გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
330210018002621583
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26271 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - გ----------------ა

წარმომადგენელი - მ------------ე

მოპასუხე - ე----------------ი

წარმომადგენელი - გ-------–------–--ე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ----------------ას (დაბადებული: 1-----–-–------------------ს, პირადი N-----------, ქორწინებამდელი გვარი ,,ა-–---ა“) და ე----------------ს (დაბადებული: 1-----–-–----------------–ს, პირადი N-----------) შორის, 2-----–-–---------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, სააქტო ჩანაწერი N-----------;

 

1.2. მოპასუხე ე----------------ისათვის არასრულწლოვანი შვილების: ვ--–--------------ის (დაბადებული: 2----–-–-----------ს) და ა------------ას (დაბადებული: 2----–-–---------–--ს) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, 300-300 (სამას სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 07 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე გ----------------ა და ე----------------ი 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------------დან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ვ--–--------------ი (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ა------------ა (დაბადებული 2----–-–---------–--ს). მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერიც. მოპასუხე ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ, რა დროსაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მოსარჩელე მხარეს. გ----------------ა იძულებული გახდა, არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო ქირით სხვა მისამართზე. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 ლარს. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია, თუმცა მისი შემოსავალი არ არის საკმარისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის. არასრულწლოვან ბავშვებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც, მათ მკურნალობა ჩაუტარდათ საზღვარგარეთ. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე მხარე ვალდებულია, ზრუნავდეს და მატერიალურად სტაბილურად ეხმარებოდეს არასრულწლოვან შვილებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას მოსარჩელე გ----------------ასთან განქორწინების თაობაზე.

2.2. მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. მას არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, გადაიხადოს ალიმენტი მოთხოვნილი ოდენობით. მოპასუხე ე----------------ი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის დაეხმარება არასრულწლოვან შვილებს. მოპასუხე თანახმაა, ორივე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით სულ 100 (ასი) ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ----------------ა და ე----------------ი 2004 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2----–-–---------------ს. მხარეებს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: ვ--–--------------ი (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ა------------ა (დაბადებული 2----–-–---------–--ს)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16-17);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ.18-19);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ.20-21);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე გ----------------ას და მოპასუხე ე----------------ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. გ----------------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მხარეებს, გ----------------ას და ე----------------ს შორის, დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე ე----------------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერები 2017 წლის 16 დეკემბერს და 2018 წლის 16 აგვისტოს 30 (ოცდაათი) დღის ვადით; შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ ე----------------ი თავის მეუღლეზე, გ----------------აზე, ოჯახური ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ----------------ას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

- 16.08.2018 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 61).

- 16.12.2018 წელს გაცემული შემაკავებელი ორდერის ოქმი N------ (ს.ფ. 46-50).

- შპს ,----------------–--- მიერ 16.12.2017 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 50).

 

3.1.4. მოპასუხე ე----------------მა, 2018 წლის 05 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფ-------–------------–----------------------------------------------- გაასხვისა ს--------------ზე და ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი, 23.01.2018 (ს.ფ. 51);

- 2018 წლის 05 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 52-53).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.02.2018 (ს.ფ. 54).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ----------------ას 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 346.25 ლარს, თებერვლის თვეში - 593.08 ლარს, მარტის თვეში - 595.31 ლარს, აპრილის თვეში - 587.93 ლარს, მაისის თვეში - 648.75 ლარს, ივნისის თვეში - 624.96 ლარს, ივლისის თვეში - 618.61 ლარს და აგვისტოს თვეში - 865.41 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების 2018 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 77-79).

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ე----------------ს 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 504.8 ლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მოპასუხე ე----------------ს 2018 წლის იანვრის თვიდან არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება. ე----------------ის განმარტებით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების (მიიღო ხერხემლის დაზიანება) გამო, არ შეუძლია ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამიტომ, მოცემული ეპატისთვის იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების 2018 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 77, 80).

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2.3. არასრულწლოვან ვ--–--------------ს და ა------------ას აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვ--–--------------ის დიაგნოზია: ,,ბარძაყის ძვლის არასრულწლოვნების ოსტეოქონდროზი“. მას აწუხებს ტკივილები ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. რენტგენოლოგიურად გამოხატულია ორმხრივი პერტესის დაავადება. მას ჩატარებული აქვს სამედიცინო გამოკლევები და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. არასრულწლოვან ა------------ას აქვს მხედველობის პრობლემა, იგი ატარებს სათვალეს და მისი მკურნალობა ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან.

არასრულწლოვანი ვ--–--------------ი გარკვეული პერიოდი მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,----------------––-- 30.04.2014 წელს ჩატარებული ბარძაყის სახსრის რენტგენოგრაფიის შედეგები (ს.ფ. 22-25);

- შპს ,-----–---–------–-----–--------–----------------------- მიერ 05.05.2014 წელს გაცემული ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 26-32);

- ა------------ას ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------, ქვითრები (ს.ფ. 33 -37).

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2.4. არასრულწლოვანი ბავშვები, ვ--–--------------ი და ა------------ა სწავლობენ საჯარო სკოლაში. ისინი მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ასევე, ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ე----------------მა ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

გ----------------ა და ე----------------ი დაქორწინდნენ 2010 წლის 28 ნოემბერს. მხარეები მანამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ვ--–--------------ი (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ა------------ა (დაბადებული 2----–-–---------–--ს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეებს, გ----------------ა და ე----------------ი შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

 

მოპასუხე ე----------------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი, გ----------------ას და ე----------------ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე გ----------------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: ვ--–--------------ი (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ა------------ა (დაბადებული 2----–-–---------–--ს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ----------------ას და ე----------------ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. გ----------------ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს. მოსარჩელე გ----------------ა დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, გ----------------ას 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 346.25 ლარს, თებერვლის თვეში - 593.08 ლარს, მარტის თვეში - 595.31 ლარს, აპრილის თვეში - 587.93 ლარს, მაისის თვეში - 648.75 ლარს, ივნისის თვეში - 624.96 ლარს, ივლისის თვეში - 618.61 ლარს და აგვისტოს თვეში - 865.41 ლარს.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვან ვ--–--------------ს და ა------------ას აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვ--–--------------ის დიაგნოზია: ,,ბარძაყის ძვლის არასრულწლოვნების ოსტეოქონდროზი“. მას აწუხებს ტკივილები ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში. რენტგენოლოგიურად გამოხატულია ორმხრივი პერტესის დაავადება. მას ჩატარებული აქვს სამედიცინო გამოკლევები და ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. ამასთან, ა------------ას აქვს მხედველობის პრობლემა, იგი ატარებს სათვალეს და მისი მკურნალობა ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან.

 

არასრულწლოვანი ვ--–--------------ი გარკვეული პერიოდი მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსარჩელე მხარეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდაში მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც სამუშაოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მასაც მოუწია საქართველოში დაბრუნება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახდების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, ე----------------ს 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 750 ლარს, მარტის თვეში - 625 ლარს, აპრილის თვეში - 500 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 504.8 ლარს.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მოპასუხე ე----------------ს 2018 წლის იანვრის თვიდან არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება. ე----------------ის განმარტებით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების (მიიღო ხერხემლის დაზიანება) გამო, არ შეუძლია ფიზიკური სამუშაოების შესრულება, ამიტომ მოცემული ეპატისთვის იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. თუმცა მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოპასუხე მხარე თანახმაა, ორივე შვილის ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 100 (ასი) ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათის უნდა იქნეს დადგენილი. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ვ--–--------------ი და ა------------ა სწავლობენ საჯარო სკოლაში. ისინი, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, ასევე, ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 100-100 (ასი-ასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე გ----------------ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე ე----------------მა სარჩელი, განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ე----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ქორწინება გ----------------ას (დაბადებული: 1----–-–------------------ს, პირადი N-----------) და ე----------------ს (დაბადებული: 1----–-–----------------–ს, პირადი N-----------) შორის, რეგისტრირებული 2----–-–---------------ს, აქტის ჩანაწერი N-----------.

 

3. მოპასუხე ე----------------ს (პირადი N-----------), დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: ვ--–--------------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს, პირადი N-----------) და ა------------ას (დაბადებული 2----–-–---------–--ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 100-100 (ასი - ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 06 ნოემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

4. გ----------------ას (პირადი N-----------) დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 05 სექტემბერს მ------------ის (პირადი N-----------) მიერ, სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (ანგარიშის N300773150).

 

5. მოპასუხე ე----------------ს (პირადი N-----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა