გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002190363
N2/1148-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“
წარმომადგენელი - თა-----------ი
მოპასუხეები: ჩი-------------ი, ნა--------------ი, რა----–----------ი (არ გამოცხადდნენ)
წარმომადგენელი - ზა-------------–---–ი
მოპასუხე - გი-----------------ი
თარჯიმანი - ევ------------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჩი-------------ის, ნა--------------ის, რა----–----------ისა და გი-----------------ისათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 2015 წლის 22 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 18 534,87 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 11000 ლარი, პროცენტი - 4360,57 ლარი, დაზღვევა - 192,50 ლარი, საკომისიო - 56 ლარი, ხოლო ჯარიმა - 2925,80 ლარი.
1.2. ჩი-------------ისათვის მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 11 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1521,32 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 22 სექტემბერს, მოსარჩელესა და ჩი-------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 11000 ლარი, 24 თვის ვადით, 2017 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიური 3,05%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. სესხის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით. სესხის ხელშეკრულების მე-8 მუხლი განსაზღვრავს რა წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას: ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა", ამავე დროს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად - "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".
მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ გი-----------------ი, ნა--------------ი და რა----–----------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, გი-----------------ისა და ნა--------------ის თავდებობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 18000 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს, ხოლო რა----–----------ის - 17 128,12 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 04 აგვისტოს შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 18 534,87 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11000 ლარი, პროცენტი - 4360,57 ლარი, დაზღვევა - 192,50 ლარი, საკომისიო - 56 ლარი, ხოლო ჯარიმა - 2925,80 ლარი.
2016 წლის 11 მარტს, მოსარჩელესა და მოპასუხე ჩი-------------ს შორის დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 430 აშშ დოლარი, სარგებელი - 2,52% თვეში. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო დღეებზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. მსესხებელმა გამოიყენა განვადების ბარათი და 2016 წლის 16 მარტს წარმოეშვა 526,75 ლარის მოცულობის სესხი, 2016 წლის 01 აპრილს - 106,75 ლარის მოცულობის სესხი, 2016 წლის 01 აპრილს - 106,75 ლარის მოცულობის სესხი, ხოლო 2016 წლის 03 მაისს - 255,70 ლარის მოცულობის სესხი. 2016 წლის 01 აპრილსა და 2016 წლის 03 მაისს წარმოშობილ სესხებზე მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 20 აგვისტოს შემდეგ, ხოლო 2016 წლის 01 აპრილს წარმოშობილ სესხზე 2016 წლის 20 სექტემბრის შემდეგ.
დღეის მდგომარეობით, ჩი-------------ის დავალიანება 2016 წლის 11 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1521,32 ლარს.
2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მი----------------------------–-----------დ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“ (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).
2.1. მოპასუხეთა პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 127-135).
2018 წლის 28 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 11000 ლარის, დარიცხული პროცენტის - 4360,57 ლარის, დაზღვევის - 192,50 ლარისა და საკომისიოს - 56 ლარის ნაწილში, რაც ჯამში შეადგენს 15609,07 ლარს. რაც შეეხება ჯარიმის თანხას, მოპასუხეთა განმარტებით, დარიცხული ჯარიმა არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს მისი შემცირება 500 ლარამდე. მოპასუხე ჩი-------------ის წარმომადგენელმა ზა-------------–---–მა სრულად ცნო სარჩელი ჩი-------------ის მიმართ არსებულ ინდივიდუალური სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში (იხ. 28.03.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:14:46-15:18:07).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 22 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ჩი-------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 11000 ლარი, 24 თვის ვადით, 2017 წლის 04 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიური 3,05%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.09.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
3.1.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.09.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
3.1.3. სესხის ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მი----------------------------–-----------ს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა შპს ,,სა-------------------------–------------ში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მი----------------------------–-----------”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.09.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- დაზღვევის ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ს.ფ. 24-46).
3.1.4. ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.09.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
3.1.5. შპს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ჩი-------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გი-----------------თან, ნა--------------თან და რა----–----------თან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით. გი-----------------ისა და ნა--------------ის თავდებობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 18000 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს, ხოლო რა----–----------ის - 17 128,12 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-52);
3.1.6. 2015 წლის 22 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე მოპასუხეები უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან 2016 წლის 04 აგვისტოს შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 54-63);
- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 53);
3.1.7. 2016 წლის 11 მარტს, მოსარჩელესა და მოპასუხე ჩი-------------ს შორის დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება“, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 430 აშშ დოლარი, სარგებელი - 2,52% თვეში.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო დღეებზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
მსესხებელმა გამოიყენა განვადების ბარათი და მას მთლიანობაში წარმოეშვა 995,95 ლარის მოცულობის სესხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.03.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 65-69);
3.1.8. 2016 წლის 01 აპრილსა და 2016 წლის 03 მაისს წარმოშობილ სესხებზე მოპასუხე ჩი-------------ი უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 20 აგვისტოს შემდეგ, ხოლო 2016 წლის 01 აპრილს წარმოშობილ სესხზე - 2016 წლის 20 სექტემბრის შემდეგ.
- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 72-75);
3.1.9. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მი----------------------------–-----------დ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 76-77).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 22 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 18 534,87 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11000 ლარი, პროცენტი - 4360,57 ლარი, დაზღვევა - 192,50 ლარი, საკომისიო - 56 ლარი, ხოლო ჯარიმა - 2925,80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 28.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 64).
3.2.2. 2016 წლის 11 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩი-------------ის დავალიანება შეადგენს 1521,32 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 28.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 64).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სესხის ხელშეკრულების ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა, პროცენტის, დაზღვევის თანხისა და საკომისიოს მსესხებელის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ჩი-------------მა სრულად ცნო სარჩელი მისთვის ინდივიდუალური სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1521,32 ლარის გადახდის ნაწილში. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს ჩი-------------მა შპს ,,მი----------------------------–-----------სგან” ისესხა 11000 ლარი, ყოველთვიური 3,05%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 04 აგვისტოდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ჩი-------------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს თანხის დაკისრების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2925,80 ლარი უნდა შემცირდეს 2,5-ჯერ და მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 1170,30 ლარის გადახდა.
6.4. სს ,,კრ----------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა გი-----------------მა, ნა--------------მა და რა----–----------მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 90%, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მათ მიერ სარჩელის ცნობა შეადგენს დაკმაყოფილებული ნაწილის 96%-ს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 556,80 ლარი, რომლის 90% შეადგენს 501,12 ლარს, ხოლო აღნიშნული თანხის 96% კი - 481,08 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 481,08 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დარჩენილი 20,04 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნა--------------ს (პ/ნ 1---------5) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების: მოდელი - ,,FORD TRANSIT”, გამოშვების წელი - 2000, სახელმწიფო ნომერი - LYL-7--, ტექ. პასპორტი – AV-------, შასის ნომერი - WF---------------; მოდელი - GAZ 3----, გამოშვების წელი - 1998, სახელმწიფო ნომერი - QEQ----, ტექ. პასპორტი – AL-------, შასის ნომერი - XT---------------, გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ჩი-------------ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების: მოდელი - ,,ოპელ ვექტრა”, გამოშვების წელი - 1995, სახელმწიფო ნომერი - NNN2--, ტექ. პასპორტი – AL-------, შასის ნომერი - W0---------------, გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ნა--------------სა და ჩი-------------ს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ჩი-------------ს, გი-----------------ს, ნა--------------სა და რა----–----------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 22 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა:
2.1. სესხის ძირითადი თანხაა 11000 ლარი;
2.2. სარგებელი - 4360,57 ლარი;
2.3. დაზღვევა - 192,50 ლარი;
2.4. საკომისიო - 56 ლარი,;
2.5. პირგასამტეხლო - 1170,32 ლარი.
3. მოპასუხე ჩი-------------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1521,32 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხეებს ჩი-------------ს, გი-----------------ს, ნა--------------სა და რა----–----------ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 70,04 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის 2017 წლის 27 ნოემბერს 555,80 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 481,08 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი“, ბანკის კოდი - JSCRGE22, სახაზინო კოდი - 300093150 (2017 წლის 27 ნოემბრის N35956 საგადახდო დავალება).
6. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის 2017 წლის 27 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი“, ბანკის კოდი - JSCRGE22, სახაზინო კოდი - 300093150 (2017 წლის 27 ნოემბრის N35957 საგადახდო დავალება).
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დარჩეს უცვლელად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე