გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
010210018002502087
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002502087

№2/2520-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

მოსარჩელე - შპს „მა------------------“

წარმომადგენელი- თე---ა ჭუ--------ე

მოპასუხეები - გი-----ი რო----------ი, მე---ბ რო----------ი

დავის საგანი - სალომბარდე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ნივთის რეალიზაცია.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს, გი-----ი რო----------ს და მე---ბ რო----------ს, სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის შპს „მა------------------ს“ სასარგებლოდ, 4580.18 ლარის გადახდა.

 

1.2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე გი-----ი რო----------ს შორის გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გი-----ი რო----------მა შპს „მა------------------საგან“, ერთი წლის ვადით, აიღო სესხი 7575 ლარის ოდენობით.

 

სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა AUDI TT, რომელიც ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად მსესხებელმა საკუთრებაში გადაუფორმა მოსარჩელეს და სესხის უზრუნველყოფის საგანი, მისივე სურვილით, გააჩერა ავტოსადგომზე.

 

2018 წლის 31 იანვარს, მოსარჩელესა და მე---ბ რო----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N1524, რომლის თანახმად თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა, მსესხებელმა არ გადაიხადა სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, რის გამოც კრედიტორმა მოახდინა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია 6800 ლარად.

 

2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, გი-----ი რო----------ის დავალიანება შეადგენდა: სესხის ძირი თანხა-7575 ლარს, სესხის სარგებელი -1373.60 ლარს, სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო 107 დღის-2431.58 ლარს. სულ დავალიანებამ შეადგინა 11380.18 ლარი, რასაც გამოაკლდა ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხა 6800 ლარი და დარჩა 4580.18 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი დავალიანების მოპასუხეებზე დაკისრებას და აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი ქონების რეალიზაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომლის თანახმად, სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას, ასევე - უზრუნველყოფის საგნის სარეალიზაციო ფასს. მათი პოზიციით მოსარჩელემ ავტომანქანის რეალიზაცია მოახდინა შეუსაბამოდ დაბალ ფასად. მსგავსი მოდელების საბაზრო ფასზე მითითებით, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ ავტომანქანა უნდა გაყიდულიყო გაცილებით ძვირად. მანქანის რეალიზაციის მომენტში არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულების იყო ავტომანქანა, არ მიუღიათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მანქანის მოსალოდნელი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იყო საკმარისი ვალდებულების დასაფარად. მოპასუხეების პოზიციით, მოსარჩელის მიერ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა ნაკლები ღირებულებით, რის გამოც არ ეთანხმებიან დარჩენილი დავალიანების ოდენობას. მოპასუხეები სარჩელს არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 31 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხე გი-----ი რო----------ს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება N1524, რომლის თანახმად მსესხებელმა გამსესხებლისგან, ერთი წლის ვადით, აიღო სესხი 7575 ლარის ოდენობით.

 

სალომბარდე ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიური 4%-იანი სარგებლით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 31 რიცხვში, გადაეხადა 303 ლარი. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით, სესხის ან სესხის %-ის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს, კრედიტორის სასარგებლოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სესხის ოდენობის 0.30%, 22.72 ლარი.

 

ამავე ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, „კრედიტორს“ უფლება ჰქონდა არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეეწყვიტა იმ შემთხვევაში, თუკი „მსესხებლის“ მიერ სესხის სარგებლის ან სესხის ძირი თანხის გადახდის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ჯამში შეადგენდა 5 კალენდარულ დღეს. კრედიტორი უფლებამოსილი იყო უზრუნველყოფის საგანი გაესხვისებინა, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდებოდა 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 7.3. მუხლით განსაზღვრული იყო მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებები. კერძოდ, ინფორმაცია გაცვლილად ჩაითვლებოდა, თუკი მხარე გაუგზავნიდა მეორე მხარეს შეტყობინებას ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და ან ელექტრონულ ფოსტაზე. ფოსტის საშუალებით ინფორმაცია მიწოდებულად ჩაითვლებოდა ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაშიც, თუ მას შეტყობინება 2-ჯერ მაინც გაეგზავნებიოდა, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის შემთხვევაში - ადრესატის მხრიდან დასტურის მიღების გარეშეც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოცემული მუხლის მიზნებისათვის, მოვალე მხარის ელექტრონული მისამართია gio.restevaniani@gmail.com . მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2018 წლის 5 მარტს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კრედიტორმა აცნობა მიმდინარე დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ.

 

სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა AUDI TT, გამოშვების წელი 2003, ა/მანქანის ტიპი კუპე, ფერი-ლურჯი 6/8, ა/მანქანის ძრავის მოცულობა-4799, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NTRUSC28N231020508.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1524 (ს.ფ. 19-20)

-ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან (ს.ფ. 29-280

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს „მა-----------------სა“ და მე---ბ რო----------ს შორის 2016 წლის 31 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1524, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილი იყო თავდების ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებიდან მოეთხოვა და მოეხდინა სესხის, სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს ამოღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22)

3.1.3. გი-----ი რო----------მა არ შეასრულა სალომბარდე ხელშეკრულებით ნაკისრი სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება, რის გამოც გამსესხებლის მიერ განხორციელდა სესხის უზრუნველყოფის საგნის, ავტომანქანის რეალიზაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ავტომანქანის ნასყიდობის ხელსეკრულება N1524 (ს.ფ. 29)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

3.2.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სალომბარდე ხელშეკრულების გაფორმების და სესხის მიღების დღიდან გი-----ი რო----------ს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი არ გადაუხდია და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, შპს „მა------------------ს“ სასარგებლოდ ერიცხებოდა შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა-7575 ლარი, სესხის 4 თვისა და 16 დღის სარგებელი 1373.6 ლარი.

 

მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა მოპასუხეებზე 107 დღის პირგასამტეხლოს, 2431.58 ლარის დაკისრება. მოპასუხეები სადავოდ ხდიან დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიაჩნიათ, რომ იგი არაგონივრულია, არ შეესაბამება დარღვევის სიმძიმეს და მოცულობას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტს, მის შესაბამისობას დარღვევის სიმძიმესთან და მოცულობასთან და დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის მნიშვნელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.31)

 

3.2.3. მხარეებს შორის გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა AUDI TT, გამოშვების წელი 2003, ა/მანქანის ტიპი კუპე, ფერი-ლურჯი 6/8, ა/მანქანის ძრავის მოცულობა-4799, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NTRUSC28N231020508. დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გი-----ი რო----------ს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი არ გადაუხდია. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით N1524, განხორციელდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია 6800 ლარად, რაზედაც გაცემული იქნა ცნობა დავალიანების შესახებ.

 

მოპასუხეები სადავოდ ხდიან სესხის უზრუნველყოფის საგნის სარეალიზაციო ღირებულებას. აქედან გამომდინარე - დარჩენილი დავალიანების ოდენობას. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი კატეგორიის ავტომანქანების ღირებულება გაცილებით მაღალია ვიდრე ის ფასი, რომლის სანაცვლოდ მოხდა ავტომობილის გასხვისება. კერძოდ, ისინი უთითებენ ელექტრონულ ვებ.პორტალზე myauto.ge (ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა), რომელზეც 2001 წელს გამოშვებული იგივე მარკის მანქანის ფასი 6608 ლარია. მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ ეს ავტომანქანა ასაკითაც უფრო ძველია, არის მარჯვენასაჭიანი, მექანიკური გადაცემის კოლოფით და გაცილებით დაბალი კლასის ავტომანქანად ითვლება. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით, მოპასუხეები თვლიან, რომ უზრუნველყოფის საგანი გაიყიდა უფრო დაბალი კლასის ავტომანქანების ფასად.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეთა ამ პოზიციას. სასამართლო უთითებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი , რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის საბაზრო ღირებულების მტკიცების ტვირთი აწევს მოპასუხე მხარეს. მოპასუხე თავის შესაგებელში უთითებს, რომ ავტომანქანა გაიყიდა საბაზროზე დაბალ ფასად. ამდენად, სწორედ მოპასუხე მხარეა ვალდებული წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის უტყუარობას ანუ ავტომანქანის რეალური საბაზრო ღირებულების ოდენობას.

 

სასამართლოს, მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად, არასაკმარის მტკიცებულებად მიაჩნია, ვებ.პორტალ myauto.ge-დან ამოღებული ინფორმაცია. სასამართლო უთითებს, რომ მოცემული მტკიცებულებით შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ კონკრეტული ავტომობილის სარეალიზაციო ფასი და ვერ დადასტურდება ზოგადად, მსგავსი მარკის მანქანების საბაზრო ღირებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ განახორციელა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამტკიცება სათანადო წესით, ვერ გააბათილა მოსარჩელე მხარის პოზიცია უზრუნველყოფის საგნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხას 7575 ლარს და სარგებელს 1373.60 ლარს, უნდა გამოაკლდეს რეალიზებული ავტომანქანის ღირებულება 6800 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, აღნიშნული ვალდებულება დაირღვა სალომბარდე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მოახდინა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.

 

4.2. მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხოლო 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, კი, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს). სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემული სამართალურთიერთობის საფუძველია, 2018 წლის 31 იანვარს, მოსარჩელესა და მოპასუხე გი-----ი რო----------ს შორის, გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელმა გამსესხებლისგან ერთი წლის ვადით აიღო სესხი 7575 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიური 4%-იანი სარგებლით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 31 რიცხვში, გადაეხადა 303 ლარი.

 

დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო სალომბარდე გირავნობით. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა AUDI TT, გამოშვების წელი 2003, ა/მანქანის ტიპი კუპე, ფერი-ლურჯი 6/8, ა/მანქანის ძრავის მოცულობა-4799, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NTRUSC28N231020508.

 

ასევე დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს „მა-----------------სა“ და მე---ბ რო----------ს შორის, 2016 წლის 31 იანვარს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N1524, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2018 წლის 31 იანვარს გაფორმებული, სალომბარდე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე.

 

ამდენად, მოცემული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო, როგორც უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი, ისე, ვალდებულებით-სამართლებრივი საშუალებებით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. ხოლო 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მსესხებელს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი საერთოდ არ გადაუხდია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად „კრედიტორს“ უფლება აქვს არსებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტოს იმ შემთხვევაში თუკი „მსესხებლის“ მიერ სესხის სარგებლის თანხის ან სესხის თანხის გადახდის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ჯამში შეადგენს 5 კალენდარულ დღეს. ამავე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია გაასხვისოს უზრუნველყოფის საგანი იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება 5 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებით მსესხებელს ეცნობა სასესხო ვალდებულების შესრულების თაობაზე და გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებაც განემარტა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ვალდებულების იმდაგვარი დარღვევა, რომლის სამართლებრივი შედეგები, სწორედ, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილითაა განსაზღვრული. ვალდებულების დარღვევის ხარისხიდან და ხასიათიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოვალის გაფრთხილების შემდეგ, შეეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და მოეხდინა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სალომბარდე გირავნობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. კერძო ავტონომიის ფარგლებში, თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების პირობები შეთანხმებულია მხარეთა შორის და მოსარჩელეს მათი კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. შეცილებულია მხოლოდ გირავნობის საგნის სარეალიზაციო ღირებულება.

 

6.4. სსკ-ის 283-ე მუხლი ითვალისწინებს მოგირავნის ვალდებულებას გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

 

მოპასუხეები უთითებენ, რომ გირავნობის საგანი არ გაიყიდა სამართლიან და გონივრული ფასად. ამასთან, მათ არ წარმოუდგენიათ აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლო მათ მოსაზრებას გაიზიარებდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა პოზიცია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული. გირავნობის საგნის რეალიზაციისას არ დარღვეულა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას უნდა გამოაკლდეს გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა 6800 ლარი.

 

6.5. როგორც აღინიშნა, შპს „მა-----------------სა“ და მე---ბ რო----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულების 1.1 მუხლით განისაზღვრა მე---ბ რო----------ის სოლიდარული ვალდებულება გამსესხებლის წინაშე, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 მუხლით თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა სესხის ძირ თანხას, მასზე დარიცხულ სარგებელს და პირგასამტეხლოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მე---ბ რო----------ის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად (სუსგ N ას-1432-1351-2012 20.05.2013წ.)

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს (სუსგ N ას-1302-1222-2017 15.12.17წ.)

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ. თუმცა, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა თითქმის ორჯერ მეტია დარიცხულ სარგებელზე. სასამართლო განმარტავს, რომ 107 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა 2431.58 ლარი, არ შეესაბამება პირგასამტეხლოს იურიდიულ ბუნებას, არაგონივრულია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დადგენილ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით. ჯამში, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ: სესხის ძირ თანხას -7575 ლარს, სარგებელს-1373.6 ლარს და პირგასამტეხლოს -100 ლარს, გამოკლებული ავტომანქანის რეალიზაციის თანხა 6800 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 2248.6 ლარს.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული;

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გამოყენების საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 4.10 მუხლი, რომლის თანახმად კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებლის ნებისმიერი სხვა უძრავი ან მოძრავი ქონებიდან მოითხოვოს და მოახდინოს სესხის, სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს ამოღება იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამღებული თანხა არ ყოფნის ვალდებულების სრულად დაფარვას. იგივე შინაარსისაა თავდებობის ხელშეკრულების 3.3 მუხლი, რომელიც უფლებას აძლევს კრედიტორს თავდების ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ უზრუნველყოფის საგბის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მეორე სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს მათ საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 4580.18 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2248.6 ლარის გადახდა. სესაბამისად, მათვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ =, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 67.25 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „მა------------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს გი-----ი რო----------ს და მე---ბ რო----------ს დაეკისროთ სოლიდარულად შპს „მა------------------ს“ სასარგებლოდ 2248.6 ლარი;

 

3. დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონებიდან;

 

3. მოპასუხეებს გი-----ი რო----------ს და მე---ბ რო----------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 67.25 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე