გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
240210017002159658
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017002159658

(2/857-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.12.1018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - რუ------- ლო---

წარმომადგენელი - ლე--- ხე-–---

მოპასუხე - მა----- შა-------ა

წარმომადგენელი- რო--- მა----–-ა, გუ---- სა-----ა

დავის საგანი - მამობის დადგენა, გვარის მიკუთვნება, ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი გი-----ი ლო---ს მამად მოპასუხე მა----- შა-------ას ცნობა და გი-----ი ლო---სათვის მამის გვარის-შა-------ას მიკუთვნება.

 

1.2. მოპასუხე მა----- შა-------ასათვის შვილის გი-----ი ლო---ს სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ჰყავთ შვილი, გი-----ი ლო---, დაბადებული 2--- წლის 20 სექტემბერს. უთანხმოების ნიადაგზე დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. იმის გამო, მათი ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა, ბავშვს მიენიჭა მისი (დედის) გვარი. მოპასუხე თავს არიდებს შვილის მიმართ მშობლის მოვალეობის შესრულებას და მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსები, არ ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. ითხოვს მამობის დადგენას, ბავშვისათვის გვარის გამოცვლას და მამის გვარის მიკუთვნებას და ალიმენტის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო. დაეთანხმა სარჩელს მამად ცნობის ნაწილში, თუმცა გვარის მიკუთვნებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ გვარის განსაზღვრა გავლენას არ ახდენს მშობლების უფლება-მოვალეობებზე და ვინაიდან ბავშვი რეგისტრირებულია დედის გვარზე, უნდა დარჩეს იმავე გვარზე. ასევე ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მიუთითა, რომ მართალია, დასაქმებულია, მაგრამ გააჩნია სასესხო დავალიანებები, ამასთან, მის კმაყოფაზე იმყოფება ავადმყოფი მშობლები, ასევე, ახალშერთული მეუღლე, რის გამოც შეძლებს თვეში მხოლოდ 80 ლარის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 4 აგვისტოდან რუ------- ლო--- და მა----- შა-------ა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში. მათი ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.

3.1.2. რუ------- ლო---ს 2--- წლის 20 სექტემბერს შეეძინა შვილი- გი-----ი ლო--- (პ/ნ 01---------), თუმცა მეუღლეები ბავშვის დაბადების პერიოდისთვის დაშორებულნი იყვნენ ერთმანეთს და 2--- წლის იანვრიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე;

3.1.3.გი-----ი ლო---ს მამა არის მოსარჩელე -მა----- შა-------ა (პ/ნ 39---------);

3.2.4.მოპასუხე მა----- შა-------ა დასაქმებულია და მისი საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 300 ლარს;

3.2.5.რუ------- ლო--- შვილთან - გი-----ი ლო---სთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან, ქ.სენაკში;

3.1.6.რუ------- ლო--- დასაქმებულია, არის პედაგოგი და აქვს ყოველთვიური ხელფასი-700 ლარი;

3.1.7.მოსარჩელე მა----- შა-------ა არ ზრუნავს შვილზე და მისთვის არანაირი დახმარება არასოდეს გაუწევია;

3.1.8.მა----- შა-------ას ყავს მეუღლე და ამჟამად მშობლებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს და მა----- შა-------ას სახელფასო ამონაწერებს „თიბისი ბანკი“-დან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მა----- შა-------ას, გარდა ხელფასისა, სხვა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, მითითებული ნორმების ანალიზი კი, ცხადყოფს, რომ ყოველი ფაქტობრივი გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურების მოვალეობა აკისრია იმ პირს, რომელმაც ეს გარემოება მიუთითა.

 

მოსარჩელე უთითებს მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის სიძლიერეზე, კერძოდ იმაზე, რომ მოსარჩელეს ოჯახში აქვს სოლიდური შემოსავალი, მშობლებთან ერთად ეწევა სოფლის მეურნეობას, ყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და აქვს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის განმარტება მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მეორე მხარე ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ მხარის განმარტება, თუ მას მეორე მხარე არ ეთანხმება, არ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის მტკიცების ტვირთი მოსარჩელესვე ეკისრებოდა, თუმცა მას ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხემ არ დაადასტურა ხელფასის გარდა, რომელიც ყოველთვიურად საშუალოდ 300 ლარს შეადგენს, სხვა შემოსავლის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის სიძლიერეზე, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ უდავოდ და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე,1195- 1197-ე, , 1199-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე, 1234-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს გი-----ი ლო---ს მამად მა----- შა-------ას ცნობა და გი-----ი ლო---სათვის მამის გვარის შა-------ას მიკუთვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადგენის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. იგივე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ან/და სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილების მშობლებისაგან წარმოშობა წარმოადგენს მათ (შვილებსა და მშობლებს) შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს, რისთვისაც აუცილებელია დგინდებოდეს ბავშვის მშობლებისაგან წარმოშობა იმისდა მიუხედავად, მათი მშობლები იმყოფებიან თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, ან ცხოვრებენ ერთად თუ ცალ-ცალკე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ დაცული იყოს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება-ჰყავდეს სამართლებრივი სტატუსის მქონე მშობელი, მამობა შეიძლება დადგინდეს ნებაყოფლობით აღიარებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვის მშობლები ვერ აღწევენ შეთანხმებას იმის შესახებ რომ პირი არის ბავშვის მამა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არ იმყოფებოდნენ კანონით რეგისტრირებულ ქორწინებაში, ასევე მათ ერთობლივად, ნებაყოფლობით არ მიუმართავთ განცხადებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოსათვის შვილის წარმოშობის დადგენის მიზნით, რამაც განაპირობა მოსარჩელის მომართვა სასამართლოსადმი.

 

სასამართლო სხდომაზე (ასევე მომზადების ეტაპზე) მა----- შა-------ას გი-----ი ლო---ს მამობა სადავო არ გაუხდია და დაეთანხმა მოსარჩელეს იმ ნაწილში, რომ გი-----ი ლო---ს მამა არის თვითონ (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი 21.12.2018 წ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე მა----- შა-------ა არის გი-----ი ლო---ს (01---------) მამა.

 

მოსარჩელის მოთხოვნას მამად ცნობასთან ერთად წარმოადგენს, ბავშვისთვის გვარის გამოცვლა და მამის გვარის მიკუთვნება, რაზეც მოპასუხე არ არის თანახმა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილისათვის მიკუთვნებული გვარის გამოცვლა შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მშობლებს შორის ქორწინების არარსებობა ავტომატურად არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა, ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი 10 წელზე მეტი ხნისაა, გვარის გამოცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი შვილის გვარის გამოცვლის მოთხოვნის უფლება აქვს მშობელს, რომელთანაც საცხოვრებლად დარჩა არასრულწლოვანი შვილი, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის უპირატესი ინტერესი. შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად, ხოლო ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესს შეესაბამება.

 

ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებათა კონვენციის დებულებები,რომლის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას,მიუხედავად იმისა,თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი-სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები,რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე,სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები,უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველოყოფას.ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას,შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა,მოქალაეობის, სახელისა და ოჯახის ჩათვლით,როგორც ეს გათვალიწინებულია და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის №17 ზოგადი კომენტარის თანახმად,ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში,მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი,რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ.მიუხედავად იმისა,რომ,უმთავრეს შემთხვევაში,მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს,კონვენცია არ უშვებს იმას,რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლიტური პრეროგატივაა.ეროვნულ კანომდებლობას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები,რათა თავიდან აიცილონ ბავშვის ისეთი გვარით რეგისტრაცია,რომელმაც მისი დაცინვა, დისკიმინაცია ან სხვა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. წწწ.უნიცეფ.ორგ/პუბლიცატიონს/ფილეს/იმპლემენტატიონ Hანდბოოკ ფორ ტჰე ჩონვენტიონ ონ ტჰე ღიგჰტს ოფ ჩჰილდ Pარტ 1 ოფ 3.პდფ).

 

როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ისე ეროვნული კანონმდებლობა ბავშვთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ბავშვის ინტერესს ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ (სსკ 1197 მ), ეს უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ1199 მ).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე რუ------- ლო--- და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო ბავშვი გი-----ი ლო--- ცხოვრობს და იზრდება დედასთან რუ------- ლო---სთან და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ბავშვის გვარის შეცვლის მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

 

აღნიშნული ნორმა აწესებს შვილისათვის გვარის მიკუთვნების საკითხის გადაწყვეტისას დედისა და მამის გვარის თანასწორობას, რომელთაგან უპირატესობა არც ერთს არ გააჩნია. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესის დაცვა, რაც თავის თავში მოიცავს არასრულწლოვნის უფლებას-მიიღოს მშობლებისგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქართული ტრადიცისაა და ადათ-ჩვევების მიხედვით, როგორც წესი, შვილები ატარებენ მამის გვარს და მისი შვილიც არ უნდა იყოს გამონაკლისი, ვინაიდან დედის გვარზე ყოფნამ შესაძლოა თანატოლებში გარკვეულწილად დაცინვა ან სხვაგვარი, ბავშვისათვის საზიანო შედეგი გამოიწვიოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაზიარებელია მოსარჩელის პოზიცია და მისი მოთხოვნა ამ ნაწილში დასაკმაყოფილებელია, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით, მცირეწლოვნის გი-----ი ლო---სათვის მამის გვარის მიკუთვნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრადიცია (???. traditio) არის ისტორიულად ჩამოყალიბებული წესი და ერთგვარი ნორმაც, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც თავის მხრივ, ფაქტობრივად აყალიბებს ქვეყნის კულტურას. შესაბამისად, ტრადიცია ქვეყნის კულტურის შემადგენელი ნაწილია და იგი, როგორც ქვეყნის კულტურის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო ურთიერთობებში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ტრადიციულად დადგენილი წესი- ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭების შესახებ, იმავდროულად სრულ თანხვედრაშია ბავშვის უპირატეს ინტერესთან -ისარგებლოს ყველა იმ სამართლებრივი სიკეთით, რაც მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ღირსეულ წევრად ფორმირებისათვის, კერძოდ, მისი თანატოლების მსგავსად, მიიღოს მამის გვარი, ხოლო სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, დარჩება თუ არა მამის გვარზე, გადაწყვიტოს თავისი სურვილისამებრ. ამ ეტაპზე კი, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით (იგი სამ წლამდე ასაკისაა), როცა ბავშვს ჯერ კიდევ სრულად არა აქვს გათავისებული თავისი გვარი, მისი გამოცვლა და მამის გვარის მინიჭება, სასამართლოს მოსაზრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესს ემსახურება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არც ერთ მშობელს არა აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა შვილებთან მიმართებაში, ისინი თანაბრად უფლებამოსილნი და თანაბრად ვალდებულები არიან შვილების წინაშე, როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი შვილის რჩენის მოვალეობა ეკისრებათ მშობლებს თანაბარწილად, როგორც მამას, ისე დედას, რასაც ისინი წესით, ნებაყოფლობით ასრულებენ. სარჩო არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ანუ საალიმენტო დანაკისრი, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაეკისროს ერთ-ერთ მშობელს სასამართლო წესით.

 

საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზით ცხოვრობს ცალკე და არავითარ მონაწილეობას არ იღებს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის აღზრდაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, გი-----ი ლო--- იზრდება დედასთან და ძირითადად დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. კანონის ზემოთმითითებული ნორმების შესაბამისად, აუცილებელია მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც.

 

დადგენილია, რომ მოპაუხე დასაქმებულია და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 300 ლარით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულებები, რაც მართალია, ვერ გახდება არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების შემაფერხებელი გარემოება, თუმცა სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა გარემოება, რათა ალიმენტვალდებული პირიც არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. მით უფრო, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილი, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, აწესებს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის გაზრდის ან შემცირების შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს რა მოსარჩელის და მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას (იხ.უდავო და დადგენილი გარემოებები) და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე თვეში 100 ლარი არის გონივრული თანხა, რომელიც მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაძლებელია გადახდილ იქნას მოპასუხე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 6 ნოემბრიდან.

 

საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელის მიერ მამად ცნობის ნაწილში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი, რაც მოპასუხემ ცნო მომზადების ეტაპზევე, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

 

ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს შემდეგი ნორმების გათვალისწინებით:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო 41.1 (გ) მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ ალიმენტის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ, 80 ლარის ფარგლებში, ცნო, სასამართლოს მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 100 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 7.20

ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე რუ------- ლო---ს სარჩელი ნაწილობრივ.

 

1.1.გი-----ი ლო---ს (პ/ნ 01---------; დაბადების თარიღი - 2--0--2---წ) მამად დადგენილ იქნეს მა----- შა-------ა (პ/ნ 39---------). გი-----ი ლო---ს (პ/ნ 01---------) მიეკუთვნოს მამის გვარი-შა-------ა.

 

1.2.დაეკისროს მოპასუხე მა----- შა-------ას (პ/ნ39---------) სარჩელის აღძვრის მომენტიდან- 2017 წლის 6 ნოემბრიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, გი-----ი ლო---ს (პ/ნ 01---------; დაბადების თარიღი-2--0--2---წ) სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა გი-----ი ლო---ს სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

2.დაეკისროს მოპასუხე მა----- შა-------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 7.20 (შვიდი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა

 

3.დაუბრუნდეს მოსარჩელე რუ------- ლო---ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან მის მიერ სს“ლიბერთი ბანკის“ N13893660 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია