გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210018002610424
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25497-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - გუ--------–-–---–ი

მოპასუხე - ლი-–-----–-----ა

წარმომადგენელი - მე--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლი-–-----–-----ას გუ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის - 2700 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ლი-–-----–-----ას გუ--------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანების - 344.2 ლარისა და წყლის დავალიანების - 151.5 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2004 წლის 18 თებერვალს ალ--------------–-–---–მა ირ-------–-----ას ასესხა თანხა 2700 აშშ დოლარის ოდენობით, 2 წლის ვადით. ამავე წლის 24 თებერვალს ირ-------–-----ასა და ალ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ირ-------–-----ამ, სესხის თანხის დაბრუნებამდე, ალ--------------–-–---–ს ცხოვრების უფლებით დაუთმო უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბ--–--------–----------------------------.

 

2014 წლის 18 ივნისს ნოტარიუს ამ-----------------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა ირ-------–-----ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რომლის თანახმადაც ირ-------–-----ას დედამ -ლი-–-----–-----ამ, როგორც მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება.

 

2017 წლის 03 აპრილს ალ--------------–-–---–მა თავისი მოთხოვნის უფლება ირ-------–-----ას მემკვიდრის ლი-–-----–------ას მიმართ დაუთმო გუ--------–-–---–ს.

 

ვინაიდან ლი-–-----–-----ას გუ--------–-–---–ისთვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია, გუ--------–-–---–ი ფაქტობრივად ფლობდა ზემოთ მითითებულ საცხოვრებელ ფართს 2018 წლის 28 აპრილამდე, მანამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოხდა მისი გამოსახლება. ფართის ფლობის პერიოდში, გუ--------–-–---–მა დაფარა ირ-------–-----ას ცხოვრების პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით, ასევე წყლის დავალიანება - 151.5 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამასთან, განმარტა, რომ ლი-–-----–-----ასა და გუ--------–-–---–ს შორის არასოდეს დადებულა რაიმე ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება დაიდო ირ-------–-----ასა და ალ--------------–-–---–ს შორის. რაც შეეხება გუ--------–-–---–ის მიერ ბინის ფლობის ფაქტს, იგი ბინას ფლობდა უკანონოდ, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებითა და მოსარჩელის გამოსახლებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2004 წლის 18 თებერვალს ალ--------------–-–---–სა და ირ-------–-----ას შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №1----), რომლის თანახმადაც ალ--------------–-–---–მა ირ-------–-----ას, პროცენტის დარიცხვის გარეშე, ასესხა 2 700 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო ორი წლის ვადით - 2006 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.02.2004წ. სესხის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2004 წლის 24 თებერვალს ირ-------–-----ასა და ალ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 18.02.2004წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნებამდე, ირ-------–-----ამ მისი ოჯახის წევრების თანხმობით, ალ--------------–-–---–ს ცხოვრების უფლებით დაუთმო მათი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. თბ--–--------–--------------------------, ორი წლის ვადით - 2004 წლის 01 მარტიდან 2006 წლის 01 მარტამდე.

 

მოსარჩელე გუ--------–-–---–ი ზემოთ მითითებულ ბინას ფლობდა და სარგებლობდა 2018 წლის 28 აპრილამდე. მისი გამოსახლება აღნიშნული ბინიდან მოხდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.02.2004წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17);

- 03.04.2017წ. ხელწერილი (იხ. ს.ფ. 21-22);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 04.04.2018წ. წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 23-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.3. 2014 წლის 18 ივნისს ნოტარიუს ამ-----------------ის მიერ გაცემულ იქნა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ლი-–-----–-----ამ, როგორც ირ-------–-----ას პირველი რიგის მემკვიდრემ - დედამ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, მასში შემავალი აქტივებით, პასივებით, უფლებებით და ვალდებულებებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.06.2014წ. სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. 2017 წლის 03 აპრილს ალ--------------–-–---–ის მიერ შედგენილ იქნა ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ ალ--------------–-–---–ი, მასსა და ირ-------–-----ას შორის 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ბინის (მდებარე: ქ. თბ--–--------–----------------------------) გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც გამსესხებელი, ფუნქცია მოვალეობებს გადასცემს მამამისს გუ--------–-–---–ს, რათა მან დამოუკიდებლად წარმართოს სადავო საკითხები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.04.2017წ. ხელწერილი (იხ. ს.ფ. 21-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ირ-------–-----ას არ შეუსრულებია მასსა და ალ--------------–-–---–ს შორის 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. კერძოდ, მას არ დაუბრუნებია სესხად აღებული - 2700 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. 2010 წლის 02 მარტს გუ--------–-–---–სა და სს „თე-–--ს“ შორის გაფორმდა №ვ--------- ხელშეკრულება-შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმადაც გუ--------–-–---–ს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 24 თვეზე, ყოველთვიურად - 14.34 ლარის გადახდით. აღნიშნული დავალიანება დარიცხულ იქნა შემდეგ მისამართზე - ქ. თ---–-------–--------------------------, რეგისტრირებულ №0------ (ხა-–-----ი ვ ი) აბონენტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააბონენტო ქვითარი (იხ. ს.ფ. 26);

- 02.03.2010წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 27);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 29-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.7. 2014 წლის 08 მაისს გუ--------–-–---–სა და შპს „სა------------------------------–----ს“, როგორც შპს „ჯო-------------------------------ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც გუ--------–-–---–მა იკისრა ვალდებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად - დავალიანების დაფარვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, 2013 წლის 01 იანვრამდე დარიცხული დებიტორული დავალიანებიდან - 151.46 ლარიდან 6 თვის განმავლობაში დაეფარა დავალიანების 60% ანუ 90.84 ლარი თვეში 15.14 ლარის გადახდით. ასეთ შემთხვევაში, აბონენტს ჩამოეწერებოდა მთლიანი დებიტორული დავალიანების 40%. დავალიანება დარიცხულ იქნა შემდეგ მისამართზე - ქ. თბ--–-------–----------------------------, რეგისტრირებულ №6------ (ხა-–-----ი ვ ი) აბონენტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.05.2014წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2004 წლის 18 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 2700 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია. (სამართლებრივი დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში)

 

3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მასზედ, რომ გუ--------–-–---–ის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით, ასევე წყლის დავალიანება - 151.5 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა საბონენტო მისამართზე - ქ. თბ--–--------–----------------------------, ირ-------–-----ას ცხოვრების პერიოდში დარიცხულ და ამ უკანასკნელის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ გადახდილ იქნა ირ-------–-----ას მიერ მომხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანება - 344.2 ლარისა და 151.5 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, აღნიშნული დავალიანება დაგროვებულია იმ პერიოდში როდესაც ირ-------–-----ა ცხოვრობდა სააბონენტო მისამართზე, მდებარე: თბ--–--------–---------------------------. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2010 წლის 02 მარტს მასსა და სს „თე-–--ს“ შორის გაფორმებული №ვ--------- ხელშეკრულება-შეთანხმება დავალიანების დაფარვის შესახებ, რომლის თანახმადაც გუ--------–-–---–ს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული ელექტროენერგიის დავალიანება - 344.2 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 24 თვეზე, ყოველთვიურად - 14.34 ლარის გადახდით; 2014 წლის 08 მაისს გუ--------–-–---–სა და შპს „სა------------------------------–----ს“, როგორც შპს „ჯო-------------------------------ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც გუ--------–-–---–მა იკისრა ვალდებულება წყლის მოხმარების ღირებულების მიმდინარე დარიცხვასთან ერთად - დავალიანების დაფარვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად დაეფარა 2013 წლის 01 იანვრამდე დარიცხული დებიტორული დავალიანება. ასევე, სს „თე-–--ის“ 2009 წლის 27 მაისის სააბონენტო ქვითარი და აბონენტის ბრუნვის ისტორია.

 

აღნიშნული დოკუმენტებიდან ნამდვილად დგინდება, რომ გუ--------–-–---–მა იკისრა სააბონენტო მისამართზე: ქ. თბ--–--------–--------------------------, დარიცხული ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანების დაფარვა, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ აღნიშნული დავალიანება მოხმარებული და დაგროვებული იყო ზემოთ მითითებულ ბინაში ირ-------–-----ას ცხოვრების პერიოდში.

გარდა ამისა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ გუ--------–-–---–ი ზემოთ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა 2004 წლიდან 2018 წლის 28 მარტამდე, შესაბამისად მოიხმარდა, როგორც ელექტროენერგიას, ასევე წყალს. ამასთან, სააბონენტო მისამართზე აბონენტად რეგისტრირებულია ხა-–-----ი ვ ი და არა ირ-------–-----ა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ გუ--------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე, 144-ე, 623-ე 986-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსი 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე - ლი-–-----–-----ა არის მსესხებლის ირ-------–-----ას პირველი რიგის მემკვიდრე. კერძოდ, ლი-–-----–-----ა არის ირ-------–-----ას დედა, რომელმაც კანონით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, ის როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე, წარმოადგენს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების უფლებამონაცვლეს.

 

6.2. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2004 წლის 18 თებერვალს ალ--------------–-–---–სა და ირ-------–-----ას შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ალ--------------–-–---–მა ირ-------–-----ას, პროცენტის დარიცხვის გარეშე, ასესხა 2700 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო ორი წლის ვადით - 2006 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

 

ამდენად, ალ--------------–-–---–სა და ირ-------–-----ას შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. მხარეებს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას, ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ალ--------------–-–---–მა მასსა და ირ-------–-----ას შორის 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება დაუთმო მამამისს გუ--------–-–---–ს. აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია ალ--------------–-–---–ის მიერ 2017 წლის 03 აპრილს შედგენილი ხელწერილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ირ-------–-----ას არ შეუსრულებია მასსა და ალ--------------–-–---–ს შორის 2004 წლის 18 თებერვალს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. კერძოდ, მას არ დაუბრუნებია სესხად აღებული - 2700 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის, როგორც მოთხოვნის მიმღების მოთხოვნას წარმოადგენს, ირ-------–-----ას მემკვიდრის ლი-–-----–-----ასათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ზემოთ დასახელებული ნორმის თანახმად, ეს დრო მოდავე პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტური მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ირ-------–-----ასა და ალ--------------–-–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2004 წლის 18 თებერვალს. ხელშეკრულება გაფორმდა ორი წლის ვადით - 2006 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. შესაბამისად, მსესხებელი ვალდებული იყო 2006 წლის 18 თებერვლის ჩათვლით ალ--------------–-–---–ისათვის დაებრუნებინა სესხად აღებული - 2700 აშშ დოლარი. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ირ-------–-----ას არც ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და არც შემდგომ აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. ამდენად, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, თანხის დაბრუნების ვადის ამოწურვის მეორე დღიდან - 2006 წლის 19 თებერვლიდან დაიწყო სახელშეკრულებო მოთხოვნების სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა და ამოიწურა 2009 წლის 18 თებერვალს. ალ--------------–-–---–ს აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია. ხოლო, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 30 აგვისტოს, ხანდაზმულობის ზემოთ მითითებული ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, გუ--------–-–---–ის სარჩელი 18.02.2004წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს ვალდებულ პირს უარი თქვას შესრულებაზე.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი 18.02.2004წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, ხოლო მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე, 144-ე, 623-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

6.4. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს ლი-–-----–-----ასათვის გუ--------–-–---–ის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის დავალიანების - 344.2 ლარისა და წყლის დავალიანების - 151.5 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლს, რომლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში დამკვიდრებული პრონციპის თანახმად, არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე. ზემოთ მოყვანილი ნორმა შეიცავს ზოგადად უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელ კონსტრუქციას, რომელიც აწესრიგებს სამი პირის ურთიერთობას, სადაც მესამე პირის მოქმედება იწვევს სხვა პირის გამდიდრებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი სპეციფიკა იმაში მდგომარეობდა, რომ მესამე პირი არ არის შებოჭილი კრედიტორის მიმართ არანაირი ვალდებულებით, შესაბამისად, მისი შესრულება არ ეფუძნება სამართლებრივ საფუძველს. კანონმდებელი უკუმოთხოვნის უფლებას ანიჭებს ვალდებულების შემსრულებელს, ამ შესრულებით გამდიდრებული პირისაგან. ამასთან, გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს სხვა პირისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ სხვა პირი მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მომენტში გამდიდებულია ვალის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით. ასანაზღაურებელ ხარჯებში იგულისხმება ის აუცილებელი დანახარჯები, რომლის გაღებაც ვალი თავად რომ გადაეხადა იმ პირსაც მოუწევდა, რომელიც ქონების დაზოგვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გადახდილი ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანება დაგროვებულ იქნა სააბონენტო მისამართზე: ქ. თბ--–--------–--------------------------, ირ-------–-----ას ცხოვრების პერიოდში. თუმცა, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან მოსარჩელემ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სადავო ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადასტურება (იხ. 3.2.2. პუნქტი). ამას გარდა, სასამართლოს მოსაზრებით, გუ--------–-–---–მა 02.03.2010წ. სს „თე-–--თან“, ხოლო 08.05.2014წ. შპს „ჯო-------------------------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად აღიარა დავალიანების არსებობა და შესაბამისად აღნიშნული დავალიანების გადახდა თავად იკისრა. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან და მოსარჩელის განმარტებიდან ირკვევა, მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანება დაგროვებული იყო 2004 წლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სავარაუდოდ მოხდა ხანდაზმული დავალიანების დაფარვა, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლიდან გამომდინარე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევას.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხისათვის გუ--------–-–---–ის მიერ ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, გუ--------–-–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გუ--------–-–---–ის სარჩელი ლი-–-----–-----ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე