გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.08.2018
საქმის ნომერი
330310116001412688
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/4778-16

01 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - გრ-----–------ე

მოპასუხეები - შპს „ბრ----------ი“, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G)), ლე------------–---–ი

წარმომადგენელი - ლე------------–---–ი

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბრ----------ი“, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“ და ლე------------–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. შპს „ბრ----------მა“, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-მა, ლე------------–---–მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2007 წლის 21 სექტემბერს თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ დარეგისტრირდა შპს „ბრ----------ი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად დარეგისტრირდა ლე------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.32-33).

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 3 ოქტომბრის №----- ბრძანებით დაინიშნა შპს „ბრ----------ის“ საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 15 ნოემბერს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნით შპს „ბრ----------ს“ დაერიცხა სულ 684563.1 ლარი, მათ შორის, ძირითადი თანხა - 311082 ლარი, ჯარიმა - 164979 ლარი და საურავი - 208502.1 ლარი, რომელსაც შპს შპს „ბრ----------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2014 წლის 15 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №----------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.39-40);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.38).

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.64).

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დაიტვირთა შპს „ბრ----------ის“ ქონება, რომელსაც შპს „ბრ----------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2014 წლის 15 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრიდან (ს.ფ.45);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.63).

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 23 სექტემბრის №-------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „ბრ----------ის“ ქონებას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 23 სექტემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის თანახმად, ყადაღა დაედო შპს „ბრ----------ის“ კუთვნილ ავტომობილს - Ford Transit Bus (სახელმწიფო ნომრით: L----3) და მისაბმელს - AL-KO Kober (სახელმწიფო ნომრით: B----).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ექსპერტიზის განყოფილების 2014 წლის 28 ოქტომბრის №----------- დასკვნის თანახმად, ავტომობილის - Ford Transit Bus (სახელმწიფო ნომრით: L----3) საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებას, ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 6125 ლარს, მისაბმელის AL-KO Kober (სახელმწიფო ნომრით: B----) ღირებულება კი - 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 5250 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 23 სექტემბრის №-------- ბრძანება (ს.ფ.41);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 23 სექტემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი (ს.ფ.43-44);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ექსპერტიზის განყოფილების 2014 წლის 28 ოქტომბრის №----------- დასკვნა (ს.ფ.47-50).

 

3.5. შპს „ბრ----------ის“ დავალიანებას 2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით წარმოადგენდა ძირითადი თანხა 277407.95 ლარი, ჯარიმა - 168935.9 ლარი და საურავი - 424615.19 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 28 მაისის შედარების აქტი (ს.ფ.203).

 

3.6. 2014 წლის 10 იანვარს საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“ რომლის 100%-იანი წილის მფლობელად დარეგისტრირდა ლე------------–---–ი და დირექტორად - და-----------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.36-37).

 

3.7. 2015 წლის თებერვლის თვის საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, ლე------------–---–ს შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ში ხელფასის სახით აღებული აქვს 8000 ლარი. ამასთან, ლე------------–---–ი ხელფას იღებდა შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ში2014 წლის მაისიდან-ივლისის, 2014 წლის სექტემბრის, 2014 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2015 წლის 2015 წლის თებერვლის თვეებში.

 

ლე------------–---–ი შპს „ბრ----------ში“ იღებდა ხელფასს 2010 წელს, 2011 წელს, 2013 წლის თებერვლიდან-დეკემბრის ჩათვლით, 2014 წლის თებერვალს და 2017 წლის ივლისის თვეებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის თებერვლის თვის საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ.75-76);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.72-74).

 

3.8. 2014 წლის 14 თებერვალს შპს „ბრ----------მა“ შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ს მიაწოდა 103659.84 (ას სამი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ღირებულების საქონელი.

 

2014 წლის 11 აპრილს შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-მ შპს „ბრ----------ს“ გადაუხადა 1976 ლარი, 2014 წლის 15 აპრილს - 2633 ლარი, 2014 წლის 15 მაისს - 165 ლარი და 290 ლარი, 2014 წლის 17 მაისს - 12656 ლარი, 2014 წლის 27 მაისს - 1000 ლარი, 2014 წლის 29 მაისს - 1780 ლარი, 2014 წლის 4 ივნისს - 10600 ლარი, 2014 წლის 13 ივნისს - 2730 ლარი, 2014 წლის 30 ივნისს - 1329.90 ლარი.

 

2014 წლის 30 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-მა შპს „ბრ----------ს“ დაუთმო მოთხოვნის უფლება 69038.59 (სამოცდაცხრა ათას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარზე შპს „ბა-------ს“ მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებეს:

- 2014 წლის 14 თებერვლის №--–----------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.65-71);

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ.242-251);

- 2014 წლის 30 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ.252-255);

 

3.9. ლე------------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბ--–----------------------9 (ნაკვ.2----), სართული 4, ბინა №--, ს/კ0---------------.0-----, ფართი 124.01 კვ.მ., აივანი (+13.50 ნიშნული) 29.7 კვ.მ.

 

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით შპს „ბრ----------ისა“ და შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.26-27);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 ივნისის №------ წერილი (ს.ფ.24-25);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის №------ წერილი (ს.ფ.59-60);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 მაისის №------ წერილი (ს.ფ.55);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილის №----- წერილი (ს.ფ.61).

 

3.10. შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

 

შპს „ბრ----------ი“ რეგისტრირებულია შპს „ლა-----------ს“ კაპიტალში 40%-იანი წილის მესაკუთრედ.

 

ლე------------–---–ი რეგისტრირებულია შპს „ბრ----------ის“ კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „ახ--–----------------ის“ კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „---------–“-ის კაპიტალში 10%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „სა---------–--------------------–------–------ის“ კაპიტალში 25%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „თრ----–----“-ის კაპიტალში 50%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „ვი----------------ას“ კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ის კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ, შპს „ფუ-------ის“ კაპიტალში 50%-იანი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 აპრილის №----- წერილი (ს.ფ.62);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 მაისის №------ წერილი (ს.ფ.57-58);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის №----- წერილი (ს.ფ.56);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 3 ივნისის №------ წერილი (ს.ფ.28-29).

 

3.11. შპს „ბრ----------ის“ სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები: “FORD TRANSIT BUS” სახელმწიფო სანომრე ნიშნით L-----3 და “MOD. AL-KO KOBER” სახელმწიფო სანომრე ნიშნით B-----.

 

შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები: “TOYOTA RAV4” სახელმწიფო სანომრე ნიშნით B-----8, “VOLKSWAGEN TOUAREG” სახელმწიფო სანომრე ნიშნით Z-----4 და “JAC HFC 5045K” სახელმწიფო სანომრე ნიშნით R-------

 

ლე------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალებები: “PEUGEOT 607” სახელმწიფო სანომრე ნიშნით A-----0, “JEEP GRAND CHEROKEE 4.7” სახელმწიფო სანომრე ნიშნით A------, “AUDI A6” სახელმწიფო სანომრე ნიშნით M------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 2 ივნისის №-------------- წერილი (ს.ფ.30-31);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №-------------- წერილი (ს.ფ.51-52);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №-------------- წერილი (ს.ფ.53-54).

 

3.12. ლე------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ერთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

 

შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ის სახელზე რეგისტრირებული არ არის ცეცხლსასროლი იარაღი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №-------------- წერილი (ს.ფ.51-52);

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის №-------------- წერილი (ს.ფ.53-54).

 

3.13. ლე------------–---–ს 2017 წლის 24 იანვარის 10:16 საათის მდგომარეობით ერიცხებოდა სალდირებული ზედმეტობა 0 ლარი.

 

შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ს 2017 წლის 17 იანვრის 09:42 ერიცხებოდა ზედმეტობა 99.54 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 იანვრის №--------- წერილი (ს.ფ.142);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 იანვრის №--------- წერილი (ს.ფ.143).

 

3.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№2-------- საქმე) შპს „ბრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ბ------ს“ შპს „ბრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1313719 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №2-------- საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.187-190).

 

3.15. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №----------- წერილის თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე შპს „ბ------ს“ მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ №------- საგადასახადო მოთხოვნა 846269,74 ლარის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 4 დეკემბერს. 2018 წლის 9 იანვარს ადმინისტრირების დეპარტამენტის №--------------- ბრძანებით შპს „ბ------ს“ საბანკო ანგარიშზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №----------- წერილი (ს.ფ.186).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 94-ე მუხლები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-5, მე-6, 43-ე, 49-ე, 64-ე, 238-ე, 246-ე, 268-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ამდენად, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება - გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიებს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

მოსარჩელე ითხოვს შპს „ბრ----------ი“, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“ და ლე------------–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. საგადასახადო ორგანო აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ბრ----------ის“ მიერ შემოწმების პერიოდში ქონების გადაწერა და ლე------------–---–ის მიერ კონკრეტული საზოგადოებებთან მიმართებით კორპორაციული ფორმალობათა დაუცველობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კონკრეტული პირები არიან ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობა ავტომატურად არ ნიშნავს პირისათვის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რომლის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისაგან თავის ასარიდებლადაც მოქმედებენ ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლო მიუთითებს იმ ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 3 ოქტომბრის №----- ბრძანებით დაინიშნა შპს „ბრ----------ის“ საქმიანობის სრული საგადასახადო შემოწმება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2013 წლის 15 ნოემბერს. 2014 წლის 14 თებერვალს შპს „ბრ----------მა“ შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ს მიაწოდა 103659.84 (ას სამი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის ღირებულების საქონელი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 10 ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნით შპს „ბრ----------ს“ დაერიცხა სულ 684563.1 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის შეტყობინებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დაიტვირთა შპს „ბრ----------ის“ ქონება, რომელსაც შპს „ბრ----------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2014 წლის 15 ივლისს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 23 სექტემბრის №-------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „ბრ----------ის“ ქონებას. ხოლო, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“ საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირდა 2014 წლის 10 იანვარს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად დარეგისტრირდა ლე------------–---–ი და დირექტორად - და-----------–--ე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 11 აპრილს შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-მ შპს „ბრ----------ს“ გადაუხადა 1976 ლარი, 2014 წლის 15 აპრილს - 2633 ლარი, 2014 წლის 15 მაისს - 165 ლარი და 290 ლარი, 2014 წლის 17 მაისს - 12656 ლარი, 2014 წლის 27 მაისს - 1000 ლარი, 2014 წლის 29 მაისს - 1780 ლარი, 2014 წლის 4 ივნისს - 10600 ლარი, 2014 წლის 13 ივნისს - 2730 ლარი, 2014 წლის 30 ივნისს - 1329.90 ლარი. 2014 წლის 30 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-მა შპს „ბრ----------ს“ დაუთმო მოთხოვნის უფლება 69038.59 (სამოცდაცხრა ათას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარზე შპს „ბა-------ს“ მიმართ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, შპს „ბრ----------ის“ მიერ შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-სათვის საქონლის მიწოდება მოხდა საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ოპერაცია განხორციელებულია შპს „ბრ----------ისათვის“ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენამდე. სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობა ავტომატურად არ ნიშნავს პირისათვის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, რომლის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისაგან თავის ასარიდებლადაც მოქმედებენ ცრუმაგიერი პირები. სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნორმატიული რეგულირების საბოლოო მიზანს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა, რასაც საგადასახადო ორგანო ვერ ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქონლის მიწოდების ღირებულება საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-ს მიერ 2014 წლის აპრილი-ივნისის თვეებში ხდებოდა ვალდებულების შესასრულებლად შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, საქონლის გადაწერა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების დადასტურების გარეშე, არ ქმნის.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება ასევე, მოსარჩელის არგუმენტს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია ლე------------–---–ის მიერ შპს „ბრ----------იდან“ და შპს „მ----------------–---–----------------------------------------G))“-დან ხელფასის აღება, მაშინ როდესაც მას აღნიშნული კომპანიებიდან არ გააქვს დივიდენდი. საქართველოს კონტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომა თავისუფალია, რაც გულისხმობს პროფესიისა და საქმიანობის თავისუფალ არჩევას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირს, უფლებამოსილია დადოს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით, მათ შორის შრომით ურთიერთობაში შევიდეს და იღებდეს ხელფასს იმ საწარმოდან, რომლის პარტნიორად არის რეგისტრირებული.

 

სასამართლო, დამატებით, მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორს უფლება აქვს მიიღოს საწარმოდან დივიდენდი და აღნიშნული არ წარმოადგენს მის ვალდებულებას. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ვერ ადასტურებს მოპასუხეთა შორის განსაკუთრებული ურთიერთობებას, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებას ემსახურება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№2-------- საქმე) შპს „ბრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ბ------ს“ შპს „ბრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1313719 ლარის ანაზღაურება. ხოლო, 2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე შპს „ბ------ს“ მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ №------- საგადასახადო მოთხოვნა 846269,74 ლარის ოდენობით, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2017 წლის 4 დეკემბერს. ამასთან, 2018 წლის 9 იანვარს ადმინისტრირების დეპარტამენტის №--------------- ბრძანებით შპს „ბ------ს“ საბანკო ანგარიშზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე