გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
330210018002639800
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/27382-18

330210018002639800

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - სო-------------–--ე

წარმომადგენელი - მა-----–--–--ა

მოპასუხე - შპს „სა-----–------–---------–---------ი“

წარმომადგენელი - თა----------------ა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს სახელფასო დავალიანების სახით 1027 ლარის ანაზღაურება;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 2018 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 1027 ლარის 0,07%-ის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

მხარეებს შორის, 2016 წლის 01 თებერვალს, დაიდო შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა ექიმ ლაზეროთერაპევტის თანამდებობაზე. 2016 წლის 01 თებერვლიდან იმავე წლის 10 აგვისტომდე სო-------------–--ე კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელემ მოპასუხესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

2016 წლის ყოველი თვის 5-10 რიცხვამდე მოსარჩელეს უნდა დარიცხოდა ხელფასი 644,05 ლარის ოდენობით, მაგრამ დაერიცხა მხოლოდ 200 ლარი, 444,05 ლარი კი არ იქნა ანაზღაურებული. ასევე, სო-------------–--ეს უნდა მიეღო 2016 წლის ივლისის 504.87 ლარი და აგვისტოს თვის 78.10 ლარი. მოპასუხემ მას გაურკვეველი მიზეზით დაუქვითა ზემოაღნიშნული პერიოდის ხელფასი.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სახელფასო დავალიანების არსებობა დადასტურებულია იმავე მხარეებს შორის, თბილისისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 09/03/2018წ. გამოტანილი გადაწყვეტილებით (საქმე N2/24516-16).

მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება ჯამში, 1027 ლარის ოდენობით, ასევე ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის 1027 ლარის 0.07%-ის ოდენობით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელემ დააზუსტა 2018 წლის 14 დეკემბერის სასამართლოს მთავარ სხდომაზე).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოპასუხის ხარჯებით, მოსარჩელემ გაიარა შესაბამისი სამედიცინო სწავლების კურსი, რის შედეგადაც სო-------------–--ე ჩამოყალიბდა როგორც ლაზერული ეპილაციის სპეციალისტი.

2016 წლის ივლისის თვეში, დასაქმებულმა განაცხადა, რომ მას სურდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა და დაკისრებული უფლება- მოვალეობებისაგან განთავისუფლება. ვინაიდან დასაქმებულის მხრიდან ცალმხრივად, ვადაზე ადრე მოხდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, დასაქმებულმა მიიღო გადაწყვეტილება აენაზღაურებინა ის ხარჯი რაც, მან გასწია მოსარჩელის კვალიფიციური კადრად მომზადებისთვის. სწორედ ზემოაღნიშნული იყო საფუძველი იმისა, რომ დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდა გარკვეული თანხა.

2018 წლის 14 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება სარჩელით განსაზღვრული ოდენობით სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის 2016 წლის 01 თებერვალს დაიდო შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა ექიმ ლაზერო-თერაპევტის თანამდებობაზე.

2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 2016 წლის ივნისის ხელფასის ნაწილი 444,05 ლარი, ასევე ამავე წლის ივლისისა და აგვისტოს ხელფასები. სულ, ჯამში, 1027 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 15-19);

- 10/08/2016წ. ბრძანება (ს.ფ.20);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის ხელფასის დაკავების საფუძველი (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები: 15-19);

- 10/08/2016წ. ბრძანება (ს.ფ.20);

- თბილისისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09/03/2018წ. გადაწყვეტილების ასლი (საქმე N2/24516-16) (ს.ფ.-ები: 21-27).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის (227-228-ე მუხლები), საქართველოს შრომის კოდექსის პირველი,მე-2, 31-ე, 33-34-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1, 317.1, 319.1, 327.1-2 მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-131-ე მუხლებით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, შპს „ლა--------–----------მა“ წერილობითი შესაგებლითა და 2018 წლის 14 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტებაში აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელისათვის არ აქვს ანაზღაურებული 2016 წლის ივნისის ხელფასის ნაწილი 444,05 ლარი, ასევე, ამავე წლის ივლისისა და აგვისტოს ხელფასები - 504.87 და 78.10 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 1027 ლარს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ სამედიცინო სწავლების კურსის ღირებულების ანგარიშში გაქვითვის გამო, მას არ ეკისრება მოსარჩელის წინაშე მითითებული სახელფასო დავალიანების გადახდა, ვინაიდან მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე ეკისრებოდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება, დასახელებული საფუძვლით, 1027 ლარის ოდენობით.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ დაარღვია საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებითა და 34-ე მუხლით, ასევე მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტითა და პირველი მუხლის 1.8.-1.11 პუნქტებით დადგენილი შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, საბოლოო ანგარიშსწორების ვალდებულება, რის გამოც მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი ხელფასის სახით, 1027 ლარის ანაზღაურება.

 

6.2. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 10 აგვისტოდან. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლით, მოპასუხე ვალდებული იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 დღისა, მოსარჩელესთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება - გადაეხადა სახელფასო დავალიანება 1027 ლარის ოდენობით, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 1027 ლარის 0.07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ყოვნდება (იხ. საქ. უზ.სას. 27/10/2016წ. განჩინება საქმეზე Nას-268-255-2016).

 

რამდენადაც საქმეზე უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 10 აგვისტოს, ხოლო დაყოვნებული ხელფასი შეადგენს 1027 ლარს, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის 0.07%-ის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2018 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. სასამართლო ხარჯები

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე, განაცდური ხელფასისა და სხვა ანაზღაურების ნაწილში, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. სო-------------–--ის (პ.ნ.0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, შპს „სა-----–------–---------–--------ს“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, სო-------------–--ის (პ.ნ.0----------) სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით, დაეკისროს 1027 (ათასოცდაშვიდი) ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. მოპასუხე, შპს „სა-----–------–---------–--------ს (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, სო-------------–--ის (პ.ნ.0----------) სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 1027 (ათასოცდაშვიდი) ლარის 0.07 პროცენტის გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2018 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

4. მოპასუხე, შპს „სა-----–------–---------–--------ს“ (ს.ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი