გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
330210018002561008
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22328-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს “SK-----------------A”

წარმომადგენელი - პლ------------–--ე

 

მოპასუხე - სს „სა---------–-------------ა“

წარმომადგენელი - ნი----–---–-----ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე სს „სა---------–-------------ისათვის“ მოსარჩელე შპს “SK-----------------A”-ს სასარგებლოდ 11 550,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 10 ოქტომბერს სს „სა---------–-------------ასა“ (შემსყიდველი) და შპს “SK-----------------A”-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №შ-------- ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში, 2360 ცალი, ხოლო 12681 ცალი - 90 დღის განმავლობაში (ხელშეკრულების დანართი №8-ის შესაბამისად).

ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 141 902,64 აშშ დოლარი, დღგ-ს ჩათვლით 1 347 445,11 აშშ დოლარი. მიმწოდებელმა შეასრულა აღებული ვალდებულება და შემსყიდველს მიაწოდა საქონელი 2360 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გადაცილებით, ხოლო 12681 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში.

 

სს „სა---------–-------------ამ“ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 13672.57 ლარი, რაც არასწორია, ვინაიდან ხელშეკრულების პირობების (დანართი №8) შესაბამისად დარღვეულ იქნა მხოლოდ საქონლის ნაწილის 2360 ცალი შპალის მიწოდების 30 დღიანი ვადა 4 დღით, შესაბამისად სს „სა---------–-------------ას“ პირგასამტეხლო უნდა დაერიცხა მხოლოდ ამ რაოდენობის საქონლის (ღირებულებით 424511,55 ლარი) მიწოდების ვადის დარღვევაზე, რაც შეადგენს დღეში 424.51 ლარს, ხოლო 4 დღეზე-1698,05 ლარს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა სს „სა---------–-------------ისგან“ არასწორად დარიცხული პირგასამტეხლოს გამო 11974,52 ლარის ანაზღაურება, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელმა აღიარა 5 დღის გადაცილებით საქონლის შემსყიდველისათვის მიწოდება და შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 11 550,00 ლარამდე (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:07:59).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს მიწოდება უნდა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში, ანუ პირველი მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2015 წლის 29 ნოემბერს, მოსარჩელემ პირველი მიწოდება შეასრულა 2015 ლის 4 დეკემბერს, 5 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაერიცხა 5 დაგვიანებულ დღეზე შეთანხმებული პირგასამტეხლო, რამაც ჯამში შეადგინა 13 672,57 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 10 ოქტომბერს სს „სა---------–-------------ასა“ (შემსყიდველი) და შპს “SK-----------------A”-ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №შ-------- ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 141 902,64 აშშ დოლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 1 347 445,11 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო საქონლის მიწოდება დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად (დანართი №8). დაიშვებოდა ეტაპობრივი მიწოდება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

2015 წლის 10 ოქტომბრის №შ-------- ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 15-24).

 

3.1.2. მიმწოდებელმა შპს “SK-----------------A”-მ შეასრულა აღებული ვალდებულება და შემსყიდველს მიაწოდა 2015 წლის 10 ოქტომბრის №შ-------- საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2360 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის 5 დღის დაგვიანებით (424 511,55 ლარის ღირებულების), ხოლო 12681 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:27:16-დან).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 51-53).

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №1 (ს.ფ. 31).

 

3.1.3. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ სს „სა---------–-------------ამ“ შპს “SK-----------------A”-ს მხარეებს შორის, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ანასაზღაურებელი ოდენობიდან დაუკავა და არ გადაუხადა 13 672,57 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 51-53).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, 2015 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას.

 

ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით (შეთანხმებული მახასიათებლების მქონე), შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე 1 141 902,64 აშშ დოლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 1 347 445,11 აშშ დოლარი). მიმწოდებელი ვალდებული იყო საქონლის მიწოდება დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად (დანართი №8). დაიშვებოდა ეტაპობრივი მიწოდება. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე, სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მიმწოდებელმა შპს “SK-----------------A”-მ შეასრულა აღებული ვალდებულება და შემსყიდველს მიაწოდა 2015 წლის 10 ოქტომბრის №შ-------- საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2360 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის 5 დღის დაგვიანებით, ხოლო 12681 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია შპს “SK-----------------A”-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო დაეკისრა მოსარჩელისათვის.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მიმწოდებლისათვის დასარიცხი პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან.

 

მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა (0,1%) და მისი დაანგარიშების კონკრეტული პირობა, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობდა, პირგასამტეხლოს გამოანგარიშებას არა ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ დაანგარიშებას ხელშეკრულების სართო ღირებულებიდან დღგ-ის გარეშე (1 141 902,64 ლარს). შესაბამისად, 5 ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დასაკავებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5 709,51 ლარს. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო 5 709,51 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი სკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისათვის.

 

როგორც აღინიშნა, შემსყიდველმა მიმწოდებელს არ გადაუხადა 13 672,57 ლარი, მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი ღირებულებიდან; იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს შეეძლო დაეკავებინა 5 709,51 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შემსყიდველმა დაიკავა უსაფუძვლოდ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეებს დამატებით გარემოებებზე დაკავებულ თანხასთან (7 963,06 ლარი) დაკავშირებით, არ მიუთითებიათ.

 

შესაბამისად, სს „სა---------–-------------ის“ მიერ 13 672,57 ლარიდან 7 963,06 ლარი დაკავებულია მხარეთა შორის გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა. როგორც აღინიშნა, მხარეებს სხვა რაიმე საფუძველზე არ მიუთითებიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის წესს, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ მოპასუხემ 13 672,57 ლარიდან 7 963,06 ლარი დაიკავა უსაფუძვლოდ, მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული რაიმე ვალდებულების გარეშე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნას და არ მიიჩნევა მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის (დაზოგილის) უკან დაბრუნება წარმოადგენს. მეტი სიცხადისათვის, სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას და შესაბამისი წინაპირობების არსებობას, რის გამოც სს „სა---------–-------------ა“ ვალდებულია გადაუხადოს შპს “SK-----------------A”-ს უსაფუძვლოდ დაკავებული თანხა 7 963,06 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების (424,52 ლარით) გამო უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან 12,73 ლარი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 238,89 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაითვლება 107,61 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს “SK-----------------A”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე სს „სა---------–-------------ას“ მოსარჩელე შპს “SK-----------------A”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 963,06 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე სს „სა---------–-------------ას“ მოსარჩელე შპს “SK-----------------A”-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 238,89 ლარის ანაზღაურება.

3. დაუბრუნდეს შპს “SK-----------------A”-ს მის მიერ 2018 წლის 17 ივლისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 351,00 ლარიდან 12,73 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე