გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210118002521730
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19744-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ნ---- მ-----–---–ი

წარმომადგენელი - მ-----------–----–---–ი

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - თ----- გ--------

წარმომადგენელი - ზ----------------–--ე, დ-------–------ე

 

თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 08 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, #8-10, 74 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0--------------- და აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს ნ---- მ-----–---–ის სახელზე.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ნ---- მ-----–---–სა და თ----- გ--------ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის დროს მოსარჩელემ ისესხა 6000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ---- მ-----–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება - 74 კვ.მ. ფართის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი 2 სართულიანი N1 შენობა-ნაგებობით (კერძო სახლით), მდებარე ქალაქი თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0---------------. იპოთეკის უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

 

2017 წლის 14 თებერვალს შევიდა ცვლილება 2015 წლის 28 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, რა დროსაც მოპასუხემ დამატებით სესხად გადასცა მოსარჩელეს 2000 აშშ დოლარი და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 14 მარტი. აღნიშნული ცვლილებაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

 

2018 წლის 08 იანვარს მოპასუხემ, 2017 წლის 30 ნოემბრის მინდობილობის საფუძველზე თავის თავთან დადო გარიგება (იყო, როგორც გამყიდველის წარმომადგენელი, ისე მყიდველი) და ე.წ. „ნასყიდობის ხელშეკრულების“ საფუძველზე გადაიფორმა ნ---- მ-----–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N0---------------. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თავისი შინაარსით 2018 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება არის არა ნასყიდობა, არამედ უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა - შეთანხმება გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლით, ისიც 2015 წლის 28 დეკემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-11 მუხლის დისპოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, თუ ნამდვილი იყო ნასყიდობა, ნასყიდობის ფასი - 25 000 აშშ დოლარი გამყიდველის წარმომადგენელ თ----- გ--------ს უნდა გადაეცა მისი კანონიერი მესაკუთრე ნ---- მ-----–---–ისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც რწმუნებულს დღემდე არ განუხორციელებია. მაშასადამე, 2018 წლის 08 იანვრის ნასყიდობა არის თვალთმაქცული გარიგება, რომლითაც დაიფარა უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შეთანხმება. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასიც ფორმალურადაა მითითებული, რადგან 2017 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების შინაარსიც, რომ ნამდვილი იყოს, ნ---- მ-----–---–ის ვალი 2018 წლის 08 იანვრის მდგომარეობით არ შეიძლება ყოფილიყო 25 000 აშშ დოლარი, რადგან ცვლილებით დადასტურებულია დაახლოებით 12 200 აშშ დოლარის ვალის არსებობა, ხოლო ცვლილების გაფორმებიდან ნასყიდობის გაფორმებამდე გასულია დაახლოებით 10 თვე. გარდა იმისა, რომ 2018 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება თვალთმაქცურია, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს, რადგან იგი გახლავთ ამორალური და ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. სადაო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არის 74 000 აშშ დოლარი, ხოლო 74 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების მისი ღირებულების 33%-ის ანუ თუნდაც 25 000 აშშ დოლარის ვალის სანაცვლოდ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა ამორალურია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ----- გ--------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ როგორც თავად ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე 2017 წლის 30 ნოემბრის მინდობილობა დადებულია საქ. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მინდობილობის გაცემისას მხარეთა შორის გაფორმდა სანოტარო აქტი. უფრო მეტიც, ნოტარიუსმა დაამოწმა გარიგება ანუ მის მიერ შესრულდა ყველა ის მოქმედება, რაც სანოტარო აქტის გაფორმებისას კანონით მოეთხოვება ნოტარიუსს, კერძოდ, მხარეთა პიროვნებების იდენტიფიცირება, მათი უფლებამოსილების დადგენა, გარიგების შინაარსის მხარეთათვის გაცნობა და განმარტება, პასუხისმგებლობის აღება სანოტარო აქტის ტექსტის კანონმდებლობისადმი შესაბამისობისათვის და ა. შ. ნამდვილია ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებაც, ვინაიდან ის დამოწმებულია კანონით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის თანამშრომლის მიერ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამ გარიგების დამოწმებისას ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომელმა მოახდინა როგორც პირთა იდენტიფიცირება, ისე მათი უფლებამოსილების დადგენა, ასევე - ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზე არაა "შეთანხმება უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ", ვინაიდან საქ. მოქმედი კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს ასეთი სახის ხელშეკრულებას და არც ამ სახის ნება არ გამოუვლენიათ მხარეებს. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებმა გამოავლინეს სწორედ ის ნება, რაც გათვალისწინებულია სკ-ის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ეს ნების გამოვლენა იქნა სწორად დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ. საკუთრების უფლების გადაცემა კი განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გზით. ნასყიდობის ხელშეკრულების სათაურში გარკვევით წერია, რომ ეს არის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რითაც მოსარჩელემ გაყიდა უძრავი ქონება, ხოლო მოპასუხემ იყიდა ის. აქ არ არის საუბარი რაიმე სხვა სახის ხელშეკრულებაზე, ეს არ არის იპოთეკის, ქირავნობის და ა. შ. ხელშეკრულება. მხარეთა ნება, დადონ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, — ნათელია და უდავო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). როგორც აღნიშნული ლეგალური დეფინიციიდან ჩანს, მოჩვენებითობის საფუძველზე. გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა, როდესაც გარიგების მხარეებს არა აქვთ შესაბამისი იურიდიული შედეგების მიღების განზრახვა. განსახილველ შემთხვევაში კი ხელშეკრულების დადების მიზანი იყო სწორედ ის, რაც ამ უკანასკნელში პირდაპირ არის მითითებული - საკუთრების უფლების გადაცემა მყიდველზე ნასყიდობის ფასის სანაცვლოდ. ამდენად, არანაირი თვალთმაქცური, უკანონო თუ ამორალური გარიგება ამ შემთხვევაში - სახეზე არაა. მხარეებმა დადეს სწორედ ის ხელშეკრულება, რაზეც გამოავლინეს შესაბამისი ნება საჯარო რეესტრში და მოსარჩელეს არანაირი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია თავისი "პოზიციის" დასამტკიცებლად.

 

2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.2.1. მოპასუხე ნ---- მ-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება მდებარე : თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, მე-3 შესახვევი, ჩიხი #1, #8-10, დაზუსტებული ფართობი: 74.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0--------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე თ----- გ--------ს.

2.2.2. მოპასუხე ნ---- მ-----–---–ს მოსარჩელე თ----- გ--------ს სასარგებლოდ ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის დღიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ქირის სახით გადასახდელად დაეკისროს 900 ლარის გადახდა.

შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე თ----- გ--------ს საკუთრებაში აქვს თბილისში, გ------–---–ის ქუჩა, მე-3 შესახვევი, ჩიხი #1, #8-10-ში მდებარე უძრავი ნივთი, რომლის მახასიათებლებია: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 74.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: #1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0---------------. აღნიშნული უძრავი ნივთი მოსარჩელე თ----- გ--------მ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 08 იანვარს შეიძინა მოპასუხე ნ---- მ-----–---–ისგან.

 

მოსარჩელე თ----- გ--------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ნ---- მ-----–---–ი, რომელიც მოსარჩელის არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. აღნიშნული გარემოების გამო, მოსარჩელე თ----- გ--------ს ხელი ეშლება მესაკუთრისათვის კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებაში.

 

2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

2.3.1. თ----- გ-------- ნამდვილი ნების საფუძველზე არ გამხდარა სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე. შესაბამისად მოპასუხის დედა ს-----ო მ-----–---–ი არ გახლავთ უკანონო (არამართლზომიერი) მფლობელი. თ----- გ-------- 2018 წლის ივნისის თვის ბოლომდე არ გამოჩენილა თბილისი, ნ. ბა–--–--–---–-ს ქუჩა N25-ში და არ გამოუხატავს არანაირი პრეტენზია ქონების მიმართ. მოპასუხის დედა ს-----ო მ-----–---–ი არ გახლავთ უკანონო (არამართლზომიერი) მფლობელი და შესაბამისად არ არის ვალდებული გადაუხადოს ქირა თ----- გ--------ს, თანაც 900 ლარის ოდენობით. ნ---- მ-----–---–ი მხოლოდ რეგისტრირებულია თბილისი, ნ. ბა–--–--–---–-ს ქუჩა N25ა-ში. ფაქტობრივად კი ცხოვრობს გარდაბნის რაიონ სოფელ კრწანისში. სადაო უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით N0--------------- ფლობს არა ნ---- მ-----–---–ი, არამედ მისი დედა – ს-----ო მ-----–---–ი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ---- მ-----–---–სა და თ----- გ--------ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის დროს მოსარჩელემ ისესხა 6000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით. მსესხებელს სესხი დარიცხულ სარგებელთან ერთად, მთლიანობაში 7080 აშშ დოლარის ოდენობით, უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 27 ივნისს (სესხის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 26 ივნისის ჩათვლით).

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ---- მ-----–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება - 74 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი 2 სართულიანი N1 შენობა-ნაგებობით (კერძო სახლით), მდებარე ქალაქი თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0---------------. იპოთეკის უფლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.12.2015 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 37-40);

- 30/12/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 41-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

 

3.1.2. 2017 წლის 14 თებერვალს შევიდა ცვლილება 2015 წლის 28 დეკემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, რა დროსაც მოპასუხემ დამატებით სესხად გადასცა მოსარჩელეს 2000 აშშ დოლარი და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 14 მარტი. აღნიშნული ცვლილებაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.02.2017 წლის ხელშეკრულება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ (ს.ფ. 43-45);

- 16/02/2017 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 46-47);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 30 ნოემბერს, ნ---- მ-----–---–მა, როგორც საკუთრების მიმნდობმა, თ----- გ--------ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, მართვის და განკარგვის უფლებით გადასცა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0---------------. ამ მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა სადავო უძრავი ქონება გაეყიდა, გაეჩუქებინა, გადაეფორმებინა საკუთარ თავზე, თავის თავთან დაედო გარიგება და დაედო ნებისმიერი სამოქალაქო გარიგება, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა მინდობილი მესაკუთრის შეცვლა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის მინდობილობა (ს.ფ. 48-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. არსებული მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0--------------- წარმოადგენს თ----- გ--------ს საკუთრებას მხარეებს შორის დადებული 2018 წლის 08 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავო ხელშეკრულების შესაბამისად, ნასყიდობის ფასი შეადგენს 25 000 აშშ დოლარს.

 

მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ხელშეკრულებით მითითებული ნასყიდობის საფასური (25 000 აშშ დოლარი) მყიდველის - თ----- გ--------ს მიერ ხელშეკრულების დადებისას (ან/და მას შემდგომ) ანაზღაურებული არ ყოფილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 50-51);

- 11/01/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 52-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე მხარემ დაადასტურა რომ ფულადი ვალდებულების შესრულება არ მომხდარა იმის გამო, რომ მოხდა თავად გამყიდველის ფულადი ვალდებულების გაქვითვა ნასყიდობის ფასში).

 

3.1.5. ინდივიდუალური აუდიტორის 2018 წლის 29 ივნისის შეფასების ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0--------------- საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 74 000 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების ანგარიში (ს.ფ. 54);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. წარმოდგენილ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე- თ----- გ--------ს მიერ დადასტურებული ვერ იქნა მის საკუთრებაში რიცხული უძრავ ქონების (მდებარე:ქალაქი თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0---------------) შეგებებული სარჩელით მოპასუხე ნ---- მ-----–---–ის მფლობელობის სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უმთავრეს ფაქტობრივ გარემოებას სწორედ მოწინააღმდეგე მხარის ფაქტობრივი ფლობის ფაქტის დადასტურებაა. მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარემ სათანახო მოპასუხის თაობაზე მსჯელობის (შეთავაზების) ფარგლებში ცალსახად განმარტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გადაეცეს ფართი თავისუფალ მდგომარეობაში და აღნიშნულის სახელშეკრულებო ვალდებულება აკისრია შეგებებული სარჩელით მოპასუხე მხარეს მიუხედავად მისი მფლობელობის ფაქტისა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი ფაქტობრივი გარემოება გარდა სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნისა, რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებით დადატურებული ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 50-51);

- 11/01/2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 52-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება- იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები;.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ წარმოდეგნილი სარჩელები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე, 172-ე, 311-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ეკონომიკის სამართლებრივი საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს. (falsa demonstratio non nocet). ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად. მართალია, აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ იძლევა ნების მიმღების მიერ გაგების შესაძლებლობათა კრიტერიუმებს. ამიტომ ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს, მათ შორის ის, თუ რა მიზანს ისახავდა მხარე ხელშეკრულების დადებისას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილე სუბიექტები ცდილობენ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოჩვენებითი გარიგებები უცილოდ ბათილ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება. ამ სახის გარიგებებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, ანუ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ, მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ ტიპიური გარიგებებისათვის არის დამახასიათებელი. ამდენად, ამგვარი გარიგებების დადების მიზანს წარმოადგენს არა ამ შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 08 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს აღნიშნული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე ეფუძნება მის თვალთმაქცურ ხასიათს. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განიხილოს თვალთმაქცური გარიგებების სამართლებრივი ბუნება. თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული მიზნით მოქმედებს გარიგების ორივე მხარე. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კონკრეტული მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს. შესაბამისად, იმისათვის რომ სადაო გარიგება საქართველოს სამოქლააქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად მიჩნეულ იქნას მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, სხვა გარიგების თაობაზე “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ თავლთმაქცური გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მთავარი აქცენტი მხარეთა შორის მანამდე არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობასა და მისგან გამომდინარე ფულადი ვალდებულების მოცულობის გაანგარიშებას ეთმობა, რაც მოსარჩელე მხარის მითითებით წარმოადგენს სწორედ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ამ ფორმით (ნასყიდობის) გაგრძელებას, რითაც რეალურად დაიფარა უძრავი ქონების ვალის სანაცვლოდ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შეთანხმება. აღნიშნულ მითითებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოპასუხე მხარე და თავის მხრივ მიუთითეს სწორედ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის მიზანზე, რომლის საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულება გაიქვითა უკვე არსებული სესხის ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებებით და აღნიშნული ორივე მხარისათვის ნათელი ოყო.

 

სსკ-ის 50 და 52-ე მუხლების დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედგების გამომწვევია. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. სასამართლოსთვის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია 30.11.2017 წლის მინდობილობა, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 30 ნოემბერს, ნ---- მ-----–---–მა, როგორც საკუთრების მიმნდობმა, თ----- გ--------ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, მართვის და განკარგვის უფლებით გადასცა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0---------------. ამ მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა გაეყიდა, გაეჩუქებინა, გადაეფორმებინა საკუთარ თავზე, თავის თავთან დაედო გარიგება და დაედო ნებისმიერი სამოქალაქო გარიგება, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა მინდობილი მესაკუთრის შეცვლა. აღნიშნული მინდობილობით ცალსახად დასტურდება, რომ ნ---- მ-----–---–მა გამოხატა ნდობა თ----- გ--------ს მიმართ სადავო უძრავი ქონების განკარგვის საკითხთან მიმართებაში. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარე მინდობილობის შინაარსს სადავოდ არ ხდის და ითხოვს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომელიც გაფორმდა სწორედ მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. სასამართლო შენიშნავს, რომ თვითონ ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი აბსოლუტურ თანხვედრაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან, ასევე მინდობილობის შინაარსთან. თ----- გ--------მ, რომელსაც მინდობილობის საფუძველზე ჰქონდა სადავო ქონების საკუთარ თავზე გადაფორმების, თავის თავთან გარიგების და ასევე ნებისმიერი სამოქალაქო გარიგების დადების უფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება გადაიფორმა თავის სახელზე.

 

საგულისხმოა, რომ თავად სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და მისგან გამომდინარე ვალდებულებები მხარეთათვის ნათელი და გარკვეული იყო. მხარეთა ნების გამოვლენა, არსებული გარემოებების გათვალისწინებით და კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა მხარეთა თავისუფალი ნების შედეგია. ის ფაქტი რომ არსებობს შეუსრულებელი ვალდებულება, სასამართლოს მიხედულებით არ იწვევს ავტომატურად ხელშემკვრელი მხარეების ნების ნაკლის დადასტურებას და მეტიც, აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ შექმნილი მოცემულობა მხარეთათვის ორმხრივად მისაღები, მათ შორის ფულადი ვალდებულებების შესრულებისა ფარგლებში კონკრეტულ და წარმოდგენილ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების დადების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. მხოლოდ მითითება, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალინების არსებობა აღნიშნული ხელშეკრულების დადების დაფარული მიზანს ადასტურებს, სადავო გარემოების ავტომატური დადასტურების წინაპირობა ვერ გახდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოადგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება გარიგების თვალთმაქცურობის თობაზე გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი თავს იჩენს თუ ხდება იმ ფასეულობათა დარღვევა, როგორიცაა - კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესისა თუ აკრძალვის დარღვევა გულისხმობს, ყველა იმ გარემოებას, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი (მაგ. მოტყუება, იძულება და სხვა), ასევე, ცალკეული გარემოებებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძველი. რაც შეეხება საჯარო წესრიგს, მასში იგულისხმება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ინტერესთა ერთობლიობა. საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა პრინციპულ სამართლებრივ ფასეულობათა უარყოფაში. ასევე, რაც შეეხება ზნეობის ნორმების დარღვევას, აღნიშნული შეფასებითი საკითხია. გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობას, როცა იგი დადგენილი ზნეობით აკრძალული მოქმედების შესრულებას ითვალისწინებს, ანდა პირიქით, განზრახ აბრკოლებს ზნეობის შესატყვისი მოქმედების განხორციელებას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ გაყიდული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 74 000 აშშ დოლარია, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია 25 000 აშშ დოლარი, რაც აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება ქონების საბაზრო ღირებულებას, მხარეებმა ხელშეკრულებაში მიუთითეს ქონების ღირებულება, რაც მათთვის მისაღებ ფასს წარმოადგენდა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების დროს, პრიორიტეტულია მხარეთა ნება, მათ მიერ გამოვლენილი კონსენსუსი ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში. ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს ნასყიდობის საგნის ფასი. გონივრული ვარაუდის ფარგლებში იგულისხმება, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება წარმოადგენს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საგანს, თუნდაც ის არ იყოს შესაბამისობაში ქონების საბაზრო ღირებულებასთან. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა ნებას და არა ზოგადად დადგენილ სტანდარტებს, იგივე საბაზრო ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს ქონების საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასის შეუსაბამობის საფუძვლით, გარიგების ბათილად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის პოზიცია სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე ბათილად ცნობის თაობაზე.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, გ------–---–ის ქუჩა, შ------------------, 8-10-ში, საკადასტრო კოდი N0--------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის თ----- გ--------ს. თუმცა საქმის განხილვის დროს დადგენილ იქნა, რომ სადავო საცხოვრებელ ფართს რეალურად ფლობს და აღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობს არა შეგებებული სარჩელის მოსარჩელე თ----- გ--------, არამედ მისი დედა, რაც მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის მესაკუთრის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი, რაც განაპირობებდა კანონის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი აღკვეთის მიზნებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

 

ვინაიდან, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე თ----- გ--------ს სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს, მისი მეორე სასარჩელო მოთხოვნა, ქირის სახით, ყოველთვიური გადასახდელის 900 ლარის მოპასუხე მხარისთვის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

ვინაიდან, ნ---- მ-----–---–ის სარჩელი და თ----- გ--------ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, ნ---- მ-----–---–ის სარჩელი არ დკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე თ----- გ--------ს (პ/ნ: 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა გ------–---–ი, შ------------------, # 8-10, დაზუსტებული ფართობი: 74,00 კვ.მ. ს/კ: 0--------------- -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ---- მ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე თ----- გ--------ს მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თ----- გ--------ს სარჩელი მოპასუხე ნ---- მ-----–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე თ----- გ--------ს (პ/ნ: 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა გ------–---–ი, შ------------------, # 8-10, დაზუსტებული ფართობი: 74,00 კვ.მ. ს/კ: 0--------------- -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე