გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002550987
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21732-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ნ------–-----------ი“

წარმომადგენელი - მ-------------–---–-, ქ-----------------ე

 

მოპასუხე - შპს ,,ბ--------“

წარმომადგებელი - ა---------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ბ--------“-ს შპს ,,ნ------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5350 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს "ნ------–-----------ი", რომელიც არის გადამზიდი კომპანია, (დირექტორი ე--------------–-–---–ი) აწარმოებს ტვირთების გადმოზიდვას თურქეთის სახელმწიფოდან და მიწოდებას საქართველოში მოქმედ ხვადასხვა ფირმებისთვის თუ კერძო პირებისთვის. მან მოპასუხე შპს "ბ--------ს“ 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 მაისამდე მათ შორის არსებული შეთანხმების თანახმად გაუწია ტვირთის მიწოდების მომსახურება, სულ მიწოდება განხორციელდა ექვსჯერ ქალაქ თბილისში. მითითებულ პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხისთვის განახორციელა სულ 8 200 აშშ დოლარის მომსახურება, მოპასუხის მიერ თანხა ანაზღაურებული არ არის სრულად. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხე მხაის მიერ გადახდილი იქნა 2850 აშშ დოლარი და შესაბამისად, არსებული მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 5250 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ბ--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისების დიდი ნაწილი და შესაბამისად მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება, კერძოდ 4750 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა მოსარჩელის წარმომადგენელს ბ-ნ რ----- მ-------ს (პ/ნ 0----------), აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის წარმომადგენლის და უფლებამოსილი პირის რ----- მ-------ის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიულად დადასტურებული აღიარების წერილით, სადაც ის ადასტურებს და აღიარებს, რომ მან მოპასუხისგან ნამდვილად მიიღო 4750 აშშ დოლარი, როგორც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი მომსახურების (რომლის გაწევაც მოხდა 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 მაისის პერიოდისათვის) ანაზღაურება, რაც შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ინვოისებით გათვალისწინებულ გადასახდელ ოდენობებს: 1) ინვოისი # 15292 - 200 აშშ დოლარი; 2) ინვოისი 616034 - 2500 აშშ დოლარი; 3) ინვოისი #276 - 2500 აშშ დოლარი; 4) ინვოისი No14854 -150 აშშ დოლარი;

 

მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელი რ----- მ-------ი ასევე აღიარებს და ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ორი ინვოისის შემთხვევაში, კერძოდ ინვოისი #276 და ინვოისი #16031, მან მოპასუხისგან მოსარჩელისთვის გადასაცემად მიიღო 2200-2200 აშშ დოლარ, ნაცვლად ინვოისებში მითითებული 2500 აშშ დოლარისა. რადგან აღნიშნული სატრანსპორტო მომსახურების შეთანხმებული ღირებულება იყო სწორედ 2200 აშშ დოლარი თითოეულ შემთხვევაში და არა მოსარჩელის მიერ ინვოისებში აღნიშნული 2500 აშშ დოლარი, რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სატრანსპორტო მომსახურების გაწევის პირობებზე (ფასზე) არსებულ ზეპირ შეთანხმებას.

 

მოპასუხე, შპს ბ--------მა მოსარჩელე ნ------–-----------ისს გადაუხადა ინვოისი 155-ით (თარიღი -10.5.2018) გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურების საზღაური 650 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში ოდენობით).

 

მოპასუხე, შპს ბ--------მა მოსარჩელე ნ------–-----------ისს გადაუხადა ინვოისი 15411-ით (თარიღი - 25.12.2017) გათვალისწინებული სატრანსპორტო მომსახურების საზღაური 2200 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში ოდენობით);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მხარეებს შორის არსებული ზეპირი ფორმის, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოსარჩელე შპს ,,ნ------–----------მა“ მოპასუხე შპს ,,ბ--------ს“ გაუწია ტვირთების გადაზიდვის მომსახურება. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს საქმეში არსებული ინვოიების ფარგლებში შესრულებული გადაზიდვის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისები (ს.ფ. 15-20);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები;

 

3.1.1 მოპასუხე შპს ,,ბ--------ის“ მიერ მოსარჩელე შპს ,,ნ------–----------ი“-სათვის ანაზღაურებული იქნა გადაზიდვის საფასური 2850 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ - 25.12.2017 წლის ინვოისი #15411-ის ფარგლებში 2200 აშშ დოლარი და 10.05.2018 წლის #155 ინვოსის ფარგლებში 650 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისები (ს.ფ. 15-20);

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 49-51);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 4750 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ინვოისები, რომლებიც არ არის ხელმოწერილი/დადასტურებული მოპასუხე მხარის მიერ, არ წარმოადგენენ 8200 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობის უტყუარ მტკიცებულებას. ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საფასურის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელე მხარეს, რაც მოპასუხე მხარის შედავების ფარგლებში მისი მხრიდან სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელში დადასტურდა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და ამ ურთიერთობის ფარგლებში 7600 აშშ დოლარის ოდენობის მომსახურების გაწევის ფაქტი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ვალდებულების ამ მოცულობის ფარგლებში და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლებრივი შეფასება მისცეს იმ ფაქტებს, თუ რა სახის მომსახურება იქნა გაწეული მოსარჩელე კომპანიის მიერ, რა ღირებულების იყო ეს მომსახურება და ანაზღაურდა თუ არა მოპასუხის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულება სრულად.

 

ასევე, რაც შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არსებულ სადავო ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნული მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება, კერძოდ 4750 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა მოსარჩელის წარმომადგენელს ბ-ნ რ----- მ-------ს (პ/ნ 0----------), აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის წარმომადგენლის და უფლებამოსილი პირის რ----- მ-------ის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიულად დადასტურებული აღიარების წერილით, სადაც ის ადასტურებს და აღიარებს, რომ მან მოპასუხისგან ნამდვილად მიიღო 4750 აშშ დოლარი, როგორც მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი მომსახურების (რომლის გაწევაც მოხდა 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 25 მაისის პერიოდისათვის) ანაზღაურება.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. კერძოდ, 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში, განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს, მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელ რამაზ მ-------ის ხელწერილს, სადაც აღნიშნული პირი უთითებს, რომ მან შპს ,,ბ--------ისგან“ ნამდვილად მიიღო შპს ,,ნ------–-----------ის“ მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურება 4750 აშშ დოლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ მითითებული პირის სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ასევ, თავად მოპასუხე მხარის მითითება, რომ მოსარჩელე არ გაუწევდა მომსახურებას დავალიანების არსებობის პირობებში ბათილდება თავად მხარის მიერ სარჩელის ჩაბარების შემდგომ 2017 წლის 25 დეკემბრის არსებული დავალიანების გადახდის ფაქტით, იმ მოცემულობაში რომ სადავო არაა 2018 წლის განმავლობაშიც მომსახურების გაწევის ფაქტობრივი გარემოება.

 

სასამართლო აღნიშნული ხელწერილის სამართლებრივი შეფასების საფუძველზე განმარტავს, რომ ფიზიკური პირის მიერ გაცემული ხელწერილი ვალდებულების შესრულების თაობაზე, არ წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ ვალდებულება შესრულებულია. საქმეზე დადასტურებული იქნა, რომ აღნიშნული პირი წარმოდგენდა მის რიგით თანამშრომელს, რომელსაც არასდროს ჰქონია უფლებამოსილება მიეღო ფულადი თანხები და შესაბამისად, მისი მხრიდან არ ყოფილა რაიმე ფულადი თანხები მიტანილი კომპანიაში მოპასუხე მხარის სახელით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მტკიცების განაწილების მითითებული სტანდარტის პირობებში მხოლოდ აღნიშნული ხელწერილით, რომლითაც არ დგინდება პირის უფლებამოსილება, ვერ გახდება კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის წინაპირობა.

რაც შეეხება ვალდებულებას 2850 აშშ დოლარის ნაწილში, საქმეში წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომელთა საფუძველზეც, ცალსახად დასტურდება ვალდებულების ამ ნაწილში შესრულების ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე შპს ,,ბ--------ს“ მოსარჩელე შპს ,,ნ------–-----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4750 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინვოისები (ს.ფ. 15-20);

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 49-51);

- ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ.47-48);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 668-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებაა, რომ მხარეებს შორის არსებული ზეპირი ფორმის, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, მოსარჩელე შპს ,,ნ------–----------იმ“ მოპასუხე შპს ,,ბ--------ს“ გაუწია ტვირთების გადაზიდვის მომსახურება.

წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი ფორმის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შპს ,,ნ------–-----------მა“ შპს ,,ბ--------ს“ გაუწია 7600 აშშ დოლარის მომსახურება, ტვირთების სტამბული-თბილისის მიმართულებით გადაზიდვის სახით. მოპასუხემ გაწეული მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი 2850 აშშ დოლარი აანაზღაურა. რაც შეეხება ვალდებულების შესრულების ფაქტს 4750 აშშ დოლარის ნაწილში, მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ნ------–-----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შპს ,,ბ--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4750 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შპს ,,ბ--------“-ს შპს ,,ნ------–-----------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 348.83 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 746 ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს ,,ნ------–-----------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17/07/2018 წლის №05 საგადახდო დავალებით სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 602.19 ლარის ნაწილი - 209.32 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,ნ------–-----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,ბ--------“-ს შპს ,,ნ------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4750 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ნ------–-----------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის 600 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

4. შპს ,,ბ--------“-ს შპს ,,ნ------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 348.83 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 746 ლარის ანაზღაურება.

 

5. შპს ,,ნ------–-----------ს“ შპს ,,ბ--------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 58 ლარის ანაზღაურება.

 

6. შპს ,,ნ------–-----------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 17/07/2018 წლის №05 საგადახდო დავალებით სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 602.19 ლარის ნაწილი - 209.32 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე