გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.08.2018
საქმის ნომერი
330210016001355555
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11771-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

10.08.2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

მოსარჩელე: გ----------------–--–---–ი

წარმომადგენლები: რ------------------ე;

ე-–---------ი.

 

მოპასუხე: სს "ს----------–-------------ა"

წარმომადგენელი: ი------–--

 

დავის საგანი: აქტის ბათილად ცნობა;

სარჩოს გადახდის დაკისრება;

მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ს----------–-------------ის“ 2016 წლის 08 აპრილის წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის ბათილად ცნობა;

1.2. სს „ს----------–-------------ისათვის“, გ----------------–--–---–ის სასარგებლოდ, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 2016 წლის 08 თებერვლიდან ყოველთვიურად _ 1250 ლარის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით) ოდენობით, მუდმივად;

 

1.3. სს „ს----------–-------------ისათვის“, გ----------------–--–---–ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 50 000 ლარის ოდენობით.

 

(იხ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება, ს.ფ. 129-130.)

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1979 წლიდან მუშაობდა მ--------დ სს "ს----------–-------------ის" მ---------------------------–---–------------------------------------------------–------------------------------------–----------------------ში. 2013 წლის 13 მარტის N---- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის ყოველთვური ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს. 2015 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 08:40 საათზე, გ----------------–--–---–ი იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, მას რამდენიმე წამში უნდა დაეძრა მატარებელი ადგილიდან, რა დროსაც მატარებლიდან ნახევარ მეტრზე უფრო მცირე მანძილზე დაშორებით შენიშნა ვინმე ტ------–----–--–ი, რომელიც იქცეოდა არაადეკვატურად და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ტ------–----–--–მა მოსარჩელეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მარცხენა თვალის დაფლეთა თვალშიდა ქსოვილების გამოვარდნით და მარცხენა თვალში მხედველობის არარსებობა. შედეგად, მოსარჩელემ მიიღო შრომითი დასახიჩრება უვადოდ და შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განესაზღვრა არანაკლებ 70%-ით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი. სს "ს----------–-------------ის" 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანებით, გ----------------–--–---–ი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან 2015 წლის 14 დეკემბერს გ----------------–--–---–მა განცხადებით მიმართა სს "ს----------–-------------ის" გენერალურ დირექტორს სარჩოს დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც 2016 წლის 20 აპრილის წერილით მას ეთქვა უარი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ტ------–----–--–ის მიმართ გამოიტანა განაჩენი. საქმის განხილვის დროს ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ, რის გამოც არ მომხდარა მოსარჩელის დაკითხვა. ამ განაჩენს წინამდებარე საქმეზე ვერ ექნება პრეიდუციული ძალა, რადგანაც, სს „ს----------–-------------ას“ მიუძღვის ბრალი დამდგარი ზიანის დადგომაში. შესაძლებელია, სისხლის სამართლის კუთხით უშუალოდ დამნაშავე პირი იქნა გამოვლენილი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის დაკმაყოფილდეს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებას. გასაჩივრებულ უბედური შემთხვევის აქტში არ არის მითითებული ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეულობაზე; მოპასუხემ თავის 20.04.2016წ. N---- მომართვაში მიუთითა, რომ „ბრალის არარსებობას ადასტურებს 2015 წლის 05 ივნისს წარმოებაში მომხდარის უბედური შემთხვევის შესახებ აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა მოქალაქემ. აქტში არ არის აღნიშნული შრომის კანონმდებლობის დამრღვევი პირების და შრომის დაცვის დარღვევის თაობაზე“. მოსარჩელეს პრეტენზია აქვს ამ აქტის მიმართ, რადგანაც ამ აქტში არ არის დაფიქსირებული მოპასუხის ბრალეულობა ზიანის დადგომაში. ეს აქტი შეადგინა უშუალოდ მოპასუხემ, მასზე ხელი არ მოუწერია მოსარჩელეს. ამდენად, ეს აქტი უნდა გაუქმდეს, რადგანაც იგი შრომით ურთიერთობას ეხება და მასში არ არის დაფიქსირებული მოპასუხის ბრალეულობა. ამჟამად მოსარჩელე შრომისუუნაროა, მისი შრომისუუნარობის დაკარგვის ზარისხი განისაზღვრა არანაკლებ 70% პროცენტით; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც იგი ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს მუდმივად სარჩოს გადახდა მისი ხელფასის ოდენობით. კერძო სამართლის სუბიექტები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ახორციელებენ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში. აღნიშნულ ფარგლებში ისინი ადგენენ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომელთაც აქვთ შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი წარმოადგენს ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს, რომელიც არ არის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი და წარმოადგენს რეალურად მომხდარი ფაქტების ფიქსაციას. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი განსაზღვრავს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხს. სს "ს----------–-------------ის" 2016 წლის 08 აპრილის წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი ასახავს შემთხვევას, რომელის დროსაც, გ----------------–--–---–მა განიცადა მორალური და მატერიალური ზიანი. აღნიშნული აქტის 11.2 პუნქტში არ არის მითითებული ის მიზეზი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა, ხოლო მე-13 პუნქტში არ არის მითითებული მოპასუხის ბრალეულობაზე ზიანის დადგომაში ანუ - არ არის მითითებული იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც დაარღვიეს შრომის კანონმდებლობა და შრომის დაცვის წესები. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სს "ს----------–-------------ის" შრომის შინაგანაწესის 15.1 პუნქტის თანახმად, "დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი". აღნიშნული ნორმა ავალდებულებს დამსაქმებელს დასაქმებულს შეუქმნას უსაფრთხო შრომის პირობები. შრომის პირობებში იგულისხმება შრომითი პროცესისა და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, რომელშიც ხორციელდება ადამიანის საქმიანობა. არ არის აუცილებელი საფრთხე მომდინარეობდეს უშუალოდ შრომითი პროცესიდან. შესაძლებელია საფრთხე მომდინარეობდეს გარედან, რომლის აღკვეთის ვალდებულება ასევე გააჩნია დამსაქმებელს. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მოიცავს შესაბამისი დაცვის სამსახურით უზრუნველყოფასაც. რკინიგზა წარმოადგენს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს, რომლის უსაფრთხოება და გამართულად ფუნქციონირება უდიდეს როლს ასრულებს ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულების დაცვის უზრუნველყოფაში, როგორიცაა პიროვნების თავისუფალი მიმოსვლის უფლება. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.) უზრუნველყოფენ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, მატარებლებისა და სხვა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოებას (მათ შორის, სამანევრო სამუშაოების შესრულების უსაფრთხოებას), აგრეთვე შრომის პირობებისა და გარემოს დაცვას". ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ”მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას ახორციელებს რკინიგზა სატრანსპორტო პოლიციის მეშვეობით". "სატრანსპორტო პოლიცია პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე". მოცემულ შემთხვევაში, სს "ს----------–-------------ა“ (სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმო) ვალდებული იყო უზრუნველეყო უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც მგზავრთათვის, ისე დასაქმებულ პირთათვის. მოპასუხე აღნიშნულ ვალდებულებას ახორციელებს დაცვის პოლიციის მეშვეობით, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაშია უსაფრთხო გარემოს შექმნა. რკინიგზის თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვა პირდაპირ კავშირშია მგზავრთა უსაფრთხოებასთან, რადგან თანამშრომლის უშუალო პასუხისმგებლობას წარმოადგენს მგზავრთათვის უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურების გაწევა. თუ დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, საფრთხის ქვეშ დადგება მგზავრთა უსაფრთხოების საკითხიც. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "რკინიგზის სადგურების, ვაგზლების, სამგზავრო ბაქნების და სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიები და სარკინიგზო ლიანდაგები, რომლებზედაც მოძრაობენ მატარებლები და სრულდება სამანევრო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, წარმოადგენს მომეტებული საშიშროების ზონებს. ამ ზონებში უცხო პირთა ყოფნა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ იყო გამოწვეული, აკრძალულია. მომეტებული საშიშროების ზონაში ყოფნის, იქ სამუშაოების შესრულების, სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრაობისა და გადასვლის წესებს ადგენს რკინიგზა". მაშასადამე, რკინიგზის დაცვის დაცვის სამსახური ვალდებული იყო სამგზავრო ბაქნიდან გაეყვანა პირი, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენდა მგზავრობა ან რომლის იქ ყოფნა სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში, ცხადი იყო, რომ ტ------–----–--–ის მიზანს არ წარმოადგენდა ტრანსპორტით გადაადგილება. ის მატარებლის გასვლის მიმანიშნებელი სიგნალის გასვლის მიუხედავად, იდგა ლოკომოტივითან დაახლოებით ნახევარ მეტრზე უფრო მცირე მანძილზე დაშორებით და იქცეოდა არაადეკვატურად და აგრესიულად. რკინიგზის დაცვის სამსახური ვალდებული იყო აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისთანავე გაეძევებინა ტ------–----–--–ი მომეტებული საშიშროების ზონიდან, განსაკუთრებით მაშინ, როცა არის დიდი ალბათობა იმის, რომ აღნიშნული პირი განახორციელებს საფრთხის შემცველ მოქმედებებს. სს "ს----------–-------------ის" სალოკომოტივო ბრიგადებისათვის შრომის დაცვის ტიპური ინსტრუქციის მე-7 პუნქტის შესაბამისად, "მუხრუჭების მოსინჯვის წინ მემანქანემ ამის შესახებ უნდა გააფრთხილოს თანაშემწე და დარწმუნდეს, რომ ლოკომოტივთან, ძვმშ-თან, მის ქვეშ არ იმყოფებიან ადამიანები და შეამოწმოს, ჩართულია თუ არა სამუხრუჭო ხელსაწყოები". მაშასადამე, მემანქანე მატარებლის გასვლის წინ ვალდებულია შეამოწმოს დგას თუ არა ლოკომოტივთან, ძვმშ-თან ან მის ქვეშ ადამიანი. მოსარჩელემ მატარებელთან ძალიან ახლოს შენიშნა ტ------–----–--–ი და სთხოვა მას მოშორებოდა მატარებელს. მიუხედვად არაერთი მცდელობისა, ტ------–----–--–ი განაგრძობდა ხელის შეშლას და არ იძვროდა ადგილიდან. მოსარჩელემ რამდენჯერმე სცადა ფაქტის შესახებ ეცნობებინა დაცვის სამსახურისათვის, მაგრამ ვერ შეძლო დახმარების მიღება, რადგან დაცვა ახლომდებარე ტერიტორიაზე არ ჩანდა. დაცვის სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს აკონტროლოს შექმნილი სიტუაცია. ის უნდა პატრულირებდეს ტერიტორიაზე, აკვირდებოდეს გარემოს და საჭიროებისას ატარებდეს შესაბამის ზომებს. მოცემულ შემთხვევაში, რკინიგზის დაცვის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაკისრებული ვალდებულების შესრულება, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ზიანი. ამდენად, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის 11.2 პუნქტში შემთხვევის მიზეზად მითითებული უნდა იყოს სს "ს----------–-------------ის" მიერ უსაფრთხოების წესების დაუცველობა. ხოლო, მე-13 პუნქტით განსაზღვრული უნდა იყოს მოპასუხის ბრალეულობა ზიანის დადგომაში. რკინიგზის მემანქანეებს მუშაობა უხდებათ ურთულეს პირობებში. ისინი ყოველდღიურად განიცდიან მძიმე ფიზიკურ და ფსიქიკურ სტრესს. მათ პასუხისმგებლობაშია როგორც მგზავრთა, ისე გარეშე პირთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N------ ბრძანების 484-ე მუხლის 44-ე პუნქტის შესაბამისად, მაგისტრალურ რკინიგზაზე დასაქმებული ელმავლის მემანქანე, მემანქანის თანაშემწე, ძრავა-ვაგონიანი ელექტრომატარებლის მემანქანე, მემანქანის თანაშემწე და სხვა პირები მიეკუთვნებიან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულ პირთა კატეგორიას. სამუშაოს სიმძიმე ძირითადად გამოიხატება შრომითი დაძაბულობით, რაც ამავე ბრძანების დანართი N2-ის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით, განმარტებულია, როგორც "შრომითი პროცესის დახასიათება, რომელიც ასახავს დატვირთვას უპირატესად დასაქმებულთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გრძნობათა ორგანოებზე, ემოციურ სფეროზე. შრომის დაძაბულობის დამახასიათებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური დატვირთვები, დატვირთვების მონოტონურობის ხარისხი, მუშაობის რეჟიმი". სს "ს----------–-------------ის" მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა მის უმოქმედობაში, კერძოდ, მოპასუხემ ვერ შეძლო შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, სს "ს----------–-------------ის" შრომის შინაგანაწესის 15.1 პუნქტი, ს----------–--------------------------ის მე-60 მუხლის პირველი პუნქტი, ს----------–--------------------------ის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი. მოპასუხის ქმედება არის ბრალეული, რაც გამოიხატა გაუფრთხილებლობით, კერძოდ დაუდევრობით. დამდგარ ზიანსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სწორედ მოპასუხის უმოქმედობამ გამოიწვია მოსარჩელის ზიანი, კერძოდ სს "ს----------–-------------ის" მიერ უსაფრთხოების წესების დაცვისა და სათანადო რეაგირების შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი ზიანი. მაშასადამე, არსებობს ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა და სს "ს----------–-------------ა" ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. გ----------------–--–---–ი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა 2015 წლის 08 დეკემბერს. მოპასუხემ სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოსარჩელეს წესისამებრ აუნაზღაურა ორი თვის შრომის კომპენსაცია 2015 წლის დეკემბრისა და იანვრის თვის ხელფასის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სს ”ს----------–-------------ამ” წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა მოსარჩელისათვის მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გამორიცხავს მოსარჩელის დასახიჩრებაში ს----------–-------------ის ბრალს, ს----------–-------------ის მიერ არ დარღვეულა მოქმედი შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის ზიანის მიყენება გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეულობით, ვინაიდან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი, როგორც მატარებლის მემანქანის უსაფრთხოება, რაც არ შეესაბამება რეალობას. ს----------–-------------ას 2014 და 2015 წლებში ჰქონდა და ამჟამადაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან. ხელშეკრულების თანახმად, დაცვაზეა აყვანილი როგორც სადგურები, ასევე სამგზავრო მატარებლები, მათ შორის, დაცვა იმყოფებოდა N--- მატარებელშიც (მ---------------------ი). ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია არა მხოლოდ სამგზავრო მატარებლებისა და სადგურების დაცვითი მომსახურება, ასევე მატერიალური ფასეულობების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა განურჩევლად ტერიტორიული მდებარეობისა, უზრუნველყოფილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. საქმის მოკვლევის მასალებით დასტურდება, რომ ინციდენტის დროს სწორედ დაცვის პოლიციამ მოახდინა მყისიერად დამნაშავე პირის დაკავება. სხვაგვარი პრევენცია მოცემულ ვითარებაში შეუძლებელი იყო. არამართებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვის პოლიციას არ უნდა დაეშვა ზიანის მიმყენებელი პირი ბაქანზე. ბაქანი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, სადაც დღის განმავლობაში ათასობით მგზავრი და მგზავრის გამცილებელი (და არა მარტო) მოძრაობს და დაცვის პოლიციას არ აქვს უფლება და არც ვალდებულება ამოწმოს რომელი მათგანია მგზავრი, ან რატომაა ის ბაქანზე. ეს ადამიანის თვისუფლად გადაადგილების უფლების უხეში ხელყოფა იქნებოდა. ამასთან, ეს უფლება/ვალდებულება რომც ჰქონდეს დაცვის პოლიციას, მატარებლის მომსახურე პერსონალსა და თუნდაც ბაქანზე მდგომ მგზავრს შორის კონფლიქტის წინასწარ განჭვრეტა და სრული პრევენცია თეორიულადაც კი შეუძლებელია, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ ვითარებაში. ამგვარი პრევენცია გათვალისწინებული რომ იყოს კანონში, საერთოდ დანაშაულიც არ მოხდებოდა. ზიანის მიმყენებელი პიროვნება დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზე. ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. საქმეს იძიებდა შსს ქ------–---ის რაიონული სამმართველო. გამოძიებისას დადგინდა, რომ 2015 წლის 5 ივნისს, დღის საათებში ქ. ქ------–---ში რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ტ------–----–--–მა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელი განზრახ თვალში ჩაარტყა გ----------------–--–---–ს. ამ დარტყმის შედეგად გ----------------–--–---–მა მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან. დამნაშავე ტ------–----–--–ს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაზიანება გამოწვეული იყო ტ------–----–--–ის ბრალეული ქმედებით, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას. მოსარჩელისა და მოქალაქის მოქმედებები რომ არ გადაზრდილიყო, როგორც განაჩენითაც არის დადგენილი, ურთიერთშელაპარაკებასა და ჩხუბში, ანუ კონფლიქტურ სიტუაციაში, რამაც გამოიწვია დამდგარი შედეგი, მაშინ ტ------–----–--–ის ქმედება დაკვალიფიცირდებოდა არა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებად (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი), არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით _ ხულიგნობად, მოქმედებად, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. ცხადად ჩანს, რომ მემანქანე გაბრაზდა რა ტ------–----–--–ის საქციელზე, დაიწყო მის მიმართ საპასუხო ქმედებები. ამ ურთიერთშელაპარაკებისას მოულოდნელად დამნაშავე შემოტრიალდა და ძლიერად დაარტყა მას ხელი თვალის არეში, ანუ მოსარჩელეს ხულიგნობის დროს განხორციელებული ძალადობით კი არ მიუღია დაზიანება, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთშეურაცხყოფასა და ურთიერთსაპასუხო მოქმედებებს (რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით) მოჰყვა ეს შედეგი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კიდეც დანაშაულის კვალიფიკაცია და მემანქანეს სწორად რომ ემოქმედა, ეს დანაშაულებრივი ქმედება აცილებული იქნებოდა, მით უმეტეს, რომ დაცვის პოლიცია მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმეში გააჩნდა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო ბრალდებულმა ტ------–----–--–მა სრულად აღიარა თავისი ბრალეულობა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რაც დადასტურებულია შესაბამისი განაჩენით. რაც შეეხება პირველ სასარჩელო მოთხოვნას, 2015 წლის 5 ივნისს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის თანახმად, სს „ს----------–-------------ას" აღნიშნულ ინციდენტში ბრალი არ მიუძღვის. „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების" თანახმად, უბედური შემთხვევის გამოკვლევას ახორციელებს შესაბამის წარმოებაში არსებული უბედური შემთხვევის მოკვლევის კომისია. აღნიშნული კომისიის მიერ გ----------------–--–---–ის დასახიჩრების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სამსახურებრივი მოკვლევა. ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ ფაქტის უშუალო შემსწრე პირებს, თვით გ----------------–--–---–ს, მემანქანის თანაშემწე ა–--------–-------ს, სადგურის ქ------–---ის მორიგეს და სერვის-ცენტრის თანამშრომელს. კომისიის მიერ შედგენილი ტ-1 ფორმის აქტის თანახმად, 2015 წლის 5 ივნისს, სადგურ ქ------–---ში ლიანდაგში ჩასხდომისას მდგარი N--- მატარებლის მემანქანე გ----------------–--–---–ს მოქალაქემ მიაყენა მარცხენა თვალის ფიზიკური დაზიანება. შემთხვევის სახეობად მითითებულ იქნა უცხო პირის მიერ სხეულის დაზიანება, ანუ დაზიანება მიყენებული იქნა მოქალაქის მიერ და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აქტში არ არის აღნიშვნა შრომის კანონმდებლობის დამრღვევი პირების და შრომის დაცვის წესების დარღვევის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გრაფების შევსება რაციონალურია და რელევანტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს საწარმოს თანამშრომლების მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის წესების დარღვევას და იგი არ ეხება გარეშე, მესამე პირის მიერ ჩადენილ ქმედებას, ვინაიდან იგი არ არის საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში და შესაბამისად, ვერანაირ შრომის წესებს ვერ დაარღვევს. ამასთან, მოპასუხის პროცესუალურად არასწორად მიაჩნია უბედური შემთხვევის აქტის, როგორც ასეთის, გასაჩივრება და ბათილობის მოთხოვნა მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, იგი არ არის უფლების წარმომშობი/დამდგენი ან/და ამკრძალავი ბუნების. თავად აქტი რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს და არც შეიძლება გააჩნდეს დასაბუთებული იურიდიული ინტერესი მის მიმართ. აქტი რა შინაარსისაც არ უნდა იყოს, იგი, თავისთავად არ არის უფლების დამდგენი დოკუმენტი, თუ მას არ მოჰყვა შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი (სარჩოს დანიშვნა ან დანიშვნაზე უარის თქმა) დოკუმენტის გამოცემა. ბათილობის წინაპირობა ყოველთვის არის კანონშეუსაბამობა. ამ შემთხვევაში კი აქტი შედგენილია კანონით/ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ-1 ფორმის აქტი შედგენილია უბედური შემთხვევის ყოველმხრივი მოკვლევის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილობის ან მასში ცვლილებების შეტანის საფუძველი. ყოვლად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირიცხება სს „ს----------–-------------ის" ბრალეულობა გ----------------–--–---–ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მას პროფესიული საქმიანობის შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი განსაზღვრული აქვს 70%-ით და არა 100%-ით, აქედან გამომდინარე, რკინიგზის ბრალეულობის შემთხვევაშიც კი, 100%-ან ანაზღაურებას ვერ მიიღებდა. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს, ვინაიდან წარმოიშობა დაზარალებულის აბსოლუტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის შედეგად, ატარებს არასახელშეკრულებო ხასიათს და მიზნად ისახავს არაქონებრივი სიკეთისათვის (ჯანმრთელობისათვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. იმისათვის, რომ სარჩელი დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს, აუცილებელია იურიდიული შემადგენლობის, ანუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში აღნიშნული პირობების არსებობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი". ს----------–-------------ას ზიანის ანაზღაურება დაეკისრებოდა, თუ ერთდროულად იარსებებდა ზიანის მიყენების პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ თუ: 1. იარსებებდა ზიანი; 2. ზიანი მიყენებული იქნებოდა პირის (რკინიგზის) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის იარსებებდა მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენება მოხდებოდა მოცემული პირის ბრალეული ქმედების შედეგად. აღნიშნული პირობებიდან სახეზეა ზიანი (დელიქტური ზიანი), რომელიც გ----------------–--–---–ს მიყენებული აქვს ტ------–----–--–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და არა _ სს „ს----------–-------------ის" მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ტ------–----–--–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და გ----------------–--–---–ისათვის მიყენებულ ზიანს შორის და არა _ მოპასუხე სს „ს----------–-------------ის" რაიმე ქმედებას (მათ შორის, უმოქმედობას) და დამდგარ ზიანს შორის; სახეზეა ზიანის მიმყენებლის - ტ------–----–--–ის ბრალი, სახელდობრ, განზრახი ბრალი. აღნიშნულ შემთხვევაში კი სს „ს----------–-------------ას" დამდგარ ზიანში არათუ ბრალი არ მიუძღვის, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც კი არ ჩაუდენია. არ არსებობს ს----------–-------------ისთვის სარჩოს დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის 50000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან მოცემულ საქმეში სახეზე არაა რკინიგზის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მით უმეტეს _ ბრალი, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მორალური ზიანის დაკისრებისთვის, შესაბამისად, რკინიგზა არ არის მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სუბიექტი. ხოლო ვინაიდან რკინიგზას არ ეკისრება მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბუნებრივია, რომ მას არც მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რკინიგზა არც ამ შემთხვევაში არის სათანადო სუბიექტი, რომელსაც ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია. მოსარჩელე ვერ ამტკიცებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც აუცილებელია აღნიშნული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. ასევე თვალნათელია მოსარჩელის პოზიცია აწარმოოს სამართლებრივი დავა არა რეალურ ზიანის მიმყენებელთან, არამედ სს „ს----------–-------------ასთან“ მისი გადახდისუნარიანობიდან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებული, იგივე ზიანის მიმყენებელი, გახლავთ სოციალურად დაუცველი და მის მიმართ ანალოგიური საქმის წარმოება შედეგს მოკლებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გ----------------–--–---–ის ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანება გამოწვეულია ტ------–----–--–ის ბრალეული ქმედებით, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, რაშიც ს----------–-------------ას ბრალი არ მიუძღვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ----------------–--–---–ი, წლების განმავლობაში მუშაობდა რა სს „ს----------–-------------აში“, სს ,,ს----------–-------------ის“ 2013 წლის 13 მარტის N---- ბრძანებით, განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა ფ--–---–-------------------------------------------------------–-----------------–-------------------------------------–----------------------–-----------------ის თანამდებობაზე (იხ. ბრძანება, ს.ფ. 25; მხარეთა ახსნა-განმარტება; 2018 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 39-148; აუდიოჩანაწერი, ს.ფ. 168);

 

3.2.2. 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–-------------ამ“ შეადგინა უბედური შემთხვევის შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც, უბედური შემთხვევა მოხდა სადგურ ქ------–---ში. ამ აქტის თანახმად, სადგურ ქ------–---ში მდგარ მატარებელ N----ის მ-------- გ----------------–--–---–ს მოქალაქემ მიაყენა მარცხენა თვალის ფიზიკური დაზიანება, რამაც გამოიწვია მარცხენა თვალის დაფლეთა, თვალშიდა ქსოვილების გამოვარდნით, მარჯვენა თვალში სუსტი ხარისხის ჰიპერმეტროპია (იხ. აქტი, ს.ფ. 26-28; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.3. სს ,,მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ში ჩატარებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიერ განხილულ იქნა საკითხი გ----------------–--–---–ის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის, მიზეზობრივი კავშირისა და პროფესიული საქმიანობის შრომისუუნარობის დაკარგვის ხარისხის შესახებ, რის საფუძველზეც, პაციენტს მიენიჭა შესაძლებლობის ზომიერი შეზღუდვა, შრომითი დასახიჩრებით - უვადოდ, პროფესიული საქმიანობის შრომისუუნარობის დაკარგვის ხარისხი განესაზღვრა არანაკლებ 70 პროცენტისა (იხ. ცნობები, ს.ფ. 29-31; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.4. შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონული სამმართველოს ცნობით, 2015 წლის 05 ივნისს ქ------–---ის რაიონულ სამმართველოშ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გ----------------–--–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. გამოძიების პროცესში, გამოიკვეთა ტ------–----–--–ი, როგორც დამნაშავე პირი, რომელსაც წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას. აღნიშნული საქმე გადაგზავნილია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი ტ------–----–--–ის მიმართ (მიმართვა, ს.ფ. 32; განაჩენი ს.ფ. 36-42; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ნოემბრის განაჩენით, ბრალდებული ტ------–----–--–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით (იხ. განაჩენი, ს.ფ. 36-42; მხარეთა ახსნა განმარტება);

 

3.2.6. სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 08 დეკემბრის ბრძანებით, გ----------------–--–---–ი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სამსახურიდან და აუნაზღაურდა მას კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (იხ. ბრძანება, ს.ფ. 33; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.7. 2015 წლის 14 დეკემბერს, გ----------------–--–---–მა განცხადებით მიმართა სს ,,ს----------–-------------ას“ და მოითხოვა სარჩოს დანიშვნა. განცხადების პასუხად, სს ,,ს----------–-------------ამ“ მოსარჩელეს განუმარტა, რომ მისთვის ზიანის მიყენებაში არ მიუძღვის ბრალი, რასაც ადასტურებს 2015 წლის 05 ივნისს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტიც, რომლის თანახმადაც, ფიზიკური დაზიანება გ----------------–--–---–ს მიაყენა მოქალაქემ. ამასვე ადასტურებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, სადაც დადგენილია, რომ მოსარჩელის დაზიანება გამოწვეულია ტ------–----–--–ის მიერ ურთიერთშელაპარაკების დროს წარმოშობილი კონფლიქტისას. ამდენად, მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას, დაუნიშნოს სარჩო (იხ. განცხადება, ს.ფ. 34; სს ,,ს----------–-------------ის“ პასუხი, ს.ფ. 35; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.8. სადგურ ქ------–---ის მორიგე ა---------–--------ის განმარტებით, 2015 წლის 05 ივნისს მუშაობდა დილის ცვლაში. 8 საათსა და 40 წუთზე ჩაქვიდან შემოვიდა მატარებელი N---. 8 საათსა და 44 წუთზე ნება დართო მატარებლის წასვლაზე და გავიდა მატარებლის გასაცილებლად. ამ დროს დაინახა, რომ მემანქანე კაბინის კარებთან იყო და თვალზე ეჭირა ხელი. როგორც მას განუმარტეს, მგზავრმა შეაგინა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მგზავრი წაიყვანა დაცვის პოლიციამ, ხოლო მემანქანე ავიდა კაბინაში და წაიყვანა მატარებელი. ასევე მორიგე ი.თ-------ის ახსნა-განმარტებით, მატარებელი N---, მ---------------------ი, 2015 წლის 05 ივნისს შემოვიდა გრაფიკით 8 საათსა და 42 წუთზე. მგზავრები შევიდნენ მატარებელში, გაისმა გასვლის სიგნალი, დაიხურა კარები და ამ დროს გაიგონა ხმაური მემანქანის მხარეს. ადგილზე მისულს დაცვის პოლიციამ აცნობა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა პირმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მემანქანეს და მიიმალა (იხ. ა---------–--------ის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 69; ი. თ-------ის ახსნა-განმრტება, ს.ფ. 70);

 

3.2.9. გ----------------–--–---–ის საქმეში წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, სადგურ ქ------–---ში მიმდინარეობდა მგზავრთა ჩასხდომა, იგი იმყოფებოდა მემანქანის კაბინაში და ელოდებოდა გასვლის დროს. ამ დროს შეამჩნია, რომ კარებთან იდგა ტ------–----–--–ი და იქცეოდა აგრესიულად, სანამ მატარებელი დაიწყებდა მოძრაობას, ტ------–----–--–მა დაიწყო მისი მისამართით ლანძღვა-გინება. გ----------------–--–---–ი სთხოვდა მოშორებოდა კარებს, ამასთან ცდილობდა მოშორებით მდგარ დაცვის პოლიციისთვის მიეწვდინა ხმა. ამ დროს, უმიზეზოდ მივარდა ხ--–--–ი, წვდა ყელში პერანგზე და ხელი დაარტყა მარცხენა თვალში. მოსარჩელემ იგრძნო ძლიერი ტკივილი და მიეყრდნო მატარებელს, ტ------–----–--–ი გაიქცა, თუმცა პოლიციამ შეძლო მისი დაკავება. გ----------------–--–---–მა ჩათვალა, რომ შეძლებდა მატარებლის მართვას და განაგრძო გზა. თუმცა, სადგურ ,,ნატანებში“ შეუძლოდ იგრძნო თავი, ვინაიდან ტკივილი უფრო უძლიერდებოდა, ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და ბათუმისკენ მიმავალ მატარებელს წაყვა ჩაქვში, საიდანაც ავტომანქანით სასწრაფოდ გადაიყვანეს ბათუმის საავადმყოფოში და ჩაუტარეს თვალის გადაუდებელი ოპერაცია (იხ. გ----------------–--–---–ის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 82-83);

 

3.2.10. მოწმის სახით დაკითხულმა ა–--------–-------მა _ მემანქანის თანაშემწემ სხდომაზე აჩვენა, რომ 2015 წლის 05 ივნისს, სადგურ ქ------–---ში მგზავრების ჩასხდომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შუქნიშანი გამწვანდა და მატარებელი უნდა დაძრულიყო, კაბინასთან მოვიდა ტ------–----–--–ი, რომელიც იქნევდა ხელებს. გ----------------–--–---–ი სთხოვდა გაწეულიყო, თუმცა ხ--–--–ი არ ემორჩილებოდა. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე ჩავიდა კაბინიდან, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხ--–--–მა. საქმეში წარმოდგენილი, ა–--------–-------ის წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, იგი ბაქანზე (პერონზე) აკვირდებოდა ჩასხდომას, მასთან მივიდა მოქალაქე (როგორც შემდეგში გაირკვა _ ტ------–----–--–ი), რომელიც დაინტერესდა მათი ხვალინდელი მარშუტით. ამ დროს მორიგემ „გაამწვანა“ და ავიდა კაბინაში. დაკეტეს კარები, მემანქანემ მიცა წასვლის სიგნალი. ამ დროს ზემოხსენებულმა მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მემანქანეს, რომელიც ჩავიდა ბაქანზე. მოქალაქე დაშორდა მემანქანეს. მემანქანე ეკითხებოდა, რატომ მაგინებო. ის მიუახლოვდა მემანქანეს, რომელიც მოტრიალდა. მას თვალზე ხელი ქონდა აფარებული. მოქალაქე ხმამაღლა იგინებოდა. ამ დროს მოვიდნენ დაცვის თანამშრომლები და მოქალაქე წაიყვანეს (იხ. 2018 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 169-183; აუდიოჩანაწერი, ს.ფ. 237; წერილობითი ახსნა-განმარტება, ს.ფ. 67-68);

 

3.2.11. სს ,,ს----------–-------------ას“ და სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტს" შორის 2014 წლის 03 ივლისს დადებული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია: უზრუნველყოს დასაცავი ობიექტების და მასში განთავსებული მატერიალურ ფასეულობათა დაცვა; ობიექტის სპეციფიკიდან და ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე განახორციელოს დაცვა ცეცხლსასროლი იარაღით ან მის გარეშე; ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებლის მერ მომსახურება უნდა განხორციელდეს უწყვეტად (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 98-112; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

3.2.12. 2015 წლის 05 ივნისს, დაახლოებით 08:40 საათზე, მ-------- გ----------------–--–---–ი იმყოფებოდა, სადგურ ქ------–---ში მდგარი მატარებელი N----ის კაბინაში და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნულ სადგურში მატარებელს სულ ქონდა 2-წუთიანი დგომა. მას შემდეგ, რაც მგზავრთა ჩასხდომა დასრულდა, სადგურის მორიგემ მისცა გასვლის სიგნალი და მატარებლის კარები დაიკეტა, მ-------- გ----------------–--–---–მა დატოვა თავისი კაბინა და ჩამოვიდა ბაქანზე, აღნიშნული განაპირობა მატარებელთან მცირე მანძილით დაშორებით, კაბინის გასწვრივ (მემანქანის თანაშემწის მხარეს), ბაქანზე მდგარი მოქალაქე ტ------–----–--–ის მხრიდან მემანქანის მისამართით სიტყვიერმა შეურაცხყოფამ. გაბრაზებულმა გ----------------–--–---–მა გადაწყვეტა მოქალაქესთან გაერკვია, რატომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. რადგანაც მემანქანე კაბინაში არ იყო, მემანქანის თანაშემწემ, მის ნაცვლად დააჭირა ხელი ე.წ. მემანქანის სიფხიზლის ღილაკს, რაც სავალდებულოა მატარებლის სვლის დაწყების წინ. მოქალაქის მატარებელთან ახლო მანძილზე დგომა და მისი კონკრეტული მოქმედებები საფრთხეს არ უქმნიდა არც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არც კაბინაში მყოფ მემანქანეს და მემანქანის თანაშემწეს (კაბინა იყო დაკეტილი, მინები აწეული), არც მგზავრებს. მითუმეტეს, რომ ბაქანზე იმყოფებოდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. საფრთხის დანახვის შემთხვევაში (ასეთს რომ ქონოდა ადგილი), მემანქანეს (და მემანქანის თანაშემწეს) შეეძლო ესარგებლა კორპორატიული ტელეფონით, ან მორიგესთან კავშირით. ასეთ დროსაც, გ----------------–--–---–ს არ გააჩნდა კაბინის დატოვების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში კი, რაიმე, ზემოთმითითებული საფრთხე არ არსებობდა და შესაბამისად, ყოველმხრივ გაუმართლებელი იყო მემანქანის მიერ, კაბინის (სამუშაო ადგილის) დატოვება. კაბინიდან ჩამოსულ გ----------------–--–---–ს არც უცდია დაცვის თანამშრომლებისთვის დაძახება, მას სურდა უშუალოდ მოქალაქესთან ვითარების გარკვევა, როცა უეცრად, მოულოდნელად მისგან თვალის არეში მიიღო დარტყმა: ტ------–----–--–მა განზრახ, ჩაარტყა მარცხენა თვალში, რამაც გამოიწვია მარცხენა თვალის დაფლეთა, თვალშიდა ქსოვილების გამოვარდნა, მარჯვენა თვალში სუსტი ხარისხის ჰიპერმეტროპია. ტ------–----–--–ის ამ ქმედებით გ----------------–--–---–ს მიადგა ზიანი (იხ. აქტი; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; მოწმის ჩვენება; განაჩენი; წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებები; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

3.2.13. ვერ დადგინდა სს ,,ს----------–-------------ის“ ბრალეული ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ის სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა უბედური შემთხვევისას მოპასუხის ბრალს მისთვის ზიანის მიყენების დროს, ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა ტ------–----–--–ის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანში მისი ბრალის არარსებობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, ვერ დადგინდა მოსარჩელე გ----------------–--–---–ისთვის ზიანის მიყენებაში მოპასუხე შპს ”ს----------–-------------ის” ბრალეულობა, ხოლო სარჩელი როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელემ, მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მიმართა სასამართლოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სს ”ს----------–-------------ის” მიერ დელიქტური ვალდებულების შესრულებას.

 

პირს (მოცემულ შემთხვევაში _ სს ,,ს----------–--------------ას’’) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად იარსებებს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. აღნიშნული პირობებიდან: დადგენილია ზიანი (დელიქტური ზიანი), ვერ დადგინდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის რომელიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და გ----------------–--–---–ისათვის მიყენებულ ზიანს შორის, ვერ დადგინდა მოპასუხის ბრალი.

 

შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელი 3 პირობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და პირის ბრალი. სახეზეა მხოლოდ ერთი პირობა _ ზიანი. ვერ დადგინდა, რომ ეს ზიანი გამოიწვია მოპასუხის მიერ ბრალეულად ჩადენილმა რაიმე არამართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. შესაბამისად, მას არ შეიძლება დაეკისროს ქონებრივი პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რაც მოსარჩელე გ----------------–--–---–ს მიადგა ტრავმის და სხეულის დაზიანების შედეგად, ფიზიკური პირის _ ტ------–----–--–ის არამართლზომიერი მოქმედებით.

 

მოსარჩელის მოთხოვნა _ მორალური ზიანის ანაზღაურება, უშუალოდაა დაკავშირებული მოპასუხის ბრალეულობის დადგენასთან. ვინაიდან, სასამართლომ ვერ დაადგინა ვერც მოპასუხის ბრალეულობა და ვერც მიზეზობრივი კავშირი, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს ხსენებული მოთხოვნაც _ უსაფუძვლობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის სარჩელს; ხოლო მოპასუხე სს ,,ს----------–-------------ამ“ დაუსაბუთა სასამართლოს შესაგებელში მოცემული პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა გ----------------–--–---–ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს გ----------------–--–---–ის სარჩელი აქტის ბათილად ცნობის, სარჩოს გადახდის დაკისრების და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ასმათ კოხრეიძე