გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/625-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.01.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სს "თ-----------------";
წარმომადგენლები - ს--–------–--------------ე, ს--–------------–-–---–ი;
მოპასუხე - ვ-–--–--–---–-–---–ი;
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ-–--–--–---–-–---–ს დაეკისროს სს ''თ-----------------ს'' სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით - 1634.28 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 08 ნოემბერს სს "ს---------------------------------რ"-სა და შპს "დ---–----------------ა"-ს შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება (K/---------------4), რომლითაც სადაზღვეო საგნად მიეთითა ავტომობილი - CQ----5" (KIA cerato სახელმწიფო ნომრით CQ----5, სარეგისტრაციო ნომერი CS----C) ავტომობილის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარი სრული და ნაწილობრივი დაფარვით.
2015 წლის 02 ოქტომბერს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ ავტომანქანამ, სახელმწიფო ნომრით VN----0, განახორციელა შეჯახება მერსედერსის მარკის ავტომობილზე, რომელიც შეეჯახა მ------–------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს KIA cerento, სახელმწიფო ნომრით CQ----5, რომელიც დაზღვეული იყო შპს "დ---–----------------ა"-ს მიერ და წარმოადგენდა შპს "დ---–----------------ა"-ს საკუთრებას. რის საფუძველზეც შედგა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა და ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ახსნა-განმარტებანი, სამართალდამრღვევად განისაზღვრა ვ-–--–--–---–-–---–ი და მის მიმართ გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nაბ--------2. 2015 წლის 22 ოქტომბერს შედგა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი MO--------C და მზღვევლის მიერ დაზღვევისთვის ასანაზღაურებელმა სადაზღვევო თანხამ შეადგინა - 1634.28 ლარი რომლის გადახდაც დასტურდება შესაბამისი საგადახდო დავალებით. 2016 წლის 15 დეკემბერს სს "ს---------------------------------რის" საფირმო სახელწოდება შეიცვალა და განისაზღვრა, როგორც სს "თ-----------------".
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ-–--–--–---–-–---–მა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომელითაც არ ცნო სარჩელი. სასამართლოს სხდომაზე კი სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 500 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვილი ზიანის მოცულობა ხელოვნურად არის გაზრდილი და არ შეესაბამება საბაზრო ღირებულებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 02 ოქტომბერს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქე მ------–------სა და ვ-–--–--–---–-–---–ს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ ავტომანქანამ, სახელმწიფო ნომრით VN----0, განახორციელა შეჯახება მერსედერსის მარკის ავტომობილზე, რომელიც შეეჯახა მ------–------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს KIA cerento, სახელმწიფო ნომრით CQ----5, რომელიც დაზღვეული იყო სს ''ს---------------------------------რის'' მიერ.
2016 წლის 15 დეკემბერს სს ''სა------------------------------------ს'' სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით შეიცვალა სს ''ს---------------------------------რის'' საფირმო სახელწოდება და განისაზღვრა როგორც სს ''თ-----------------''.
3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ვ-–--–--–---–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.
3.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების მიზნით სს ''ს---------------------------------რმა'' 2015 წლის 29 ოქტომბერს გადაურიცხა შპს----------------------------ს''- 1634.28 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 17);
- საჯარიმო ქვითარი, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 21;-24-26);
- ხარჯთაღრიცხვა, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ. 27-28);
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 29);
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 41-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მოპასუხე მხარემ შედავება გააკეთა ზიანის ოდენობასთან მიმართებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სს ''თ-----------------ს'' სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 365-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო -სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.
როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის, მომსახურების ხარიხსი, შინაარსი და მოცულობა წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს ''თ-----------------ს'' და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ითვალისწინებს ავტომანქანის შეკეთებას დამზღვევის ინტერესის შესატყვისად. აღნიშნული პირობა შესაძლებელია ზრდის ასანაზღაურებელი სადაზღვევო ზიანის მოცულობას და ამავდროულად გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''. ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში ვ-–--–--–---–-–---–მა აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა - 500 ლარს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს----------------------------ს'' ხარჯთაღრიცხვა და სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, სს ''თ-----------------ს'' მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 500 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-საართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ''თ-----------------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვ-–--–--–---–-–---–ს მოსარჩელე სს ''თ-----------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს - 500 ლარის გადახდა.
3. სს ''თ-----------------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ სს ''თ----------–ი'' 2017 წლის 14 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარიდან - 15.29 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება №1510663418.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი