გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
080210017002199908
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3657-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნ----- გავაშელაშვილი

მოსარჩელე - ა----------–--ე;

ადვოკატი - რობიზონ ხ----–--–--ა;

მოპასუხე - ბ--- ი-----–---–ი;

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი - ნ----------------ე;

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი;

დავის საგანი - ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრა.

შეგებებული სარჩელი

მოსარჩელე - ბ--- ი-----–---–ი;

წარმომადგენელი - ნ----- ჩ-------ი;

მოპასუხე - ა----------–--ე;

ადვოკატი - რობიზონ ხ----–--–--ა;

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი;

წარმომადგენელი - ნ----------------ე;

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი;

დავის საგანი - ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ა----------–--ე მოითხოვს შეუზღუდავად ჰქონდეს ურთიერთობა შვილებთან - მ---- და მ-----– ი-----–---–ებთან.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბ--- ი-----–---–თან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მ---- ი-----–---–ი (დაბ. 2010 წლის 21 ნოემბერს) და მ-----–ი ი-----–---–ი (დაბ. 2014 წლის 05 ივლისს). მათი დაშორების შემდეგ ბავშვები ცხოვრობენ მამასთან და სურს, რომ მას ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა ბავშვებთან, რის გამოც მომართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. შეგებებული სარჩელი

 

ბ--- ი-----–---–ი შეგებებული სარჩელით მოითხოვს:

1.2.1. მოპასუხე ა----------–--ეს დაეკისროს ალიმენტის თანხა არასრულწლოვანი შვილების - მ---- ი-----–---–ის (დაბადებული: 2010 წლის 21 ნოემბერს) და მ-----–ი ი-----–---–ის (დაბადებული: 2014 წლის 05 ივლისს) სასარგებლოდ თვეში 200 ლარის ოდენობით, ჯამში 400 ლარი ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

1.2.2. მ---- ი-----–---–ის (დაბადებული: 2010 წლის 21 ნოემბერს) და მ-----–ი ი-----–---–ის (დაბადებული: 2014 წლის 05 ივლისს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.

 

მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ის განმარტებით, მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2017 წლის 23 მაისამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - მ---- ი-----–---–ი და მ-----–ი ი-----–---–ი. მოპასუხემ რამდენიმე თვის წინ დატოვა ოჯახი, მიატოვა შვილები და წასულია ამერიკაში. იგი არანაირ ფინანსურ მზრუნველობას არ იჩენს შვილების მიმართ, სრულიად გაითავისუფლა თავი დედობრივი ვალდებულებებისგან, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვს ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი და ალიმენტის სახით ა----------–--ეს დაეკისროს თვეში 200-200 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ--- ი-----–---–მა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დაუშვებელია ბავშვების შეუზღუდავად ნახვის უფლების მიცემა, რადგან მათ აქვთ თავიანთი დღის რეჟიმი, რომლის დარღვევაც დაუშვებლად მიაჩნია. იგი თანახმაა ნება დაერთოს მოსარჩელე ა----------–--ეს შვილებთან - მ---- ი-----–---–თან და მ-----– ი-----–---–თან ურთიერთობისათვის სამშაბათს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ოთხშაბათს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბავშვების სწავლის პროცესის შეუფერხებლად და შაბათს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პირველ ნახევარში ა----------–--ეს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს შვილებთან - მ---- ი-----–---–თან და მ-----– ი-----–---–თან, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხე

 

2.2. ა----------–--ის წარმომადგენელი სარჩელს ნაწილობრივ ცნობს. განმარტავს, რომ ის თანახმაა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება ალიმენტის სახით 200-200 ლარის დაკისრებას, მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადან მისი მარწმუნებელი არის უმუშევარი და იმყოფება ამერიკაში. შესაბამისად, შეუძლია გადაუხადოს მის შვილებს ალიმენტის სახით თვეში 75-75 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ა----------–--ე და ბ--- ი-----–---–ი 2008 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 23 მაისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 93).

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16).

 

3.1.2. ა----------–--ეს და ბ--- ი-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2010 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ---- ი-----–---–ი და 2014 წლის 05 ივლისს დაბადებული მ-----–ი ი-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ დაბადების მოწმობები (ს.ფ.17-18 )

 

3.1.3. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან მამასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მ---- ი-----–---–ი სწავლობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის Iბ კლასში, ხოლო მ-----– ი-----–---–ი ირიცხება ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N12 ფილიალის 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ცნობა (ს.ფ. 170).

_ ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2018 წლის 06 თებერვლის N80/03 ცნობა (ს.ფ. 172).

 

3.1.5. ა----------–--ის სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ბავშვის ნახვის დღეები. ასეთი საკითხების გადაწყვეტისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რადგანაც შვილის აღზრდასთან დაკავშირებით ის წარმოადგენს ბავშვთა ინტერესების დამცველ ორგანოს. აღნიშნულის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი, ხოლო 2018 წლის 12 მარტის განჩინებით საქმეში ჩაბმული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 99-100).

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინება (ს.ფ. 218-219).

 

3.1.6. 2018 წლის 05 თებერვლის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნით დგინდება, რომ ბ--- ი-----–---–ის და მისი არასრულწლოვანი შვილების - მ----სა და მ-----–ის საცხოვრებელი მისამართია: ქუთაისი, თოფურიას №55. საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახში ზემოთ მითითებული პირების გარდა ცხოვრობენ ბავშვების ბებია და ბაბუა: მერაბ და ირინე ი-----–---–ები. სახლი უზრუნველყოფილია ყველა სათანადო პირობით, რაც ბავშვების განვითარებისთვისაა საჭირო. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია, სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ბავშვებზე დღის მანძილზე მეთვალყურეობს ძიძა. მეზობლების და სხვა დამატებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ი-----–---–ების ოჯახი ხასიათდება დადებითად.

 

რაც შეეხება არასრულწლოვანებს, მ---- და მ-----– ი-----–---–ებს, ისინი იზრდებიან მზრუნველ გარემოში, მათი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ხელმისაწვდომია განათლება, სამედიცინო მომსახურება, დაცულნი არიან ძალადობისგან. მ---- ი-----–---–ი 21-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. დამრიგებელმა ნ----- ფხაკაძემ განაცხადა, რომ მ---- რეგულარულად ესწრება საგაკვეთილო პროცესს, სკოლაში ცხადდება მოწესრიგებულად, თანაკლასელებთან, პედაგოგებთან ურთიერთობის დროს არ შეინიშნება რაიმე სახის პრობლემა. დამრიგებელმა დადებითად დაახასიათა ბავშვის მამა, მის მიერ განხორციელებული ზრუნვა, განმარტა, რომ ის ყველა საჭიროების შემთხვევაში ეკონტაქტება ბ--- ი-----–---–ს, მშობლის მიერ განხორციელებულ ზრუნვას აფასებს დადებითად. ბავშვის დედის შესახებ განმარტავს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, მხოლოდ ერთხელ ნახა ა----------–--ე.

 

რაც შეეხება მ-----– ი-----–---–ს, ის ჯერ არ დადის საბავშვო ბაღში, დღის მანძილზე მას მეთვალყურეობს ძიძა. ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია, მათი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ბავშვებზე დღის მანძილზე მეთვალყურეობს ძიძა.

 

განხორციელდა არასრულწლოვნების ინტერვიურება ინდივიდუალურად, მ-----–ის ასაკის გათვალისწინებით, მან კითხვებს თავი აარიდა, მ---- უფრო კომუნიკაბელურია, საუბრობს სკოლაზე, თანატოლებზე, ცეკვაზე, დედის ირგვლივ დასმულ კითხვებზე კი პასუხს თავს არიდებს, ამბობს, რომ „არ იცის“. ასევე განმარტავს, რომ მამასთან თავს კარგად გრძნობს, უყვარს და უნდა მამასთან ცხოვრება.

 

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ბ--- ი-----–---–ი ხასიათდება როგორც მზრუნველი მამა, მ---- და მ-----– ი-----–---–ებს კი ბიოლოგიურ ოჯახში შექმნილი აქვთ ყველა პირობა ფიზიკური და გონივრული განვითარებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 05 თებერვლის იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დასკვნა (ს.ფ. 188-189)

 

3.1.7. 2018 წლის 05 მარტის თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნით, დგინდება, რომ ა----------–--ე ცხოვრობს ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი, კორპ. №12, კორპ №5; შენობა №1; ბინა №24. საცხოვრებელი წარმოადგენს კორპუსის ტიპის სამოთახიან ბინას. ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მარტო. საცხოვრებლის საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგებულია, გარემონტებული კეთილმოწყობილი ბინაა.

ანას ინფორმაციით მან 17 წლის ასაკში ბ--- ი-----–---–თან ოჯახი შექმნა 2008 წლის 21 ნოემბერს, ხოლო 2017 წლის აპრილის თვეში დაშორდა მეუღლეს უთანხმოებისა და ხასიათის შეუთავსებლობის გამო. მეუღლის ოჯახიდან წამოვიდა მარტო, ხოლო შვილები მეორე დღეს ოჯახიდან გამოიყვანა მასთან მისმა ძმამ - გაგა ორბელაძემ. ერთი თვის განმავლობაში ბავშვები ცხოვრობდნენ მასთან, ქუთაისში, დედის სახლში. განქორწინება წყვილმა განახორციელა 2017 წლის მაისის თვეში, რა დროსაც სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მათი კეთილი ნებით, ცივილური ურთიერთობის ფორმით ბავშვები სრულფასოვნად იკონტაქტებდნენ ორივე მშობელთან თანაბარი უფლებებით. ამ შეთანხმებით ანამ დაუბრკოლებლად გაუშვა მამასთან ბავშვები სტუმრად, რის შემდგომ მამამ - ბ--- ი-----–---–მა დედასთან აღარ დააბრუნა ბავშვები და დღემდე აფერხებს ბავშვების დედასთან ურთიერთობას და უკრძალავს ანას მათ ნახვას. ა----------–--ის თქმით საპატრულო ეკიპაჟის თანხლებითაც სცადა ბავშვების ნახვა და მათი მამის ოჯახიდან წამოყვანა, რაც უშედეგოდ დასრულდა და მისი ყოფილი მეუღლე არ ითვალისწინებს მისი, როგორც მშობლის უფლებებს. ა----------–--ის საუბრის შედეგად ჩანს, რომ დიდი სიყვარულითა და თბილი ემოციების გამოხატვით სურს განახორციელოს მზრუნველობა შვილებზე. მისი თქმით, იგი დამოუკიდებლად კარგად ართმევს თავს და მომავალშიც კარგად გაართმევს ბავშვებზე ყოველდღიურ ზრუნვას. ა----------–--ის თქმით, მას კარგად აქვს განვითარებული ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევები. იგი თვლის, რომ ბავშვებს მის მიმართ აქვთ ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა და ძლიერი ემოციური კავშირი. ფიქრობს, რომ ბავშვების ასაკიდან გამომდინარე, დედის გვერდით ცხოვრება მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და ჯანსაღი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. ა----------–--ის თქმით, იგი დიდი გულისტკივილით განიცდის მისი ყოფილი მეუღლის საქციელს იმაზე, რომ ბავშვებს განაწყობს დედის წინააღმდეგ და არ აძლევს უფლებას ისინი ნახოს, იკონტაქტოს მათთან და საცხოვრებლად გადმოიყვანოს ოჯახში. სოციალური მუშაკის შეფასებით ა----------–--ე არის მოტივირებული დედა და აქვს უნარი დამოუკიდებლად იზრუნოს შვილებზე მასთან ცხოვრებისას, აქვს უნარი დაუკმაყოფილოს ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისი საჭიროებები სრულფასოვნად. ა----------–--ის ოჯახში არასრულწლოვან მ---- და მ-----– ი-----–---–ებისათვის შექმნილია სტაბილური, თბილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემო.

 

ა----------–--ეს აქვს სტაბილური შემოსავალი, იგი დასაქმებულია „ვი თი ბი“ ბანკში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 640 ლარს, ასევე მას ჰყავს საზღვარგარეთ დედა, რომელიც უწევს ძლიერ თანადგომას და აქვს მისგან ფულადი გზავნილები. იმისთვის, რომ მოხდეს ბავშვების ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბება, მიზანშეწონილია და მნიშვნელოვანია მათ აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, თანაბარი პირობებით. მშობლებმა უნდა იხელმძღვანელონ უპირველესად შვილების ინტერესების გათვალისწინებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 05 მარტის თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნა (ს.ფ. 213-215)

 

3.1.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ა----------–--ის ხელფასის თაობაზე. 2018 წლის 09 იანვრის სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მომართვით დგინდება, რომ ა----------–--ის ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს თვეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ 2018 წლის 09 იანვრის N09/03 მომართვა (ს.ფ. 129)

 

3.1.9. 2018 წლის 09 აგვისტოს ფსიქოლოგ ნინო ლორთქიფანიძის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნით დადგენილია შემდეგი:

 

ურთიერთობები და დამოკიდებულებები ბავშვებსა და მშობლებს შორის.

 

შეფასების პროცესში განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვებს მშობლების მიმართ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება, უყვართ დედაც და მამაც და მათთვის ორივე მშობელთან ურთიერთობა არის ღირებული. მამის საცხოვრებელ სახლში ვიზიტის დროს ბავშვებსა და მამის ურთიერთობებზე დაკვირვებისას ვლინდებოდა მათ შორის არსებული ემოციური კავშირი. ბავშვები ეხუტებოდნენ მამას, მიმართავდენ მას, როდესაც რაიმე საჭიროება ჰქონდათ, მამაც ადეკვატურად რეაგირებდა; იგი ავლენდა პოზიტიური კომუნიკაციის უნარებს - ესაუბრებოდა ბავშვებს მშვიდად, უღიმოდა მათ, მიმართავდა თბილად. ნიშანდობლივია, რომ თავად ბავშვების დედაც, მის ყოფილ მეუღლეს ახასიათებს მზრუნველად და მოსიყვარულე მამად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს და დედას შორის ურთიერთობებზე დაკვირვება განხორციელდა ბავშვებისთვის უცხო გარემოში ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებაში, ბავშვები არ ავლენდნენ რაიმე სახის დაძაბულობას დედასთან შეხვედრისას, ერთადერთი მ-----–ი, დედის მოსვლამდე განუწყვეტლივ ითხოვდა მამისაგან შოკოლადის ყიდვას და ამის გამო ტიროდა, მამამ გაიყვანა მ-----–ი და მცირე ხნის შემდეგ ბავშვი დაწყნარებული შემოიყვანა, მამამ უყიდა ბავშვს ტკბილეული. როდესაც ოთახში დედა შემოვიდა მ---- მივიდა მასთან, მ-----–ი მამას ეჯდა კალთაში, საკუთარი ინიციატივით გაემართა დედისკენ და ჩაეხუტა მას. სამივეს ჰქონდათ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ფიზიკური სიახლოვე, იკვეთებოდა მონატრების განცდისაგან გამოწვეული ემოციურ-ქცევითი რეაქციები, ისინი არ შორდებოდნენ ერთმანეთს, სპეციალისტის თხოვნით მამა გავიდა ოთახიდან და თითქმის 40 წუთის განმავლობაში ბავშვებს არ უკითხავთ იგი. მანამ სანამ მ-----–მა არ დაინახა ფანჯრიდან ეზოში და ითხოვა მასთან გასვლა. ამ მომენტამდე ბავშვები ხალისით ათვალიერებდნენ დედის მოტანილ საჩუქრებს, მ---- უყვებოდა ამბებს, მ-----–ი ეთამაშებოდა დედას, პასუხობდა დედის შეკითხვებს. შეინიშნებოდა დედასა და შვილებს შორის ემოციური კავშირი.

დაკვირვების პროცესმა ცხადყო, რომ არ იკვეთება რაიმე სახის ცალმხრივი მიჯაჭვულობა რომელიმე მშობლის მიმართ, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, როგორც დედასთან ურთიერთობის პროცესში, ასევე მამასთან ურთიერთობისას.

 

ბავშვების დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ სად სურთ ცხოვრება არის ცალსახა - მამის საცხოვრებელი გარემო. მ---- ამბობს, რომ ახლა სახლს აშენებენ, იგულისხმება ფართის კეთილმოწყობა იმავე ეზოში, და იქ იცხოვრებს. სპეციალისტის შეკითხვაზე თუ ვისთან ერთად სურს ცხოვრება ასახელებს ბებიას, ბაბუას (მამის მხარე) მ-----–ს და მამას.

 

შეფასების პროცესში არ გამოვლენილა ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის დამაშორებელი ხასიათის ქცევები, რაიმე სახის ზეგავლენა ბავშვებზე უფროსების მხრიდან, რაც ერთგვარი საფუძველია იმისა, რომ მიუხედავად მშობლების განქორწინებისა, შესაძლებელია ბავშვებს ორივე მშობელთან ჰქონდეთ მყარი, ჯანსაღი კონტაქტი.

 

ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა

 

შეფასების პროცესში არ გამოკვეთილა რაიმე სახის მწვავე სირთულე ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ. ფსიქოლოგთან კომუნიკაციის პროცესში ისინი იყვნენ აქტიურები, ხალისით ერთვებოდნენ საუბარში ნეიტრალურ თემებზე, თუმცა გარკვეულ დაძაბულობას ავლენდნენ როდესაც საუბარი ეხებოდა მშობლებს, განსაკუთრებით ეს დაძაბულობა მ----ს აღენიშნებოდა. საყურადღებოა, რომ ბავშვმა არ წარმოაჩინა მშობლების დაშორების საკითხი, მან ისაუბრა ისე, თითქოს დედა წასულია სამუშაოდ. მშობლების დაშორებისაგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სირთულეზე საუბრობს ბავშვის ბებია (მამის დედა - ირინა ნიჟარაძე), რომელიც წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არ იცის მშობლების განქორწინების, დედასთან განშორების საკითხი, თუ როგორ, რა ფორმით უნდა მიაწოდოს ბავშვებს. სპეციალისტთან ინტერვიუს დროს იგი იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას მ-----–თან მიმართებაში, როდესაც თავად ბავშვმა წამოიწყო დედაზე საუბარი, ბიძაშვილებს ეკითხებოდა: „აბა თუ იცით დედაჩემს რა ქვიაო?“ ირინა ნიჟარაძემ განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო ამ მომენტში ადეკვატური რეაგირება მოეხდინა ბავშვის მიერ დედაზე საუბრის ინიცირებაზე. იკვეთება, რომ ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე არ ხდება ინფორმაციის მიწოდება რაციონალურ კონტექსტში არსებულ მოცემულობაზე; გახსნილად საუბარი მშობლების განქორწინებაზე, მათ ურთიერთობებზე (დედასა და ბავშვებს შორის, მამასა და ბავშვებს შორის, მშობლებს შორის), რაც მნიშვნელოვნად ზრდის მშობლების დაშორებისგან გამოწვეულ სტრესის დონეს, ვინაიდან ბავშვებისათვის მშობლების განქორწინება უკვე თავისთავად მატრამვირებელი მოვლენაა.

 

დასკვნა/რეკომენდაცია

 

მოცემული შეფასების საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

 

გამომდინარე იქედან, რომ მამის საცხოვრებელი სახლი არის ბავშვების - მ---- და მ-----–ის ბუნებრივი გარემო, სადაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ და ამჟამადაც იქ ცხოვრობენ და კარგად გრძნობენ თავს, და ასევე, ის, რომ მათ მამის და მამის ოჯახის წევრების მიმართ აქვთ პოზიტიური და ემოციური დამოკიდებულება. მამა - ბ--- ი-----–---–ი ავლენს მშობლის უნარებს ადეკვატურად დააკმაყოფილოს ბავშვების ფიზიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, ემოციური და სხვა საჭიროებები. რეკომენდირებულია არ შეიცვალოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილი. მით უფრო, რომ ბავშვების სურვილია იცხოვრონ იქ სადაც ამჟამად ცხოვრობენ და მათ აღქმაში ეს სახლი ასოცირდება მათ მომავალთან.

· თუკი გავითვალისწინებთ, იმას, რომ მშობლების განქორწინება არის მატრამვირებელი მოვლენა და ბავშვებთან, განსაკუთრებით მ---- ი-----–---–თან ვლინდება გარკვეული სახის ემოციური სირთულე დედასთან დაშორების მიზეზით და ამავე დროს არ იკვეთება რაიმე სახის ცალმხრივი მიჯაჭვულობა ერთი მშობლის (მამის) მიმართ და ბავშვებისთვის ღირებულია ორივე მშობელთან ურთიერთობა, აუცილებელია აღდგეს დედასთან კონტაქტის შესაძლებლობა. მიუხედავად, მშობლების განქორწინებისა შესაძლებელია ბავშვებს ორივე მშობელთან ჰქონდეთ მყარი, ჯანსაღი კონტაქტი. აუცილებელია, განისაზღვროს დედასთან ურთიერთობის პერიოდები. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ცხოვრობენ და სასწავლო - სააღმზრდელო პროცესში ჩართულები არიან ქუთაისში და დედა ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, შესაძლებელია ნახვის დღეები დაიგეგმოს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესს და ამასთანავე დაკმაყოფილებულ იქნეს ბავშვების დედასთან კონტაქტის ემოციური საჭიროება.

· მნიშვნელოვანია, ბავშვების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიზნით მშობლებმა გაითვალისწინონ შემდეგი:

ესაუბრონ ბავშებს განქორწინების საკითხზე, რომ ეს ცვლილება ცხოვრებაში არანაირად არ გაწყვეტს მისდამი არსებულ სიყვარულსა და კავშირს. რომ ბავშვებს ექნებათ საშუალება იქონიონ ურთიერთობა, როგორც მამასთან და მის ოჯახის წევრებთან, ასევე დედასთან და მის ოჯახის წევრებთან. უზრუნველყონ, ბავშვების ცხოვრებაში ორივე მშობლის ჩართულობა, ეს შეიძლება იყოს საბავშვო ბაღის ზეიმზე ინფორმაციის მიწოდება და მოწვევა, სასწავლო პროცესში მონაწილეობა, ბავშვების რაიმე განსაკუთრებული საჭიროების ან სურვილის ნივთის/საჩუქრის შეძენა შეთანხმებით და სხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 09 აგვისტოს ფსიქოლოგ ნინო ლორთქიფანიძის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა (ს.ფ. 283-289).

 

3.1.10. დადგენილია და მხარეთათვის სადავო არაა, რომ მოსარჩელე ა----------–--ე იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სასამართლოს სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეთათვის სადავო არ არის. სადავოა კონკრეტული საკითხი, თუ რომელ დღეებში და რა ინტენსივობით უნდა მოინახულოს დედამ შვილები და რა ოდენობით უნდა მოხდეს ალიმენტის განსაზღვრა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ბ--- ი-----–---–ის შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- ბავშვის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია.

- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის მესამე ნაწილით, მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების სრულყოფილი აღზრდის მოვალეობა ეკისრებათ პირველ რიგში მშობლებს. მათ ყველა კანონიერი გზა უნდა გამონახონ შვილების სულიერი და მატერიალური უზრუნველყოფისათვის. ამ მხრივ დედასა და მამას აქვთ თანაბარი უფლებები. ა----------–--ე და ბ--- ი-----–---–ი ერთად არ ცხოვრობენ. მათი საერთო შვილები იზრდება მამასთან. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე მხარეებს დავა უკვე აღარ აქვთ, რადგან ა----------–--ე თანახმაა შვილების საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული იქნეს მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ---- და მ-----–ი ი-----–---–ები ცხოვრობენ მამასთან. დადგენილია, რომ ის წინააღმდეგია დედამ ბავშვები ნახოს შეუზღუდავად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ ამტკიცებს, რომ ზოგადად მოსარჩელესთან ურთიერთობა ხელს შეუშლის არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას მოახდენს მასზე. ბ--- ი-----–---–ი არ ეთანხმება მისი შვილების შეუზღუდავად ნახვის უფლებას.

 

6.3. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციას. კერძოდ - ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან შვილის ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ მშობლები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.

 

სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72).

 

6.4. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე ა----------–--ემ ვერ დაადასტურა, რომ მიზანშეწონილია არასრულწლოვანი შვილების ნახვა შეუზღუდავად, რადგან ბავშვებს აქვთ თავისი დღის რეჟიმი, რომლის დარღვევაც არ უნდა მოხდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განისაზღვრება მშობლის მოვალეობები შვილის მიმართ. ამ მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილების თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

კანონის აღნიშნული ნორმების ანალიზით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის უმთავრესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სწორედ მშობელს ეკისრება. მშობელია უფლებამოსილი – ბავშვთან დაკავშირებით მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიჩნევს, ბავშვის ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით, ყველაზე უფრო მიზანშეწონილად და გამართლებულად.

 

6.5. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მეცხრე მუხლით ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ მოემსახურება ბავშვთა ინტერესებს”.

 

6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მოხმობილი სამოქალაქო კოდექსის ნორმები და ამ ნორმათა მსგავსად არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, მიმართულია ბავშვთა ინტერესების დაცვისკენ, რაც საერთო ჯამში მიმართულია ბავშვთა სწორად, მიზანმიმართულად და პროგრესულად აღზრდისაკენ.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში, დედა ითხოვს სასამართლომ განუსაზღვროს შვილებთან ურთიერთობის დღეები, როგორც წესი ბავშვის მამამ არ უნდა შეზღუდოს დედამ მოინახულოს შვილები და მისცეს ის სულიერი საზრდო, რაც ჭირდება ბავშვს ბუნებით ნათესავებისგან.

 

6.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვების ნახვისა და მათთან ურთიერთობის დღეები უნდა დაიყოს შემდეგნაირად:

 

ნება დაერთოს მოსარჩელე ა----------–--ეს შვილებთან - მ---- ი-----–---–თან და მ-----– ი-----–---–თან ურთიერთობისათვის სამშაბათს - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ოთხშაბათს - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბავშვების სწავლის პროცესის შეუფერხებლად და შაბათს - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პირველ ნახევარში ა----------–--ეს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს შვილებთან - მ---- ი-----–---–თან და მ-----– ი-----–---–თან, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მართალია სასამართლომ ა----------–--ეს დაუწესა შვილების ნახვისა და ურთიერთობის დღეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მას, რომ ა----------–--ეს მხოლოდ ამ დღეებში აქვს შვილების მონახულების უფლება. მას შვილების ნახვა და მათთან ურთიერთობა შეუძლია ნებისმიერ დროს. ამისათვის აუცილებელია მხარეებმა გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა. შესაბამისად, ამ სიკეთის წყალობით შვილებთან ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ შვილებთან ურთიერთობაში. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დღეების დაცვა მაშინ იქნება სავალდებულო და აუცილებელი, თუ მხარეები არ გამოიჩენენ ერთმანეთის პატივისცემას, შვილების აღზრდის მოვალეობისადმი სწორ დამოკიდებულებას, კულტურას და მაღალ შეგნებას და ერთმანეთს არ მისცემენ შვილებთან ურთიერთობის საშუალებას.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ მამასთან, ბ--- ი-----–---–თან და მის მშობლებთან ერთად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - მ---- ი-----–---–ის და მ-----–ი ი-----–---–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

მოპასუხე ა----------–--ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 75-75 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ის არის უმუშევარი, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 120-120 ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 22 დეკემბრიდან, მ---- ი-----–---–ის და მ-----–ი ი-----–---–ის სრულწლოვანებამდე.

 

6.10. მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რადგან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სრულად ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა მოთხოვნა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ, რისთვისაც მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ის მოთხოვნა იყო ალიმენტის დაკისრება და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

ალიმენტის ნაწილში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის და სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის მიხედვით. კერძოდ:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით; ვინაიდან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) ა----------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ მას უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) ბ--- ი-----–---–ის მოთხოვნა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე სრულად ცნო მოპასუხემ, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

7.2. მოსარჩელე ა----------–--ე მოითხოვს მოპასუხე ბ--- ი-----–---–მა აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. ასევე მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ი ითხოვს მოპასუხე ა----------–--ემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოსარჩელე ა----------–--ე მოითხოვს მოსარჩელის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ბ--- ი-----–---–ი მოითხოვს 800 ლარის ანაზღაურებას. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ბ--- ი-----–---–ს მოსარჩელე ა----------–--ეს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 400 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ა----------–--ეს მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 400 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ნება დაერთოს მოსარჩელე ა----------–--ეს შვილებთან - მ---- ი-----–---–თან (დაბადებული: 2010 წლის 21 ნოემბერს) და მ-----–ი ი-----–---–თან (დაბადებული: 2014 წლის 5 ივლისს) ურთიერთობისათვის სამშაბათს - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ოთხშაბათს - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბავშვების სწავლის პროცესის შეუფერხებლად და შაბათს - 11:00 საათიდან 17:00 საათამდე. ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პირველ ნახევარში ა----------–--ეს მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს შვილებთან - მ---- ი-----–---–თან და მ-----– ი-----–---–თან 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოპასუხე ბ--- ი-----–---–ს მოსარჩელე ა----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 400 ლარის ოდენობით.

4. ბ--- ი-----–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. განისაზღვროს არასრულწლოვნების - მ---- ი-----–---–ის (დაბადებული: 2010 წლის 21 ნოემბერს) და მ-----–ი ი-----–---–ის (დაბადებული: 2014 წლის 05 ივლისს) საცხოვრებელ ადგილად მამის - ბ--- ი-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი.

6. მოპასუხე ა----------–--ეს თავისი არასრულწლოვანი შვილების - მ---- ი-----–---–ის (დაბადებული: 2010 წლის 21 ნოემბერს) და მ-----–ი ი-----–---–ის (დაბადებული: 2014 წლის 05 ივლისს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 120-120 ლარი, სულ 240 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

7. მოპასუხე ა----------–--ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

8. მოპასუხე ა----------–--ეს მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 400 ლარის ოდენობით.

9. მოსარჩელე ბ--- ი-----–---–ს დაუბრუნდეს აკაკი ხვედელიძის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22, (გადამხდელი: აკაკი ხვედელიძე, გადახდის თარიღი: 08 თებერვალი, 2018 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი“, რეფერენსი -1914677913).

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა