განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2019
საქმის ნომერი
170100119002812335
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

24 იანვარი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნი----–--–-------–------ძე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–----------ს, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, ცოლ-შვილიანი, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ე-------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ნი----–-------ე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ე-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საძოვრიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვა-–--------------ის კუთვნილ ცხენს, რითაც დაზარალებულს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.). განსახილველ საქმეში ბრალდებულ ნი----–-------ის სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა უდავოდ ცნეს. ბრალდებულმა სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულ ნი----–-------ის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ ვა-–--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ილ-------------ის, თა-–-------------სა და კა------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნი----–-------ის მიერ იმ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში. ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა; მოწმე კა------------–---–მა განმარტა, რომ შეტყობინებისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე, პარალელურად კი ესაუბრებოდნენ ცხენის პატრონის, რომელიც მიყვებოდა ცხენის კვალს, საბოლოოდ კი ნახეს ხევში ჩავარდნილი ცხენი და მის გვერდით ნი----–-------ე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ხევში არის მკვდარი ცხენი, რასაც ფოტოსურათებიც ადასტურებს; თა-–------------მა განაცხადა, რომ დაუკავშირდა ილ---ი და უთხრა ცხენის გატაცების შესახებ, რაზეც შეატყობინა პოლიციას და ის და მისი ძმა გაყვნენ ცხენის კვალს, შემდეგ კი ხევში ნახეს ჩავარდნილი ცხენი და შუახნის მამაკაცი, რა დროსაც შეატყობინა პოლიციას ადგილსამყოფელის შესახებ და ისინიც მალევე მივიდნენ. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა ილ-------------მა გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას; დაზარალებულმა განაცხადა, რომ ცხენის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, იგი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და აუცილებელია, პირს ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მისაკუთრების მიზანი და დაუფლებული მოძრავი ნივთი არ უნდა ეკუთვნოდეს დამნაშავეს. რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანს, როგორც ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, „კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით“.

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნი----–-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ნი----–-------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა სტანდარტის თვალსაზრისით. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ნი----–-------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ თითოეულ ეპიზოდში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. ნი----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აანაზღაურა ზიანი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

8. ნი----–-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

 

12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნი----–-------ის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათისა და ხერხის გათვალისწინებით შინაპატიმრობა არ იქნება ეფექტური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად და ამგვარ ვითარებაში თავისუფლების აღკვეთა ადეკვატური და პროპორციული ღონისძიებაა.

 

13. ნი----–-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ზიანი ანაზღაურებულია და დამამაძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თავისუფების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ნი----–-------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, აანაზღაურა ზიანი იმ პირობებშიც კი, როდესაც ცხენის დაღუპვა გამოიწვია თავად დაზარალებულის შვილების ქმედებამ, ამიტომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი, რაც სრულებით საკმარისი პერიოდია ჩადენილი დანაშაულისა და ნი----–-------ის პიროვნების გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნი----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

3. ნი----–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს - ნი----–-------ეს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი.

 

4. ნივთმტკიცებები: ცხენის ბეწვი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო ამოღებული ტანისამოსი - იმავე ვადაში დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ნი----–-------ეს.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი