გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210118002605054
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე N2/25087-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - გ--–- დ-------–---–ი

წარმომადგენელი - ქ------- ქ---------ე

მოპასუხე - შპს ,,I-------“

წარმომადგენლები - კ---- ბ--------ე, ა---------– თ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,I-------“-ს მოსარჩელე - გ--–- დ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 5145 ლარი.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 12 დეკემბერს შპს ,,I-------“-ს მაღაზიაში, რომელიც წარმოადგენს „ს----“-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მოქმედებდა აქცია, კერძოდ, თუ პირი შეიძენდა კონკრეტული მარკისა და კონკრეტული მოდელის ტელევიზორს, საგარანტიო ვადა ორი წლის მაგივრად კიდევ დამატებით განისაზღვრებოდა სამი წლის ვადით. სწორედ აქციის პირობების საგარანტიო ვადის გათვალისწინებით გ--–- დ-------–---–მა 2015 წლის 12 დეკემბერს შეიძინა ტელევიზორი SO1-7001955-D KD-55X85070, 5145 ლარად. ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 4691.30 ლარის ოდენობით მოსარჩელემ დაფარა სს ,,ს----------–---------“-ს მიერ გაკეთებული განვადების მეშვეობით (აღნიშნული თანხიდან 595.80 ლარი საკომისიოს შეადგენდა), ხოლო ტელევიზორის სრული ღირებულების დასაფარად გ--–- დ-------–---–მა მოპასუხეს ნაღდი ანგარიშსწორებით აუნაზღაურა დამატებით 1049.50 ლარი. იმ პერიოდში მოქმედი აქციისა და ნასყიდობის საგნის ღირებულების გათვალისწინებით (ერთ-ერთ ძვირადღირებულ ტელევიზორს წარმოადგენდა მაღაზიაში) ტელევიზორის საგარანტიო ვადად ჯამში განისაზღვრა 5 წელი (2 წელი+3 წელი).

 

2018 წლის ივლისის მიწურულს, მაშინ როცა ჯერ კიდევ საგარანტიო ვადა არ იყო გასული, ტელევიზორს გაუქრა გამოსახულება, აღმოაჩნდა ქარხნული დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა მისი შემდგომი ექსპლუატაცია.

 

მოსარჩელე დროულად დაუკავშირდა მოპასუხე მაღაზიას, სადაც განუმარტეს, რომ მიემართა შპს ,,I-------“-ის ს----ს ავტორიზებული სერვის ცენტრისათვის შპს ,,ლ------სათვის“.

 

შპს ,,ლ------ში“ ტელევიზორს ჩაუტარდა დიაგნოსტიკა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ტელევიზორს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ქარხნული დაზიანება. ამასთან აღნიშნულ კომპანიაში განუმარტეს, რომ ტელევიზორისათვის საჭირო ნაწილს არ შეუკვეთავდნენ და უარი განაცხადეს ტელევიზორის შეკეთებაზე, შეცვლაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ლ------ს“-ს მიერ ტელევიზორისათვის ჩატარებული დიაგნოსტიკის შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანს მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზით გააჩნია ქარხნული წუნი, ამასთან, საგარანტიო ვადა არ არის გასული და ქარხნული დაზიანების გამო ნასყიდობის საგანს დაკარგული აქვს დანიშნულება. ვერ ხერხდებოდა საგარანტიო პირობების თანახმად ნასყიდობის საგნის ვერც აღდგენა, ვერც შეკეთება და ვერც შეცვლა. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელესთვის აენაზღაურეინა ნასყიდობის საგნის ღირებულება სრულად, რაც მხარემ არ განახორციელა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეზე თანხის დაკისრებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,I-------“-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავოდ არ ხდის 2015 წლის 12 ნოემბერს ,,ს----ს“ მარკის ტელევიზორის შეძენას, თუმცა არ ეთანხმება მითითებას იმ დროისათვის სააქციო ღონისძიების მოქმედების შესახებ.

 

მოპასუხის მითითებით, ,,ს----“-ს საერთაშორისო ცენტრალური ოფისი მათი მეშვეობით წამახალისებელ აქციას აწესებს მხოლოდ ახალი წელს 10 დღის განმავლობაში (5 დღე დეკემბერში და 5 დღე იანვარში). აქცია ყოველთვის შეეხებოდა 1 (ერთი) ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში დამატებით მცირე ღირებულების „ს----“-ს სხვა პროდუქციას (მაგალითად: პლეიერი, დინამიკი და სხვა) უსასყიდლოდ გადაცემას.

 

აქციის არც ერთ პერიოდში არასდროს ყოფილა შემთხვევა საგარანტიო ვადებთან დაკავშირებით და ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ,,ს----ს“ საერთაშორისო მარკეტინგული ცენტრის პოლიტიკას.

 

მათ მიერ გაცემული საგარანტიო დოკუმენტში არსებობს ბეჭდური ჩანაწერი საგარანტიო პირობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შეძენილი ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას ყიდვის დღიდან ერთი წლის განმავლობაში. საგარანტიო მომსახურება ძალაში იყო ვადის ამოწურვამდე, რომელიც გავიდა 2016 წლის 12 დეკემბერს, ხოლო როგორც მოსარჩელე მიუთითებს, ტელევიზორი დაზიანდა 2018 წლის ივლისის მიწურულს.

 

აქედან გამომდინარე, მცდარია შეხედულება თითქოსდა საგარანტიო ვადა დაზიანებულ ტელევიზორზე ვრცელდება 2020 წლის 12 დეკემბრამდე. ამგვარი საგარანტიო შემთხვევა „ს----“-ს გაყიდვების ისტორიაში არასდროს ყოფილა განხორციელებული და ვერც სადავო დროს მოხდებოდა. მოპასუხე მხარე უარყოფს, რომ მათი კომპანიის წარმომადგენლის მიერ არის აღნიშნული ჩანაწერი განხორციელებული და აღნიშნავს, რომ საგარანტიო ვადა, როგორც წესი, აღინიშნება ბეჭდური სახით, ხელმოწერითა და ბეჭდით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და მისთვის უცნობია თუ ვინ განახორციელა ხელით მინაწერი „2+3“, რის გამოც სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 12 დეკემბერს შპს ,,I-------“-ის მაღაზიაში, მოსარჩელე გ--–- დ-------–---–მა შეიძინა ტელევიზორი SO1-7001955-D KD-55X8507C, 5145 ლარად.

 

ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 4691.30 ლარის ოდენობით მოსარჩელემ დაფარა სს ,,ს----------–---------“-ს მიერ გაკეთებული განვადების მეშვეობით (აღნიშნული თანხიდან 595.80 ლარი საკომისიოს შეადგენდა), ხოლო ტელევიზორის სრული ღირებულების დასაფარად გ--–- დ-------–---–მა მოპასუხეს ნაღდი ანგარიშსწორებით აუნაზღაურა დამატებით 1049.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.12.2015 წლის ცნობა (ს.ფ. 24);

- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 25);

- შემოსავლის ორდერი (ს.ფ 26);

- განვადების განაცხადი (ს.ფ 27-28);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, გადახდის გრაფიკი და მეთოდები (ს.ფ 29-30);

- საკრედიტო ხელშეკრულება N------- (ს.ფ 31-32);

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ 33);

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ 34)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

4.2. ტელევიზორის შეძენისას შპს ,,I-------“-ის მიერ გაიცა საგარანტიო ტალონი, რომელიც იძლევა შეძენილი საქონლის უფასოდ შეკეთების გარანტიას, წარმოდგენილი საგარანტიო პირობებით.

 

საგარანტიო პირობების თანახმად, გარანტიის საფუძველზე ,,ს----“ გარანტიას იძლევა ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე ყიდვის დღიდან ერთი წლის (ვიდეოკამერის და ციფრული ფოტოაპარატისათვის ორი წლის) განმავლობაში.

 

ამასთან, ხელშეკრულების პირობების პირველი პუნქტის თანახმად, საგარანტიო მომსახურება ძალაშია საგარანტიო ვადის ამოწურვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგარანტიო პირობები (ს.ფ 21-23)

 

4.3. 2018 წლის ივლისში ტელევიზორს გაუქრა გამოსახულება, რის თაობაზეც მოსარჩელემ მიმართა შპს ,,I-------“-ის.

 

მოპასუხე კომპანიამ გია დ-------–---–ს განუმარტა, რომ ტელევიზორის დიაგნოსტიკისათვის მიემართა შპს ,,I-------“-ის ს----ს ავტორიზებული სერვის ცენტრ შპს ,,ლ------სათვის“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

4.4. შპს ,,ლ------“-ს დეფექტური აქტის მიხედვით, ტელევიზორს 1KD/55X8507C S/N 7001955, გამოსახულება არ გამოაქვს, 6 ჯერ ციმციმებს.

 

დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა, რომ - დაზიანებულია ეკრანი (უშუალოდ ეკრანის განათება). ფიზიკური ზემოქმედება ტბ-ზე არ აღენიშნება. ნივთს აქვს ქარხნული დაზიანება.

 

სათადარიგო ნაწილი არ იკვეთებოდა, ფასიან შეკეთებას ვერ აწარმოებდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ლ------“-ს დეფექტური აქტი #----------. (ს.ფ. 35).

 

4.5. გ--–- დ-------–---–მა წერილით მიმართა შპს ,,I-------“-ის და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5145 ლარის ოდენობით;

 

შპს ,,I-------“-ის მოთხოვნილი თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- გ--–- დ-------–---–ის წერილი (ს.ფ 36-39).

- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ 40).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--–- დ-------–---–ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 408-ე, 477-ე, 487-ე, 329-ე, 496-ე მუხლებით

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ კონკრეტული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ვინაიდან, მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებაა, იმისათვის რომ ზუსტად განისაზღვროს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა მოპასუხისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, საჭიროა გამოყენებულ იქნეს როგორც სპეციალური ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულად ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებს, ასევე ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

 

ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელე გ--–- დ-------–---–სა და შპს ,,I-------“-ის შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ტელევიზორი SO1-7001955-D KD-55X8507C. მყიდველის მიერ ტექნიკა შეძენილ იქნა 5145 ლარად. აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ სრულად არის გადახდილი, ასევე შეძენილი ნივთი მოპასუხეს გადაცემული აქვს მოსარჩელეზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის საგარანტიო მოქმედების ვადას, რაც დაზიანებული ნივთის ღირებულების ანაზღაურების წინაპირობაა.

 

ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტ დაცვის გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს გარკვეულწილად აფართოვებს კიდეც და აღნიშნული მოქმედებას იწყებს მას შემდეგ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად მყიდველზე ამ უკანასკნელის მიერ შეძენილი ნივთი უკვე გადაცემულია.

 

ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის თვისებების თაობაზე გარანტიის დაკონკრეტებაა. კერძოდ, გამყიდველი გარანტიას გასცემს ნივთის თვისებებთან დაკავშირებით გარკვეულ ვადამდე. ჩვეულებრივი გარანტიისაგან განსხვავებით, მოწესრიგების თავისებურება და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობას, რომ ნივთის თვისებებზე გარანტიას გამყიდველი გასცემს მიუხედავად იმისა, რომ ნივთის გადაცემის მომენტში ნივთი უნაკლო იყო. თვისობრიობის გარანტიის შემთხვევაში კი ის ვრცელდება მხოლო იმ შემთხვევებზე, როდესაც ნაკლი რისკის გადაცემის მომენტში უკვე სახეზე იყო.

 

გამყიდველის მიერ ვარგისიანობის ვადის განსაზღვრით გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ნივთი გათვალისწინებული ვადის ფარგლებში შეინარჩუნებს გარკვეულ თვისებებს. თუ ნაკლი ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა, სახეზე იქნება ვალდებულების დარღვევა. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, იყო თუ არა ნივთი ნაკლიანი რისკის გადაცემის მომენტში. ამასთან, ნივთის ვარგისიანობის ვადა არ უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადად. ნივთის ვარგისიანობის ვადა არსებითად იმიჯნება ხანდაზმულობის ვადისაგან მისი ფუნქციისა და შინაარსის მიხედვით. კერძოდ, ვარგისიანობის ვადა ეს არის პერიოდი რომლის განმავლობაშიც უნდა გამოვლინდეს ნაკლი, რათა მყიდველს ჰქონდეს მოთხოვნის უფლება. ხოლო ხანდაზმულობის ვადა ის პერიოდიაა, რომლის განმავლობაშიც მყიდველს აქვს უფლება, განახორციელოს შესაბამისი მოთხოვნები.

 

თუ ნივთის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამომჟღავნდა ნივთის ფარული ნაკლი, მყიდველს კვლავ აქვს მოთხოვნების განხორციელების უფლება. ასეთ შემთხვევეაში, მან უნდა ამტკიცოს, რომ ნაკლი ნივთზე რისკის გადაცემის მომენტისათვის უკვე სახეზე იყო.

 

მყიდველს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ნაკლი ნივთის ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა, ასევე იმისა, რომ გამყიდველის მიერ განსაზღვრული იყო ნივთის ვარგისიანობის შესაბამისი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, ტელევიზორის შეძენის დროს მოქმედებდა აქცია, კერძოდ, თუ პირი შეიძენდა კონკრეტული მარკისა და კონკრეტული მოდელის ტელევიზორს, უკვე არსებულ საგარანტიო ვადას - ორი წელს, დაემატებოდა სწორედ აქციის ფარგლებში არსებული და შეთავაზებული საგარანტიო ვადა დამატებით სამი წელი, რაც ჯამურად შეადგენდა ნივთის შეძენიდან 5 (ხუთი) წელს. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს, საგარანტიო ფურცლის პირველ გვერდზე ხელით არის სწორედ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მინაწერი ,,2წ.+3წ.“.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე არგუმენტირებულად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მტკიცება, საგარანტიო მოქმედების ვადის ხუთწლიან პერიოდთან დაკავშირებით, ვინაიდან საგარანტიო დოკუმენტში არსებობს ბეჭდური ჩანაწერი საგარანტიო პირობების შესახებ (ს.ფ. 22), რომელიც გარანტიას იძლევა შეძენილი ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე ყიდვის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

 

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, საგარანტიო ფურცელში ხელით შესავსებ ველებზე, რომლის თანახმად ხელით ივსება მხოლოდ 1) სერიის ნომერი, მოდელის დასახელება; 2) მყიდველის სახელი, გვარი, მისამართი; 3) შესყიდვის თარიღი და ნომერი; 4) დილერის დასახელება და შტამპი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. სხვა ყველა პირობა კი ყველა ნივთის შეძენის შემთხვევაში ერთნაირად რეგულირდებოდა თავად საგარანტიო ფურცელში არსებული პირობების გათვალისწინებით. აღნიშნული ოთხი ველის ხელით შევსება კი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ შეძენილი საქონლის, მყიდველის მონაცემები, შეძენის თარიღი და დილერის მონაცემები ყოველ ინდივიდუალრ შემთხვევაში განსხვავებული იქნებოდა, ამიტომ „გამყიდველი“ წინასწარ ვერ შეავსებდა აღნიშნულ მონაცემებს, რის გამოც იგი „გრაფების“ სახითაა წარმოდგენილი და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ივსებოდა.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ საგარანტიო პირობები, მათ შორის საგარანტიო ვადა, არ იყო ხელით შესავსები გრაფა. ამდენად, თავად „გამყიდველის“ მიერ თავიდანვე გამოირიცხა საგარანტიო ვადასთან მიმართებაში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება. მოპასუხე მხარის მიერ გაცემულ საგანარტიო ფურცელში იგი ბეჭდური სახით არის მოცემული სტანდარტულ პირობებში, შესაბამისად, თუ მოსარჩელე სადავოდ ხდის სტანდარტულ პირობებში მოცემულ განმარტებას, რომლის თანახმად ,,ს----“ გარანტიას იძლევა ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე ყიდვის დღიდან ერთი წლის (ვიდეოკამერისათვის ან ციფრული ფოტოაპარატისათვის ორი წელი) განმავლობაში, მას რელევანტური შედავება უნდა განეხორციელებინა აღნიშნულზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ ოფიციალურად გაცემულ დოკუმენტზე, სადაც ასევე არის ფირმის ბეჭედი გამოყენებული, მათ შორის მითითებულია „2წ.+3წ.“, არ ადასტურებს საგარანტიო ვადის განსხავებულ წესზე შეთანხმებას, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამავე საგარანტიო ფურცლის მეორე გვერდზე ნაბეჭდი სახით არის განსაზღვრული საგარანტიო ვადა. უფრო მეტიც, თუკი შინაარსობრივად მივყვებით პირველ გვერდზე არსებულ მონაცემებს, პრაქტიკულად შინაარსიდან მოწყვეტით არის გაკეთებული მინაწერი „2წ.+3წ.“, რადგან პირველ გვერდზე არსად არის დათქმა საგარანტიო ვადასთან მიმართებაში, შესაბამისად, ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ თუკი მართლაც მოხდა მხარეთა შორის საგარანტიო ვადის თაობაზე შეთანხმება, რატომ არ მოხდა მისი ასახვა მეორე გვერდზე, სადაც პირდაპირ არის საუბარი საგარანტიო ვადაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული და განსხვავებული წესით დარეგულირებული საგარანტიო ვადამ ასახვა ჰპოვა პირველსავე გვერდზე. ასევე საგულისხმოა, რომ შინაარობრივად ცალკე აღებული სადავო ჩანაწერი სრულებითაც არაფერზე უთითებს, არც განმარტავს და არც რაიმე სახის დათქმას არ ახორციელებს, რადგან პირველ გვერდზე არსებულ მონაცემებთან სრულ შეუსაბამობაშია.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგარანტიო ფურცლის პირველ გვერდზე ხელით მიწერილ „2წ.+3წ.“-ს უფრო მეტი მტკიცებულებითი ძალა ვერ ექნება, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ნაბეჭდი ფორმით მითითებულ ვადასთან (ერთი წელი) მიმართებაში და დადგენილად მიიჩნევს საგარანტიო ვადის ერთწლიან პერიოდს და ხელით არსებულ მინაწერს სასამართლო ვერ ჩათვლის სატანდარტულ პირობებთან შედარებით მხარეთა მიერ განსხვავებულ წესზე შეთანხმებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.

 

სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება, მოსარჩელის მითითებას ტელევიზორის შეძენის დროს აქციის მოქმედების შესახებ, რომელმაც განაპირობა გარანტიის მოქმედების უფრო მეტი ვადა. თუ მოპასუხის მხრიდან განსხვავებულ პირობებთან დაკავშირებით საჯარო ოფერტი ანუ მოწვევა ოფერტზე იყო გაკეთებული აქციის ფარგლებში, აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელისათვის სირთულე არ უნდა ყოფილიყო, რადგან სწორედ ასეთი ოფერტი წარმოადგენდა განსხვავებულ პირობების შეთანხმებაზე მოწვევას, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო მოპასუხე მხარეზე ვერ გადაიტანს მტკიცების ტვირთს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე მიმართვა მოხდა 2018 წლის ივლისის თვეში ეს მაშინ, როდესაც ნივთის შეძენა მოხდა 2015 წლის 12 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეზე მიმართვა მოხდა 2 წლისა და 7 თვის შემდეგ და სასამართლომ რომც განმარტოს მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო პირობებში არსებული ჩანაწერი და საგარანტიო ვადად ნაცვლად ერთი წლისა მიიჩნიოს 2 წელი, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ მოაპსუხეზე მიმართვა 2 წლის შემდგომ მოხდა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხე კომპანიას გ--–- დ-------–---–ი არ გაეგზავნა ტელევიზორის დიაგნოსტიკისათვის შპს ,,ლ------ში“, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე სავალდებულო წესით მოითხოვდა აღნიშნული კომპანიიდან დასკვნას, ასეთი ფაქტი ცალსახად არ ადასტურებს მოპასუხის აღიარებას საგარანტიო ვადაში მიმართვასთან დაკავშირებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, გარანტია არის მყიდველის ცალმხრივი უპირატესობა, - კერძოდ, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნაწარმში, მის შემადგენელ დეტალებში ან მუშაობაში (პირველადი ყიდვის მომენტში) აღმოჩნდება დეფექტი, ფირმა ,,ს----“ ან ,,ს----“-ს ავტორიზებული სერვის ცენტრები უფასოდ გაარემონტებენ ან შეცვლიან ნაწარმს ან მის დეფექტურ დეტალებს. გარანტიას ჰქონდა პირობები - შეძენილი ნივთი უნდა დაზიანდეს და მყიდველმა საგარანტიო მოქმედების ვადაში უნდა მიმართოს გამყიდველს აღმოჩენილ დეფექტთან დაკავშირებით. ანუ კუმულატიურად უნდა არსებობდეს მიტიტებული ორი პირობა - დაზიანება და ვადაში მიმართვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შეძენილი ტელევიზორი დაზიანდა, სადავოა მხოლოდ საგარანტიო მოქმედების ვადა, თუმცა, მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაადასტურდებოდა საგარანტიო მოქმედების ხუთწლიან პერიოდს, რაც შპს ,,I-------“-სათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი იქნებოდა.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნივთი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ გაყიდულ ნივთს გამყიდველის მიერ განსაზღვრულ ვარგისიანობის (საგარანტიო) ვადაში აღმოაჩნდება ნაკლი, ავტომატურად მყიდველს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება. გამყიდველის პასუხისმგებლობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, პრეზუმფიცირებულია მისი ბრალეულობა და გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობა. საგარანტიო ვადის ძირითადი დანიშნულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვადის განმავლობაში ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოჩენის (გამოვლენის) შემთხვევაში, მყიდველს აქვს გამყიდველისაგან მოთხოვნის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ გ--–- დ-------–---–ი საგარანტიო მოქმედების ვადაში მიმართავდა მოპასუხე კომპანიას. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა ქარხნული ნაკლი, ვინაიდან ასეთი ნაკლი გამოვლინდა საგარანტიო ვადის შემდგომ, იგი უნდა გაუთანაბრდეს ჩვეულებრივ ნაკლს, რაც გამორიცხავს ნივთის ღირებულების ანაზღაურებას.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მხრიდან ტელევიზორის შეძენა მოხდა 2015 წლის 12 დეკემბერს და დადგენილია, რომ საგარანტიო მოქმედების ვადა მოიცავდა ერთ წელს, 2018 წლის ივლისში გამოვლენილ დაზიანება/ქარხნულ წუნთან დაკავშირებით მოპასუხეს არ შეიძლება დაკისრების პასუხისმგებლობა ზიანთან დაკავშირებით.

 

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის ნივთობრივი ნაკლი. განსახილველ შემთხვევაში 2 წელი და 7 თვე არ არის ის გონივრული ვადა, რა ვადაშიც მხარებს უნდა ჰქონოდათ მოლოდინი ქარხნულ წუნის გამოვლენასთან მიმართებაში, რაც შესაძლოა ყოფილიყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის ვადა, რომელიც საგარანტიო ვადად იქნა მხარეთა მიერ განსაზღვრული, სწორედ ამ ვადაში უნდა გამოვლინდეს ნაკლი, მათ შორის ქარხნული წუნი, რის გამოც გამყიდველი იღებს თავის თავზე ნაკლიანი ნივთის ახალი ნივთით ჩანაცვლებაზე ან უფასო შეკეთებაზე (რაზეც მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულები), ხოლო მას შემდეგ რაც საგარანტიო ვადის შემდეგ გამოვლინდება ნაკლი, მათ შორის ქარხნული წუნი, სწორედ საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ უკვე მყიდველზე გადადის რისკი აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

ამდენად, საგარანტიო ვადა არის ის ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ მხარეს დაეკირება რისკი ნივთის ღირებულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, მხოლოდ გამყიდველზე დაკისრება მიუხედავად საგარანტიო ვადის არსებობა-არ არსებობისა, მხარეებს აყენებს არათანაბარ პირობებში და ამასთან თავად საგარანტიო ვადას უკარგავს შინაარსს და არსებობას.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ პირველ გვერდზე არსებული ყველა ჩანაწერი ერთი და იგივე პირის მიერ არის შესრულებული, რაც ადასტურებს თავად მოპასუხე მხარის მიერ 5 წლიანი საგარანტიო ვადის დაწესებას, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო მხარის ახსნა-განმარტება ასეთად ვერ მიიჩნევა, რის გამოც სასამართლო ვერ დაადასტურებს ერთი და იგივე პირის მიერ, რომელიც იყო მოპასუხის წარმომადგენელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს შეასრულა ყველა ის ჩანაწერი, რაც საგარანტიო ბარათის პირველ გვერდზეა ჩამოყალიბებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 155 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარის ოდენობით. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და ადგიზლე თათბირით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--–- დ-------–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი მოპასუხე შპს I--------ს (ს/კ 2--------) მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 5145 ლარის დაკისრებას - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის წარმომადგენლის ქ------- ქ---------ის მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს სს საქართველოს ბანკში გადახდილი (სასარჩელო განცხადების ნაწილში) სახელმწიფო ბაჟი 155 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელის წარმომადგენლის ქ------- ქ---------ის მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს სს საქართველოს ბანკში გადახდილი (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე