და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა აღნიშნული არ გახდა მისთვის დამაფიქრებელი, არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ---------------–--ლს მაკვალიფიცირებელ გარემოებად სწორად შეერაცხა თაღლითობის ჩადენა არაერთგზის.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ქ---------------–--ლის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ---------------–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ქ---------------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ქ---------------–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე იმ გარემოებას, რომ ქ---------------–--ლი გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ქ---------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

ქ---------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (აღნიშნული განაჩენი მხარეთა მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა).

 

5.5. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ქ---------------–--ლს ჩადენილი აქვს 2017 წლის მარტის პერიოდში ანუ მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენის გამოტანამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად.

 

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

5.7. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქ---------------–--ლი ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ის განაჩენის საფუძველზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენში სასამართლომ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა განესაზღვროს არა განაჩენთა ერთობლიობით, არამედ დანაშაულთა ერთობლიობით.

 

5.8. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის და 1(ერთი) თვის ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რა დროსაც ახლადდანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- რ--------------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის ჩანაწერი ერთ ელექტრონულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- სს „ჯ---------–---ის“ ოფისის დათვალიერების დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- სს „ჯ---------–---იდან“ ამოღებული პროცესორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ---------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა 6(ექვსი) წლის და 1(ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ქ---------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით.

 

3. ქ---------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები:

- რ--------------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის ჩანაწერი ერთ ელექტრონულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- სს „ჯ---------–---ის“ ოფისის დათვალიერების დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- სს „ჯ---------–---იდან“ ამოღებული პროცესორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი