გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210018002593888
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/24240-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

7 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე -სა---------–-----------–--ს სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი

მოპასუხე - დ----------ე

წარმომადგენლები: ზ-------------ე, მ-------–------ია

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ----------ეს სა---------–-----------–--ს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 13644 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელს საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები უდევს: 2016 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 20:15 საათზე ქ. თ---–--–-------–-------------ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომანქანა „რე--------ნი“ სახელმწიფო ნომრით H------, რომელსაც მართავდა დ----------ე, დაეჯახა სა---------–-----------–--ს სამინისტროს კუთვნილ „ტო-----------–-----ს“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით G-----. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დადგინდა, რომ დ----------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელის ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 13 644 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე არ უარყოფს ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს და მის ბრალეულობას, მაგრამ მიუთითებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი არ შეიძლება აღემატებოდეს 4000 ლარს. ექსპერტიზის დასკვნაში გამოყენებულია შპს „თე-----------------ს“ ფასები იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის მეორადი დეტალები არ არის წარმოდგენილი ბაზარზე. ეს მტკიცება მცდარია, რადგან „ტო-----------–-----ს“ მარკის ავტომანქანა საქართველოში ხშირად გამოიყენება და მისი ნაწილების მოპოვება ქართულ ბაზარზე რთული არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 20:15 საათზე, ქ. თ---–--–-------–-------------ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომანქანა „რე--------ნი“ სახელმწიფო ნომრით H------, რომელსაც მართავდა დ----------ე, შეეჯახა სა---------–-----------–--ს სამინისტროს კუთვნილ „ტო-----------–-----ს“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით G-----, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი პირი - ლ------------.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო დ----------ის ბრალით, რომელმაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- დადგენილება (ს.ფ. 24-25);

- ბრძანება ავტომანქანის მიმაგრების შესახებ (ს.ფ. 22);

- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 23)

- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილები (ს.ფ. 18-21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 13 644 ლარს შეადგენს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დელიქტიდან გამომდინარე სარჩელები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთ შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, შეეჯახა და დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. მოპასუხე სადავოდ ხდის მხოლოდ ზიანის გაანგარიშებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ზიანის ფაქტი, მათ შორის ზიანის ოდენობაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარმოადგენს ზიანის ოდენობის დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებებს, მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. სწორედ მან უნდა წარმოადგინოს საპირისპირო მტკიცებულებები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა სს----–----------------–--------–----ს ექსპერტიზის ერ-------–----------ს N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად დაზიანებული ავტომანქანის გარკვეული ნაწილები აღდგენას არ ექვემდებარება. ამ ნაწილების შეცვლის და სხვა სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულების შემთხვევაში ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია.

 

მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ამავე ბიუროს N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანი, ცვეთის კოეფიციენტის და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 13 644 ლარს შეადგენს.

 

დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ 2013 წელს დამზადებული „ტო-----------–-----ს“ მარკის ავტომანქანის მეორადი დეტალები არ არის წარმოდგენილი ბაზარზე, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნა შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პრეისკურანტის ფასები. ასევე კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ ზიანის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ავტომანქანის ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა და გარბენი. ცვეთის კოეფიციენტი 60%-ითაა განსაზღვრული.

 

მოპასუხეს რაიმე ალტერნატიული მტკიცებულება ზიანის გაანგარიშების თაობაზე არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში გამოყენებულია შპს „თე-----------------ს“ ფასები იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის მეორადი დეტალები არ არის წარმოდგენილი ბაზარზე. ეს მტკიცება მცდარია, რადგან „ტო-----------–-----ს“ მარკის ავტომანქანა საქართველოში ხშირად გამოიყენება და მისი ნაწილების მოპოვება ქართულ ბაზარზე რთული არ არის.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების შეცვლა შესაძლებელია მეორადი დეტალებით და რა არის მათი ღირებულება. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მეორადი დეტალები ბაზარზე მოიპოვება და მიყენებული ზიანი 4000 ლარზე მეტი ვერ იქნება, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ მათ არ მიეცათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და შეეზღუდათ მათი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მტკიცებულებას სასამართლოს მხარეები წარუდგენენ, ასევე ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ სასმართლოსაგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი მხარის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს თავად უნდა უზრუნველეყო ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნა წარმოედგინა საქმის მომზადების დასრულებამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა საქმეზე შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოპასუხეს აღუდგა შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადა. სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა მხარეს და შესაგებელი წარმოდგენილია 2018 წლის 31 აგვისტოს. მოპასუხეს არ უთხოვია დამატებითი ვადა ექსპერტიზის ჩასატარებლად. საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 19 ოქტომბერს, რომელიც, მხარეთა მორიგების მიზნით, გადაიდო 2018 წლის 30 ნოემბერს. სასამართლოს მთავარი სხდომა, რომელიც დასრულდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებით, გაიმართა 2018 წლის 7 დეკემბერს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მხარეს ჰქონდა საკმარისზე ბევრად მეტი ვადა საიმისოდ, რომ უზრუნველეყო ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარმოდგენა ან ნებისმიერი სხვა მტკიცებულების მოპოვება და წარმოდგენა. მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ ამ დროის მანძილზე არც მიუმართავთ თავდაცვის სამინისტროსათვის, რომ ექსპერტიზის ჩატარება სურდათ მათ ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე და მოსარჩელეს ხელი არ შეუშლია ექსპერტიზის ჩატარებაში. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ ეგონა, დავა მორიგებით დასრულდებოდა, ამიტომ მანამდე არ ჩაატარა ექსპერტიზა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მორიგება სასამართლომ მხარეებს 2018 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე შესთავაზა და ამის შემდეგ გადაიდო საქმის განხილვა თვენახევრით, რადგან, მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, სწორედ ეს ვადა იყო საჭირო მორიგების საკითხის შესათანხმებლად. ამ სხდომამდე არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ევარაუდა დავის მორიგებით დასრულება, მხარეს არ ჰქონდა. შესაგებლის წარმოდგენიდან პირველ სხდომამდე კი საკმარისი დრო იყო ექსპერტიზის ჩასატარებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე, 408-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ქონება (იხ. 3.1.1 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სიტყვა-სიტყვით არ უნდა იქნეს გაგებული და არ ნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებულია პირადად გამოასწოროს დაზიანება, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ნიშნავს არა ავტომანქანის შეკეთებას მოპასუხის მიერ, არამედ მოსარჩელისათვის შესაბამისი დანახარჯის ანაზღაურებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია, კერძოდ, დაზიანებული ავტომანქანის შეკეთება, გარკვეული დეტალების შეცვლის შემთხვევაში, მიზანშეწონილია. დადგენილია ასევე, რომ ჩასატარებელი სამუშაოების, შესაცვლელი კვანძებისა და დეტალების ღირებულება 13 644 ლარს შეადგენს (ვრცლად იხ. 3.2.1 პუნქტი).

 

პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ხარჯი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც დაკმაყოფილდა (13644X3%=410 ლარს).

 

მოპასუხემ 2018 წლის 10 ივლისის საჩივარზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს, თუ რომელი საპროცესო მოქმედებისათვის ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას, ამდენად, მოპასუხეს უსაფუძვლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 55-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა---------–-----------–--ს სამინისტროს სარჩელი მოპასუხე დ----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. დ----------ეს სა---------–-----------–--ს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 13 644 ლარის ანაზღაურება;

 

3. დ----------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 410 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;

 

4. დ----------ეს დაუბრუნდეს 10.07.2018 წლის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (სს „თ-----------ს“ 10.07.2----–-–----0 საგადასახადო დავალება, გადამხდელი ზ-------------ე) შემდეგი ანგარიშდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ან მისი წარმომადგენელი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია