გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
080210016001521649
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2312-16/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

 

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

 

განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელეები - ჯ---- ჭ----------ე, ი--- ყ-------–---–ი

წარმომადგენელი- მ------ ი-----–---ი

 

მოპასუხე - ე-----ი ჭ----------ე

წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-----ი ჭ----------ისათვის მოსარჩელეების ჯ---- ჭ----------ისა და ი--- ყ-------–---–ის სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული 9664 ლარის ანაზღაურების დაკისრება (დაზუსტებული მოთხოვნა, ს/ფ 118).

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

მოპასუხე ე----- ჭ----------ე არის მოსარჩელე ჯ---- ჭ----------ის დედა, რომელმაც 2006 წელს თვითნებურად დაიკავა ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა, მდებარე ქ. ქუთაისში, ბ-----ს ქ.#---ში, რომელიც იმავე წელს გადაეცა სარგებლობაში.

 

2008 წელს ე----- ჭ----------ემ ჯ---- ჭ----------ეს შესთავაზა, მის ცოლ-შვილთან ერთად გადასულიყო მასთან საცხოვრებლად ამავე ბინაში. ისიც გადავიდა მეუღლე ი--- ყ-------–---–თან, შვილებთან ლ---- და ნ-----–---- ყ-------–---–ებთან ერთად ამ ბინაში. ვინაიდან ფართი იყო საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში, ჯ---- ჭ----------ემ მისივე თანხით დაიწყო სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაზეც თანახმა იყო მოპასუხეც. მან მეუღლესთან, ი--- ყ-------–---–თან ერთად ჩასვა 5 ფანჯარა, ღირებული 1400 ლარად, ასევე ამოიყვანეს ოთახების გამყოფი კედლები ,,გიფსო-კარდონით’’-700 ლარად. გააკეთეს ,,სტიაჟკა’’-1000 ლარი, შესასვლელ კარში გადაიხადეს 560 ლარი, ასევე ელ.ენერგია, რაშიც მასალის გადაიხადეს 190 ლარი, ხოლო ხელობის-300 ლარი. გააკეთეს გაზგაყვანილობა - 500 ლარად, ასევე სანტექნიკა -500 ლარი. სხვა წვრილმანმა სამუშაოებმა სილის, ცემენტის, ნაგვის გატანის და მუშების სადილისათვის შეადგინა 1200 ლარი.

 

მოსარჩელემ დამატებით ბანკიდან გამოიტანა სესხი 5000 ლარი, რომელზე გადახდილმა პროცენტმაც შეადგინა დაახლოებით 3000 ლარი.

 

შემდეგში მოპასუხემ თხოვნით მიმართა ქ.ქუთაისის მერიას, რადგან მასთან ერთად ცხოვრობდა რა 4 სული და არ ჰქონდათ სხვა საცხოვრებელი ფართი, მოეხდინათ მისთვის სარგებლობაში არსებული ფართის გადაცემა საკუთრებაში. 2012 წელს ე----- ჭ----------ეს და საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ზემოაღნიშნულ მისამართზე 90.45 კვ.მ ფართი, უსასყიდლოდ გადაეცა ე----- ჭ----------ეს და აღირიცხა მის საკუთრებად. ეს ფართი მას გადაეცა სწორედ იმიტომ, რომ მასთან ერთად ცხოვრობდა კიდევ 4 სული.

 

მოგვიანებით მოპასუხე წავიდა სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში, გაუმჯობესდა მისი მატერიალური მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბინები საცხოვრებელ კონდიციამდე სწორედ მოსარჩელეებმა მიიყვანეს, მოპასუხემ მოსთხოვა მათ ბინის გათავისუფლება გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარეშე, რაც უსაფუძვლო გამდიდრების უპირობო საფუძველს წარმოადგენს.

მოსარჩელეების მტკიცებით, მთლიანი თანხა შეადგენს 1000 ლარს, რასაც ადასტურებს აუდიტორული დასკვნაც, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

 

საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოთხოვნა კვლავ და მოითხოვა, მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისროს 6164.89 ლარის, ასევე სახურავისათვის გადახდილი -250 ლარის, წყალგაყვანილობის მილებისათვის გადახდილი -250 ლარის და სესხზე გადახდილი პროცენტის - 3000 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ე----- ჭ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. დაეთანხმა პირველ ფაქტობრივ გარემოებას მასთან ერთად მოსარჩელეთა ოჯახის ცხოვრებასთან დაკავშირებით, თუმცა მიუთითა, რომ მოსარჩელეებს ზემოხსენებულ ბინაში სარემონტო სამუშაოები არ უწარმოებიათ. ყველა ხარჯი გაწეული იქნა მის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით. ისინი ამ ბინაში დაახლოებით 7 წელი ცხოვრობდნენ და მას არ მოუთხოვია მათთვის არც ბინის დატოვება. ნივთის მოვლისთვის საჭირო თანხები მათ უნდა გაეწიათ, როგორც მონათხოვრეებს.

 

მოსარჩელეებს არ აქვთ წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი. ისინი არც კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ, რადგან საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს მხოლოდ მას, რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოპასუხე მხარემ მხარი დაუჭირა თავის შესაგებელს იმავე გარემოებებზე მითითებებით, თუმცა დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარებულ იქნა მასთან შეთანხმებით, მაგრამ მისი თანხებით (იხ.სასამ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 03 აგვისტოს მდგომარეობით, ე----- ჭ----------ის სარგებლობაში იმყოფებოდა ქ.ქუთაისში, ნ----ს მე-2 შესახვ. #----- მდებარე ბინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ცნობა #547 (ს/ფ 22)

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოქალაქე ე----- ჭ----------ემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა ქ.ქუთაისის ნ----ს მუნიციპალიტეტის თავჯდომარეს, სადაც მიუთითა, რომ არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, რის გამოც იგი შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს ნ----ს ქ. მე-2 შეს. N---ში, არის უმუშევარი და ვერ ახერხებს ქირის გადახდას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოქ. ე----- ჭ----------ის განცხადება (ს/ფ-19)

 

3.1.3. 2006 წლის 14 დეკემბერს, ქ.ქუთაისის თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოქ. ე----- ჭ----------ეს ბ-----ს ქ.#---ში მდებარე ფართი გადაეცა დროებით სარგებლობისათვის, ხოლო ამავე ტერიტორიული სამსახურის მიერ 2008 წლის 01 მარტს გაცემული #2364 ცნობის მიხედვით, ქ.ქუთაისში, ბ-----ს ქ.#---ში მცხოვრები ე----- ჭ----------ის ოჯახი შედგება შემდეგი პირებისაგან: 1. ჭ----------ე ე-----ი (თვითონ), 2. ჭ----------ე ჯ---- - შვილი, 3. ყ-------–---–ი ი--- - რძალი, 4. ჭ----------ე ლ---- - შვილიშვილი, 5. ჭ----------ე ნ-----–----ი - შვილიშვილი.

(ამ ქუჩის ამჟამინდელი ნომერია ბ-----ს ქ. #--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ცნობები (ს/ფ 20, 22)

-მხარეთა განმარტება (სხდომის ოქმი),3.1.4. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, საკუთრების თავდაპირველი რეგისტრაცია განხორციელდა 22.05.2006 წელს, კერძოდ:

 

- 22.05.2006-30.08.2006 წლებში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლება;

 

- 19.09.2012 წლიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ე----- ჭ----------ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების პასუხი (ს.ფ. );

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 18)

 

3.1.5. 2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე----- ჭ----------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქე ე----- ჭ----------ეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ქ.ქუთაისში, ბ-----ს ქ.N---ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ N------------) და აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 16-17)

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 18)

3.1.6. ჯ---- ჭ----------ე და ი--- ყ-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლ---- და ნ-----–---- ჭ----------ეები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა (ს/ფ 30),-დაბადების მოწმობები (ს/ფ 28-29)

 

3.1.7. დადგენილია, რომ 2008 წლიდან ე----- ჭ----------ესთან ერთად ცხოვრობდნენ ჯ---- ჭ----------ე და ი--- ყ-------–---–ი (შვილებთან ერთად). თუმცა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მათ ბინა უკვე დატოვებული ჰქონდათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოწმე გ------- ჩ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ხელოსანი, 2008 წელს მივიდა ჯ---- ჭ----------ის საცხოვრებელ სახლში კარ-ფანჯრების ჩასასმელად. ჯ---- ჭ----------ე ცხოვრობდა ბ-----ს ქუჩაზე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის პირველ სართულზე. მან აზომა კარ-ფანჯრები, შემდეგ დაამზადა ისინი და ჩასვა, სანაცვლოდ კი ჯ---- ჭ----------ემ მას გადაუხადა 1400 ლარი. ფართი საცხოვრებლად უვარგისი იყო. ოთახები არ იყო დაყოფილი, მათ ერთი ადგილი გამოანგრიეს და ფანჯარა ისე ჩასვეს, ასევე გადაკეთდა საპირფარეშო და შემდეგ იქაც ჩასვეს ფანჯარა. ჯ---- ჭ----------ის და ი--- ყ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში მასთან ერთად მუშაობდნენ ასევე სხვა ხელოსნები და ასრულებდნენ სხვადასხვა სახის სამუშაოებს.

 

4.1.2. მოწმე მალხაზ კოსტავას ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---- ჭ----------ეს იგი ეხმარებოდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაში. მან თავისი ავტომობილით „რაფი“ ყველა სამშენებლო მასალა მიატანინა ჯ----ს სახლში. ფართი, სადაც ჯ---- ჭ----------ე ცხოვრობდა იყო არასაცხოვრებელი ფართი, საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში. ოთახის კედლები მან თავად ამოაშენა, ასევე ელექტროობა მისი გაყვანილია. სამუშაოს შესრულების თანხას მას უხდიდა ჯ---- ჭ----------ე. მან ჯ----სგან მიიღო 700 ლარი, ხოლო მასალებში დაახლოებით 1000 ლარზე მეტი თანხა გადაიხადა, რომელსაც მას ჯ---- ჭ----------ე აძლევდა. იგი მოსარჩელეს ასევე დაეხმარა სახურავის ტოლით გადახურვაში. შესასვლელი რკინის კარები შეიძინა ჯ---- ჭ----------ემ. იქ მუშაობის დროს სახლს ალაგებდა ჯ----ს მეუღლე ი---, ასევე ხელოსნებს უმზადებდა სადილს. შესასვლელი რკინის კარებიც შეცვალა ჯ----მ თავისი სახსრებით. ამ უკანასკნელს კი სესხი ჰქონდა გამოტანილი რემონტის გაკეთების მიზნით. როგორც მისთვის ცნობილია, ჯ----ს დედას, ე----- ჭ----------ეს, არ ჰქონდა საშუალება რემონტის ჩასატარებლად.

 

4.1.3. მოწმე დ----- ყ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ყოფილი ბაღის შენობაში, რომელიც იყო საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში. ეს ფართი მერიამ საკუთრებაში გადასცა ე----- ჭ----------ეს, რომელმაც შესთავაზა ჯ----ს თავის ცოლ-შვილთან ერთად მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. ჯ---- ჭ----------ემ გამოიტანა სესხი რემონტის ჩასატარებლად. მან გააკეთა სახლში ყველაფერი, იატაკიც კი არ ჰქონდათ. ხელოსნებმა ჩაუსვეს კარ-ფანჯრები, დაუგეს მეტლახი და ლამინატი, ამოაშენეს ოთახები. ხელოსნებს თანხას უხდიდა ჯ---- ჭ----------ე. ე----- ჭ----------ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. იგი პერიოდულად ჩამოდიოდა მოსარჩელეებთან და მას რაიმე ხარჯები სარემონტო სამუშაოების შესრულებაში არ გაუღია.

 

4.1.4. მოწმე გ---- დ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---- ჭ----------ის საცხოვრებელი ფართი აბსოლუტურად უვარგისი იყო საცხოვრებლად. მან თავისი ხელით გადაუკეთა კედლები, დაასხეს ე.წ.„სტიაშკა“, სამზარეულოში გამათბობელი მისი დამონტაჟებულია. მან ურჩია გაეკეთებინათ 3 საძინებელი, რაც ასევე შეთანხმებული იქნა ე----- ჭ----------ესთან, რადგან მისი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთებას არ აპირებდნენ. მისთვის ცნობილია, რომ ჯ----მ სესხი გამოიტანა რემონტისთვის. ამაში მას ეხმარებოდა მეუღლე ი--- ყ-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სასამართლო სხდომის ოქმი (ს/ფ )

 

4.1.5. მოპასუხე მხარის განმარტებით დადგენილია, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარებულ იქნა ე----- ჭ----------ესთან შეთანხმებით და მითითებული სამუშაოების შესრულება შეესაბამებოდა მეპატრონის ნებას და ემსახურებოდა მის ინტერესს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასამართლო სხდომის ოქმი

 

4.1.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის N007294418 დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ბ-----ს ქ.N---ში მდებარე სახლთმფლობელობაში მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს- 6164.89 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1830.86 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 243-260 )

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ჯ---- ჭ----------ისა და ი--- ყ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი,-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 162-ე, 361-ე, 987-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით - ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.

 

6.2. სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს განსაზღვროს ჯ---- ჭ----------ისა და ი--- ყ-------–---–ის მფლობელობის მართლზომიერებისა და კეთილსინდისიერების საკითხი, ხოლო შემდეგ მიუსადაგოს სასარჩელო მოთხოვნას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარის განმარტების საფუძველზე სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელეები და მოპასუხე იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. წლების მანძილზე ფლობდნენ სადავო ფართს და მათ მიერ ქონების მფლობელობაში მიღება სარემონტო სამუშაოებისა და კომუნალური გამრიცხველიანების ხარჯები განხორციელდა თავად ე----- ჭ----------ის თანხმობით.

 

მართალია, სადავო უძრავ ნივთზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა იმ დროს, ვიდრე ე.ჭ----------ე საკუთრების უფლებას დაიდგენდა ამ ქონებაზე, თუმცა ამ დრომდე იგი წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელს, ვინაიდან ქონება გადაცემული ჰქონდა მესაკუთრისაგან და სკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მიღებული გაუმჯობესება მისი კუთვნილებაა. მით უფრო, როდესაც ეს უძრავი ქონება საერთოდაც მის საკუთრებაში იქნა აღრიცხული.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

თუ გავიზიარებთ მოპასუხის განმარტებას, რომ ქონება ე----- ჭ----------ისგან მოსარჩელეებს გადაეცათ თხოვების გზით, ამ ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხის ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლოა განხილულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 619-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

 

თუმცა განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა სარემონტო სამუშაოები განახორციელეს მოპასუხის თანხმობით, მაგრამ ეს სამუშაოები აუცილებელი იყო მთლიანი ფართის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანისათვის, ვინაიდან ე----- ჭ----------ის სარგებლობაში მისი გადაცემის დროისათვის ეს ქონება წარმოადგენდა არასაცხოვრებელ ფართს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.5. ამავდროულად, მოსარჩელის მოთხოვნა სხვის ნივთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, მოტივირებულია მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებით. ამდენად, მივიღეთ უსაფუძვლოდ გაწეულ ხარჯებზე მოსარჩელის მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების ორი სამართლებრივი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია): სანივთო-სამართლებრივი (სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი) და კონდიქციურ-ვალდებულებითი (სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

6.6. ურთიერთობის უფრო დაზუსტებულ რეგულაციას ადგენს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია პირის მიერ შეგნებულად ან შეცდომით საკუთარ ინტერესებში, მაგრამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამასთან ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ჯ---- ჭ----------ემ და ი--- ყ-------–---–მა ფართის საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანისათვის განახორციელეს მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები: ბინაში ჩასმული იქნა კარ-ფანჯრები, ამოყვანილ იქნა გამყოფი კედლები „გიფსოკარდონით“, დასხმული იქნა „სტიაჟკა“, გადაკეთდა საპირფარეშო, დაიგო ლამინატი, მეტლახი და სხვ.

 

დადგენილია, რომ სარემონტო სამუშაოების შესრულება ხორციელდებოდა მოსარჩელე ჯ---- ჭ----------ის მიერ დაქირავებული ხელოსნების დახმარებით. იგი თავისი სახსრებით იძენდა მასალებს და იხდიდა ხელობის თანხებს. ჯ---- ჭ----------ესთან ერთად სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში ასევე მონაწილეობას იღებდა მისი მეუღლე ი--- ყ-------–---–ი.

 

დადგენილია, რომ ე----- ჭ----------ე სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, იგი პერიოდულად ბრუნდებოდა საცხოვრებელ სახლში. სარემონტო სამუშაოების შესრულება შეთანხმებული იყო მოპასუხეებთან და იგი შეესაბამებოდა მეპატრონის ნებასა და ემსახურებოდა მის ინტერესს.

 

ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის N007294418 დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ბ-----ს ქ.N---ში მდებარე სახლთმფლობელობაში მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს- 6164.89 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1830.86 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს დაბრუნებული აქვთ ნივთი (სადავო ქონება) მოპასუხისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს, როგორც უფლებამოსილ პირს, წარმოეშვა ვალდებულება ნივთზე გაწეული ხარჯები აუნაზღაუროს მოსარჩელეებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ე----- ჭ----------ის ქონების გაზრდა მოხდა მოსარჩელეთა ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

6.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარებული იქნა მის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით და რომ ჯ---- ჭ----------ეს არანაირი ხარჯი არ გაუღია სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ე----- ჭ----------ეს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების გასამყარებლად. მას არ აქვს წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. ამასთან, მოსარჩელე ჯ---- ჭ----------ის და ი--- ყ-------–---–ის მიერ ხარჯების გაწევა დაადასტურეს მოწმეებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ყველა სარემონტო საქმიანობის განხორციელებას კურირებდა თავად ჯ---- ჭ----------ე მეუღლესთან ერთად და მათთვის თანხების ანაზღაურებასაც ახდენდა მხოლოდ ჯ----.

 

მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოებზე ხარჯების გაწევა ასევე დადასტურებული იქნა ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნითაც, სადაც მითითებულია, რომ ქ.ქუთაისში, ბ-----ს ქ.N---ში მდებარე სახლთმფლობელობაში მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამშენებლო - სარემონტო სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს - 6164.89 ლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოპასუხე ე----- ჭ----------ისათვის საცხოვრებელი ბინის დაბრუნების მომენტში გამოიკვეთა გამდიდრების არსებობის ნიშნები, რაც გამოწვეული იქნა მოსარჩელეთა მხრიდან სარემონტო სამუშაოების განხორციელებით, რომლის საფუძველზეც არასაცხოვრებელი ფართი გახდა საცხოვრებლად ვარგისი. სარემონტო სამუშაოების ღირებულება კი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს - 6164,89 ლარს.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბინის საკუთრებაში გადაცემამდე მოპასუხე იყო კეთილსინდისიერი მფლობელი, თუმცა ფართი იყო არასაცხოვრებელი, ცხადია, მოსარჩელეთა მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად ის გახდა საცხოვრებლად ვარგისი და შესაბამისად იგი გამდიდრდა იმ თანხით, რაც მასზე გაწიეს მოსარჩელეებმა. ამიტომა ე.ჭ----------ე ვალდებულია მხარეებს შორის სამართლიანი ბალანსის აღსადგენად მოსარჩელეებს აუნაზღაუროს ეს თანხა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელეთა მხარეზე, რომელთა მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით ნაწილობრივ იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

6.10. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნებს სახურავისათვის გადახდილი - 250 ლარის, წყალგაყვანილობის მილებისათვის გადახდილი -250 ლარის და სესხზე გადახდილი პროცენტის - 3000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სახურავისათვის და წყალგაყვანილობის მილებისათვის თანხების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე საქმეში წარმოდგენილი სასესხო ამონაწერებით ვერ დგინდება სესხის აღების მიზნობრიობა, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე ე----- ჭ----------ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 184,95 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 105 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე ვინაიდან მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მას ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა -10.05 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მოპასუხე ე-----ი ჭ----------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქუთაისი, ბ-----ს ქ. #--, ბინა---, საკად.კოდი- # 0------------------;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ---- ჭ----------ის და ი--- ყ-------–---–ის (წარმომადგენელი მ------ ი-----–---ი) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ე----- ჭ----------ეს დაეკისროს ჯ---- ჭ----------ის და ი--- ყ-------–---–ის სასარგებლოდ (ქ. ქუთაისი, ბ-----ს ქ.#---ში, ს/კ 0------------------) გაწეული სამუშაოების ღირებულების - 6164.89 ლარის გადახდა;

 

3. ე----- ჭ----------ეს დაეკისროს მოსარჩელეთა -ჯ---- ჭ----------ის და ი--- ყ-------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 184,95 ლარის ანაზღაურება; ხოლო 105 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. მოსარჩელეებს ჯ---- ჭ----------ესა და ი--- ყ-------–---–ს დაუბრუნდეთ მათ მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 10,05 ლარის ოდენობით.

 

5. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში(მდებ.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე