გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2019
საქმის ნომერი
330210018002696971
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31504-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ა--------------–---–ი, თ-------------------–---–ი, გ----------------–---–ი

წარმომადგენელი - ზ------------ე

მოპასუხე - ნ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------–-----ი, ი-----–-------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 1-13):

1.1.1. 2007-2008 წლებში მხარეებს შორის არსებობდა ახლო მეგობრული ურთიერთობა;

1.1.2. მოპასუხემ მათ განუმარტა, რომ ჰქონდა მომგებიანი ბიზნესი და სჭირდებოდა გარკვეული თანხა სესხად, რომელსაც გარკვეულ დროში გადაიხდიდა თავად, რის გამოც ისინი დაეთანხმნენ სესხის ხელშეკრულების დადებას;

1.1.3. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------;

1.1.4. ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა გადაეცა პირდაპირ მოპასუხეს, რაზეც მან დაწერა ხელწერილი და მიუთითა, რომ პასუხისმგებელი იყო რომ ბინა არ დაიკარგებოდა და გაისტუმრებდა ვალს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ უყიდიდა ანალოგიური ფართის ბინას;

1.1.5. მოპასუხემ გამოიჩინა გულგრილობა, არ გადაიხადა თანხა, რის გამოც მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, აღსრულების წესით გასხვისდა საჯარო აუქციონზე;

1.1.6. მოპასუხემ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც ისინი უფლებამოსილი არიან მოითხოვონ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების - 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ტომი 3, ს.ფ. 201-209):

2.1.1. გაურკვეველია რა კავშირი აქვს მას სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებასთან, მით უფრო, რომ მოსარჩელეების მიერ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება და არც სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებასა და წარმოდგენილ ხელწერილს შორის კავშირი;

2.1.2. გაურკვეველია რა კავშირია იპოთეკის საფუძველზე უძრავი ქონების გაყიდვას და წარმოდგენილ ხელწერილში მითითებულ 8 000 აშშ დოლარს შორის, მით უფრო, რომ სააღსრულებო აუქციონის ოქმის თანახმად იგი არ წარმოადგენს მხარეს;

2.1.3. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაცია მოხდა არა მის მიერ 8 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის, არამედ სხვა თანხის გამო;

2.1.4. მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან აუქციონზე ქონება გაიყიდა 2009 წლის 20 აგვისტოს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2012 წლის 20 აგვისტოს;

2.1.5. ანალოგიური მოთხოვნით და იმავე მტკიცებულებაზე - ხელწერილზე დაყრდნობით, მოსარჩელეებმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 12 ივნისს;

2.1.6. წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეები მიუთითებდნენ მიმდინარე დავის ფარგლებში წარმოდგენილ ხელწერილზე და მიუთითებდნენ, რომ მან ივალდებულა 8 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც არ გადაიხადა, რის შედეგადაც უძრავი ქონება გაიყიდა აუქციონზე;

2.1.7. მოსარჩელეებმა 2012 წლის 12 ივნისს შეტანილი სარჩელით, ხელწერილის და აუქციონის ოქმის საფუძველზე, მოითხოვეს მისთვის 8 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული დავა დასრულდა 2012 წლის 24 სექტემბერს მხარეთა მორიგებით, რის საფუძველზეც მან მოსარჩელეებს გადაუხადა 6 510 აშშ დოლარი;

2.1.8. უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის ფაქტთან მიმართებით მოსარჩელეებს პრეტენზია ჰქონდათ ე------------------–---–თან. მათ მიერ საგამოძიებო ორგანოებში შეტანილი საჩივრის გამო ე------------------–---–ი მიეცა პასუხისგებაში თაღლითობის გამო;

2.1.9. მოსარჩელეების ქცევა არაკეთილსინდისიერია, ვინაიდან ისინი ერთიდაიგივე ხელწერილის საფუძველზე მას ორჯერ სთხოვენ ზიანის ანაზღაურებას, ამასთან, აუქციონზე უძრავი ქონების გასხვისებაში ადანაშაულებენ მასაც და ე------------------–---–საც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 25 თებერვლის ამონაწერის თანახმად მოსარჩელეთა საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------.

აღნიშნულ უძრავი ქონებაზე 2009 წლის 24 თებერვალს დარეგისტრირდა იპოთეკა იპოთეკარ ვ-----------–---–ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ტომი 2, ს.ფ. 20-21)

 

3.1.2. მოპასუხე ნ-------------–---–ის მიერ 2009 წლის 02 ივლისს შედგენილი ხელწერილში მითითებულია, რომ მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, დაიტვირთა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით, საიდანაც 8 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ნ-------------–---–ის გადასახდელ თანახას. აღნიშნული თანხა მოიცავდა ერთი თვის საპროცენტო განაკვეთს (5%-ს). შესაბამისად, მოპასუხემ მიუთითა, რომ გადასახდელი ჰქონდა 7 600 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარი 2009 წლის 30 ივლისამდე.

აღნიშნული ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ აიღო თანხის გადახდის ვალდებულება მითითებულ ვადაში და მიუთითა, რომ მისი მიზეზით არ იქნებოდა გაყიდული უძრავი ქონება აუქციონზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ტომი 2, ს.ფ. 18)

 

3.1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ დ-------------ის მიერ 2009 წლის 20 აგვისტოს პირველი იძულებითი საჯარო აუქციონის შესახებ ოქმში მითითებულია შემდეგი:

,,თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №0------------ სააღსრულებო საქმე, შპს ,,ბ----------ის’’ მიერ 19.06.09 წელს გაცემული და კრედიტორის ვ-----------–---–ის მიერ წარმოდგენილი №0-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით:

1. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, ერთის მხრივ პრეტენდენტის, ვ-----------–---–ის წარმომადგენელს, ე------------------–---–ს და მეორეს მხრივ, მოპასუხეებს-გ----------------–---–ს, თ-------------------–---–ს და ა--------------–---–ს შორის:

2. შეწყდეს №0-------- საარბიტრაჟო საქმის წარმოება;

3. მოპასუხეებს - გ----------------–---–ს, თ-------------------–---–ს და ა--------------–---–ს, პრეტენდენტის, ვ-----------–---–ის სასარგებლოდ 2009 წლის 18 ივნისის ჩათლით გადასახდელად დაეკისრათ 10 900 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში და 200.35 ლარი საარბიტრაჟო მოსაკრებელი, ხოლო 200.35 ლარი 2009 წლის 18 ივნისის ჩათვლით დაუბრუნდეს პრეტენდენტის, ვ-----------–---–ის წარმომადგენელს, ე------------------–---–ს;

4. მესამე პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეებს - გ----------------–---–ს, თ-------------------–---–ს და ა--------------–---–ს, პრეტენდენტის, ვ-----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ:

- 5 000 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში - სესხის ძირითადი თანხა.

- 5 400 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 26 თებერვლიდან 2009 წლის 05 მარტის ჩათვლით;

- 15 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში - ყოველდღიურად 2009 წლის 06 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის - 0.3%;

- 400.70 ლარი - პრეტენდენტის ვ-----------–---–ის წარმომადგენლის, ე------------------–---–ის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი;

5. თანხის გადახდევინება მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, ფართი 82.00 კვ.მ უძრავი ქონების სარეგისტრაციო №0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით’’.

ამავე ოქმის თანახმად, 2009 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი მოვალეების - გ----------------–---–ის, თ-------------------–---–ისა და ა--------------–---–ის სახელზე რიცხულ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------.

აღნიშნული ოქმის თანახმად, მოვალეების - გ----------------–---–ის, თ-------------------–---–ისა და ა--------------–---–ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთულ უძრავი ქონების - მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------ შემძენი გახდა ნ-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 16-17; 19)

 

3.1.4. 2012 წლის 12 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს (საქმე №2--------) მოპასუხის მიმართ 8 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ მოთხოვნით.

წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეთა მიერ მითითებული იყო ის გარემოება, რომ 2009 წელს მოპასუხის მიერ დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ნაწილი თანხა 8 000 აშშ დოლარი და მან ხელწერილით 2009 წლის 30 ივლისამდე იკისრა აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება. მოსარჩელეები წარდგენილ სარჩელში ასევე უთითებდნენ, რომ მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა აუქციონზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო დავის საქმეზე თ-------------------–---–ის, გ----------------–---–ისა და ა--------------–---–ის სარჩელისა გამო მოპასუხე ნ-------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე (საქმე №2--------) და დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება შემდეგი პირობებით:

,,მოპასუხე ნ-------------–---–ი მოსარჩელე მხარეს გადაუხდის 6 510 აშშ დოლარს შემდეგი გრაფიკით: პირველი გადახდა განხორციელდეს 2012 წლის 25 ოქტომბრამდე 930 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ყოველი მომდევნო გადახდა განხორციელდეს ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვამდე 930 აშშ დოლარის ოდენობით. მორიგებით გათვალისწინებული თანხა 6 510 აშშ დოლარი თანაბარწილად გადანაწილდეს 7 თვეზე, რაც თვიურად შეადგენს 930 აშშ დოლარს’’.

აღნიშნულ განჩინებაზე 2012 წლის 02 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, განჩინება, სააღსრულებო ფურცელი, განცხადება (ტომი 3, ს.ფ. 9-19; 49-51; ს.ფ. 54-55; 58-59)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ზოგადი სფეროს აუდიტორი ი-–-----------–---–ის აუდიტორული დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, საბაზრო ფასი 2016 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორული დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 14-15)

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოხდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ ეკისრება 30 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მათ მიერ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადება მოხდა მიღებული თანხის მოპასუხისთვის თანხის გადაცემის მიზნით. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხიდან მათ 8 000 აშშ დოლარი გადასცეს მოპასუხეს, რომელმაც თავის მხრივ ხელწერილით იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე და მიუთითა, რომ მის მიერ თანხის დაუბრუნებლობა არ გამოიწვევდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციას. მოსარჩელეები ასევე განმარტავენ, რომ მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია იპოთეკით დატვირთული მათი უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაცია და აღნიშნულზე დაყრდნობით მოპასუხისაგან მოითხოვენ სარჩელის წარმოდგენისას უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების - 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდას.

უპირველესად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ მტკიცების ტვირთზე და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-------------–---–ის მიერ 2009 წლის 02 ივლისს შედგენილ ხელწერილში მითითებულია, რომ მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, დაიტვირთა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით, საიდანაც 8 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ნ-------------–---–ის გადასახდელ თანხას. აღნიშნული თანხა მოიცავდა ერთი თვის საპროცენტო განაკვეთს (5%-ს). შესაბამისად, მოპასუხემ მიუთითა, რომ გადასახდელი ჰქონდა 7 600 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარი 2009 წლის 30 ივლისამდე. აღნიშნული ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ აიღო თანხის მითითებულ ვადაში გადახდის ვალდებულება და მიუთითა, რომ მისი მიზეზით არ იქნებოდა გაყიდული უძრავი ქონება აუქციონზე.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ დ-------------ის მიერ შედგენილია ოქმი 2009 წლის 20 აგვისტოს პირველი იძულებითი საჯარო აუქციონის დანიშვნის შესახებ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ოქმის თანახმად, უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზეზად მითითებულია კრედიტორის - ვ-----------–---–ის მიერ წარმოდგენილი №0-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მორიგების დამტკიცების გამო შეწყდა №0-------- საარბიტრაჟო საქმის წარმოება და გ----------------–---–ს, თ-------------------–---–ს და ა--------------–---–ს ვ-----------–---–ის სასარგებლოდ 2009 წლის 18 ივნისის ჩათვლით გადასახდელად დაეკისრათ 10 900 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში და 200.35 ლარი საარბიტრაჟო მოსაკრებელი. ამავე სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა, რომ თანხის გადახდევინება მოხდებოდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–------------------------------------, ფართი 82.00 კვ.მ უძრავი ქონების სარეგისტრაციო №0----------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და შესაბამისად განისაზღვრა უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით პირველი საჯარო აუქციონის თარიღი, რომლის შედეგადაც უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მესამე პირი - ნ-------------ე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

291-ე მუხლის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. ამავე კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეები, როგორც უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის მესაკუთრეები, ამავდროულად წარმოადგენენ მოვალეებს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მართალია მოსარჩელეთა მიერ არ არის წარმოდგენილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ აღნიშნული გარემოება დგინდება როგორც წარმოდგენილი აუქციონის დანიშვნის თაობაზე ოქმით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით. შესაბამისად, მოსარჩელეებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეებს და ამავდროულად სესხის და იპოთეკის პირად მოვალეებს, არ წარმოეშვათ 292-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით განსაზღვრული მოთხოვნის უფლება. შესაბამისად მათ, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებს და პირად მოვალეებს, ევალებოდათ უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება. მათ მიერ კრედიტორისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ 10 900 აშშ დოლარის გადაუხდელობა კი გახდა იპოთეკის საგნის - უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის საფუძველი.

მტკიცებულებათა შეფასებისთვის დადგენილი ზემოაღნიშნული სტანდარტიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით პირდაპირ დასტურდება ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია განაპირობა არა მოპასუხის მიერ მისთვის გადაცემული თანხის - 8 000 აშშ დოლარის გადაუხდელობამ, არამედ მისი საფუძველი გახდა №0-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მორიგების დამტკიცების გამო შეწყდა №0-------- საარბიტრაჟო საქმის წარმოება და მოვალეებს გ----------------–---–ს, თ-------------------–---–ს და ა--------------–---–ს კრედიტორის - ვ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ შესაბამისი თანხის გადახდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხეს მათთვის უნდა გადაეხადათ 8 000 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის საფუძველი გახდა მოსარჩელეებსა და კრედიტორს შორის სხვა ოდენობის თანხის გადახდის თაობაზე მორიგება. შესაბამისად, მოსარჩელისვე წარმოდგენილი ოქმით არ დასტურდება ის გარემოება, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია გამოიწვია მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობამ.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ხელწერილი შეიძლება გახდეს მოპასუხისთვის თანხის გადახდის საფუძველი. დადგენილია, რომ 2012 წლის 12 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს (საქმე №2--------) მოპასუხის მიმართ 8 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ მოთხოვნით. წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეთა მიერ მითითებული იყო ის გარემოება, რომ 2009 წელს მოპასუხის მიერ დაიტვირთა იპოთეკით მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ნაწილი თანხა 8 000 აშშ დოლარი და მან ხელწერილით 2009 წლის 30 ივლისამდე იკისრა აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება. მოსარჩელეები წარდგენილ სარჩელში ასევე უთითებდნენ, რომ მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდა აუქციონზე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული საქმის წარმოება დასრულდა მხარეთა მორიგებით, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ნ-------------–---–ი მოსარჩელე მხარეს გადაუხდიდა 6 510 აშშ დოლარს.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დავის საგანს არ წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მოპასუხის მიერ ჯეროვნადაა თუ არა შესრულებული აღნიშნული მორიგების პირობით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება. წარმოდგენილი სამოქალაქო საქმე და საქმის წარმოების გამო მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინება ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა 8 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო უკვე აწარმოეს ცალკე სამოქალაქო საქმე. აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო მოპასუხისთვის უძრავი ქონების ღირებულების გადახდის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში კი არათუ არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია გამოიწვია მოპასუხის მიერ 8 000 აშშ დოლარის გადაუხდელობამ, არამედ დასტურდება ის, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა მოსარჩელეთა მიერ კრედიტორისთვის სხვა ოდენობის თანხის - 10 900 აშშ დოლარის და 200.35 ლარის გადაუხდელობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოხდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ ეკისრება 30 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

3.2.3. მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც ასევე გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების, ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს 2009 წლის 20 აგვისტოს საჯარო აუქციონზე უძრავი ქონების რეალიზაციის გამო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ანაზღაურებაში, რისი ანაზღაურებაც მოსარჩელეთა განმარტებით მოპასუხემ იკისრა 2009 წლის 2 ივლისის ხელწერილით. ვალდებულების შესრულების საფუძველი მოსარჩელეთა განმარტებით, მხარეთა შეთანხმება იყო, რომლის თანახმადაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელეთათვის თანხა, რომ მისი მიზეზით არ მომხდარიყო ბინის აუქციონზე გატანა. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარმოდგენილია 2016 წლის 25 თებერვალს - ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის წარმოდგენის დროისთვის გასულია ასევე უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წლიანი ვადა.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 291-ე, 292-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

საქმეებზე - ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადამიანის უფლებათა’’ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს ,,დასაბუთებული’’ (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას თანხის გადახდის თაობაზე, რასაც სედეგად მოჰყვა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე გასხვისება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

291-ე მუხლის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. ამავე კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოხდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე. აღნიშნულ ნორმებზე და წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ არ ეკისრება 30 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, იმ ფაქტის დაუდგენლობის შემთხვევაშიც კი, რომ მოპასუხის მიერ ხელწერილით ნაკისრი ვალდებულებით დარღვევის გამო მოხდა შესაბამისი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, არ არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი წარმოდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 2 235 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 22-23). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ტომი 1, ს.ფ. 30-34).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა--------------–---–ის, თ-------------------–---–ის და გ----------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ-------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ-------------–---–ს პ/ნ 0---------- აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ხ-–----ის რაიონი, სოფელი ბ----–ი, რომლის საკადასტრო კოდია 6----------- და 6----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი