გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21966-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ქ--------–-–-–---–ი
წარმომადგენელი - ი----–----–----ე
მოპასუხე - გ----------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 2-13, 2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
1.1.1. 2016 წლის 30 ოქტომბერს ხელწერილით მოპასუხემ აღიარა ვალდებულება მისთვის გადაეხადა ვალი 1 300 აშშ დოლარის ოდენობით;
1.1.2. მოპასუხეს მითითებული თანხა უნდა გადაეხადა 2016 წლის 30 დეკემბრამდე;
1.1.3. მოპასუხე არ ასრულებს ხელწერილით აღიარებულ ფულად ვალდებულებას;
1.1.4. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 200 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მას ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება 1 100 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 27-34, 2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
2.1.1. მას არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება, რადგან მის მიერ არ განხორციელებულა თანხის სესხება. ხელწერილში მითითებულია არა სესხის თანხა, არამედ იპოთეკის დარჩენილი თანხა, რაც რეალურად არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელწერილით გ----------------–---–მა აღიარა, რომ მას გააჩნია ქ--------–-–-–---–ის ვალი 1 300 აშშ დოლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 2016 წლის 30 დეკემბრამდე.
სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს და სადაოდ არ გაუხდიათ 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელწერილის შედგენის ფაქტობრივი გარემოება. მოპასუხე მას სადავოდ ხდიდა იმ მიმართებით, რომ არ მომხდარა მის მიერ აღნიშნული თანხის სესხება, არამედ მისი განმარტებით, ეს თანხა წარმოადგენდა იპოთეკის დარჩენილ თანხას. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მის მიერ აღნიშნული ხელწერილის შედგენის შემდეგ გადახდილი იყო მოსარჩელისათვის 200 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ----------------–---–ს ქ--------–-–-–---–ის სასარგებლოდ ეკისრება 1 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელწერილით გ----------------–---–მა აღიარა ქ--------–-–-–---–ის მიმართ არსებული ვალი 1 300 აშშ დოლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 2016 წლის 30 დეკემბრამდე. შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ არსებული ვალის საფუძველს არ წარმოადგენს სესხი, არამედ იგი იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დარჩენილი თანხაა.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.
წარმოდგენილი ხელწერილით გ----------------–---–მა წერილობითი ფორმით აღიარა ვალის არსებობა, გამოთქვა მისი დაფარვის ნება და მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების წესსა და ვადებზე, ამდენად, სადავო დოკუმენტი შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, მოპასუხე არ უარყოფს წარმოდგენილი ხელწერილების ნამდვილობას და მათ შორის ადასტურებს მის ნაწილობრივ შესრულებას - 200 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელისთვის აღნიშნული ხელწერილიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ხელწერილის საგანს არ წარმოადგენს სესხი, არამედ სადავო თანხა არის იპოთეკური ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დარჩენილი თანხა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ ხელწერილში მითითებული თანხა წარმოადგენს არა სესხის თანხას, არამედ იპოთეკის ხელშეკრულებიდან დარჩენილ თანხას, თუმცა შეჯიბრებითობის პრინციპისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მას გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სადავოობისას მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------–---–ს ქ--------–-–-–---–ისთვის გადასახდელი აქვს თანხა 1 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობით.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ არის დასაბუთებული, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ვალის აღიარების ხელწერილი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ოქტომბრის ხელწერილით გ----------------–---–მა აღიარა, რომ მას გააჩნია ქ--------–-–-–---–ის ვალი 1 300 აშშ დოლარის ოდენობით და მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ თანხას გადაიხდიდა 2016 წლის 30 დეკემბრამდე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა) (იხ. სუსგ ას-572-531-2017).
მოპასუხის მიერ შესრულებული ხელწერილი წარმოადგენს სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებას და მას წარმოუშობს მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულებას.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ----------------–---–ს ქ--------–-–-–---–ის სასარგებლოდ ეკისრება 1 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი (ს.ფ. 23). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 53-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო - 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ--------–-–-–---–ის სარჩელი გ----------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე გ----------------–---–ს მოსარჩელე ქ--------–-–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება;
3. მოპასუხე გ----------------–---–ს მოსარჩელე ქ--------–-–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე ქ--------–-–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 22/01/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადახდო დავალება №0;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი