გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
190210118002536305
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2063-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.11.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს ”ე------–----------------------–-------ი”

წარმომადგენლები დავით კიკალიშვილი, თინათინ ცხვედიანი

მოპასუხე შპს ”ფ---–---ი”

წარმომადგენლები შორენა ძინძიბაძე

დირექტორი გიორგი ფ---–---იშვილი

დავის საგანი ნასყიდობის საფასურის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ”ფ---–---ისათვის“ 412 700 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის გარემოებები:

 

2017 წლის 22 სექტემბერს სს ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის საქართველოს ფილიალსა და შპს "ფ---–---ს" შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელის სახელით ხელშეკრულება დადო მისმა ფილიალმა საქართველოში ,,ენკა ინსაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში". ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მყიდველის მიერ გამყიდველისგან ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული გადასამუშავებელი ნარჩენი პროდუქტების, კერძოდ, სპილენძის კაბელის ნარჩენი (ჯართი) პროდუქტების, ამავე ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ფასად და პირობების შესაბამისად შეძენა.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად განსაზღვრული იყო ნასყიდობის საგნის ფასი, კერძოდ მიწოდებული სპილენძის კაბელის ნარჩენი განისაზღვრა კაბელის 1კგ-5 ლარი, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად კი, მყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა გამყიდველის ყველა ინვოისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა თავის ვალდებულებას და მოპასუხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მრავალჯერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია. კერძოდ, 2017 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში, მოსარჩელეს განხორციელებული აქვს 17 მიწოდება, რომლითაც აწვდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციას, ხოლო ფასის გამოთვლა ხდებოდა ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად. მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა თავის ვალდებულებას და საერთო ჯამში მოპასუხისათვის მიწოდებული აქვს 631,950 ლარის პროდუქცია. მოპასუხეს კი გადახდილი აქვს მიწოდებული პროდუქციის საფასურის მცირე ნაწილი კერძოდ მოპასუხემ გადაიხადა 219 250 ლარი. დღეის მდგომარეობით დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 412 700 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს ”ფ---–---ი” სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:

 

მოსარჩელისაგან პროდუქციას იღებდა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. თავდაპირველად მიწოდებული პროდუქცია დამაკმაყოფილებელი ხარისხის იყო, თუმცა პროდუქციის უმეტესი ნაწილი უხარისხო აღმოჩნდა, მას ფერადი ლითონების მცირე შემცველობა ჰქონდა, რის გამოც მისი გადამუშავება კომერციულად წამგებიანი იყო. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ შესყიდული ჯართის ღირებულება იყო საშუალოდ 1.65 ლარი. პროდუქციის უხარისხობის გამო შეწყვიტა ხელშეკრულება, რის შესახებ 2017 წლის დეკემბერში აცნობა მოსარჩელეს. ნივთის ნაკლის აღმოჩენა მხოლოდ მისი გადამუშავების შემდეგ იყო შესაძლებელი, რის გამოც 352-ე მუხლის საფუძველზე მას ნასყიდობის საფასურის გადახდა არ ეკისრება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გარემოებების შესახებ მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეებს შორის გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მოსარჩელისგან წამოიღო კაბელის ნიმუშები, რაც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ამის შემდეგ მოსარჩელემ შეატყობიანა, რომ ხელშეკრულების ტექსტი მზად იყო და მოითხოვეს მეორე დღეს ხელმოწერა. ხელშეკრულება ქართულ და ინგლისურ ენებზეა შედგენილი. ქართულ ტექსტში გაეცნო, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებოდა ინგლისურენოვან ტექსტს, თუმცა შპს „ფ---–---ის“ დირქტორმა ინგლისური ენა არ იცის და ინგლისურ ტექსტს არ გაცნობია და ვერც ივარაუდებდა, რომ ხელშეკრულების ტექსტებში რაიმე სხვაობა იქნებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 სექტემბერს სს „სს ”ე------–----------------------–-------ს” და შპს „ფ---–---ს“ შორის წერილობით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება GE303-000-SA-AGR-0009-000, რომლის საგანია მოპასუხისათვის გადასამუშავებელი ნარჩენი პროდუქტების კერძოდ, სპილენძის კაბელის ნარჩენის (ჯართი) მიწოდება. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 1 წელი. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მიწოდებული პროდუქციის ღირებულებაა 1 კგ - 5 ლარი. ხელშეკრულება ორენოვანია და შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხელშეკრულების 5.7 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თაბარი სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ორ ასლად ქართულ და ინგლისურ ენებზე, კონტრაქტის თითო ასლი გადაეცემა შესაბამის მხარეებს. ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას.

ხელშეკრულების 5.4 პუნქტის ქართულ ტექსტში მითითებულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არაექსკლუზიური ხასაითიასაა,. ორივე მხარე იტოვებს უფლებას, შეიძინოს სხვებისაგნ და მიყიდოს სხვებს ნარჩენი პროდუქტები. ამასთან, მყიდველი არ არის თავისუფალი უარი თქვას ნარჩენი პროდუქტების მიღებაზე გამყიდველისაგან წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად. მყიდველს უფლება აქვს გადაწონოს მიღებული პროდუქტი ჩამოტვირთვის დროს გამყიდველის თანდასწრებით და წონაში ცდომილების შემთხვევაში ჩასწორდეს ზედნადები.

ხელშეკრულების 5.4 პუნქტის ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არაექსკლუზიურია. ორივე მხარე ინარჩუნებს უფლებას იყიდოს სხვებისაგან და მიყიდოს სხვებს ნარჩენი პროდუქცია, თუმცა მყიდველს არა აქვს უფლება უარი თქვას გამყიდველის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნარჩენი პროდუქციის მიღებაზე, გამყიდველი არ აძლევს მყიდველს გარანტიას მყიდველისათვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ნარჩენი პროდუქციის რაოდენობასთან ან ხარისხთან დაკავშირებით. მყიდველი უფლებამოსილია აწონოს მიღებული ნარჩენი პროდუქცია გადმოტვირთვის დროს გამყიდველის თანდასწრებით, ხოლო წონის ცდომილების შემთხვევაში ინვოისი უნდა დაკორექტირდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ.23-28. ტომი 1)

- ხელშეკრულების თარგმანი (ს.ფ 185-187. ტომი 1)

 

3.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში შპს ფ---–---მა მოსარჩელისაგან მიიღო 126 500 კგ კაბელის ნარჩენი, რომლის მიღების შესახებ შედგენილია სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ამ დოკუმენტებში მითითებულია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ჯამურად 631,950 ლარი. მოპასუხემ გადაიხადა მიღებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი 219 250 ლარი. მიღებული საქონლის ნაწილი მყიდველმა გაასხვისა მესამე პირებზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით არ გამოუყენებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედნადებების ასლები (ს.ფ. 29-45. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-10. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 96-101. ტომი 1)

 

3.1.3. 2017 წლის 28 დეკემბერს მყიდველმა შპს ფ---–---მა გამყიდველს სს სს ”ე------–----------------------–-------ს” წერილობით აცნობა, რომ ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას და უარი განაცხადა მიღებული პროდუქციის ღირებულების გადახდაზე. წერილში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ შეძენილი საქონლის გადამუშავებისას დადგინდა, რომ გამყიდველის მიერ მიწოდებული საქონელი არ იყო ხარისხიანი, გადამუშავების შემდეგ რაოდენობით გამოდიოდა ძალიან ცოტა და არათუ მყიდველს რჩებოდა მოგება, არამედ ვერ აკმაყოფილებდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტში მითითებულ თანხას (აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტრანსპორტირებას და გადამუშავებას ჰქონდა თავისი ხარჯი). მოპასუხის ინიციატივით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა შესყიდული კაბელების 18 ნიმუშს და 2017 წლის 15 დეკემბრის დასკვნით დადგინა კაბელში სპილენძის, ალუმინის, ფოლადი მავთულების და იზოლაციის პროცენტული შემცველობა. 2017 წლის 25 დეკემბრის დასკვნით შეფასდა თითოეული კაბელის ნიმუშის ღირებულება.

 

დასკვნების მიხედვით, განსაზღვრულია კაბელის დიამეტრი, პლასტმასის ფერი, კაბელის გრძივი მეტრის მასა, შემადგენელი ფოლადის მასა, შემადგენელი სპილენძის მასა, შემადგენელი ალუმინის მასა და გრძივი მეტრის საბაზრო ღირებულება. კაბელების საშუალო საბაზრო ღირებულებაა 1,65 ლარი. დასკვნის მიხედვით, კვლევა ჩაუტარდა თბილისში, გ. ნადარეიშვილის N14-ში მდებარე კომპანია ენკადან აღებული კაბელის ნარჩენებს.

დასკვნაში მოცემულია შემდეგი ცხრილი

 

ნიმუშის N კაბელის დიამეტრი მმ პლასტამისის ფერი კაბელის გრძივი მეტრის მასა შემადგენელი ფოლადის მასა შემადგენელი სპილენძის მასა შემადგენელი ალუმინის მასა სულ გრძივი მტრის საბაზრო ღირებულება, ლარი

1 35 ლურჯი 848 159,8 22 - 0,35

2 35 თეთრი 1717 840 - - 0,36

3 30 წითელი 1543,9 - 602,2 221,1 8,33

4 40 ლურჯი 2365,3 597,1 404,4 - 5,43

5 45 თეთრო 3003,3 763,7 560 - 7,5

6 26 მწვანე 1117,1 660,8 - - 0,28

7 20 თეთრი 638,9 279,8 2,2 - 0,15

8 28 ლურჯი 1168 733,3 40 - 0,83

9 22 მწვანე 640,5 223 100 - 1,38

10 18 შავი 475,6 228,6 0,4 - 0,10

11 20 ცისფერი 592,7 331,5 4,6 - 0,20

12 18 შავი 553,5 173,7 101,1 - 1,37

13 20 ნაცისფერი 569,9 250,8 43,6 - 0,67

14 16 შავი 452,8 238,2 - - 0,10

15 15 შავი 241 - 52,2 - 0,67

16 20 ცისფერი 549 196,3 3 - 0,12

17 16 შავი 390,5 166,8 - - 0,07

18 13 თეთრი 300 133 38,1 - 0,54

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე, 380-ე, 327-ე, 52-ე, 337-ე, 497-ე, 352-ე, ,491-ე, 492-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა თავისი არსით არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ითვალისწინებს სამშენებლო პროდუქციის ნარჩენის – ელექტროკაბელების ნარჩენი პროდუქციის ე.წ. ჯართის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება.

 

გამყიდველმა (მოსარჩელე) ეს ვალდებულება შეასრულა, იგი 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პერიოდულად აწვდიდა, ხოლო მყიდველი მოპასუხე იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროდუქციას. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რაც მყიდველმა სრულად არ გადაიხადა იმ მიზეზით, რომ მიღებული პროდუქცია უხარისხო იყო.

 

მოპასუხე პროდუქციის ნაკლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მასში სპილენძის შემცველობა იყო მცირე, რის გამოც ბაზარზე ასეთი პროდუქციის ღირებულებაა 1 კგ 1.65 ლარი და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით გამოყენების, მისი გადამუშავების შედეგად სპილენძის მცირე რაოდენობა მიიღებოდა, რის გამოც მყიდველისათვის ხელშეკრულება კომერციულად არ იყო მომგებიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.

 

ამავე კოდექსის 488-ე მუხლის მიხედვით, 1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

 

ამდენად, გამყიდველის მთავარი ვალდებულებაა მყიდველს გადასცეს უნაკლო, ხარისხიანი ნივთი. შესაბამისად, ნაკლიანი ნივთის გადაცემა მყიდველის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი დარღვევაა.

 

ნივთობრივი ნაკლის განსაზღვრის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, რადგან 488-ე მუხლის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. შესაბამისად, უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის მყიდველისათვის შეთავაზებული ან მიწოდებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ხარისხის.

 

ამ შემთხვევაში მხარეებს შორის წერილობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნასყიდობის საგნის კონკრეტულ ხარისხზე მითითებას არ შეიცავს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მყიდველი თანახმაა შეიძინოს გამყიდველისაგან ამ უკანასკნელის მიერ წარმოებული გადასამუშავებელი ნარჩენი პროდუქტები, კერძოდ, სპილენძის კაბელის ნარჩენი (ჯართი) პროდუქტების წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ფასად და პირობების შესაბამისად. 2,1 მუხლის მიხედვით, მყიდველმა უნდა მიიღოს გამყიდველის მიერ მიწოდებული ნარჩენი პროდუქტები და გადაამუშავოს ისინი საერთაშორისო გადამუშავების სტანდარტების და საუკეთესო სამრეწველო პრაქტიკის შესაბამისად. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომ კაბელების ნარჩენი პროდუქცია განკუთვნილია შემდგომი გადამუშავებისათვის, მისგან ფერადი ლითონის სპილენძის მისაღებად.

 

488-ე მუხლიდან გამომდინარე, საგნის ხარისხზე მხარეთა შეთახმების არარსებობის შემთხვევაში უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული მიზანი, რადგან ამ ნორმის მე-2 წინადადების მიხედვით, თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ნასყიდობის საგანი განკუთვნილია შემდგომი გადამუშავებისათვის - კაბელის გადამუშავების შედეგად მყიდველს უნდა მიეღო სპილენძი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლიდან გამომდინარე ნივთის ხარისხიანობის განმსაზღვრელი ერთერთი კრიტერიუმია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგისიანობა ან ზოგადად ამგვარი საგნის დანიშნულების გამოყენებისათვის, მისი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგისიანობა.

 

სამოქალაქო კოდექსი 488-ე მუხლის ნივთის ნაკლს ორ კატეგორიად ყოფს და მიჯნავს ნივთის თვისობრიობას (ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგისიანობა) ნივთის გამოყენებადობისაგან (ნივთის ხელშეკრულების გათვალისწინებული სარგებლობისთვის ვარგისიანობა).

 

ნივთის თვისობრიობა, არსებული განმარტებების თანახმად, არის ბუნებრივი თვისებების ერთობლიობა, როგორიცაა მასალა, მდგომარეობა, გამძლეობა, ვარგისიანობის ვადა, მდებარეობა, მოცულობა, ზომა, ტექნიკური მონაცემები და სხვა. ნივთის თვისობრიობად შეიძლება ასევე ჩაითვალოს ნივთის ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური, ფაქტობრივი და სამართლებრივი ფაქტორები. ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ თვისებად უნდა ჩაითვალოს საცდელი და სამაგალითო (ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნიმუშის ან სინჯის შესაბამისი) ეგზემპლარების თვისებები. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზანი შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ ნივთის ჩვეულებრივი სარგებლობისაგან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობის განმარტება უნდა მოხდეს მხარეთა რეალური ნების შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის გამოყენების მიზანია - კაბელების გადამუშავება მისგან სპილენძის მისაღებად, ხოლო კაბელებში სპილენძის რა შემცველობა იყო მოსარჩელისათვის მისაღები, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული და ეს არც სხვა გარემოებებიდან გამომდინარეობს. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდე მან მოსარჩელის საწარმოდან წამოიღო კაბელების ნიმუშები და საცდელად გადაამუშავა, რის შედეგად მისმა ხარისხმა დააკმაყოფილა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ როდის და ვის მიერ განხორციელდა საცდელი ნიმუშების წამოღება. ასევე ვერ მიუთითა, კონკრეტულად სპილენძის რა შემცველობის კაბელი იყო მისი ინტერესის საგანი.

 

მდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის კონკრეტული ხარისხი შეთანხმებული არ არის, რის გამოც 488-ე მუხლის საფუძველზე ნივთის ხარისხისთვის განმსაზღვრელია ის, არის თუ არა იგი გამოსადეგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის ან ამ პროდუქციის ჩვეულებრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის.

 

გარდა 488-ე მუხლისა, ნასყიდობის საგნის ვარგისიანობის საკითხებს აწესრიგებს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.

 

ამ ნორმის საფუძველზე, თუკი მხარეებმა შესრულების ხარისხი კონკრეტულად არ განსაზღვრეს, მაშინ მოვალე ვალდებულია გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი. შესაბამისად, კონკრეტულ ხარისხზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშიც მოვალე ვალდებულია მეორე მხარეს გადასცეს ხარისხიანი ნივთი, მაგრამ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე მოვალეს არ ეკისრება, შესრულება საუკეთესო ხარისხით განახორციელოს. ამ ნორმის მიხედვით, მოვალემ უნდა გადასცეს ისეთი ხარისხის ნივთი, რაც მისი ჩვეულებრივი დანიშნულებით გამოყენებისათვის ვარგისია. ამასთან, სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპიდან გამომდინარე მოვალეს არა აქვს უფლება კრედიტორს შესთავაზოს უარესი ხარისხის ნივთი.

 

ამდენად, 380-ე მუხლი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შესრულების ხარისხი შეთანხმებული არ არის. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით კაბელების ნარჩენის კონკრეტული ხარისხი - ამ ნივთის თვისებრიობა შეთანხმებული არ არის. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დგინდება, მყიდველის ინტერესს სპილენძის რა შემცველობის კაბელი წარმოადგენდა. იმისათვის, რომ ნივთის ხარისხი შეთანხმებულად ჩაითვალოს, აუცილებელია მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მკაფიოდ დგინდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესრულების ხარისხი შეთანხმებულად არ ჩაითვლება და 380-ე და 488-ე მუხლებიდან გამომდინარე მოვალეს საშუალო ხარისხის შესრულების განხორციელების ვალდებულება წარმოეშობა, ხოლო კრედიტორი უფრო მაღალი ხარისხის შესრულებას ვერ მოითხოვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარისხზე შეთანხმების ერთ-ერთი ინდიკატორი არის ფასი, თუმცა, მხოლოდ ფასზე შეთანხმება არ მიიჩნევა შესრულებული სამუშაოს ან გადასაცემი ნივთის ხარისხზე შეთანხმებად. ამ შემთხვევაში მოპასუხე ნივთის ნაკლს უკავშირებს იმას, რომ მიწოდებული პროდუქცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ღირებულებისაა მასში ფერადი ლითონის შემცველობის გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი შესრულების ხარისხი რაიმე ნიშნით შეთანხმებული არ არის, მხოლოდ ფასის მიხედვით შესრულების ხარისხის განსაზღვრა შესაძლებელი არ არის საგნის სპეციფიური დანიშნულების გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ხარისხიანი ნივთის გადაცემა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა, კანონი ითვალისწინებს გამყიდველის ამ პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 497-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ.

 

ეს ნორმა ადგენს ნივთის ნაკლის გამო გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვის წესს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლიანი ნივთის მიყიდვისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლზე.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს მხარეთა ასეთ შეთანხმების არსებობაზე. მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ორენოვანია, მისი 5,4 პუნქტი შეეხება შესრულების ხარისხს და მისი ქართულენოვანი ტექსტი შემდეგი შინაარსისაა: წინამდებარე ხელშეკრულება არაექსკლუზიური ხასიათისაა ორივე მხარე იტოვებს უფლებას შეიძინოს სხვებისაგან და მიყიდოს სხვებს ნარჩენი პროდუქტები, ამასთან, მყიდველი არ არის თავისუფალი უარი თქვას ნარჩენი პროდუქტების მიღებაზე მყიდველისაგან წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს უფლება აქვს გადაწონოს მღებული პროდუქცია ჩამოტვირთვის დროს გამყიდველის თანდასწრებით და წონაში ცდომილების შემთხვევაში ჩასწორდეს ზედნადები.

 

ამ პუნქტის ინგლისურენოვან ტექსტში ასევე მითითებულია, რომ გამყიდველი არ აძლევს მყიდველს გარანტიას მყიდველისათვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ნარჩენი პროდუქციის რაოდენობასთან ან ხარისხთან დაკავშირებით.

 

ხელშეკრულების 5,7 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ორ ასლად ქართულ და ინგლისურ ენებზე, კონტრაქტის თითო ასლი გადაეცემა შესაბამის მხარეებს. ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების განმარტების გზით უნდა დადგინდეს, დადებულია თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო მყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ. განმარტების აუცილებლობა წამოჭრილია იმის გამო, ხელშეკრულების ქართულ და ინგლისურ ტექსტებს შორის შეუსაბამობაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება მიღწეულია შესაბამისი ფორმით. ხელშეკრულების დადების მსგავსი წესი გათვალისწინებულია საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპების (უნიდროას პრინციპები) 2.1.1.3 მუხლით, ამ მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ფორმის საკითხები. ამ პრინციპების თანახმად, თუ მოლაპარაკების დროს რომელიმე მხარე აცხადებს, რომ ხელშეკრულება არ დაიდება, ვიდრე არ შედგება შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე ან დაცული იქნება ხელშეკრულების ფორმა, ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება, ვიდრე არ იქნება მიღწეული შეთანხმება ამ საკითხზე და არ იქნება დაცული ხელშეკრულების ფორმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

განმარტების მიზანია გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა, იმის დადგენა თუ მხარეები რაზე შეთანხმდნენ და განმარტების მიზანი არ არის ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის წესის მიხედვით უნდა გაირკვეს მხარეთა მიერ შეთანხმებული ნება, ის რაზეც თანხმობას მიაღწიეს. აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მხოლოდ ნების მიმღების სუბიექტური მახასიათებლები განმსაზღვრელი არ არის. ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, შეეძლო თუ არა ნების მიმღებს გამოვლენილი ნება ისევე გაეგო, როგორც ეს ნების გამომვლენმა იგულისხმა.

 

ნების განმარტების დროს უპირატესობა ენიჭება ნების მიმღების ინტერესებს და ნების განმარტების მიზნებიდან გამომდინარე იგი განიმარტება იმ მხარის საწინააღმდეგოდ, რომელმაც ბუნდოვანი პირობა შეიტანა ხელშეკრულებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 337-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც, ჩვეულებრივ, მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი. 337-ე მუხლით გათვალისწინებული აქცეპტანტის უპირატესობის პრინციპი არ გამოიყენება, თუკი აქცეპტანტის საცხოვრებელ ადგილზე მიღებული გაგება ეწინააღმდეგება გონივრული განსჯის შედეგად სავარაუდო გაგებას.

 

გონივრული განსჯის საფუძველზე განმარტების პრინციპიდან გამომდინარე, ნების შინაარსის დასადგენად გადამწყვეტია არა მარტო ხელშეკრულების მხარის, ნების მიმღების მიერ აღქმული ნება, არამედ ის თუ როგორ გაიგებდა გამოვლენილი ნების შინაარსს ნების ადრესატის ადგილას მყოფი სხვა გონივრულად მოაზროვნე ადამიანი. ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის კომენტარი)

 

ნების განმარტების გარკვეული საკითხები მოწესრიგებულია „ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების“ - უნიუდროას პრინციპებით. ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან ამ პრინციპების გამოყენებაზე, მაგრამ ამ პრინციპებს სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების შინაარსის განმარტებისათვის. ამ პრინციპების 5:101 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება განიმარტება პირთა საერთო ნების მიხედვით იმ შემთხვევაშიც, თუ იგი სიტყვათა პირდაპირი მნიშვნელობისაგან განსხვავდება. 44 (2)თუ აშკარაა, რომ ერთ-ერთ მხარეს სურდა ხელშეკრულება გარკვეული მნიშვნელობით გაეგო და მეორე მხარეს, ხელშეკრულების დადებისას, უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, ხელშეკრულება განიმარტება პირველი მხარის ნების შესაბამისად. (3) იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა ნების დადგენა შეუძლებელია (1) ან (2) პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება განიმარტება ისე, როგორც მოს გონივრულად მოაზროვნე, ხელშეკრულების მხარეების ანალოგიურ პირობებში მყოფი ადამიანი განმარტავდა.

5:102 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების განმარტებისას, ყურადღება უნდა მიექცეს: (ა) გარემოებებს, რომელთა პირობებშიც დაიდო ხელშეკრულება და მიმდინარეობდა წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები; (ბ) ხელშეკრულების მხარეთა მოქმედებებს, მათ შორის, ხელშეკრულების დადების შემდეგ; (ც) ხელშეკრულების ბუნებას და მიზანს; (დ) განმარტებებს, რომლებიც მხარეების მიერ იყო გაკეთებული ანალოგიური წესების მიმართ, აგრეთვე, მათ შორის არსებულ საქმიან პრაქტიკას; (ე) პირობების და გამონათქვამების მნიშვნელობას, რომელიც მოცემულ სფეროში ზოგადად აღიარებულია და იმ განმარტებებს, რომლებიც შესაძლებელია მსგავს დათქმაში უკვე იყო მოცემული; (ფ) ჩვეულებებს; (გ) კეთილისინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს.

 

5:105 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების განმარტება ხდება ხელშეკრულების მთლიანი შინაარსის გათვალისწინებით.

5.106 მუხლის მიხედვით, უპირატესობა ენიჭება განმარტებას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირობები კანონზომიერად ან სამართლებრივი შედეგის მქონედ მიიჩნევაა და არა პირიქით.

 

5.107 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება შედგენილია ორ ან მეტ ენაზე და მითითებული არაა, მათ შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, რომელ მათგანს ენიჭება უპირატესობა, განმარტებისას, უპირატესობა მიენიჭება იმ ენას, რომელზეც ხელშეკრულება პირველად შედგა.

 

ამდენად, ნების განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების საერთო შინაარსის შესაბამისად ბუნდოვანი დებულების განმარტებას და არა ამ დებულების განცალკევებულად განმარტებას, მისთვის ინდივიდუალური მნიშვნელობის მინიჭებას. უნიდროას პრინციპებით ასევე დადგენილია რამდენიმე ენაზე შედგენილი ხელშეკრულების განმარტების წესი, რომლის მიხედვით ლინგვისტური შეუსაბამობების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის რომელ ენაზე შედგენილ ტექსტს ენიჭება უპირატესობა, განმარტებისას, უპირატესობა მიენიჭება იმ ენას, რომელზეც ხელშეკრულება პირველად შედგა. ამდენად, უნიდროას პრინციპები პრიორიტეტულად მიიჩნევს თავად მხარეთა მიერ როგორ არის განსაზღვრული, თუ რომელ ენაზე შედგენილ ტექსტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.

 

მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას, სადაც მითითებულია იმის შესახებ, რომ გამყიდველი არ იძლევა გარანტიას ნასყიდობის საგნის რაოდენობის და ხარისხის შესახებ, რაც ნივთის ნაკლზე გამყიდველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული გარიგების განმარტების წესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებების და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულეის განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე ნების გამომვლენი და ნების მიმღები მონაწილეობს, აშკარა გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება...... საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ გონივრული განსჯა უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომლის ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე/წ/ ხარვეზის შევსებას ახორციელებს. ხელშეკრულების გამონათქვამის განმარტება და ხელშეკრულების შევსებითი განმარტება, განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დაობენ. ხოლო შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.

ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან, ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა, განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა).ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნეს განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიენიჭოს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა (იხ. სუსგ # ა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ; 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინება საქმე №ა-887-შ-21-2016).

 

ხელშეკრულების განმარტების დროს ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, ხელშეკრულების სხვა დებულებები ხომ არ გამორიცხავენ განსამარტ დებულებას და ამის შედეგად ხელშეკრულებას სხვა მნიშვნელობა ხომ არ გააჩნია. ხელშეკრულების 5,4 პუნქტის ქართულენოვანი ვერსიაში მითითებულია, რომ მყიდველი არ არის თავისუფალი უარი თქვას ნარჩენი პროდუქციის მიღებაზე გამყიდველისაგან წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად. მყიდველს უფლება აქვს გამყიდველის მონაწილეობით მიწოდების დროს აწონოს პროდუქცია და ჩასწორდეს ზედნადები. ამდენად, ხელშეკრულების მყიდველს აქვს უფლება შეამოწმოს პროდუქციის საერთო წონა. ინგლისურენოვან ტექსტში დამატებით მითითებულია იმის შესახებ, რომ გამყიდველი არ იძლევა გარანტიას პროდუქციის წონაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს დებულება ნივთის ნაკლზე გამყიდველის პასუხისმგებლობის წარმომშობი არ არის. 488-ე მუხლის მიხედვით, ნივთი ნაკლიანია, თუ იგი არის შეთანხმებულზე ნაკლები რაოდენობისაა, თუმცა მხარეები ხელშეკრულებით პროდუქციის კონკრეტულ რაოდენობაზე არ შეთანხმებულან. პროდუქცია პერიოდულად მიეწოდებოდა მყიდველს, ხოლო ჩამოტვირთვის დროს მყიდველს უფლება ჰქონდა დაეზუსტებინა მიწოდებული პარტიის ზუსტი წონა. 497-ე მუხლი ითვალისწინებს გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვას როგორც სრულად ისე ნაწილობრივ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გულისხმობს როგორც პასუხისმგებლობის მოცულობას, ასევე ნივთის ვარგისიანობის განმსაზღვრელი რომელიმე კომპონენტის ან ნივთის სრული ტექნიკური მახასიათებლების მიმართ პასუხისმგებლობის გამორიცხვას. პროდუქციის კონკრეტული ნაწილის ზუსტი რაოდენობა მყიდველისათვის არსებითი გარემოება არ იყო, იგი ემსახურებოდა მიწოდებული კონკრეტული პარტიის ზუსტი ღირებულების სწორად აღრიცხვას, რადგან პროდუქციის კონკრეტული რაოდენობა მხარეეებს არ შეუთანხმებიათ. მყიდველის ძირითადი ინტერესი იყო კაბელების ნარჩენში სპილენძის შემცველობა, ამ საკითხზე კი გამყიდველის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების 5.4 პუნქტით გამოირიცხა.

 

ამდენად, ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების ინგლისურენოვან ტექსტს, რის გამოც მხარეებს შორის დადებულად უნდა ჩაითვალოს შეთანხმება იმის შესახებ, რომ მყიდველი არ იძლევა გარანტიას ნივთის ნაკლის შესახებ.

 

გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ შეთანხმება სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით ხდება, ხოლო გამყიდველის ამგვარი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი ძირითადად ნასყიდობის საგნის თავისებურებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. სადაო ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანია გვაროვნული ნივთი - სპილენძის ელექტროკაბელების ნარჩენი (ჯართი). ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს წარმოიქმნება ნარჩენი პროდუქტები, რომლების ექვემდებარება გადამუშავებას, ხოლო მყიდველი ახორციელებს ნარჩენი პროდუქტების შესყიდვას მათი გადამუშავების მიზნით. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველის მიზანი იყო შესყიდული პროდუქციის გადამუშავება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში კონკრეტული პროდუქციის ხარისხი, მისი თვისობრივი მაჩვენებლები კანონმდებლობითაა დადგენილია, მათი ტექნიკური მახასიათებლები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტითაა დადგენილი. ელექტროკაბელების ნარჩენების შემთხვევაში მისი ხარისხის განმსაზღვრელი ასეთი წესი შემუშავებული არ არის. მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულების საგანია ნარჩენი, მის მიმართ შესაძლოა გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები არსებობდეს, რადგან იგი ექვემდებარება გადამუშავებას მისგან სპილენძის მიღების მიზნით. თუმცა, ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, ფერადი ლითონის რა შემცველობის კაბელები უნდა მიეწოდებინა მოსარჩელეს.

 

ნასყიდობის საგანი არის გვაროვნული ნივთი, რომლის თვისობრიობის გამო მისი კონკრეტული ხარისხის დადგენა ხელშეკრულების დადების ან პროდუქციის მიწოდების დროს შესაძლებელი არ არის, რადგან პროდუქცია არ მოიცავს რამდენიმე ერთეულ კაბელს, თავდაპირველი დანიშნულებით გამოსაყენებლად მწარმოებლის მიერ დაფასოებულ კაბელს. მოსარჩელემ მყიდველს მიაწოდა საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტი წონის კაბელის ნარჩენი, რაც არის უკვე სათანადო დანიშნულებით გამოყენებული კაბელის ნარჩენი, რომელსაც მხოლოდ მის გადამუშავების დანიშნულება გააჩნია. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ ნივთის ვარგისიანობა მის თვისობრიობას და გამოყენებადობას უკავშირდება. ნასყიდობის საგნის თვისებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადების დროს შესაძლოა საგნის კონკრეტულ ხარისხზე გამყიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს, რასაც ადგილი აქვს სადაო ნასყიდობის ხელშეკრულებაში. კაბელების კონკრეტულ ხარისხზე მხარეები არ შეთანხმებულან, ასევე არ დგინდება რა კონკრეტული ხარისხის კაბელი შესთავაზა გამყიდველმა, რაც ხელშეკრულების დადებამდე მოიწონა მყიდველმა. საგნის ნაკლი გამოვლინდა მისი გადამუშავების შედეგად, მასში სპილენძის შემცველობა თვალსაჩინო არ არის და მისი დადგენა სპეციალური კვლევითაა შესაძლებელი. ამ გარემოების გამო ასევე არ არსებობს 497-ე მუხლით გათვალისწინებული გამყიდველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი შეთანხმების ბათილობის ის პირობა, რომ გამყიდველი განზრახ დუმს ნივთის ნაკლზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობის მოპასუხის სასარგებლოდ განმარტების საფუძველი ვერ გახდება მოპასუხის მიერ იმაზე მითითება, რომ ინგლისური ენის არცოდნის გამო არ გაცნობია ხელშეკრულების ამ ენაზე შედგენილ ტექსტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მეწარმე სუბიქტებს შორის და ნასყიდობის საგნის მიღების მიზანი მოსარჩელის კომერციულ ინტერესს უკავშირდება. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი სტატუსის გამო კანონი მომეტებულ პასუხისმგებლობას და წინდახედულების გამოვლენას აკისრებს მეწარმეს სამეწარმეო მიზნებისათვის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში. მაგალითად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ნასყიდობის შემთხვევაში მყიდველმა უნდა შეამოწმოს ნივთი, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგავს ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. ნასყიდობის ხელშეკრულების ქართულ ტექსტში ნათლად და კონკრეტულად არის მითითებული ინგლისურენოვანი ტექსტის უპირატესობის შესახებ, რაც ბუნდოვანი და გაურკვეველი არ არის. ამასთან, ხელშეკრულება არათუ რაიმე კონკრეტიკას, არამედ ნასყიდობის საგნის ხარისხის განმსაზღვრელ ზოგად მინიშნებასაც არ შეიცავს და ხარისხის განმსაზღვრელ რაიმე კრიტერიუმებს არ ადგენს. ამდენად, ხელშეკრულების დადების დროს სათანადო წინდახედულება მოპასუხემ არ გამოიჩინა, რაც სადაო დებულების ბათილობის საფუძვლად ვერ დაედება.

 

ამდენად, ხელშეკრულებით გამოირიცხა გამყიდველის პასუხისმგებლობა პროდუქციის ნივთობრივ ნაკლზე, რის გამოც მყიდველს არ წარმოეშობა ნივთის ნაკლის გამო 490-494-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი შეთანხმების არარსებობის პირობებშიც ნივთის ნაკლი მყიდველს სრულად არ ათავისუფლების ნასყიდობის საგნის საფასურის ანაზღაურების ვალდებულებისგან.

 

ვინაიდან ხელშეკრულება ნივთის კონკრეტულ ხარისხზე შეთანხმებას არ შეიცავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 380-ე და 488-ე მუხლების საფუძველზე გამყიდველს წარმოეშობა სულ ცოტა საშუალო ხარისხის პროდუქციის მიწოდების ვალდებულება. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მიღებული პროდუქციის ნაწილი მოპასუხემ გადაამუშავა, ხოლო ნაწილი გაასხვისა მესამე პირებზე.

 

მოპასუხე მისი ვალდებულების გამომრიცხავ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგებს. ამ ნორმის პირველი ნაწილი ადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის ზოგად შედეგს, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამ ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია ნატურით დაბრუნების ნაცვლად ფულადი ანაზღაურების ვალდებულება, მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით. ხოლო მე-4 ნაწილი ითვალისწინებს შემთხვევებს, როცა ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა. მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, 1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. 2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის მიხედვით, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

 

ამდენად, თავად 352-ე მუხლი დასათაურებულია როგორც ხელშეკრულებაზე უარი, ხოლო 491-ე მუხლი ამავე ნორმის საფუძველზე ითვალისწინებს ნაკლის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლას. 352-ე მუხლის მიხედვით, გათვალისწინებულია ხელშეკრულებიდან გასვლა, ხოლო ხელშეკრულების მოშლა არის გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლა, რომლის შემდეგ რესტიტუცია გათვალისწინებული არ არის. ამდენად, ხელშეკრულების მოშლა არის ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე. ხელშეკრულებიდან გასვლა ხელშეკრულების მოშლისგან იმით განსახვავდება, რომ იგი ორმხრივ რესტიტუციას ითვალისწინებს. მოშლის შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა ხდება სამომავლოდ, მიღებული შესრულების დაბრუნების გარეშე . სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი, ხელშეკრულების მოშლა, თავის არსით ხელშეკრულებიდან გასვლას გულისხმობს მასში მითითებული 352-ე მუხლის საფუძველზე.

 

ნაკლიანი ნივთის მიწოდების შემთხვევაში მყიდველმა უპირველესად ნაკლის გამოსწორება უნდა მოითხოვოს, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა. მყიდველი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ფასის შემცირება.

 

352-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების გასვლის შედეგია ორმხრივი რესტიტუცია, რადგან მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ ის, რაც ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს. ამ ნორმის მე-2 და მომდევნო ნაწილები ითვალისწინებს შემთხვევებს, როცა ნატურით დაბრუნების ნაცვლად მხარეებს სხვა შესრულება ეკისრებათ. ნატურით დაბრუნების ნაცვლად გამოიყენება ფულადი ანაზღაურება, ხოლო თუკი ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზი ნაკლიანი შესრულებაა, ანაზღაურდება ნაკლის გამო შემცირებული ფასი.

 

ხელშეკრულებიდან გასვლის ზოგადი წესის მიხედვით, რესტიტუციის მიზნებიდან გამომდინარე მყიდველმა უნდა დააბრუნოს მიღებული პროდუქცია, ხოლო თუკი იგი გადამუშავებულია ან ეს შეუძლებელია, სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს ფულადი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში მიღებული კაბელის ნარჩენების ნაწილი მოპასუხემ გადაამუშავა, ხოლო ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისათვის აღარ გამოიყენა და იგი მესამე პირებზე გაასხვისა. ამდენად, ნატურით დაბრუნების გზით რესტიტუცია შესაძლებელი აღარ არის. 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ნივთის ის ნაკლი, რაც მხოლოდ მისი გადამუშავების შედეგად ვლინდება. ამ ნორმის მიზანია, რომ გამყიდველს არ უნდა ჰქონდეს უფლება გადააკისროს საკუთარი ნაკლოვანი შესრულების შედეგები მყიდველს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოპასუხემ მიღებული პროდუქცია გამოიყენა, მართალია არა ხელშეკრულების გათვალისწინებული დანიშნულებით, მაგრამ მან მიღებული პროდუქცია გაასხვისა და ამით მისი ნატურით დაბრუნების შესაძლებლობა თავად მოსპო.

 

ნაკლზე მოპასუხის პასუხისმგებლობის პირობებში მყიდველმა გამყიდველს უნდა გადაუხადოს ნასყიდობის საგნის ფასი ნაკლის გამო შემცირებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი კაბელების ფასის მიხედვით (1 კგ 1,65 ლარი) მიწოდებული პროდუქციის საერთო ღირებულებაა 358 794,5 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილია 219 250 ლარი, ხოლო ამ საფასურის გათვალისწინებით გადასახდელია 140 544,5 ლარი.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ”ე------–----------------------–-------ის” სარჩელი;

 

1.1. შპს ”ფ---–---ს“ დაეკისროს სს ”ე------–----------------------–-------ისათვის” 412 700 ლარის გადახდა;

 

2. შპს ”ფ---–---ს” დაეკისროს სს ”ე------–----------------------–-------ისათვის” სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი