გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4398-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - სა---–---------
წარმომადგენელი - გუ-------------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №0-----–------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ს----–--------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვლება შინაპატიმრობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით სა---–--------- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ამასთანავე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით. აღნიშნულ დანაშაულთა ერთობლიობის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ს----–--------ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულს შეეცვალა უვადო სასჯელი და სასჯელის ახალ ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლითა და 9 თვის ვადით. 2013 წლის 16 თებერვლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით „ამნისტიის“ საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელთა დასაწყისია 2007 წლის 07 ივლისი, ხოლო დასასრული - 2022 წლის 07 ივლისი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაუდგინდა საშიშროების საშუალო რისკი, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლების მიხედვით სასჯელის 2/3 მოსარჩელემ მოიხადა 2017 წლის 07 ივლისისათვის.N 19 დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2018 წლის 21 აპრილიდან. სად-ის N17 დაწესებულება შევიდა შუამდგომლობით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოში სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის N0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-21)
- №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ დამტკიცებული სა---–--------------------ის დახასიათება (ს.ფ. 23-25)
- სა---–--------------------ის პირადი საქმე
3.1.2. სა---–--------- აღიარებს დანაშაულს, მაგრამ არ ეთანხმება სასჯელის სახეს. მისივე გადმოცემით დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ სა---–--------------------ს 2008 წლის 10 აპრილის N120 ბრძანებით გამოეცხადა „საყვედური“. 2010 წლის 11 ივლისის N199-ე დადგენილებით მოთავსებულ იქნა კარცერში 3 (სამი) დღით. 2011 წლის 02 მარტის N49-ე დადგენილებით მოთავსებულ იქნა კარცერში 5 (ხუთი) დღით. ამის საპირწონედ, სა---–--------- წახალისებულია 7-ჯერ. კერძოდ, 2013 წლის 20 დეკემბრის N361-ე ბრძანებით გამოეცხადა „მადლობა“. 2014 წლის 21 ნოემბრის N794-ე ბრძანებით მიეცა წლის 22 აგვისტოს მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი. ამავე, 2014 წლის 08 დეკემბრის N845-ე ბრძანებით მიეცა კვლავ დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 2015 წლის 15 ოქტომბრის N560-ე ბრძანების საფუძველზე გამოეცხადა „მადლობა“. 2016 წლის 13 სექტემბრის N 1529-ე ბრძანებით მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 2016 წლის 09 დეკემბრის N2012-ე ბრძანებით კვლავ მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 2017 წლის 13 სექტემრბის N1404-ე ბრძანებით, კი ასევე მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი. აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. მისი პიროვნული თვისებები, ქცევის სტილი და ღირებულებები აგრესიის გამოვლენის, სხვათა დამაზიანებელ ან გაცნობიერებული ანტისოციალური მოქმედების რისკს არ ქმნის. დისტანცირებულია ,,ქუჩური" მენტალობისგან. ბენეფიციარი მომხდარის მიმართ გულწრფელ სინანულს გამოხატავს. წუხს, რომ ვერ შეძლო სავალალო შედეგის თავიდან აცილება, რასაც ასაკობრივ მოუმზადებლობას და ცნობიერების დაბინდვას უკავშირებს, ალკოჰოლური თრობის შედეგად, აზროვნების არაკონტროლირებადი მდგომარეობის გამო. მისი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ პოზიტიურ ასპექტში შეიცვალა. გ-------------–-ს ინტერვიუირების პროცესში რაიმე რისკის შემცველი ფაქტორი, მის ქცევასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში არ გამოვლენილა.
რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, სა---–--------- კონტაქტში თავისუფლად შემოდის, კეთილგანწყობილია, გარეგნულად მოწესრიგებული. მიღებული აქვს საშუალო განათლება, მისი უნარ-ჩვევების გამოვლინების ერთ-ერთი ფაქტორია სარემოტო სამუშაოების გაძღოლა. მსჯავრდებული დასაოჯახებელია, ჰყავს მშობლები, ძმა და ბებია. ოჯახის მიმართ გამოხატავს ემოციურ დამოკიდებულებას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის N0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-21)
- №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ დამტკიცებული სა---–--------------------ის დახასიათება (ს.ფ. 23-25)
- სა---–--------------------ის პირადი საქმე
3.1.3. სა---–--------------------ი წარსულში არაა ნასამართლევი. აღნიშნულ დანაშაულთა ერთობლიობა ატარებს მის მიერ განხორციელებული ქმედების შემადგენლობის პირველობას.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის N0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-21)
- №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ დამტკიცებული სა---–--------------------ის დახასიათება (ს.ფ. 23-25)
- სა---–--------------------ის პირადი საქმე
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 30 მაისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ სა---–---------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ნასამართლეობის არ მქონეა, მიღებული აქვს მონაწილეობა სოციალურ აქტივობაში, ჩარიცხულია სამეურნეო მომსახურეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისდა არაერთხელ, მისი ოჯახური პირობები და სხვა პიროვნული მახასიათებლები. თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, მათ შორის ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ, ჯგუფურად, ანგარებით ან შეკვეთით, ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ამასთან, ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით. მისმა ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიები გამოყენების აუცილებლობ. საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ სა---–---------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის N0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-21)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა–განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეაჯერა ფაქტობრივი გარემოებები და თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება'' (სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პერიოდში მოქმედი რედაქცია, ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08/07/2018 N 320 ბრძანებით).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - სა---–---------ს უფლებებსა და მოვალეობებს. ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
6.2. სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსზე, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
ხსენებული კოდექსის მე-43 მუხლში რეგლამენტირებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებაზე'', რომლის პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში– საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. ამავე დებულების მესამე მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიულ განსჯადობას, რომლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული უფლებამოსილება გადაწყვეტილება მიეღო სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამასთან დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ხოლო მეოთხე მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ დაასაბუთა გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით. ამასთან, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებულია გასაჩივრების უფლებასა და წესზე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების'' მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. აღნიშნული მუხლის თანახმად შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან „უფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, „უფლება არა აქვს“, „უნდა აიკრძალოს“ და ა.შ. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი მას აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით''.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიებები, მისი ოჯახური პირობები და პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის მიერ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, საბჭომ აღნიშნა, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან ერთად დანაშაულთა ერთობლიობის ფაქტი, უფრო კონკრეტულად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათი დანაშაული და მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა, ამას გარდა, აწ უკვე მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში. ამ ეტაპზე ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სასჯელის მოუხდელი ნაწილის - თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სა---–--------- მსჯავრდებულია საკუთრებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტზე და შეეხო ამნისტია 2012 წელს. სასამართლოში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, უნდა ითქვას, რომ ს----–--------ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული და ამასთანავე, სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სა---–---------ს მიმართ გამოყენებული 3 (სამი) სადამსჯელო ღონისძიება წარმოადგენდა წარსულში განხორცილებულ ფაქტს და არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სადავო საკითხის განხილვისას, მიიჩნევა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული ზომები, როგორც დასჯის საშუალებები, მიუხედავად მათი 2008-2011 წლებში არსებობისა, რაც გულისხმობს ამ ფაქტების ერთგვარ ხანდაზმულობას მსჯავრდებულის დღევანდელ პიროვნებასთან მიმართებით, არ ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს გაითვალისწინოს აღნიშნული, როგორც ფაქტობრივი გარემოება, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ერთობლიობაში, ვინაიდან მხოლოდ ყოველი ფაქტის კონსტატაციით შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება და გამოტანა. დროის დიდი მონაკვეთის არსებობა იმგვარად არ უნდა იქნეს განმარტებული თითქოს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს გამოიკვლიოს მსჯავრდებულის წარსულში ჩადენილ ქმედებათა გამო გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებების ნუსხა და შესაძლოა, გაითვალისწინოს იგი სასჯელის უფრო მსუბუქი სახით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა შემადგენლობისას კი ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გადასწონა და ვერ გააბათილა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 და 73-ე მუხლებით, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება მსჯავრდებულის მდგომარეობას და წარმოადგენს მისი მოთხოვნის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე სამართლებრივი გარანტიას, ასევე პატიმრობის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებითა და მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება. საბჭომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და მსჯავრდებულ სა---–---------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა მოცემულ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია.
ამდენად, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ემყარება სწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადაო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხისათვის სა---–---------ს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 271-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---–---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი