გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2019
საქმის ნომერი
080210018002477225
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1812-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ბორენა იობიძე

მოსარჩელე - რ---------------

მოპასუხე - მ------------–---

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოსარჩელე რ--------------- (პ/ნ 6----------) ითხოვს მეუღლესთან - მ------------–---სთან (პ/ნ 6----------) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე მ------------–---სთან. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია. ბოლო პერიოდში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობს დაძაბული ურთიერთობა. მოპასუხე აწარმოებს სასამართლო დავას მოსარჩელის წინააღმდეგ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, როგორც მ------------–---- პოზიციიდან ირკვევა, მას სურს მთელი მოსარჩელის ქონების მის საკუთრებაში გადაცემა და უარს აცხადებს განქორწინებაზე. მოცემული მომენტისათვის მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი ერთად ცხოვრება და ქორწინების შენარჩუნება შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე უკვე შეუძლებელია. ვინაიდან მოპასუხე მ------------–--- არაა თანახმა ქორწინების შეწყვეტაზე, მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს გზით მოხდეს მათი განქორწინება შესარიგებელი ვადის გარეშე.

ანალოგიური პოზიცია ეკავა მოსარჩელეს საქმის განხილვისათვის გამართულ სასამართლო სხდომებზე. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვდა მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მ------------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. ითხოვა სასამართლოს დახმარება მეუღლეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში, რის გამოც იშუამდგომლა შესარიგებელი ვადის დანიშვნა 6 თვით.

 

ანალოგიური პოზიცია ეკავა მოპასუხეს სასამართლო სხდომაზეც და ითხოვა შესარიგებელი ვადის დანიშვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 1998 წლის 16 ივნისიდან მოსარჩელე რ--------------- და მოპასუხე მ------------–--- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დღეის მდგომარეობით მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეთა შორის არსებობს დავა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თაობაზე. მოსარჩელე ითხოვს განქორწინებას ყოველგვარი შესარიგებელი ვადის გარეშე, რადგანაც გამორიცხულია მათი ქორწინების შენარჩუნება. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და ითხოვს შესარიგებელ ვადას ექვსი თვით.

 

3.2.2. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა ერთი თვით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ვადის განმავლობაში შერიგების ნაცვლად მხარეთა შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა, რადგან არაერთ ქონებრივ დავას აწარმოებს მოპასუხე მასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ---------------- და მ------------–---- შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებისათვის დაენიშნა შესარიგებელი ვადა ერთი თვით, თუმცა აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეთა შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა. მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, მხარეებმა შერიგება ვერ მოახერხეს. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

 

ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ---------------- და მ------------–---- შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, რაზეც მართალია მოპასუხე მხარე წინააღმდეგია, მაგრამ რეალურად შესარიგებლად მიღებული ზომები უშედეგოდ სრულდება. მხარეთა განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებისათვის დაენიშნა შესარიგებელი ვადა ერთი თვით, თუმცა აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეთა შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მათ შორის არსებული კონფლიქტი უფრო ღრმავდება და არა პირიქით. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. როინი ვაჭარაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს მოსარჩელე რ---------------სა (პ/ნ 6----------) და მოპასუხე მ------------–---ს (პ/ნ 6----------) შორის 1998 წლის 16 ივნისს №238 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

 

3. მოპასუხე მ------------–---ს მოსარჩელე როინი ვაჭარაძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე