გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
240210017002239439
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017002239439

(№2/1031-2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - სს ”თი---------ი”

წარმომადგენელი - მა----- ქვ---–---ა

მოპასუხე - ო----- მი----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ო----- მი----სათვის, სს ”თი---------ის” სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 8817,50 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 6562,11 ლარი, სარგებელი %- 255,39 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი.

 

სს „თი---------სა“ და ო----- მი----ს შორის დაიდო საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება სს “თი---------ის“ მიმართ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.(იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სს ,,თი---------სა“ და ო----- მი----ს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7 600 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,95 %-ით, კრედიტის ვადა - 1466 დღით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 01 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2014 წლის 26 სექტემბერის საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულება - ს. ფ. 14-2;

- გადახდის გრაფიკი - ს. ფ.24-35;

 

3.2.2. ო----- მი----, 2014 წლის 26 სექტემბერის საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს პერიოდულად არღვევდა, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც სს „თი---------მა“ ვადამდე შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა მის წინაშე არსებული დავლიანების დაფარვა. 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, ო----- მი----ს, საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება - 8 817,50 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 6 562,11 ლარი, სარგებელი %- 255,39 ლარი, პირგასამტეხლო - 2 000 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადახდების ისტორია (ამონაწერი ანგარიშიდან) - ს. ფ. 27-28;

- დავალიანების შესახებ ცნობა - ს. ფ. 26;

 

3.2.6. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების თაობაზე ცნობს სრულად. ის სადავოდ ხდის ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები თავად შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე და ხელშეკრულებითვე განსაზღვრეს მისი ოდენობა. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 19,569,82 ლარს. მოსარჩელემ ჯარიმის თანხა 12,747,23 ლარი სარჩელის აღძვრისას შეამცირა 2,000 ლარამდე. მართალია, მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-873-ე, 417-420-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ო----- მი----ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ო----- მი----მ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ სს „თი---------სა“ და ო----- მი----ს შორის 2014 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ო----- მი----მ დაარღვია არაერთხელ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, ო----- მი----ს, საბანკო კრედიტის №2487895-2696342 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაერიცხა დავალიანება - 19,569,82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა - 6 562,11 ლარი, სარგებელი %- 255,39 ლარი, ჯარიმა - 12,747,23 ლარი. მოსარჩელემ ჯარიმის თანხა 12,747,23 ლარი სარჩელის აღძვრისას შეამცირა 2,000 ლარამდე და მოითხოვა 8817,50 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 6562,11 ლარი, სარგებელი %- 255,39 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ო----- მი----საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ო----- მი---- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველო სს კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ნაირა გრიგორიანის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ო----- მი---- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო----- მი----მ სს ”თი---------ი”-საგან მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ო----- მი----მ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოითხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 6562,11 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება ო----- მი----ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ო----- მი---- მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, როგორც საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა წლიურ 13.95%-ს, სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ო----- მი----ს უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე) შეადგენს - 255,39 ლარს, (წლიური13.95%),6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს დარღვევის შედეგად მიყენებულ რაიმე ფინანსურ ზარალზე. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზეც არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა 2014 წლის 26 სექტემბერის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 200 ლარით, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 200 ლარის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კერძოდ, მოპასუხე ო----- მი----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 13,68 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 196,86 ლარი, 2017 წლის 28 ნოემბერს მის მიერ №59 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 264,55 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 3--------, ხოლო 54,00 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თი---------ის“ სასარჩელო მოთხოვნა ო----- მი----ს (პ/ნ 2----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ო----- მი----ს (პ/ნ 2----------) სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 7017,5 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 6562,11 ლარი, სარგებელი - 255,39 ლარი, პირგასამტეხლო - 200.00 ლარი.

 

2. ო----- მი----ს (პ/ნ 29---------) სს ,,თი---------ის“ (ს/ნ 20-------) სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 13,68 (ცამეტი და 68) ლარს.

 

3. სს ,,თი---------ს“ (ს/ნ 20-------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 28 ნოემბერს მის მიერ №59 საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის ნაწილი 196,86 ლარის ოდენობით.

 

4. სს ,,თი---------ის“ მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია