გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2019
საქმის ნომერი
330210018002571889
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/23166-18

330210018002571889

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.01.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე - სს ,,სა---------–---------ი”

წარმომადგენელი - ლე-----------ე

მოპასუხეები - შო-------------ე, მა--------------ე, იზ---–-------------ე

წარმომადგენელი - შო-------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შო-------------ეს და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 99 842,15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 88 300 ლარს, საპროცენტო სარგებელი 8214,1 ლარს, პირგასამტეხლო 3216,55 ლარს, საკომისიო 111,50 ლარს.

 

1.2. შო-------------ეს და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 88 300 ლარზე წლიური 13% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 31,45 ლარს, 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3. შო-------------ეს და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 88 300 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 8214,10 ლარზე (ჯამში 96 514,1 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0,5%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 482,5 ლარს, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტიდან - 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.4. ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია, მდებარე მისამართზე: თ---–------------–----------------------–-----–-----–----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------;

 

1.5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მიექცეს შო-------------ისა და მა--------------ის სხვა ქონებაზე.

 

1.6. შო-------------ეს სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1482,23 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა 788,39 ლარი, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული პირგასამტეხლო 213,84 ლარი, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული საკომისიო 120 ლარი, ხოლო საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მისაღები საკომისიო 360 ლარი;

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს ,,ს----------–---------“, როგორც გამსესხებელს, მოპასუხეებს შო-------------ესა და მა--------------ეს, როგორც თანამსესხებლებს, შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მსესხებლებზე სარგებლიანი სესხის სახით გაიცა 88 300 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის გრაფიკი, თუმცა მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი. სესხის უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე იზ---–-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. გარდა ამისა, მსესხებელზე შო-------------ეზე გაცემულია არაუზრუნველყოფილი კრედიტი.

 

მსესხებელთა მიერ სესხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდა საკრედიტო ურთიერთობები, თუმცა მოპასუხეებს არ შეუსრულებია სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს ბანკისათვის გადახდის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შო-------------ემ, მა--------------ემ და ი-----–-------------- წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ: 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 88 300 ლარის და დარიცხული პროცენტის - 8214,1 ლარის, სულ 96514,1 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 788,39 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს, მოპასუხეებმა სადავო გახადეს და პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვეს მისი შემცირება, არაგონივრულობისა და შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,ს----------–---------ა“ და შო-------------ეს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150000 აშშ დოლარის მოცულობით, 300 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური დარიცხვით 0-დან 48%-მდე.

 

მითითებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 10 ნოემბერს სს ,,ს----------–---------ა“, შო-------------ესა და მა--------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც თანამსესხებლებზე 120 თვის ვადით გაიცა კრედიტი 88300 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი 13%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 30-31);

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები (ს.ფ. 32-35);

საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 44-49);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 49-52);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–---------ა“ და რ----------------- შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა რა---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თ---–------------–----------------------–-----–-----–----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------;

 

იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.

 

დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკის საგნის, მდებარე - თ---–------------–----------------------–-----–-----–----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------, მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე იზ---–-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულება(ს.ფ. 53-62);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 63-64);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. სს ,,ს----------–---------ა“ და შო-------------ეს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შო-------------ის სახელზე გაიცა არაუზრუნველყოფილი კრედიტი 1200 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 12 თვე, სესხის გაცემის საკომისიო 74 ლარი, ფიქსირებული ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 60 ლარი, საჯარიმო სანქცია ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 4,9 ლარი, სესხის დაფარვის თარიღად განისაზღვრა თვის ნებისმიერი რიცხვი, არაუმეტეს 25-სა.

 

ხელშეკრულების თანახმად, თუ სესხზე დაფიქსირდება 55 დღეზე მეტხნიანი ვადაგადაცილება, მსესხებელს მოეთხოვება სრულად დაფაროს სესხის ძირი, მასზე დარიცხული პირგასამტეხლო და საკომისიო, ამასთან სესხის სრულ განულებამდე გრძელდება საკომისიოსა და პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 65-68);

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 69-74);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, შესაბამისად, სს ,,ს----------–----------“ მიმართ, 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შო-------------ესა და მა--------------ეს ერიცხებათ დავალიანება - 99 842,15 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 88 300 ლარი, პროცენტი - 8214,10 ლარი, პირგასამტეხლო - 3216,55 ლარი, საკომისიო - 111,50 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 89);

- ამონაწერი საბანკო ანაგარიშიდან (ს.ფ. 75-79);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. შო-------------ემ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები ჯეროვნად, შესაბამისად, სს ,,ს----------–----------“ მიმართ, 2018 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 1482,23 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 788,39 ლარი, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული პირგასამტეხლო 213,84 ლარი, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული საკომისიო 120 ლარი, ხოლო საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მისაღები საკომისიო 360 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 89);

- ამონაწერი საბანკო ანაგარიშიდან (ს.ფ. 69-74);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. ბანკის მხრიდან მსესხებელსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება (ს.ფ. 81-88)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულება განიხილება 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში, გარდა ამისა მითითებული იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს 2016 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ს----------–---------ა“ და შო-------------ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულების და იპოთეკის კელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა შო-------------ემ, მა--------------ემ და ი-----–-------------- წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 88 300 ლარის და დარიცხული პროცენტის - 8214,1 ლარის, სულ 96514,1 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 788,39 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეთა მიერ 2017 წლის 10 ნოემბრისა და 2015 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების, სულ 97 302,49 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, სს ,,ს----------–---------” და შო-------------ესა და მა--------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 13%-ს.

 

2017 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებას.

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად კი, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

გარდა ამისა, სს ,,ს----------–---------ა“ და შო-------------ეს შორის 2018 წლის 25 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შო-------------ის სახელზე გაიცა არაუზრუნველყოფილი კრედიტი 1200 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 12 თვე, სესხის გაცემის საკომისიო 74 ლარი, ფიქსირებული ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 60 ლარი, საჯარიმო სანქცია ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 4,9 ლარი, სესხის დაფარვის თარიღად განისაზღვრა თვის ნებისმიერი რიცხვი, არაუმეტეს 25-სა.

 

ხელშეკრულების თანახმად, თუ სესხზე დაფიქსირდება 55 დღეზე მეტხნიანი ვადაგადაცილება, მსესხებელს მოეთხოვება სრულად დაფაროს სესხის ძირი, მასზე დარიცხული პირგასამტეხლო და საკომისიო, ამასთან სესხის სრულ განულებამდე გრძელდება საკომისიოსა და პირგასამტეხლოს დარიცხვა. (ექსპრეს კრედიტის პირობები, 11.2. პუნქტი);

 

ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადოს თითოეული ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებებით შეთანხმებული საკომისიო. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–----------“ მოთხოვნა, მოპასუხეთათვის 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 88 300 ლარის წლიური 13%-ს გადახდის დაკისრების თაობაზე, ასევე 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 111,50 ლარის და 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს 460 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რაც შეეხება 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირგასამტეხლოს, სესხის თანხის 1200 ლარის გათვალისწინებით, შეადგენდა 4,9 ლარს. (ექსპრეს კრედიტის პირობები, 11.1. პუნქტი);

 

მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე 2017 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის გადახდა 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო 2018 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებით შეთანხმებული საკომისიო ხელშეკრულების შეწყვეტამდე 120 ლარის და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ 360 ლარის, ჯამში 460 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლისა და საკომისიო დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, 2017 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულებაზე პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,5%-დან უნდა შემცირდეს 0,025%-მდე, ხოლო 2018 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებაზე - 4,9 ლარიდან 0,49 ლარამდე. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 160,82 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 3216,55 ლარისა; 2) შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------" სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 96 514,1 ლარის 0,025%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) შო-------------ეს სს ,,ს----------–----------" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 21,38 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 213,84 ლარისა;

 

6.4. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულება განიხილება 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებად, როგორც ეს მითითებულია ამ ხელშეკრულებაში, გარდა ამისა მითითებული იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს 2016 წლის 11 ოქტომბერს სს ,,ს----------–---------ა“ და შო-------------ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საკრედიტო ხელშეკრულების და იპოთეკის კელშეკრულებების თარიღი და ამავდროულად, კრედიტით გაცემული თანხის ოდენობა.

 

მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეძლო, რომელიც შეეხება მის მიერ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების დადებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს----------–---------ა“ და რ----------------- შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა რა---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თ---–------------–----------------------–-----–-----–----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------;

 

დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკის საგნის, მდებარე - თ---–------------–----------------------–-----–-----–----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------, მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე იზ---–-------------ე.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, იზ---–-------------ის საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის მიხედვით, თუ სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს).

 

2016 წლის 11 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს შო-------------ისა და მა--------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით; (ს.ფ. 90)

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 99 842,15 ლარის, სამი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 562 775,25 ლარის (96514,10*0,5/100*1095 დღე), სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 34437,75 ლარის (88 300*13/100*1095) და 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1482,23 ლარის, ჯამს 664 099,63 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების, ხოლო 2018 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, სულ 97302,49 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (664 099,63 ლარის) 14,65%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 5 000 ლარის 14,65% - 732,5 ლარი.

 

ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 566 797,14 ლარს (664 099,63-97302,49), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 4267,5 ლარს (5 000-732,5).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 61600,95 ლარით (2017 წლის 10 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება - 111,50 ლარი, პირგასამტეხლო - 160,82 ლარი, სამი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 26389,5 ლარი, სამი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 34437,75 ლარი; 2018 წლის 25 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება - 480 ლარი, პირგასამტეხლო - 21,38 ლარი, ნაცვლად 566 797,14 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 10,86%). შესაბამისად, შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------” სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 4267,5 ლარის 10,86%-ს, 464,42 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3803,08 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ს----------–----------“ სარჩელი შო-------------ის, მა--------------ისა და იზ---–-------------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სს ,,ს----------–---------“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

 

3. შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხაზისა და 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 96 786,42 ლარის გადახდა:

 

ა) ძირითადი თანხა - 88 300 ლარი;

ბ) პროცენტი - 8 214,1 ლარი;

გ) პირგასამტეხლო -160,82 ლარი;

დ) საკომისიო - 111,50 ლარი;

 

4. შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 88 300 ლარზე წლიური 13% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 31,45 ლარს, 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 10 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 88 300 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 8214,10 ლარზე (ჯამში 96 514,1 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0,025%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 24,1 ლარს, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტიდან - 2018 წლის 30 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტებით დაკისრებული ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია, მდებარე მისამართზე: თ---–------------–----------------------–-----–-----–----------------, მიწის საკადასტრო კოდი N0---------------;

 

6.1. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მიექცეს შო-------------ისა და მა--------------ის სხვა ქონებაზე.

 

7. შო-------------ეს სს ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1289,77 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა 788,39 ლარი, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული პირგასამტეხლო 21,38 ლარი, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხული საკომისიო 120 ლარი, ხოლო საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მისაღები საკომისიო 360 ლარი;

 

8. შო-------------ესა და მა--------------ეს სს ,,ს----------–----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 464,42 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

10. სს ,,ს----------–---------” დაუბრუნდეს 732,5 ლარი სარჩელზე 2018 წლის 31 ივლისს (საგადახდო დავალება #7--) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5 000 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე