გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210017001882296
(№2/241-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - შპს „ახალი ფ---------ი ჯ-----ი“
წარმომადგენელი - ჯ-----ლ ს--------ა
მოპასუხე - მ------ა კ------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ------ა კ------–---–ისათვის 723,92 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელე შპს „ახალი ფ---------ი ჯ-----ი“-ს სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, მ------ა კ------–---–ის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა, შპს ”ახალი ფ---------ი ჯ-----ის” ვებ. გვერდზე (http://w--------.ge ) განთავსებული ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, დაუმტკიცდა სესხი.
2016 წლის 08 ნოემბერს მსესხებელზე გაიცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 250 ლარი, საკომისიო 37.50 ლარი, ჯარიმის განაკვეთი: ერთჯერადი საურავი - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაბრუნების ვადა - 2016 წლის 08 დეკემბერი.
მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით დაერიცხა დავალიანება 723,92 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 250 ლარი, საკომისიო - 37,50 ლარი და ჯარიმა - 436,42 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე მ------ა კ------–---–მა სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში, რის შესახებაც სასამართლო მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების ეტაპზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მ------ა კ------–---–ს ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც მან ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა შპს ”ახალი ფ---------ი ჯ-----ის” ვებ. გვერდზე (http://w--------.ge ) განთავსებული ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, დაუმტკიცდა სესხი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- გენერალური ხელშეკრულება;
- აპლიკაცია;
3.2.2. 2016 წლის 08 ნოემბერს მსესხებელზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით - 2016 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით. სარგებელი, საკომისიოს სახით, განისაზღვრა 37,50 ლარის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა ერთჯერადი საურავის გადახდის ვალდებულება - 100 ლარის ოდენობით, ასევე, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 1,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვა, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4. პუნქტის მიხედვით, ხორციელდება სესხის ძირისა და სარგებლის დაუფარავ თანხაზე, სესხის დაფარვის თარიღის შემდეგი დღიდან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- გენერალური ხელშეკრულება;
- სესხის განსაკუთრებული პირობები;
3.2.4. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 723,92 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 250 ლარი, საკომისიო - 37,50 ლარი და ჯარიმა - 436,42 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო ისტორია;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 723,92 ლარს. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს რა ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო წარმოების წესით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის პირობები. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხის სახით მიღებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს 2016 წლის 08 ნოემბერის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირი თანხის - 250.00 ლარის და სარგებელის - 37,50 ლარის დარიცხვის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხე სრულად აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირ თანხასთან და მასზე დარიცხულ სარგებელთან დაკავშირებით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 08 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ჯამში - 287,50 ლარის ანაზღაურება.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ანაზღაურების დაკისრებას, რაც შეადგენს 436,42 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ემუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 1,5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არმოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფ--------- მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1,5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს დარღვევის შედეგად მიყენებულ რაიმე ფ--------- ზარალზე. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზეც არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა 2016 წლის 08 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 43,64 ლარით, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 43,64 ლარის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.
კერძოდ, მოპასუხე მ------ა კ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 2,43 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 7,50 ლარი, 2017 წლის 29 მარტს, სს „საქართველოს ბანკის“ №272 საგადახდო დავალებით გადახდილი - 50 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300373150, ხოლო 40,07 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ იურიდიული მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 100 ლარის ოდენობით. საქართველოს სს კოდექსის 53.1 მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 4 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 16,28 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ახალი ფ---------ი ჯ-----ი“-ს (ს/კ 4--------) მოთხოვნა, მოპასუხე მ------ა კ------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხე მ------ა კ------–---–ს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე შპს „ახალი ფ---------ი ჯ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 331,14 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 250 ლარი, საკომისიო % - 37,50 ლარი, პირგასამტეხლო - 43,64 ლარი.
2. მოპასუხე მ------ა კ------–---–ის მოსარჩელე შპს „ახალი ფ---------ი ჯ-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2,43 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების საფასური 16,28 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე შპს „ახალი ფ---------ი ჯ-----ი“-ს ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, სს ,,საქართველოს ბანკი’’-ს 2017 წლის 29 მარტს, სს „საქართველოს ბანკის“ №272 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 7,50 ლარის ოდენობით, დარჩენილი 40,07 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია