გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6341-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ი-----–--------–---–--
წარმომადგენლები - და-------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ი-----–--------–---–--ს სახელზე გაცემული CHU №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 0--------–- შპს ,,კავ-------------------------–------------------ს'' მიმართ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0-------5 ლიცენზია.
შპს კ--------------------------–----------------ს 2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე არ გაუვლია ინსტიტუციური აკრედიტაცია, ხოლო 2010 წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე არ გაუვლია ავტორიზაცია.
შპს კ--------------------------–----------------მა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ რეჟიმში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 16.03.2018წ. სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.54-55).
3.2. ი-----–--------–---–--ს შპს კავ-------------------------–------------------ს სამართლის ფაკულტეტის 2007 წლის 2--------ს გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა CHUN0----- (სარეგისტრაციო ნომერი 0-----) დიპლომი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დიპლომი CHUN0----- (ს.ფ. 12)
3.3. ი-----–--------–---–--მ 2018 წლის 07 მ------ N2----- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,კავ-------------------------–------------------ს’’ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომი CHUN0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 07 მ------ N2----- განცხადება (ს.ფ. 42-43).
3.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი-----–--------–---–--ს უარი ეთქვა CHUN0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. საკითხის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს ,,კ--------------------------–----------------ში’’ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, 2007 წლის ჩათვლით ი-----–--------–---–--ს სწავლის პერიოდი (მათ შორის-2007 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის CHU N----- დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-16);
3.5. დადგენილია, რომ პ---–-–------------- ირ---–--–----------------–---–ია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ----------------–-------–------------------------------------------–-------–------ I---------------–----------------–----------------------–--------------- ინსპექტორი. ი-----–--------–---–-- არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 1--------------- MIA 1------------ ცნობა
-მოწმობა N6--------1 (სფ.46)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–--------–---–--ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ გადაწყვეტილება, ი-----–--------–---–--ს სახელზე გაცემული CHUN0----- (სარეგისტრაციო ნომერი 0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, ი-----–--------–---–--მ 2018 წლის 07 მ------ N2----- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს ,,კავ-------------------------–------------------ს’’ მიერ მის სახელზე გაცემული CHUN0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი-----–--------–---–--ს უარი ეთქვა CHUN0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
6.4. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე”, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს; 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას; ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი; საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქციით) თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული მუხლის ,,ბ1” პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს ,,კავკასიური ჰუმანიტარული უნივერსიტეტში’’ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, 2007 წლის ჩათვლით ი-----–--------–---–--ს სწავლის პერიოდი (მათ შორის-2007 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის CHU N----- დიპლომი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად უნდა ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე მუხლის 11 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს ,,კ--------------------------–----------------ის’’ მიერ მის სახელზე გაცემული CHUN0----- (სარეგისტრაციო ნომერი 0-----) დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-----–--------–---–--მ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–--------–---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 1--------–-ს MES 2------------ გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი-----–--------–---–--ს სახელზე შპს ,,კავ-------------------------–------------------ს'' მიერ 2007 წელს გაცემული CHU №0----- (სარეგისტრაციო N0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;
4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაეკისროს ი-----–--------–---–--ს სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი