გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1542-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“;
წარმომადგენელი - ე----- ბ-----ე-მ--–---–---–ი;
წარმომადგენელი - დ-----– ხ------ე;
მოპასუხე - შპს ,,დ---–-------------ეა“;
წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–--ე;
დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლა და პროგრამის შეძენისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
2014 წლის 15 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ და შპს ,,დ---–-------------ეას“ შორის გაფორმებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ,,Loankeeper“ მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულების მოშლა და დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი 30 000 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა დღეს არსებული კურსით.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“ წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს პროცენტიანი სესხის მიღება და ასევე სესხების გაცემა სხვადასხვა უზრუნველყოფით ან მათ გარეშე. აღნიშნულ საქმიანობას კანონმდებლობის თანახმად მონიტორინგს უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი. იმის გამო, რომ როგორც მიღებული ისე გაცემული სესხების რაოდენობა და თითოეულ სესხზე შესრულებულ ოპერაციათა რაოდენობა არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი, შეუძლებელია მათი აღრიცხვა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გარეშე. შესაბამისად შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ გადაწყვიტა სასესხო პროგრამის შეძენა, რომელსაც მუშაობის პროცესში დახვეწდა პროგრამის შემქმნელის მონაწილეობით და მოარგებდა თავის საქმიანობის სტილს. აღნიშნულიდან გამომდინარე 2014 წლის 15 აგვისტოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა“ და შპს „დ---–-------------ეას“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „დ---–-------------ეას“ უნდა მიეწოდებინა სასესხო პორტფელის პროგრამული მართვის სისტემის “Loankeeper5“-ის მიმდინარე ვერსია ელექტრონული ფორმით დამკვეთის ორგანიზაციასა და ფილიალებში დამკვეთის მოთხოვნისთანავე. შპს „დ---–-------------ეა“ ამავე ხელშეკრულებით კისრულობდა ვალდებულებას, რომ მოახდენდა პროგრამის ინსტალაციას (ჩაწერა), უზრუნველყოფდა გამართულ მუშაობას, დამატებითი მოდულების ინსტალაციას, ტექნიკურ მხარდაჭერას, ცვლილებებისა და დამატებების პერიოდულ განახლებას, მუშაობის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების და შეცდომების გასწორებას და ა.შ. ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 01 იანვრამდე, რომლის ვადაც ავტომატურად გაგრძელდებოდა მანამ სანამ არ შეატყობინებდა მეორე მხარე წინასწარ წერილობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ გადაიხადა 30000 ევროს ექვივალენტი ლარი, გადახდის დღეს არსებული კურსით (კერძოდ, 22.09.2014წ. - 10124.55 ლარი, 22.09.2014წ. - 47247.90 ლარი და 26.09.2014წ. - 10124.55 ლარი, სულ 67497 ლარი).
მოპასუხეს ამავე ხელშეკრულებით ასევე ევალება: მიმდინარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დამკვეთს მუდმივად გაუწიოს მიმდინარე მომსახურება ( შემდგომში „ტექნიკური მხარდაჭერა“)“. ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს: 1.2.1. პროგრამის ახალი ვერსიების და ფუნქციონალში შეტანილი ცვლილება/დამატებების პერიოდული განახლება და პროგრამის ფუნქციონალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 1.2.2 მუშაობის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობებისა და შეცდომების გასწორება; 1.2.3 საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში რეგულაციის წესების ან სტანდარტების ცვლილებების შემთხვევაში პროგრამის თავსებადობის უზრუნველყოფა ახალ სტანდარტებთან ან/და მოთხოვნებთან. 1.2.4 პროგრამის ბაზიდან მონაცემების ამოღება მიკროსაფინანსო საკრედიტო ბიუროსთვის (Creditinfo) მისაღები ფორმით; 1.2.6 მონაცემთა ბაზის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების პროგნოზი, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოპტიმიზაციების ჩატარება პროგრამის ფუნქციონალში;
1.2.7 პროგრამის დოკუმენტაციითა და სამომხმარებლო ინსტრუქციებით მხარდაჭერა; 1.2.8 პროგრამის ლიცენზიის განახლება. აღნიშნული ვალდებულებები სრულად იქნა დარღვეული მოპასუხე მხარის მიერ.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად დამკვეთი უფლებამოსილია: მოითხოვოს მხარდაჭერა და ტექნიკური კონსულტაციები ტელეფონის საშუალებით; მოითხოვოს პროგრამაში აღმოჩენილი და შეცდომის შეტყობინებაში დაფიქსირებული შეცდომის გონივრულ ვადაში გასწორება; მიაწოდოს შემსრულებელს რეკომენდაციები პროგრამის შემდგომი განვითარების შესახებ და დააფიქსიროს თავისი საჭიროება პროგრამის ფუნქციონალში სასურველი დამატების ან ცვლილების შესახებ; შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“ ითხოვდა მათი უფლებების რეალიზაციას, მაგრამ მოპასუხე მხარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
2014 წლის 17 სექტემბერს იმის გამო, რომ მომხდარიყო თანხის გადარიცხვა, ხელი მოეწერა ე.წ. მიღება-ჩაბარების აქტზე №4------, რომლის თანახმადაც თითქოს სრულყოფილად იქნა მიღებული და ჩაბარებული პროგრამული უზრუნველყოფა და სამუშაოები. შესრულებული სამუშაო ღირებულების - 67497 ლარის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საბანკო გადარიცხვის ინვოისით №4------. შესაბამისად, ასევე გამოწერილ იქნა მოპასუხე მხარის მიერ ინვოისი №4------ აღნიშნულ თანხაზე, შესაბამისად მოსარჩელემ გადაიხადა 30000 ევროს ექვივალენტი ლარებში, კერძოდ, 22.09.2014წ. - 10124.55 ლარი, 22.09.2014წ. -47247.90 ლარი და 26.09.2014წ. - 10124.55 ლარი, სულ 67497 ლარი, გადახდის დღეს არსებული კურსით. აღნიშნული თანხით შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ უნდა მიეღო პროგრამის 20 მომხმარებლის ლიცენზია (1500 ევროX20 მომხმარებელზე=30000 ევროს), იმის გამო, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ იმ პერიოდში არ გააჩნდა შესაბამისი სერვერი (რომელიც არის საკმაოდ ძვირადღირებული), სადაც მოხდებოდა პროგრამის დაინსტალირება, ამიტომაც სერვერის შეძენამდე შპს „დ---–-------------ეა“ აძლევდა უფლებას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“, რომ ესარგებლა მისი სერვერით და მისი პროგრამით, ხოლო სერვერის შეძენის შემდეგ დაუინსტალირებდა პროგრამას.
2015 წლის დასაწყისში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ შეიძინა სერვერი და მოთხოვა შპს „დ---–-------------ეას“ მის სერვერზე პროგრამის ჩაწერა, რაც მოპასუხეს დღემდე არ მოუხდენია. ამასთან, ეტაპობრივად ატყობინებდა პროგრამაში სხვადასხვა ხარვეზების შესახებ, რომელთა უდიდესი ნაწილი დღესაც გამოუსწორებელია, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შპს „დ---–-------------ეამ“ მოითხოვა დამატებით 20 მომხმარებლის თანხის გადახდა ისე, რომ არც პროგრამის ხარვეზები არ გამოუსწორებია და არც პროგრამა დაუინსტალირებია შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სერვერში. პირიქით დაიწყო მუქარა, რომ გათიშავდა პროგრამას, არ დააინსტალირებდა მას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სერვერზე, არ გაუწევდა მომსახურებას და ა.შ.
პროგრამის შესწავლისა და მასში მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ პროგრამას აქვს ხარვეზი და უზუსტობები, მათ შორის, ყველაზე მთავარია ის, რომ პროგრამა არ ახორციელებს სწორად საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვებს, რაც პრაქტიკულად აზრს უკარგავს ამგვარი პროგრამის არსებობას. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“ ეტაპობრივად ატყობინებდა მოპასუხეს პროგრამაში სხვადასხვა ხარვეზების შესახებ, რომელთა უდიდესი ნაწილი გამოუსწორებელია, პროგრამის ხარვეზების შესახებ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ ასევე მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც 03.07.2015 წელს გასცა დასკვნა, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ პროგრამა არ არის დაინსტალირებული (ჩაწერილი) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სერვერზე, პროგრამას არ გააჩნია სახელმძღვანელო და აქვს 16 ერთეული გამოუსწორებელი ხარვეზი, მათ შორის მნიშვნელოვანია: არ არის პროგრამაში საბეჭდი ფორმები, არ ხდება ვადაგადაცილებული სესხების, სასამართლო და სააღსრულებო წარმოების აღრიცხვა, არ ხდება განკარგულების შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების სრულყოფილად გაწერა, არ მომხდარა დამკვეთის სერვერში პროგრამის და ბაზების გადატანა, არ არის ვალდებულებების (მიღებული სესხების) მოდული და ა.შ. აღნიშნულის შემდეგ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ კვლავ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დასკვნის გაცემა პროცენტების და პირგასამტეხლოების არასწორად დარიცხვაზე, თუმცა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. აღნიშნულის შემდეგ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ მიმართა შპს „ბ-------“-ს და მოითხოვა დასკვნის შედგენა თუ რამდენად სწორად აღრიცხავდა პროგრამა პროცენტებსა და პირგასამტეხლოებს, რომლის 14.09.2015 წლის დასკვნით დგინდება, რომ პროგრამის მიერ დარიცხული საპროცენტო განაკვეთები და პირგასამტეხლოები ( ჯარიმები) არ არის სწორად დარიცხული, რის გამოც სხვადასხვა კატეგორიის სესხებზე პროგრამულად დარიცხული მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებულ 42 სესხზე ფაქტობრივად დასარიცხ მონაცემებს. ეს უკანასკნელი არის პროგრამის არსებითი ნაკლი, რომლის გარეშეც პროგრამის ღირებულება არის ნულის ტოლი და პროგრამა არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი და უვარგისი. აქედან გამომდინარე, მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული გარემოება, რომ თითქოს ინსტალირებული მომხმარებლების მახასიათებლები და მდგომარეობა, აგრეთვე მათი ფუნქციონალური მონაცემები აკმაყოფილებს ხელშეკრულების პირობებს და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის, ასევე სრულყოფილად იქნა მიღებული და ჩაბარებული შეკვეთილი პროგრამული უზრუნველყოფა და სამუშაოები, არის სრული აბსურდი, ყველაზე მთავრია ის, რომ პროგრამა არ დაინსტალირებულა მოსარჩელის სერვერზე.
პროგრამის ზემოაღნიშნული ხარვეზების და ნაკლის მიუხედავად მოპასუხემ მოითხოვა დამატებით 20 მომხმარებლის თანხის გადახდა, რომლის შემდეგაც თითქოს ის გამოასწორებდა ამ ხარვეზებს და ა.შ. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ შესთავაზა მოპასუხეს რამოდენიმეჯერ მოლაპარაკება, თუმცა ამაოდ, სთავაზობდა არსებული პროგრამის დაინსტალირებას თავიანთ სერვერზე, ბაზების გადმოტანას, ახალი შეთანხმების გაფორმებას, სანაცვლოდ კი მზად იყვნენ წინასწარ გადაეხადათ კვლავ 20 მომხმარებლის ლიცენზიის თანხა, ისე, რომ მოპასუხეს ექნებოდა გარკვეული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუმცა ამაოდ, მოპასუხე არათუ პროგრამას აწვდის, არამედ მის სერვერში არსებული შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ მონაცემთა ბაზის გადაცემაზეც უარს აცხადებს, რაც ძირითადად არის იმის აზრი, რომ მოპასუხე ვერ ახერხებს მათთვის პროგრამის მიწოდებას, მის დაინსტალირებას, არსებული ხარვეზის გამოსწორებას. მან იცის, რომ ვადის მიცემის მიუხედავადაც ვერ შეძლებს აღნიშნულის განხორციელებას და ცდილობს, რომ ასეთ პირობებში მის მიერ რაიმე დამატებითი ვალდებულებების აღების გარეშე შეინარჩუნოს მიღებული თანხა, რაც ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ აღარ რჩება არანაირი გზა გარდა ერთისა, მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა ( გასვლა სამართლებრივი შედეგით) და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
პროგრამულმა ხარვეზებმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მსესხებლებში, ვინაიდან მათ არასწორად ერიცხებოდათ პროცენტები და პირგასამტეხლოები. ისინი მიმართავდნენ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ განცხადებებით, ითხოვდნენ არასწორად დარიცხული თანხების მოხსნას. მათ ვისაც ნაკლები თანხა დაარიცხა პროგრამამ, ბუნებრივია სარგებლობდა მოპასუხის მიერ არასწორად შედგენილი პროგრამის საჩუქარით, რაც ავტომატურად წარმოადგენს მოსარჩელის დანაკლისს (ზიანს), რომელიც არის საკმაოდ დიდი. ამჟამად, დაწყებულია მუშაობა მოპასუხის მიერ არასწორი პროგრამის შედეგად მიყენებული ზიანის დასათვლ--–-დ. აღნიშნული წერილების და ხარვეზების სიმრავლის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ძველ სასესხო პროგრამაში. აღნიშნულის შესახებაც მოსარჩელემ არაერთხელ მიწერა მოპასუხეს, თუმცა ამაოდ, მათ ვერ შეძლეს ვერანაირი პრობლემების გამოსწორება, პირიქით ეტაპობრივად სხვადასხვა ახალი პრობლემები ჩნდებოდა, რომელთა გადაჭრაც მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ ამ ხელშეკრულების შესრულებამ დაკარგა აზრი, დღემდე ვერ ხდება გამართული პროგრამის მიწოდება, რის გამოც ერთადერთი გამოსავალია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა და ორმხრივი რესტიტუცია. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ რამდენჯერმე შესთავაზა მოლაპარაკება თუმცა უშედეგოდ, შპს „დ---–-------------ეა“ არათუ პროგრამას აძლევს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“, არამედ მის სერვერში არსებულ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ მონაცემთა გადაცემაზეც უარს აცხადებს, რაც ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ აღარ რჩება არანაირი გზა გარდა ერთისა, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა (გასვლის სამართლებრივი შედეგით) და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ გაურკვეველია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან გადაწყვიტა სასესხო პროგრამის შეძენა, რომელსაც მუშაობის პროცესში დახვეწდა პროგრამის შემქმნელის მონაწილეობით და მოარგებდა თავის საქმიანობის სტილს. მათთვის უცნობია, რისი შეძენა გადაწყვიტა მოსარჩელე მხარემ, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, არ მომხდარა პროგრამის შეძენა, მოხდა პროგრამის გამოყენების უფლების შეძენა გარკვეული პერიოდით და მოსარჩელემ მიიღო ელექტრონული წვდომა პროგრამასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან როგორც სარჩელის შინაარსიდან ჩანს, მოსარჩელე დაუსაბუთებლად თვლის, რომ შეიძინა ჩვენი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრება. ამასთან, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარის მხრიდან მუშაობის პროცესში პროგრამა დახვეწას არ საჭიროებდა და მოსარჩელის საქმიანობის სტილთან პროგრამის შესაბამისობა დასტურდება იმ ფაქტით, რომ თვით მოსარჩელე მხარემ აირჩია ჩვენი პროგრამა, როგორც მისი საქმიანობისთვის ოპტიმალური ვარიანტი.
როცა მხარე უთითებს თითქოს ითხოვდნენ თავიანთი უფლებების რეალიზაციას და მოპასუხე არ ასრულებდა ვალდებულებებს, ეს არის ტყუილი, რადგან შპს მისო „ბ------–მა" თანამშრომლობის დაწყების პირველივე წელს გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა, კომპეტენტური კადრების აყვანის სურვილის არქონა, სრული უნდობლობა კომპანიის მიმართ და თანამშრომლობის რეჟიმიდან გადაერთო ბრალდებებსა და ცილისწამებაზე. აქედან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ ასეთ კომპანიასთან გრძელვადიანი საქმიანობა მათ მხოლოდ დააზიანებდათ. მიუხედავად ამისა, გააჩნდათ რა როგორც ჩარჩო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები 1 წლის განმავლობაში მომსახურებაზე, ისე მორალური შეგნება, რომ კლიენტი კომპანიისთვის მიეცა საკმარისი დრო ახალი პროგრამული სისტემის მოსაძიებლად და არ შეეფერხებინა მისი საოპერაციო საქმიანობა (რადგან ახალი პროგრამის მოძიება და მასზე გადასვლა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია), ამიტომ 2015 წლის ბოლომდე გააგრძელეს მათ მიერ აღებული ვალდებულების შესრულება. არაერთხელ მიცეს და გადავუვადეს შპს მისო „ბ------–ს“ ვადა, რომ დაბრუნებულიყო თანამშრომლობის რეჟიმში. მას შემდეგაც კი, როცა ხელშეკრულების შეწყვეტა საბოლოოდ გადაწყდა, დაეხმარენ შპს მისო „ბ------–ს“ მათ კონკურენტ კომპანია „ნოვა ტექნოლოჯისთან“ ურთიერთობის აწყობის პროცესში, რათა 2016 წლის 1 იანვრიდან ბაზების გადატანა მომხდარიყო „ნოვა ტექნოლოჯის“ პროგრამაში. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სრულად მიაწოდეს შპს მისო „ბ------–ს“ მონაცემთა ბაზა წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში და 2016 წლის აგვისტოში დახმარებას უწევდნენ მათ ბუღალტერიას (კერძოდ კი, მთავარ ბუღალტერს - ბადრი მ--–---–---–ს) გარკვეულ საკითხებზე.
17.09.2014 წლის მიღება-ჩაბარების აქტზე (#4------) მოსარჩელე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა-დირექტორმა მოაწერა ხელი და აქტით დასტურდება, რომ სრულყოფილად იქნა მიღებული და ჩაბარებული შეკვეთილი პროგრამული უზრუნველყოფა და სამუშაოები. სწორედ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი გახდა მოსარჩელის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველი. 2014 წლის 17 სექტემბრის ინვოისით მიღებული 30 000 ევრო, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენდა უკვე გაწეული მომსახურების ღირებულებას, ჩაითვალა მოპასუხე კომპანიის 2014 წლის მთლიან შემოსავალში, დაიბერგა დღგ-თი და მოგების გადასახადით, დარიგდა ხელფასები თანამშრომლებზე, რომლებიც 1 წლის განმავლობაში სისტემატურად უწევდნენ მომსახურებას მოსარჩელეს. მოსარჩელე მხარემ მიიღო 20 მომხმარებლის ლიცენზია, როგორც ეს შეთანხმებული იყო მხარეთა შორის.
უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხე მხარე სერვერის შეძენის შემდეგ დაუინსტალირებდა მოსარჩელეს პროგრამას. ასეთი ვალდებულება მოპასუხე ორგანიზაციას ხელშეკრულებით არ აუღია საკუთარ თავზე. არსებობდა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ მთლიანი პროექტის დასრულების და სრული ანაზღაურების შემდეგ მოხდებოდა ბაზების გადატანა მოსარჩელე ორგანიზაციის სერვერზე იმ პირობით, რომ შპს მისო „ბ------–ს“ გამართული ექნებოდა სასერვერო ინფრასტრუქტურა და ეყოლებოდა შესაბამისი კომპეტენტური საკადრო რესურსი, რომელიც შეძლებდა პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობას.
მოპასუხის განმარტებით, პროგრამული სისტემა LoanKeeper არ წარმოადგენს მხოლოდ შპს მისო „ბ------–ისათვის“ ან მისი დაკვეთით დამზადებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. მისი შემუშავება მიმდინარეობს 2004 წლიდან, წარმოადგენს მზა პროდუქტს და ფუნქციონირებს საქართველოში მოქმედ 22 მიკროსაფინანსო და 3 საკრედიტო ინსტიტუტში, მათ შორის უმეტესობა მსხვილი კომპანიაა. ამ კომპანიებს მიეწოდებათ ზუსტად იგივე პროგრამული უზრუნველყოდა, რაზეც მოსარჩელეს გააჩნია პრეტენზია, რომ არ არის გამართული, არ მუშაობს და მისი ღირებულება ნულის ტოლია. ზედმეტია საუბარი პროცენტის, ჯარიმის და საკომისიოს დარიცხვის სიზუსტესა და უტყუარობაზე, რადგანაც ყოველდღიურად ანალოგიური ბიზნეს პროცესები მიმდინარეობს ასეულ ათასობით სესხზე ჩვენს კლიენტ სხვა კომპანიებში. აღნიშნული კომპანიები არიან ანგარიშვალდებული აქციონერების, ინვესტორების, დონორების, საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის წინაშე და აღრიცხვის ძირითად ინსტრუმენტად იყენებენ მხოლოდ პროგრამა LoanKeeper-ს. მრავალჯერ აქვთ გავლილი ყოველწლიური სავალდებულო აუდიტი, შიდა აუდიტი, შემოსავლების სამსახურის შემოწმება, საერთაშორისო აუდიტი თუ რეიტინგები. წარმოუდგენელია იმის დაშვებაც კი, რომ პროგრამის ლოგიკაში იყოს თუნდაც მცირედი შეცდომა თუ უზუსტობა. ეს გამოიწვევდა კატასტროფულ შედეგებს როგორც მათთვის, ისე მათი კლიენტი კომპანიებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან ჩვენი კლიენტი კომპანიებიდან ჩარჩო-ხელშეკრულება შეწყდა მხოლოდ ორ კომპანიასთან თავად ამ კომპანიების ბაზრიდან გასვლის გამო. პროგრამული პროდუქტის LoanKeeper გაყიდვიდან კომპანია დ---–-------------ეას საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს 800 000 ლარს, ხოლო სუფთა მოგება 550 000 ლარს. ყველა კლიენტ კომპანიასთან გაფორმებული აქვთ ანალოგიური, ზოგადი შინაარსის ჩარჩო-ხელშეკრულება, რადგან დავალების სირთულიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ერთ დანართში წინასწარ განისაზღვროს ყველა საკითხის ჩამონათვალი, რომლის განხორციელება შეიძლება დასჭირდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სწორედ ამის გამო, მომსახურების პროცესი მთლიანად დამყარებულია ურთიერთნდობაზე, ურთიერთ თანამშრომლობაზე და ორივე მხრიდან საკმარისი კომპეტენციის არსებობაზე.
მოპასუხის განმარტებით, მას შემდეგ რაც შპს მისო „ბ------–მა“ შეიძინა 20 მომხმარებლის ლიცენზია, ხელმძღვანელობის დავალებით, ბ---- მ--–---–---–ი ბოროტად სარგებლობდა მათი ნდობით და ნაცვლად იმისა, რომ პროგრამის შესწავლით, თანამშრომლების ტრენინგით, მათი შეცდომების გასწორებით ყოფილიყო დაკავებული და ახალი ფუნქციონალის ათვისება-დანერგვისთვის მოტივირებული, მთელი დღის განმავლობაში ამუშავებდა თაღლითურ სქემას და პროგრამაში მომხმარებლების ჩართვა-გამორთვის გზით, რიგრიგობით უშვებდა თანამშრომლებს პროგრამაში, რაც საშუალებას აძლევდა შპს მისო „ბ------–ს“ 20 შეძენილი ლიცენზიის საშუალებით ემუშავებინა მინიმუმ 53 თანამშრომელი (ჩვენს მიერ დანართში წარმოდგენილია ყველა ამ თანამშრომლის სია). 2015 წლის განმავლობაში ბ---- მ--–---–---–მა დაახლოებით 8000-ჯერ მოახდინა ასეთი მანიპულაცია. ამ სქემის აღმოჩენის შემდეგ, არ გამოიღო რა შედეგი თხოვნამ შეთანხმების ფარგლებში დაბრუნების შესახებ, თაღლითური სქემა გადააზღვიეს პროგრამულად, სწორედ ამით იყო გამოწვეული შპს მისო „ბ------–ის“ ასეთი დაჟინებული მოთხოვნა საკუთარ სერვერზე პროგრამის გადატანის თაობაზე.
პროგრამას არ აქვს ხარვეზი და კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოსარჩელის მიერ ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ ექსპერტიზებს. პირველ რიგში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ: შპს მისო „ბ------–მა“ 15.05.2015 წელს N525 წერილით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. წერილში მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელი ვალდებული იყო გაემართა პროგრამული უზრუნველყოფა და აღეჭურვა იგი ხელშეკრულებაში აღნიშნული მოდულებით. მოსარჩელემ ექსპერტის წინაშე დასვა კითხვა, "არის თუ არა შემსრულებლისაგან აღებული ვალდებულება შესრულებული?" აღნიშნულ მოთხოვნაზე ექსპერტიზის ბიურომ 18.05.2015 წლის #5--------- წერილით მოითხოვა წარდგენილ იქნას 15.08.2014 წლის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული მომსახურების დეტალური აღწერა (თითოეული ქვეპუნქტის შემადგენელი მოდულის დეტალური აღწერა). პასუხად შპს მისო „ბ------–მა“ ჩაიდინა სრულიად არალოგიკური რამ. ჩარჩო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მომსახურების დეტალურ აღწერას, ასევე პროგრამის ფუნქციონალის ზუსტ ჩამონათვალს, რაც რა თქმა უნდა იცოდა შპს მისო „ბ------–მა“ და ეს დასტურდება არა ერთი წერილით, ამიტომ მან შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალის და ექსპერტიზის სასურველი დასკვნის მიღების მიზნით, ცალმხრივად შექმნა ხელშეკრულების დანართი N1, მასში შპს მისო „ბ------–მა“ ჩამოწერა თავისი შეუსრულებელი ოცნებების სია, რომელსაც თვლიდა, რომ შპს „დ---–-------------ეა“ არ უსრულებდა და წარუდგინა ექსპერტს. ექსპერტმა იხელმძღვანელა წარდგენილი დანართი #1-ით და შპს მისო „ბ------–ის“ თითქმის ყველა ოცნების შესახებ გასცა დასკვნა, რომ "შეუსრულებელია", თუმცა, მთავარი კითხვა - რამდენად ევალებოდა მოპასუხეს დანართი #1-ში ჩამოთვლილი სურვილების ასრულება და რამდენად გამომდინარეობდა ეს სურვილები ჩარჩო ხელშეკრულებიდან უპასუხოდ დარჩა. ექსპერტმა დასკვნაში მიუთითა რომ „ვინაიდან პროგრამულ უზრუნველყოფას არ გააჩნია სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი პროგრამის ფუნქციონალი, აქედან გამომდინარე მისი შემოწმება განხორციელდა შპს მისო „ბ------–ის“ კომპეტენტურ პირთან (ბ---- მ--–---–---–ი) ერთად დანართი #1-ში არსებული ჩამონათვალის მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა ვერ პასუხობს დანართში მითებულ მოთხოვნებს". ბუნებრივია ისმის კითხვა სად არის მითითებული, რომ 15.08.2015 წლის ჩარჩო ხელშეკრულება არ არის შესრულებული? რით დასტურდება, რომ დანართი N1 წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულების ნაწილს? ამდენად, დასკვნა ცალმხრივია და არ პასუხობს ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვას.
რაც შეეხება მეორე დასკვნას, რომელიც გაცემულია შპს "ბ-------"-ის მიერ, რთულია ამ დოკუმენტს საერთოდ ეწოდოს ექსპერტის დასკვნა. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ იგი შედგენილი იქნა შპს მისო „ბ------–ის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტებით და ექსპერტის წინაშე დაისვა საკითხი - შემოწმებულიყო პროგრამული უზრუნველყოფის მიერ დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს 15.04.2015 წლის #2---- და 24.06.2015 წლის #237/2 განკარგულებებთან შესაბამისობა. შემოწმდა 42 სესხი. ლოგიკურია, რომ რადგან შემოწმება ხდებოდა 15.04.2015 წლის და 24.06.2015 წლის განკარგულებების ჭრილში, უნდა შემოწმებულიყო ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სესხებზე დარიცხვა, რადგან თვით ეს განკარგულებები არ შეიცავს მითითებას წინა პერიოდში გაცემული სესხების ცვლილების შესახებ. ამდენად გაუგებარია, რატომ მოხვდა ექსპერტის დასკვნაში 32 ისეთი სესხი, რომელიც 2015 წლის აპრილამდეა გაცემული. ასევე ექსპერტიზა არასრულყოფილად ჩატარდა, რადგან დასკვნის პირველი გვერდიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია შპს მისო „ბ------–ის“ მიერ წარმოდგენილი სასესხო ამონაწერების საფუძველზე, ხოლო თვით სასესხო ხელშეკრულებები არ არის ნახსენები. სესხის პირობების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ სასესხო ხელშეკრულება იძლევა და არა სესხის ამონაწერი. ამდენად, ექსპერტისთვის არ იყო ცნობილი სასესხო ხელშეკრულების ზუსტი პირობები: პროცენტი, პირგასამტეხლო, საშეღავათო პერიოდი, რაც უტყუარად დაამტკიცებდა არასწორ დარიცხვას. ექსპერტს წარედგინა #2---- და 237/2 განკარგულებები, სადაც ნათლად არის განსაზღვრული, რომ ბ---- მ--–---–---–მა, როგორც პროგრამული მართვის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს შპს მისო „ბ------–ის“ პროდუქტების საპროცენტო განაკვეთების, პირგასამტეხლოს, საკომისიო და საშეღავათო პერიოდის მონაცემების ასახვა შპს „დ---–-------------ეას“ პროგრამაში. ამდენად, სრულიად ნათელია ვის ევალებოდა პროგრამაში განკარგულებით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანა. ასევე ნათელია, რომ თუ პროგრამაში ბ---- მ--–---–---–ი არასწორ მონაცემს შეიტანდა, ეს გამოიწვევდა პროგრამის მიერ არასწორ დარიცხვას. ეს საკითხი ექსპერტს არ გამოუკვლევია და მისი დასკვნაც არასრულყოფილია. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ არც ერთი ექსპერტიზის ჩატარების დროს არ იქნა მოწვეული პროგრამის ავტორი და ექსპერტებს არ დაუსვამთ კითხვა პროგრამის ირგვლივ, რატომღაც ჩათვალეს, რომ საკმაოდ რთულ ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში დამოუკიდებლად გაერკვეოდნენ, რაც სამწუხაროდ ვერ შეძლეს და დაეყრდნენ მხოლოდ მიკერძოებული მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და შედეგად მიღებული იქნა სუბიექტური დასკვნები.
მოპასუხის მიერ არ მომხდარა 15.08.2014 წლის ჩარჩო ხელშეკრულების შეწყვეტა, აღნიშნულ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და არ მოხდა მისი ვადის გაგრძელება, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. მოსარჩელე უხეშად ამახინჯებს ფაქტებს და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო, როცა მიუთითებს, რომ კომპანია დაემუქრა შპს მისო „ბ------–ს“ პროგრამის გათიშვით. კომპანია აფრთხილებდა შპს მისო „ბ------–ს“, რომ არ მოხდებოდა შეძენილი ლიცენზიის ვადის გაგრძელება და იქვე ყოველთვის უთითებდა, რომ მათ მიერ შეძენილი ლიცენზიის ფარგლებში შპს მისო „ბ------–ს“ პროგრამასთან წვდომა არ შეეზღუდებოდა (კონკრეტული თარიღების მითითებით). ეს ნათლად იკვეთება თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მიმოწერიდანაც .
ამასთან, რასაც მოსარჩელე პროგრამულ ხარვეზს უწოდებს, წარმოადგენს მისივე თანამშრომლების მიერ სასესხო პროგრამაში არასწორად შეტანილი მონაცემების უშუალო შედეგს და არა პროგრამის შეცდომას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ მომხმარებელი პროგრამაში სესხის რეგისტრაციის დროს ჩაწერს პირგასამტეხლოს 0.5%-ს ნაცვლად 0.3%- ისა, პროგრამა რა თქმა უნდა დაარიცხავს 0.5%-ს. მოსარჩელეს არ უნდოდა თანამშრომლების შეცდომები ეღიარებინა მსესხებლების წინაშე, მოსარჩელე ცდილობდა და სამწუხაროდ სარჩელით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ ცდილობს შეცდომა დააბრალოს პროგრამას. თუმცა არაერთი წერილი ადასტურებს, რომ შპს მისო „ბ------–ის“ თანამშრომლები ზოგჯერ შეგნებულად და ზოგჯერ მართლაც შეცდომით პროგრამაში არასწორ მონაცემებს აღრიცხავდნენ. მოპასუხის მიერ სრულყოფილად და გადაჭარბებითაც კი არის შესრულებული ვალდებულებები, არავითარი დამატებითი ვადა უკვე შესრულებული ვალდებულების შესასრულებლად არ ჭირდებოდათ. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, მოსარჩელემ კი არ შეწყვიტა ხელშეკრულება, არამედ მას მოქმედების ვადა გაუვიდა და არ გაგრძელდა მათ მიერ, ამდენად ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 აგვისტოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა“ და შპს „დ---–-------------ეას“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შპს „დ---–-------------ეას“ უნდა მიეწოდებინა სასესხო პორტფელის პროგრამული მართვის სისტემის “Loankeeper5“-ის მიმდინარე ვერსია ელექტრონული ფორმით დამკვეთის ორგანიზაციასა და ფილიალებში დამკვეთის მოთხოვნისთანავე.
მოპასუხეს შპს ,,დ---–-------------ეას“ ამავე ხელშეკრულებით ასევე ევალებოდა:
1.1.1 დამკვეთის ახალი ფილიალებისა და სერვის-ცენტრებისათვის პროგრამის კოპიებზე წვდომის უზრუნველყოფა, ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
1.1.2 დამკვეთის არსებული ფილიალებისა და სერვის-ცენტრებისათვის მომხმარებელთა ლიცენზირების განახლება/დამატება;
1.1.3 დამკვეთის ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლების პირველადი კონსულტაცია და გადამზადება;
1.1.4 პროგრამის პირველადი ინსტალაცია, კონფიგურაცია.
1.1.5 დამატებითი მოდულების (კომუნალური და მომენტალური გადახდების) ინსტალაცია და სისტემებში ჩართვა;
ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად შემსრულებელი პასუხისმგებელია:
7.1 მის მიერ მოწოდებულ პროგრამული უზრუნველყოფის ბინარულ ფაილზე და მონაცემთა ბაზის ობიექტებზე, მათ უსაფრთხოებაზე;
7.2. უზრუნველყოს დამკვეთის მონაცემთა ბაზის, საბუღალტრო ჩანაწერების და მათში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
7.3. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი საკუთრებაში არსებულ სისტემებზე, მათ გამართულ მუშაობაზე, დამკვეთის სისტემების წვდომაზე შემსრულებლის ტექნიკურ საშუალებებთან;
7.4. დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს ბაზის ექსპორტის განხორციელება ტექსტურ ფორმატში;
7.5. პროგრამული მართვის სისტემის “Loankeeper5”-ის ბექაფ ბაზის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი აღდგენა და ნორმალური ფუნქციონირება გონივრულ ვადაში;
7.6 არავითარ შემთხვევაში შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ თუ ირიბ ნებისმიერი ტიპის პირდაპირ, ირიბ თუ სხვა მხრივ ზარალზე ან/და დაკარგულ სარგებელზე, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან, ვერ გამოყენებასთან ან შეზღუდულ გამოყენებასთან”.
7.7. შემსრულებელი სრულად იხსნის ნებისმიერი ტიპის და მოცულობის მატერიალურ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება ნებისმიერი ფორმით დაკავშირებული იყოს მის მიერ მიწოდებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან/და მომსახურებასთან.
ხელშეკრულების მე-10 პუნქტი ეხება საკუთრების უფლებას;
10.1. პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს შემსრულებლის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
10.2 წინამდებარე ხელშეკრულებით შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლებას ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 15 აგვისტოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 25-29).
3.1.2. 2014 წლის 15 აგვისტოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა“ და შპს „დ---–-------------ეას“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იყო მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2015 წლის 01 იანვრამდე. ვადის გასვლისას ხელშეკრულება ჩაითვლება ავტომატურად გაგრძელებულად 1 წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე წინასწარ წერილობით არ განაცხადებს უარს მის გაგრძელებაზე ვადის გასვლამდე მინიმუმ 15 კალენდარული დღით ადრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 15 აგვისტოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 25-29).
3.1.3. 2014 წლის 15 აგვისტოს გაფორმებულ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, პროგრამული ინსტალაციების, მიწოდების და მომსახურების ღირებულება განისაზღვრა დანართი N1-ით, რომელიც წარმოადგენს მიმდინარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ჩარჩო ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მომსახურება: ტექნიკური მხარდაჭერა 1 მომხმარებელზე შეადგენს 350 ევროს, ხოლო 1 დამატებითი მომხმარებლის ლიცენზია - 1500 ევროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 15 აგვისტოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 25-29).
- 2014 წლის 15 აგვისტოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულების დანართი N1 (ტომი 1, ს.ფ. 29).
3.1.4. 2014 წლის 17 სექტემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ დირექტორსა და შპს ,,დ---–-------------ეას“ დირექტორს შორის გაფორმდა N4------ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა სესხების აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ,,Loankeeper5“-ის დამატებით ინსტალირებული მომხმარებლების შემოწმება და დადგინდა, რომ ზემოთაღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის დამატებით ინსტალირებული მომხმარებლის მახასიათებლები და მდგომარეობა, აგრეთვე მათი ფუნქციონალური მონაცემები აკმაყოფილებს 2013 წლის 15 აგვისტოს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის დადებული ჩარჩო-ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. სრულყოფილად მიღებული და ჩაბარებული იქნა შეკვეთილი პროგრამული უზრუნველყოფა და სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულების 67 497 ლარის ანაზღაურება დამკვეთის მიერ მოხდეს საბანკო გადარიცხვით, თანდართული ინვოისის N4------ შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 17 სექტემბრის N4------ მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 30).
3.1.5. 2017 წლის N4------ ინვოისის მიხედვით პროგრამა ,,Loankeeper5“-ის 20 მომხმარებლის ღირებულებაა 67 497 ლარი. რომელიც შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ მიერ გადახდილი იქნა 2014 წლის 22 და 26 სექტემბერს სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის N4------ ინვოისი (ტომი 1, ს.ფ. 31).
- საგადასახადო დავალება N512448, 512321 და N514691 (ტომი 1, 32-34).
3.1.6. პროგრამის შესწავლისა და მასში მუშაობის შედეგად დადგინდა რომ პროგრამას აქვს ხარვეზი და უზუსტობები, მათ შორის ყველაზე მთავარი არის, რომ პროგრამა არ ახორციელებს სწორად საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვებს. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“ ეტაპობრივად ატყობინებდა მოპასუხეს პროგრამაში სხვადასხვა ხარვეზების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული მიმოწერები (ტომი 1, ს.ფ. 35-54).
- მოსარჩელის წერილები 03.01.2015წ. №8----; 05.05.2015წ. №4--; 24.06.2015წ. №6--; 26.06.2015წ. №6--; 30.06.2015წ. №6--; 17.08.2015წ. №8--; 22.09.2015წ. №9--; 23.10.2015წ. (ტომი 1, 57-63, 6----);
3.1.7. დადგენილია, რომ რასაც მოსარჩელე პროგრამულ ხარვეზს უწოდებდა, ზოგ შემთხვევაში წარმოადგენდა მისივე თანამშრომლების მიერ სასესხო პროგრამაში არასწორად შეტანილი მონაცემების უშუალო შედეგს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ 24.06.2015 წლის N 6-- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 68).
- 23-26 ივნისის ელექტრონული მიმოწერა (ტომი 1, ს.ფ. 91-96).
- მომხმარებელ ვიქტორია ვლასოვის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 164).
3.1.8. პროგრამული სისტემა LoanKeeper არ წარმოადგენს მხოლოდ შპს მისო „ბ------–ისათვის“ ან მისი დაკვეთით დამზადებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. მისი შემუშავება მიმდინარეობს 2004 წლიდან, წარმოადგენს მზა პროდუქტს და ფუნქციონირებს საქართველოში მოქმედ 22 მიკროსაფინანსო და 3 საკრედიტო ინსტიტუტში, მათ შორის უმეტესობა მსხვილი კომპანიაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი N1 მიკროსაფინანსო კომპანიების და საკრედიტო ინსტიტუტების ჩამონათვალი, რომლებიც სარგებლობენ პროგრამული პროდუქტით ,,Loankeeper“ (ტომი 1, 269-270).
3.1.9. 15.08.2014 წლის ჩარჩო ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა შპს ,,დ---–-------------ეას“ მიერ, აღნიშნულ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და არ მოხდა მისი ვადის გაგრძელება.
2015 წლის მარტში შპს მისო „ბ------–ის“ დირექტორმა თავის ელექტრონულ წერილში აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ახალი ხელშეკრულების შედგენა, რადგან აღარ არსებობს ურთიერთობის გაგრძელების არანაირი ხელისშემშლელი პირობა.
04.05.2015 წელს შპს ,,დ---–-------------ეამ“ შპს მისო „ბ------–ს“ გაუგზავნა წერილი, რომლითაც გააფრთხილა მოსარჩელე იმის თაობაზე, რომ თუ მათ მიერ არ შესრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ჩარჩო ხელშეკრულება შეწყდებოდა.
05.05.2015 წლის N4-- წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა შეთანხმების პროექტი 15.08.2014 წლის ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ, რასაც არ დაეთანხმა შპს ,,დ---–-------------ეა“.
მოპასუხემ 10.07.2015 წლის წერილით კიდევ ერთხელ გააფრთხილა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“, რომ 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ვეღარ შეძლებდნენ პროგრამით სარგებლობას და უნდა მოეძებნათ ალტერნატიული პროგრამული უზრუნველყოფა.
შპს მისო „ბ------–ის“ დირექტორმა 17.08.2015 წლის N8-- წერილით, ითხოვა ახალი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება, რათა კიდევ 1 წლით გაეგრძელებინათ შეძენილი 20 მომხმარებლის ლიცენზიით სარგებლობის ვადა, რაზეც მოპასუხე კომპანიამ ჩათვალა რა, რომ შპს მისო „ბ------–მა“ დროულად ვერ მოახდინა ალტერნატიული პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება, გამოთქვა მზადყოფნა და გაუგზავნა მოსარჩელეს ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფორმა, თუმცა ამასთან, ახალი ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობა იყო შეთანხმების გაფორმება იმის თაობაზე, რომ 15.08.2014 წლის ჩარჩო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია და მხარეებს პრეტენზია არ გააჩნიათ. შპს მისო „ბ------–მა“ ეს მიუღებლად ჩათვალა, ამიტომ ახალი გარიგება არ შედგა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.08.2014 წლის ჩარჩო ხელშეკრულება (ტომი 1, 25-29).
- შპს „დ---–---- ს---------ს“ 04.05.2015 წლის გაფრთხილების წერილი (ტომი 1, 89-90)
- შპს მისო „ბ------–ის“ 05.05.2015 წლის #4-- წერილი (ტომი 1, 58-63).
- 30.04.2015 წლით დათარიღებილი შეთანხმების ნიმუში (ტომი 1, 64-67).
- შპს „დ---–-------------ეას“ 10.07.2015წლის წერილი (ტომი 1, 97).
- შპს მისო „ბ------–ის“ 17.08.2015 წლის # 8-- წერილი (ტომი 1, 76-77).
- 19.10.2015 წლის ხელშეკრულების ნიმუში (ტომი 1, 99-103).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის განმარტება, რომ პროგრამას გააჩნდა ხარვეზები, აღნიშნულის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილი იქნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 03.07.2015 წლის დასკვნა, რომლის თანახმად დგინდება, რომ პროგრამა არ არის დაინსტალირებული (ჩაწერილი) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სერვერზე, პროგრამას არ გააჩნია სახელმძღვანელო და აქვს გამოუსწორებელი ხარვეზი, მათ შორის მნიშვნელოვანია: არ არის პროგრამაში საბეჭდი ფორმები, არ ხდება ვადაგადაცილებული სესხების, სასამართლო და სააღსრულებო წარმოების აღრიცხვა, არ ხდება განკარგულების შესაბამისად საპროცენტო განაკვეთების სრულყოფილად გაწერა, არ მომხდარა დამკვეთის სერვერში პროგრამის და ბაზების გადატანა, არ არის ვალდებულებების (მიღებული სესხების) მოდული და ა.შ. აღნიშნულის შემდეგ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ კვლავ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დასკვნის გაცემა პროცენტების და პირგასამტეხლოების არასწორად დარიცხვაზე, თუმცა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტი - გელა კვიტანძე დაკითხული იქნა სასამართლო პროცესზე, სადაც მან განმარტა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზების დასადგენად ის შემოწმებული იქნა დანართი N1-ში არსებული ჩამონათვალის მიხედვით, შპს მისო „ბ------–ის“ პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ბ---- მ--–---–---–თან ერთად, ვინაიდან პროგრამას არ გააჩნდა სახელმძღვანელო. შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა ვერ პასუხობდა დანართში მითითებულ მოთხოვნებს. მანვე დაადასტურა, რომ არ მოუხდენია პროგრამის ავტორის მოძიება, ან მოპასუხის ვებ-გვერდზე პროგრამის სახელმძღვანელოს მოძიება და წაკითხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 03 ივლისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 1, 177-186).
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი.
3.2.2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ მიმართა შპს „ბ-------“-ს და მოითხოვა დასკვნის შედგენა თუ რამდენად სწორად აღრიცხავდა პროგრამა პროცენტებსა და პირგასამტეხლოებს, რომლის 14.09.2015 წლის დასკვნით დგინდება, რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ მიერ შპს ,,დ---–-------------ეასაგან“ მიღებული პროგრამული მართვის სისტემის ,,Loankeeper5“-ის ექსპლოატაციის დროს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ 15.04.2015 წლის N237 1 და 24.06.2015 წლის N237 2 განკარგულებებით დადგენილი მოთხოვნები (პროდუქტების მიხედვით დადგენილი საპროცენტო განაკვეთები და პირგასამტეხლო) პროგრამულად არ არის სწორად დარიცხული, რის გამოც სხვადასხვა კატეგორიის სესხებზე პროგრამულად დარიცხული მონაცემები არ ემთხვევა 42 სესხზე ფაქტობრივად დასარიცხ მონაცემებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 სექტემბრის აუდიტორული დასკვნა (ტომი 1, 104-159).
3.2.3. შპს „დ---–-------------ეას“ პროგრამული უზრუნველყოფა LoanKeeper-ში შპს „ბ------–ის“ პირველი მომხმარებელი (თანამშრომელი), რომელიც მოიხმარდა აღნიშნულ პროგრამას რეგისტრირებულია 05.08.2014 წელს, ხოლო ბოლო მომხმარებელი დარეგისტრირდა 18.09.2015 წელს. საერთო ჯამში რეგისტრირებული იქნა 114 მომხმარებელი, ამათგან 70 აქტიური მომხმარებელი დაფიქსირდა (პირი, რომელსაც პროგრამაში მინიმუმ 5 ოპერაცია აქვს შესრულებული). აღნიშნული რაოდენობის მომხმარებლებიდან შპს მისო „ბ------–ს“ შეძენილი ჰქონდა მხოლოდ 20 ლიცენზია და შესაბამისად 20 მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1 წლის ვადით. შპს მისო „ბ------–მა“ პროგრამაში 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით 19024 სესხის გაცემა დააფიქსირა. პროგრამის გამოყენება გრძელდებოდა 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით. სულ პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა 410580 ოპერაციის გატარება, რამაც შპს მისო „ბ------–ს“ სოლიდური მოგება მოუტანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს მისო „ბ------–ის“ თანამშრომელთა სია, რომლებიც მოიხმარდნენ პროგრამა LoanKeeper-ს, პერიოდი 01.08.2014-31.12.2015 წ. (ტომი 1, 271-2273).
- შპს მისო „ბ------–ში“ LoanKeeper-ის პროგრამაში ჯამურად შესრულებული ოპერაციები, პერიოდი 01.08.2014-31.12.2015წ. (ტომი 1, 274).
3.2.4. შპს ,,დ---–-------------ეას“ მიერ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ მიმართ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ გარემოებებს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზეც დადგენილია, რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–მა“ აღნიშნული პროგრამით სარგებლობის დროს მიიღო შემოსავალი (ტომი 2, ს.ფ. 29, 45).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ შპს „დ---–-------------ეა“ ამავე ხელშეკრულებით კისრულობდა ვალდებულებას, რომ მოახდენდა პროგრამის ინსტალაციას (ჩაწერა) და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“ გახდებოდა მისი მესაკუთრე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ვინაიდან მოპასუხემ არ მოახდინა პროგრამის ინსტალაცია, უკან უნდა დაუბრუნდეს მას მიერ გადახდილი 30 000 ევრო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა.
წინამდებარე შემთხვევაში გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე, ერთი მხარეა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ი“ ხოლო მეორე შპს ,,დ---–-------------ეა“. შეთანხმების შედეგად შპს ,,დ---–-------------ეას“ უნდა მიეწოდებინა სასესხო პორტფელის პროგრამული მართვის სისტემის “Loankeeper5“-ის მიმდინარე ვერსია ელექტრონული ფორმით დამკვეთის ორგანიზაციასა და ფილიალებში დამკვეთის მოთხოვნისთანავე, რაც მის მიერ განხორციელდა. თავის მხრივ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ სანაცვლოდ უნდა გადაეხადა თანხა. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს. მხარეთა შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს შეიცავს და ამიტომ ის ნარდობის ხელშეკრულებაა.
მიუხედავად ნარდობაზე შეთანხმებისა, მოსარჩელე თვლის, რომ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, არადა ხელშეკრულებით პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს შემსრულებლის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულებით შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლებას ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი. ეს თავისებურებები მასში მდგომარეობს, რომ გამყიდველმა უნდა გამოხატოს გასხვისების ნება, თავის მხრივ მყიდველმა უნდა გამოხატოს ნივთის შეძენის ნება და გადაიხადოს სასყიდელი ანუ ფასი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობაზე.
მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ვერ დაადასტურებს ასევე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მან ვერ მიიღო ის შედეგი, რაც იყო მიზანი ხელშეკრულების გაფორმების, რომ კვლავ გააჩნიათ პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროება და მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იძულებულნი არიან იგივე ტიპის მომსახურება შეისყიდონ რომელიმე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებელია სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-- საქართველოს კონსტიტუცია.
-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების საფუძველს და ასევე არსებობს თუ არა თანხის უკან დაბრუნების საფუძველი.
6.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 15 აგვისტოს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–სა“ და შპს „დ---–-------------ეას“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper” მიწოდებისა და მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად შპს „დ---–-------------ეას“ უნდა მიეწოდებინა სასესხო პორტფელის პროგრამული მართვის სისტემის “Loankeeper5“-ის მიმდინარე ვერსია ელექტრონული ფორმით დამკვეთის ორგანიზაციასა და ფილიალებში დამკვეთის მოთხოვნისთანავე.
აღნიშნული შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს. მხარეთა შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს შეიცავს და ამიტომ ის ნარდობის ხელშეკრულებაა. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა ნარდობის ხელშეკრულების ტერმინის განმარტებით. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში განმარტებულია შემდეგი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დასახელებული ნორმის დისპოზიცია ნარდობის შინაარსად მიიჩნევს შეკვეთის საფუძველზე მენარდის მიერ გარკვეული სამუშაოს გაწევას. ნარდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, ამიტომ საზღაურის გადახდა ნასყიდობას არ გულისმხობს. ესაა ნარდობის ფასის გადახდა, რაც ნასყიდობის ფასისაგან განსხვავებული საკითხია. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ მოპასუხეს შეუკვეთა პროგრამული სისტემის „Loankeeper“-ის მიწოდება დამკვეთის ორგანიზაციასა და მის ფილიალებში. ასეთი გარიგება ნარდობის ხელშეკრულებაა.
6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. წინამდებარე დავაც სწორედ ამ ნორმების ჭრილში უნდა იქნას განხილული. უნდა დადგინდეს რაზე შეთანხმდნენ მხარეები, რა შეასრულეს, ვინ დაარღვია ვალდებულება და რა შედეგი უნდა მოყვეს ვალდებულების დარღვევას.
6.4. დადგენილია, რომ შეთანხმების შემდეგ მხარეებს ერთმანეთის მიმართ უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები.
შპს ,,დ---–-------------ეას“ უნდა მიეწოდებინა სასესხო პორტფელის პროგრამული მართვის სისტემის “Loankeeper5“-ის მიმდინარე ვერსია ელექტრონული ფორმით დამკვეთის ორგანიზაციასა და ფილიალებში დამკვეთის მოთხოვნისთანავე, რაც მის მიერ განხორციელდა. თავის მხრივ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ სანაცვლოდ უნდა გადაეხადა თანხა, რაც ასევე განხორციელდა მოსარჩელის მიერ.
6.5. თავის მხრივ მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხე მხარემ ვინაიდან არ დაუინსტალირა პროგრამა, არ შეასრულა მის მიმართ ნაკისრი მოვალეობა, რის გამოც შემოიტანა სარჩელი და ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას.
შპს ,,დ---–-------------ეას“ მიერ ვალდებულებათა დარღვევის გამო მოსარჩელემ გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება და მის საფუძველზე მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებას და თანხის უკან დაბრუნებას. მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისას გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული ქონების უკან დაბრუნებას, საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლი აკავშირებს ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობასთან. კერძოდ: საქ. სკ-ის 405-ე მუხლი პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მხარისათვის გადაცემულის უკან მოთხოვნისთვის, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა. კერძოდ:
- ხელშეკრულების შესრულების მიზნით ერთმა მხარემ მეორე მხარეს გადასცა შესრულება;
- ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;
- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;
- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.
ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად. სასამართლო განმარტავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სადავო ურთიერთობა, არაა ისეთი შემთხვევა, რომელზეც დამატებითი ვადის დანიშვნა იყოს საჭირო. საქმე ეხება პროგრამულ უზრუნველყოფას. ხელშეკრულების ფარგლებში პირდაპირ იყო გათვალისწინებული, რომ პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს შემსრულებლის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულებით შემსრულებელი დამკვეთს გადასცემს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლებას ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.
გარდა აღნიშნულისა სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დასახელებლი კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის მიხედვით კი, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.
ზემოთდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ შემკვეთი მოვალეა ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში მიიღოს შესრულებული სამუშაო (შედეგი) და შეამოწმოს მისი ხარისხი. იმ შემთვევაში თუ შემკვეთი აღმოაჩენს, რომ შესრულებულ სამუშაოს გააჩნია ნაკლი, მან უნდა განუცხადოს მენარდეს. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა იწვევს ნივთის ნაკლის გამო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებების დაკარგვას.
მაგრამ, მხარეთა შორის 2014 წლის 15 აგვისტოს გაფორმებულ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “Loankeeper”-ის ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, არავითარ შემთხვევაში შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ თუ ირიბ ნებისმიერი ტიპის პირდაპირ, ირიბ თუ სხვა მხრივ ზარალზე ან/და დაკარგულ სარგებელზე, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან, ვერ გამოყენებასთან ან შეზღუდულ გამოყენებასთან.
ხელშეკრულების 7.7. ფუნქტით, შემსრულებელი სრულად იხსნის ნებისმიერი ტიპის და მოცულობის მატერიალურ პასუხისმგებლობას რაც შეიძლება ნებისმიერი ფორმით დაკავშირებული იყოს მის მიერ მიწოდებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან/და მომსახურებასთან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ორივე მხარე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტებს. მოსარჩელეს ჰქონდა საშუალება იურიდიული კონსულტაცია მიეღო, თუ რა სახით იქნებოდა შესაძლებელი ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. პრაქტიკულად გადადგმულიც იქნა შესაბამისი ნაბიჯი, რაც დაცვის მექანიზმებს გულისხმობდა. მაგრამ აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიუთითებს შემკვეთის სუბიექტურ ნებაზე. ისევე როგორც შეუძლებელია ზუსტი დადგენა რა სარგებელი მოიტანა ხელშეკრულებამ, გაურკვეველია რა არის მოპასუხის მოლოდინი, რას გულისხმობდა შემკვეთი, იყო თუ არა მისი მოლოდინი განსაზღვრული და გაზომვადი.
სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადგენდა პირობას, რომ როდესაც იყიდდა სერვერს მოპასუხე მას ჩაუწერდა პროგრამას. თავის მხრივ კი აღნიშნული პირობა წარმოადგენს სუბიექტურ პირობას, მხარის შინაგან სფეროს, რომლის ობიექტური გამოხატულება ხელშეკრულებით არ გაწერილა, მაშინ როდესაც მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ თუ მათ შორის ჩამოყალიბდებოდა ნდობა და მოსარჩელე დამატებით იყიდდა 72 მომხმარებელზე ლიცენზიას, შესაძლებელი იყო მისი დაინსტალირება. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირობა არ შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს, იგი გაურკვეველია და მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. ნებაზე დამოკიდებულ პირობით გარიგებას კი, კანონი არარა გარიგებად მიიჩნევს.
სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულება შესრულდა, ამიტომ ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. რაც შეეხება მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითებას ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი), სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოება, რომ სარჩელი ხანდაზმულია წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის განცხადებაც მხარეს შეეძლო საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე არ არის სასამართლოში საქმის მომზადებისას მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. სასამართლო განუმარტავს მოპასუხეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად ადგენს შესაგებელს და 201-ე მუხლი განსაზღრავს მის შინაარსობრივ მხარეს, თავის მხრივ, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219- მუხლი).
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა 2153,25 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი და იგი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
რაც შეეხება, მოპასუხის მოთხოვნას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა,შესაბამისად, მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისათვის ადვოკატის ხარჯის - 2394.30 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ------–ს“ შპს ,,დ---–-------------ეა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის - 2394.30 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა