გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210018002651132
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28200-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,ს---–-ა’’

წარმომადგენელი - ვ--------------–ი

მოპასუხე - მ-----------–--ე

წარმომადგენელი - ნ--------–-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 500 ლარის, პროცენტის -1 144.59 ლარის და პირგასამტეხლოს - 1 255.41 ლარის გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-14):

1.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 26 დეკემბერს ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით;

1.1.2. ხელშეკრულების თანახმად სესხის ვადა განისაზღვრა 366 დღით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2%-ით, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა და პროცენტი) - 415.74 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ლარი;

1.1.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 26 იანვარს. მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია სესხზე (გადავადების მიზნით) 2018 წლის 13 მაისს, რის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;

1.1.4. 2018 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7 492.83 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3 500 ლარი, პროცენტი - 1 144.59 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% ხელშეკრულების დარღვევის მომდევნო დღიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულ დღეებზე - 2 848.23 ლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 3 500 ლარის დაკისრების ნაწილში.

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 45-55).

2.2.1. ხელშეკრულების პირობების დარღვევა არ ყოფილა მსესხებლის თვითმიზანი, ხელშეკრულების პირობები კაბალურია, ვინაიდან, მოსარჩელე იყენებს ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას და ზოგადი, არასაბაზრო მოცემულობით და პრინციპებით ცდილობს მიიღოს გასესხებული თანხიდან შემოსავალი;

2.2.2. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობა 15 დღიანი პირობების დარღვევის შემდეგ, თუმცა მოსარჩელე ხელოვნურად წელავდა დროს, რომ მომხდარიყო დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ზრდა;

2.2.3. ხელშეკრულების თანახმად, ვადის ბოლოს დასაფარი თანხაა - 4 988.86 ლარი, რაც გაცემულ თანხაზე 1 488.86 ლარით მეტია. საბოლოოდ, მოსარჩელე ითხოვს 5 900 ლარის დაბრუნებას, რაც თავის მხრივ ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაა;

2.2.4. მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 26 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის №14933-1 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 71.2%-ით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 99.7%, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გადავადების შემთხვევაში - 99.5%, სესხის ვადა - 366 დღე, ვადაგადაცილების ჯარიმა - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 415.74 ლარით (ძირითადი თანხა + პროცენტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-30)

 

3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 26 იანვარს. მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2018 წლის 13 მაისს გადავადების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 32-33)

 

3.1.3. 2018 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7 492.83 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 3 500 ლარი, საკომისიო - 1 144.59 ლარი და პირგასამტეხლო - 2 848.23 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 34)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული სარგებლის - 381.53 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 71.2%-ით. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დარიცხული სარგებლის ოდენობა.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველწლიური 71.2%. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება (იხ.სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი). ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 71.2%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა.

ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სესხის სარგებელი ნაცვლად წლიური 71.2%-ისა, უნდა განისაზღვროს მისი სამჯერ შემცირებული ოდენობით - წლიური 23.73%-ით, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის - 381.53 ლარის გადახდა.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, სარგებლის შეთანხმებული ოდენობის განსაზღვრა წლიური 24-42%-ით, არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას (იხ. სუსგ, საქმე №ას-703-657-2017, 2017 წლის 19 ივლისის განჩინება).

 

3.2.1. 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 255.41 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არსებობს მისი 10-ჯერ - 125.5 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა ვადაგადაცილების ჯარიმა - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო - 1 255.41 ლარის ოდენობით.

მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ მოსარჩელე რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს და ამასთან, მიღებული აქვს თანხა სესხის დაფარვის ვადის გადავადებისათვის, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მიუხედავად მის მიერვე შემცირებისა, რაც შედგენს 1 255.41 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია, იგი კიდევ უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 125.5 ლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, 50-ე, 54-ე, 325-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის - მ-----------–--ის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 3 500 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი უთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

აღნიშნული მუხლის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს’’ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ საქმე №ას-208-197-2017).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 325-ე მუხლებზე დაყრდნობით ბათილად მიიჩნია შეთანხმება სესხის სარგებლის წლიური 71.2%-ით გათვალისწინების შესახებ და გონივრულად მიიჩნია მისი განსაზღვრა წლიური 23.73%-ით, შესაბამისად, სარგებლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდა 381.53 ლარის ოდენობით.

 

6.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, კერძოდ, 125.5 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 177 ლარის ოდენობით (ს.ფ.41). მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში, რაც სასარჩელო მოთხოვნის 59.32%-ია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარი. დაკმაყოფილებული და მის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად კი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 15.2 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ს---–-ას’’ სარჩელი მოპასუხე მ-----------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე მ-----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,ს---–-ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 3 500 ლარის, პროცენტის - 381.53 ლარის და პირგასამტეხლოს - 125.5 ლარის ოდენობით;

3. მოსარჩელე შპს ,,ს---–-ას’’ დაუბრუნდეს მის მიერ 20/09/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადახდო დავალება №34;

4. მოპასუხე მ-----------–--ეს მოსარჩელე შპს ,,ს---–-ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 15.21 ლარის ოდენობით; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი