გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340210018002287916
საქმე №2/99-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.12.2018 წელი, ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - და---- მა----–---–ი
წარმომადგენელი - ნო-----------–---–ი
მოპასუხეები - ალ--------- კუ-–---ი, ნო------- ნო-------ოვი
წარმომადგენელი - გო---------–---–ია
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
სასარჩელო მოთხოვნა:
ალ--------- კუ-–---ს და ნო------- ნო-------ოვს სოლიდარულად დაეკისროთ ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4800 ლარის ოდენობით.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
და---- მა----–---–ის მფლობელობაშია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-–-----–ი მდებარე 1.40 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეთესა სიმინდი. 2017 წლის 22 ნოემბერს, მოსავლის ასაღებად მისულ მოსარჩელეს სიმინდის მოსავალი სრულად დახვდა განადგურებული მსხვილფეხა საქონლისგან. და---- მა----–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი მოსავალი დააზიანა ალ--------- კუ-–---ის და ნო------- ნო-------ოვის კუთვნილმა საქონელმა. მოსავლის დაზიანების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის მერიის წარმომადგენელმა შეადგინა აქტი, ხოლო აუდიტის დასკვნის თანახმად, მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4800 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა - ალ--------- კუ-–---მა და ნო------- ნო-------ოვმა სარჩელი არ ცნეს.
შესაგებელი ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
მოპასუხეთა განმარტებით, მათ არასდროს შეუყვანით და---- მა----–---–ის კუთვნილ ნაკვეთში საქონელი და არ დაუზიანებიათ მოსავალი. მათ დაქირავებული აქვთ გივი რაქვიაშვილის კუთვნილი ფერმა, რომელსაც აქვს 70 ჰექტრამდე საძოვარი და მას იყენებენ საქონლის გამოსაკვებად. შესაბამისად, წარმოდგენილ აქტს და აუდიტის დასკვნას არ აქვს შემხებლობა მოპასუხეებთან. მათი განმარტებით, სარჩელი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. და---- მა----–---–ის მფლობელობაშია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-–-----–ი მდებარე, მისი გარდაცვლილი სიმამრისა და მისი მამის სახელზე რეგისტრირებული, 1.40 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ეთესა სიმინდის ყანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14);
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათები (ს.ფ. 15-18).
3.1.2. მოპასუხეებს - ალ--------- კუ-–---ს და ნო------- ნო-------ოვს ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14).
- შესაგებლები (ს.ფ. 37-65);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 07.05.2018 წლის და 08.08.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. და---- მა----–---–ის კუთვნილი სიმინდის ყანა ალ--------- კუ-–---ის და ნო------- ნო-------ოვის საქონელმა დააზიანა
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, ამიტომ დავის სწორედ გადაწყვეტისთვის უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელის სიმინდის ყანა დაზიანებულია, ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ასევე ზიანის მოცულობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს.
ამდენად, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების დამტკიცების ტვირთი, რომ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ასევე მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ეკისრება მოსარჩელეს.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ სადავო გარემოებათა დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა ქორწინების მოწმობა, მეუღლის დაბადების მოწმობა, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათები და გურჯაანის მუნიციპალიტეტის და სოფელ არაშენდის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტების - გი------–--–---–ის, ლი------–--–-–---–ის, თა------------–-–---–ის და მა----ა ბო---–--–-–---–ის მიერ შედგენილი აქტი, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს, მოხდა და---- მა----–---–ის მფლობელობაში არსებული 1.40 ჰა მიწის ნაკვეთის დათვალიერება, სადაც იყო სიმინდის ყანა. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სიმინდი ასი პროცენტით განადგურებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან (ს.ფ. 15,16,17,18,,22,23,24).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ზაზა მირიანაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივნისის თვეში, და---- მა----–---–ს მიეხმარა სიმინდის დათესვაში. გარდა ამისა, მოწმის განმარტებით, მისი ნაკვეთი მდებარეობს მა----–---–ის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთთან მიმდებარედ, შესაბამისად, იგი ხედავდა, რომ ნაკვეთში სიმინდის ყანა იდგა. (07.05.2018 წ. სხდომის ოქმი, 13.18.39სთ).
მოწმის სახით დაკითხული ვა-–------ ია----–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ და---- მა----–---–ის სიმინდის ყანას ჰქონდა მოსავალი. მოწმის განმარტებით, ის პირადად მიეხმარა სიმინდის გათოხვნაში და შემდგომ, როდესაც სიმინდი შემოვიდა, რამოდენიმე ტარო მოტეხა ბავშვებისთვის, რა დროსაც ნახა, რომ მისი შეფასებით, სიმინდის მოსავალი იყო „უმაღლესი“ ხარისხის (07.05.2018 წლის სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა ის-----------მა განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში, მან დაინახა, რომ და---- მა----–---–ის ნაკვეთში დაახლოებით 100 სული საქონელი იყო შესული. საქონელს მწყემსავდა ალ--------- კუ-–---ი მეორე ადამიანთან ერთად, რომელიც ვერ გარჩია ნო------- ნო-------ოვი იყო თუ მისი შვილი.(07.05.2018 წლის სხდომის ოქმი)
მოსარჩელემ აგრეთვე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია ის-----------ს და მოპასუხეს შორის საუბარი, რომლის თანახმად, დასტურდება, რომ და---- მა----–---–ის კუთვნილს ყანაში ნამდვილად იმყოფებოდა მოპასუხეთა კუთვნილი საქონელი.
მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაკითხულმა გივი მა----–---–მა განმარტა, რომ ის არ ფლობს ინფრომაციას და---- მა----–---–ის ნაკვეთის მდებარეობის, სიმინდის მოსავლის და მისი დაზიანების შესახებ, აქედან გამომდინარე, მისი ჩვენება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იგი არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ და---- მა----–---–ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-–-----–ი ეთესა სიმინდის ყანა, რომელიც, ნო------- ნო-------ოვის და ალ--------- კუ-–---ის კუთვნილმა მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა დააზიანა.
3.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, სიმინდის მოსავლის განადგურებით, 4800 ლარის ზიანი მიადგა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, და---- მა----–---–ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 1.4 ჰა-ს, ყანის საშუალო მოსავლიანობა იქნებოდა 4000 კგ. მარცვალი 1 ჰექტარზე, ანუ 1.4 ჰაზე 6000კგ., საბაზრო ფასებში კი მისი ღირებულება იქნებოდა 3600 ლარი. ამასთან, ფუჩეჩის ღირებულება იქნებოდა 1200 ლარი. შესაბამისად, მიყენებული ზიანი შეადგენს 4 800 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სიმინდის ყანის განადგურებით მიყენებული ზიანის ნაწილში, აუდიტორულ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობა უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მოპასუხეს აუდიტორულ დაკვნაზე კვალიფიციური შედავება ან დამატებითი მტკიცებულება (განმარტება), რაც აუდიტორული დასკვნის უზუსტობაში დაარწმუნებდა სასამართლოს, არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 07.05.2018 წელი, 08.08.2018 წელი);
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ.19).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე და 1003-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის შესაბამისად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ზიანის მიყენება. ამ ვალდებულების ძალით, დაზარალებულს უფლება აქვს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს ზიანის მიმყენებლისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იმ სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის ყანა ნო------- ნო-------ოვის და ალ--------- კუ-–---ის ცხოველმა დააზიანა და ისინი არიან ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, ეკისრება მოსარჩელეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ალ--------- კუ-–---ის და ნო------- ნო-------ოვის კუთვნილმა მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა დააზიანა გურჯაანის რაიონის სოფელ არ-–-----–ი მდებარე მისი კუთვნილი სიმინდის ყანა, რითაც განიცადა 4800 ლარის ზიანი, მოპასუხეს ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამიტომ და---- მა----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი 4800 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 165 ლარი. მოცემული სარჩელი მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია, ამიტომ მოსარჩელე და---- მა----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 82.5 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სადავო თანხის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 82.5 ლარის ოდენობით და აუდიტის დასკვნის ხარჯი 50 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 200 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას. სარჩელს თან ერთვის წარმომადგენლისთვის ჰონორარის - 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 4800 ლარის გადახდის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 192 ლარის ოდენობით, რაც არ აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 259-ე, 2591 , 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. და---- მა----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს - ალ--------- კუ-–---ს (პ/ნ 3----------) და ნო------- ნო-------ოვს (პ/ნ 2---------) სოლიდარულად დაეკისროთ 4800 (ოთხიათას რვაასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელე და---- მა----–---–ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ;
1.2. მოპასუხეებს - ალ--------- კუ-–---ს (პ/ნ 3----------) და ნო------- ნო-------ოვს (პ/ნ 2---------) სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 82.5 (ოთხმოცდაორი ლარი, ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
1.3. მოპასუხეებს - ალ--------- კუ-–---ს (პ/ნ 3----------) და ნო------- ნო-------ოვს (პ/ნ 2---------) სოლიდარულად დაეკისროთ აუდიტის ხარჯების ანაზრაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე და---- მა----–---–ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ;
1.4. მოპასუხეებს - ალ--------- კუ-–---ს (პ/ნ 3----------) და ნო------- ნო-------ოვს (პ/ნ 2---------) სოლიდარულად დაეკისროთ ადვოაკტის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზრაურება 192 (ასოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე და---- მა----–---–ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ.
2. მოსარჩელე და---- მა----–---–ს (პ/ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 82.5 (ოთხმოცდაორი ლარი, ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 29.12.2017 წ., საგადახდო დავალება №15546516, საგადახდო კოდი - 300503150).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე