გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002486376
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/17064-18

330210018002486376

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - რე-----------ა

წარმომადგენლები: შა-–-----–--–---–ი, მი----–----------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკა“

წარმომადგენელი - და-–-----------ე

დავის საგანი - დისკრიმინაციის აღმოფხვრა და პაციენტის უფლებების დარღვევის აღკვეთა, სამედიცინო მომსახურების გაწევა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაევალოს, სამედიცინო დოკუმენტში ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“ სისხლის გადასხმაზე თანხმობის გაცხადების მოთხოვნის გარეშე, მოსარჩელეს გაუწიოს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: სეპტოპლასტიკა (კოდი DHSA00) და ნიჟარების დეზინტეგრაცია (კოდიDHSA32);

1.2. მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე არის იეჰოვას მოწმე და ცდილობს ცხოვრების ყველა სფეროში იცხოვროს მისი რელიგიური ფასეულობების მიხედვით და მისი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მის რელიგიურ მრწამსს, რაც მოიცავს სამედიცინო საკითხებსაც.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აქვს სუნთქვის პრობლემა და ეს გავლენას ახდენს როგორც მის ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე შრომისუნარიანობაზე, ამიტომ სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა, კონკრეტულად ძგიდის და ნიჟარის ოპერაცია. ამის გამო, სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მიმართა მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“. აღნიშნული ოპერაციის ჩასატარებლად სახელმწიფოსგან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში შესაბამისი ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო. კლინიკაში დაიბარეს წინასაოპერაციო გამოკვლევისთვის და თხოვეს სამედიცინო დოკუმენტების შევსება და ხელმოწერა, რომელთა შორისაც იყო ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“. მოსარჩელემ ექიმ ირ---–-----------ს და ანესთეზიოლოგ მი----–--------–---–ს განუცხადა, რომ იყო იეჰოვას მოწმე, მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე უარს აცხადებდა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმაზე და სთხოვდა უსისხლო მკურნალობას. გარდა ამისა, ექიმმა ხ-------ემ მოსარჩელეს უთხრა, რომ აღნიშნული ოპერაციისთვის ჰემოტრანსფუზია ისედაც არ იყო რეკომენდირებული იმ პაციენტებისთვისაც კი ვინც ამ პროცედურის წინააღმდეგი არ იყო. შესაბამისად მოსარჩელემ უარი განუცხადა ზემოაღნიშნულ მკურნალობის პროცედურაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი პოზიციის გამო მი----–--------–---–ი გაღიზიანდა და არ მოუსმინა მოსარჩელეს, ხოლო თავად დაწესებულებამ არ ჩაუტარა ოპერაცია. აღნიშნულ შემდეგ, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა წერილობით მოპასუხეს და მოითხოვა ოპერაციის ჩატარება სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის გარეშე, თუმცა დარჩა მკურნალობის გარეშე. სახელმწიფომ დაფინანსებული დაზღვევით სარგებლობის ვადაც კი გააგრძელა, თუმცა არც ამ ვადაში გაუწია მოპასუხე სამედიცინო მომსახურება, რის გამოც მოსარჩელეს გაუუქმდა მიღებული დაფინანსება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იძულებულია უკვე არაერთი თვის მანძილზე იცხოვროს გართულებული სუნთქვით, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე და ურთულებს ყოველდღიურ ცხოვრებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას მისი რელიგიური მრწამსის გამო უთხრეს უარი მკურნალობაზე და მოპასუხემ დაარღვია მისი უფლება თავად აერჩია მისთვის მისაღები მკურნალობის მეთოდი, იმით რომ უარი განაცხადა მის მიერ ხელმოწერილი ბლანკის/დოკუმენტის მიღებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ექიმებს ურჩევს შესაძლებლობის ფარგლებში გამოიყენონ გადასხმის ალტერნატივები, რათა პაციენტი არ დააყენონ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული სერიოზული სამედიცინო რისკების წინაშე. ასევე, 2017 წლის მარტში, ევროპის კომისიამ გამოსცა სახელმძღვანელო ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ჯანდაცვის ორგანოებისათვის, რომელიც ეხება სისხლის დანაკარგების შემთხვევაში პაციენტის საკუთარი და არა დონორის სისხლი, რამდენადაც სისხლის გადასხმა არის კიდევ ერთი დამოუკიდებელი რისკფაქტორი უარყოფითი შედეგებისათვის. მოსარჩელე ასევე მიუთიტებს 2017 წლის კვლევაზე ,,სისხლის გადასხმა“, რომელიც გამოქვეყნდა წამყვან ჟურნალში სისხლის გადასხმის მედიცინაში, რომელიც იტყობინებოდა პაციენტის სისხლის მართვის შედეგად მათი შედეგების მნიშვნელოვანი წინსვლა/გაუმჯობესება.

მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ ზემოაღნიშნული ფორმის პაციენტის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, მთელი რისკები დაკავშირებული დონორის სისხლის გადასხმიდან გამომდინარე შესაძლო უარყოფით შედეგებთან, გადადის პაციენტზე, რასთან დაკავშირებითაც არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

31/10/2018წ. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა და იგი ჩამოაყალიბა ზემოაღნიშნული სახით.

 

3. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება კლინიკის მხრიდან სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმისა. მან კლინიკას მიმართა გეგმიურად სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის. მოსარჩელეს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაეწია კონსულტაცია, რაც მიუთითებს კლინიკის მზადყოფნას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. შემდგომ დაიგეგმა ოპერაცია. ოპერაციის ჩატარებისთვის მოსარჩელე/პაციენტი ვალდებულია ოპერაციის წინა პერიოდში ხელი მოაწეროს ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის 2009 წლის 19 მარტის N1---- ბრძანებით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს.

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით: სამკურნალო, დიაგნოსტიკური, სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ ან პალიტიური მზრუნველობის პროცესებში პაციენტის მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო ჩარევების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარებისათვის აუცილებელია წერილობითი თანხმობა, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. ეს არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის მინისტრის 1---- ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მიიღოს პაციენტისგან მკურნალობის დაწყებამდე ყველა დადგენილი თანხმობა მისთვის შესაბამისი რჩევა-დარიგებების მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების განმარტებით. კლინიკა პაციენტიც და ექიმიც, ვალდებულია შეასრულოს კანონი და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდეს სამედიცინო საქმიანობა. კლინიკა დღეის მდგომარეობითაც არის მზად გაუწიოს მოსარჩელეს სამედიცინო მომსახურება პაციენტის ინფორმირებული თანხმობით გაუტკვარებაზე, მისი ყველა პუნქტის დათანხმების შემთხვევაში.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ ადგილი არ ჰქონია მათი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ამასთან არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველიც, ვინაიდან თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ზიანის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში თავიდან აეცილებინა ეს ზიანი.

მოსარჩელემ მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა 2017 წლის 23 ივნისს. მას შემდეგ გასულია ერთ წელიწადზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს შეეძლო მიემართა სხვა კლინიკისათვის და მიეღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება სხვა კლინიკაში სამედიცინო მომსახურებისათვის მიმართვისა და მომსახურების გაწევის თაობაზე. როგორც მოსარჩელე ამბობს, შეუმცირდა შრომისუნარიანობა გართულებული სუნთქვის გამო, რომელმაც გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, თუმცა არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. თეორიულად, თუ მოსარჩელეს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ეს არის გამოწვეული მოსარჩელის უმოქმედობით და არა კლინიკის ბრალეულობით. მოპასუხე ცალსახად აღნიშნავს, რომ კლინიკა მზად არის გაუწიოს სამედიცინო მომსახურება მოსარჩელეს, თუ მისი მხრიდან დაცული იქნება კლინიკის კანონიერი მოთხოვნა თანხმობის მიცემის შესახებ. მოსარჩელემ ექიმისგან მიიღო შესაბამისი ახსნა განმარტებები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით და, როდესაც არ არის გაცხადებული პაციენტის მხრიდან თანხმობა, ნებისმიერი ჩარევა პაციენტის სხეულისა და ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო სამედიცინო მკურნალობად.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მას არ გაეწია სამედიცინო მომსახურება რელიგიური მრწამსის გამო და ამით მიყენებულ იქნა მორალური ზიანი. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება კლინიკის მხრიდან ზიზღისა და რელიგიური კუთვნილების გამო არარაობად ჩათვლის თაობაზე. კანონის დაცვის მოთხოვნა არ განიხილება რელიგიური მრწამსის უგულებელყოფად. კლინიკა მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით, რაც სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

მოპასუხის განმარტებით, კლინიკაში არ არის დანერგილი სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ის ალტერნატიული მეთოდები, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე აღმსარებლობით არის იეჰოვას მოწმე.

მან, იმის გამო, რომ ჰქონდა სუნთქვის პრობლემები, მიმართა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების, სადაც დაუსვეს დიაგნოზი: ცხვირის ძგიდის გამრუდება i 34.2 ჰიპერტროფიული რინიტი i34.3, რისთვისაც დაუდგინდა სუნთქვის აღდგენითი ოპერაციის საჭიროება (სეპტოპლასტიკა (კოდი DHSA00) და ნიჟარების დეზინტეგრაცია (კოდიDHSA32) ზოგადი ანესთეზიით.

ოპერაციისათვის მოსარჩელემ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში მიიღო შესაბამისი სახელმწიფო სადაზღვევო დაფინანსება.

13/10/2017წ. წინასაოპერაციო გამოკვლევებისას, მოპასუხე კლინიკის ექიმმა, ირ---–-----------მ განუმარტა, რომ ოპერაციამდე ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტისათვის ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა მისი მრწამსის გამო, ვინაიდან დასახელებული დოკუმენტი ითვალისწინებს ქირურგიული ჩარევის ჩატარებისას, საჭიროებისამებრ ჰემოტრანსფუზიის (დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა) გამოყენებაზე პაციენტის თანხმობას.

მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების 28/11/2017წ. წერილით, მოსარჩელეს 08/02/2018წ. ეცნობა, რომ პაციენტის მიერ ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, შეუძლებელი იყო ოპერაციის ჩატარება.

ამრიგად, მოპასუხის მიერ მოსარჩელეს ამ საფუძვლით უარი ეთქვა ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა მოსარჩელეს სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმარტავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ანგარიშ-ფაქტურა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამით თანხის გამოყოფის შესახებ. ტ.1. ს.ფ.33;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ტ.1. ს.ფ.-ები: 35-38;

- მოსარჩელის განცხადებები. ტ.1. ს.ფ.-ები: 39-47;

- ექიმის ახნა-განმარტება. ტ.2. ს.ფ. 23;

- ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის 19/03/2009წ. N1---- ბრძანების დანართი (ფორმა IV-300-8/ა) ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“. ტ.1. ს.ფ.-ები: 48-51; ტ.2. ს.ფ.19;

- მოწმეთა ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. სხვა პაციენტისათვის, მიუხედავად მისი აღმსარებლობისა, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მიერ წინასწარ ხელმოწერილი ზემოაღნიშნული დოკუმენტის გარეშე, მსგავსი და/ან ზოგადი ანესთეზიის საჭიროებით სხვა სახის ქირურგიული ოპერაცია არ ჩაუტარებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მოწმეთა ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ალტერნატიული მეთოდები, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დანერგილი და არ გამოყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მოწმეთა ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ რელიგიური ნიშნით მოპასუხის მიერ მოსარჩელის დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მიერ ხელყოფილი იქნა მოსარჩელის კანონით დაცული არაქონებრივი ინტერესი, რაც გამოიხატა მისთვის, როგორც პაციენტისათვის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმით. აღნიშნულის შედეგად, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, რომლის საკომპენსაციოდ, სასამართლო გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის დაკისრებას.

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ანგარიშ-ფაქტურა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამით თანხის გამოყოფის შესახებ. ტ.1. ს.ფ.33;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ტ.1. ს.ფ.-ები: 35-38;

- მოსარჩელის განცხადებები. ტ.1. ს.ფ.-ები: 39-47;

- ექიმის ახნა-განმარტება. ტ.2. ს.ფ. 23;

- ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის 19/03/2009წ. N1---- ბრძანების დანართი (ფორმა IV-300-8/ა) ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“. ტ.1. ს.ფ.-ები: 48-51; ტ.2. ს.ფ.19;

- მოწმეთა ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

4.1. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“ უნდა დაევალოს, სტაციონალურ სამედიცინო დოკუმენტში, ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“, სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმაზე თანხმობის გაცხადების მოთხოვნის გარეშე, მოსარჩელეს გაუწიოს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: სეპტოპლასტიკა (კოდი DHSA00) და ნიჟარების დეზინტეგრაცია (კოდიDHSA32);

4.2. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“ მოსარჩელე, რე-----------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პაციენტის უფლების დარღვევით მიყენებული მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება;

4.3. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკის“ მხრიდან, მოსარჩელე, რე-----------ას მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული ქმედების შედეგის აღმოფხვრისა და ამ საფუძვლით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ვროპული კონვენციის მე-8, მე-9, მე-14 მუხლები, ამავე კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, ,,ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (ICESCR) მე-2 და მე-12 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, 992-ე მუხლი, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი-მე-3 მუხლები, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-9 მუხლები, ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-15, 22-ე მუხლები, ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის 19/03/2009წ. N1---- ბრძანება ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამრელიგიური ნიშნით განსდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხოლო 26-ე მუხლის თანახმად, თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციისაგან.

 

,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან იმის გარანტიას, რომ წინამდებარე პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული იქნება რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ვროპული კონვენციის მე-14 მუხლით, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ხოლო კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.

 

ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ეს ნორმა შემდეგნაირად განმარტა: ,,მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სცილდება, რომელთა უზრუნველყოფაც თითოეულ სახელმწიფოს კონვენციითა და ოქმებით მოეთხოვება. აკრძალვა ასევე ვრცელდება იმ დამატებით უფლებებზე, რომლებიც კონვენციის ნებისმიერი მუხლის ზოგადი მოქმედების ფარგლებში ხვდება და სახელმწიფო თავისი ნებით უზრუნველყოფს’’.

მე-12 დამატებითი ოქმის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიზანია დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის გაძლიერება, რაც მიიჩნევა ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის ძირითად ელემენტად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს ,,განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ’’, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. პირდაპირი დისკრიმინაციის დროს კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი: არასახარბიელო მოპყრობა, შედარებითობის ფაქტორი და პიროვნების იდენტიფიკატორი. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება მრავალი ქმედებით გამოიხატოს, რომელიც გაიგივებული იქნება არასახარბიელო მოპყრობასთან. მაგალითად, ნაკლები ხელფასის ან პენსიის მიცემა, სოციალური დახმარების გაუქმება ან მის დანიშვნაზე საერთოდ უარის თქმა და ა.შ. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ანალოგიური მდგომარეობა” არ გულისხმობს, რომ შესადარებელი ჯგუფები იდენტური უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მდგომარეობა სრულად ანალოგიური არ არის სხვა პირებთან მიმართებაში და ადგილი აქვს სხვადასხვა ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ხელს არ უშლის ამ შემთხვევაზე მე-14 მუხლის გავრცელებას. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაში არის იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან (იხ. გადაწყვეტილება -კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Clift v. United Kingdom), N7205/07, 13 ივლისი, § 66 ECHR 2010).

 

საყურადღებოა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიდგომა შედარებითობის ფაქტორთან დაკავშირებით. ამ სასამართლოს პრაქტიკით, არსებობს ცალსახა გამონაკლისი, განსაკუთრებით დასაქმების შესახებ ევროკავშირის რეგულაციების სფეროში, როდესაც არ არის საჭირო სათანადო ,,შედარების" ობიექტის ძიება. მაგალითად, როდესაც ადამიანის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხდება მისი ფეხმძიმობის ნიადაგზე (Dekker v. Stichting Vormingscentrum voor Jong Volwassenen (VJV-Centrum) Plus, Case C-1777/88, 8 ნოემბერი,§12-13, ECJ 1990).

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისპრუდენციაში დადგინდა, რომ როდესაც პირი დაზარალდება ორსულობის ნიადაგზე, ეს იქნება დაკვალიფიცირებული, როგორც სქესობრივ ნიადაგზე განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაცია და ამ შემთხვევაში არ არის საჭირო შედარებითობის ფაქტორის გათვალისწინება.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.

ამრიგად, როგორც საერთაშირისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია ყველა სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვა.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოთხოვნას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ, ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას მოპასუხემ ოპერაცია არ გაუკეთა სწორედ მისი რელიგიური მრწამსის გამო, ვინაიდან ასეთი სამედიცინო მომსახურების მიღება სხვა ნებისმიერ პაციენტს შეუძლია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამე ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად უთანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს (იხ. სუსგ Nას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი; Nას-319-302-2017, 2017 წლის 28 ივლისი; Nას-344-322-2017, 2017 წლის 11 ნოემბერი, Nას-142-134-2017, 2018 წლის 18 აპრილი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა“ (იხ. სუსგ Nას-247-235-2017, 2017 წლის 29 სექტემბერი).

 

საქმეზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სხვა პაციენტ(ებ)ს, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებამ მსგავსი ან სხვა შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმაზე პაციენტის, ხოლო მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის გაცხადების გარეშე.

 

ასეთ პირობებში, მოსარჩელის მოსაზრება, რომ მას სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა სწორედ მისი რელიგიური მრწამსის გამო, უსაფუძვლოა და სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რელიგიური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

 

6.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) თანახმად, ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და, აგრეთვე, თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად საქვეყნოდ ან განკერძოებით გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე ,,მოსკოველი იეჰოვას მოწმეები და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Jehovah’s Witnesses of Moscow and Others v. Russia (განაცხადი N302/02 , , 2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება,§§ 132-141) განმარტა, რომ ,,პოტენციურად სიცოცხლის შემანარჩუნებელ სამედიცინო ჩარევაზე უარის თქმა, რელიგიურ საფუძველზე, როგორც სამართლებრივად მნიშვნელოვნად კომპლექსური საკითხი, უკავშირდება ჩარევას, რომელიც წარმოშობს კონფლიქტს სახელმწიფოს ინტერესსა, რომელიც იცავს თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და იმ პირთა უფლებებს შორის, პერსონალურ ავტონომიაზე ფიზიკური ხელშეუხებლობისა და რელიგიური რწმენის სფეროში (იხ, mutatis mutandis, Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02 , § 62 და მომდევნო, ECHR 2002-III). ...კონვენციის მთავარი არსი არის ადამიანური ღირსების და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა და თვითგამორკვევის და პიროვნული ავტონომიის მნიშვნელობები არის ის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც ხელს უწყობენ მისი გარანტიების განმარტებას (იხ. ზემოთ დასახელებული Pretty-ს საქმე, §§ 61 და 65). ვინმეს ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობა მისი არჩევანის შესაბამისად, მოიცავს შესაძლებლობას, განაგრძოს ისეთი საქმიანობა, რაც მიჩნეულია შესაბამისი პირისთვის ფიზიკური ზიანის მომტანად და საშიშროების შემცველად. სამედიცინო დახმარების სფეროში, თუნდაც იქ, სადაც სამედიცინო მკურნალობის მიღებაზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, სამედიცინო მკურნალობის გაწევა, ფსიქიკურად ჯანმრთელი პირის თანხმობის გარეშე, გამოიწვევს ჩარევას მის უფლებაში ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე და დაარღვევს მის, კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ, უფლებებს (იხ. ზემოთ დასახელებული Pretty-ს საქმე, §§ 62 და 63, და Acmanne და სხვები v. Belgium, no. 10435/83 , კომისიის 1984 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება). ...სპეციფიური სამედიცინო მკურნალობის მიღება ან მასზე უარის თქმა, ან მკურნალობის ალტერნატიული ფორმის არჩევა, არის თავისუფლება, რომელიც სასიცოცხლოა თვითგამორკვევისა და პიროვნული ავტონომიის პრინციპებისთვის. კომპეტენტური, სრულწლოვანი პაციენტი თავისუფალია, გადაწყვიტოს, გაიაროს, თუ არა ქირურგიული ჩარევა ან მკურნალობა, ან, ხსენებული, სისხლის გადასხმა. თუმცა ამ თავისუფლებას მნიშვნელობა რომ მიენიჭოს, პაციენტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გააკეთონ არჩევანი, რაც ეფუძნება მათ საკუთარ შეხედულებებსა და ღირებულებებს, მიუხედავად იმისა, რამდენად ირაციონალურად, არაგონივრულად ან უგუნურად შეიძლება ისინი სხვებს მოეჩვენოთ. მრავალჯერ განუხილავთ იეჰოვას მოწმეთა საქმეები, რომელთაც უარი თქვეს სისხლის გადასხმაზე და დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერესი, დაცული იქნეს პაციენტის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, იყო უდავოდ ლეგიტიმური და ძალიან ძლიერი, ისინი წამოეგებოდნენ ხოლმე პაციენტის უფრო ძლიერ ინტერესზე, განესაზღვრა მისი ცხოვრების კურსი“.

 

ამრიგად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის გადასხმაზე უარის თქმა იეჰოვას მოწმეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგია, როგორც პიროვნების პირადი ავტონომიის საკითხი და დაცულია კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებით.

 

ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე განიმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლ-------------ი, ი-----–---------ძე, ლ-------------ძე, ბ---------–---–ი და გ-----------ე ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის წინააღმდეგ“, II-54). „მითითებული კონსტიტუციური ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, უზრუნველყოფს რა ადამიანის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უზოგადესი ასპექტის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ჩამოყალიბების, მისი ცხოვრების ინდივიდუალური წარმართვის თავისუფლებას სამართლიანი სახელმწიფოს ფარგლებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედ-–----------აძე ს----------–----–-------------------------ის წინააღმდეგ“, II-12).

საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ე---–-----------აძე ს----------–----–-------------------------ის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 09/02/2017წ. გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს აქვს შემავსებელი ფუნქცია და იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უზოგადესი უფლების ისეთ ასპექტებს, რომლებიც არ არის დაცული აღნიშნული უფლების კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებულ ცალკეულ სეგმენტებში. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნებისმიერი წესი, რომელიც პიროვნების ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ქმედებების ავტონომიურობას ან პიროვნების მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების, მისი არჩევანის შესაბამისად განსაზღვრის პრინციპს ზღუდავს, შემხებლობაშია საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და პირადი ცხოვრების უფლებებთან“.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მისი მრწამსის გამო, უარი ეთქვა სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე, რამდენადაც დასახელებული კანონის 76-ე მუხლით და/ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რომელიც შეზღუდავდა ამ მიმართებით კონვენციისა და კონსტიტუციის მოყვანილი ნორმებით გარანტირებული მისი არჩევანის თავისუფლებას, ადგილი არ ჰქონია. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მოსარჩელეზე გადადის ამ სამედიცინო ჩარევის (სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა) გამოუყენებლობის შედეგად, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების, მათ შორის, ფატალური შედეგის დადგომის რისკი და სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოყვანილი ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა - მოსარჩელის, როგორც პაციენტისათვის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმისას, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულება მოქმედებდა მისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და იგი არ იყო უფლებამოსილი, მიუხედავად ,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–----–--------------------–--------------–---–---------–-------------ის 19/03/2009წ. N1---- ბრძანების დანართით (ფორმა IV-300-8/ა) ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“ გათვალისწინებულ პირობაზე (ჰემოტრანსფუზიის საჭიროებისას მისი გამოყენების შესახებ) მოსარჩელის თანხმობის განუცხადებლობისა, უარი ეთქვა მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე. შესაბამისად, მოპასუხეზე მოსარჩელის მიმართ მოქმედებდა კონტრაჰირების იძულების პრინციპი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“ უნდა დაევალოს, სტაციონალურ სამედიცინო დოკუმენტში, ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“, სისხლის გადასხმაზე თანხმობის გაცხადების მოთხოვნის გარეშე, მოსარჩელეს გაუწიოს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: სეპტოპლასტიკა (კოდი DHSA00) და ნიჟარების დეზინტეგრაცია (კოდიDHSA32).

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომელიც გამოწვეულია პაციენტის უფლებების დარღვევით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, რომ მისი რელიგიური კუთვნილების მიმართ მოპასუხე დაწესებულების პერსონალის მიერ გამოვლენილი იქნა ზიზღი და იგი მიიჩნიეს მეორეხარისხოვან ადამიანად, რომ მოსარჩელე სწორედ რელიგიური მრწამსის გამო დარჩა ოპერაციის გარეშე.

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით, მოსარჩელეს მორალური ზიანი არ მიდგომია.

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმით, დაირღვა მისი, როგორც პაციენტის არაქონებრივი უფლება, რამდენადაც, ის გარემოება, რომ ასეთი სახის მკურნალობის დროულად ჩაუტარებლობა უარყოფითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე (სუნთქვის გაძნელება, შრომისა და სწავლის უნარების შემცირება და დაღლილობა) და რაც, თავის მხრივ, ნეგატიურ ფსიქიკურ განცდებსა და სტრესს იწვევს, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას სადავოდ არ გაუხდია. თუმცა, ამავდროულად, სასამართლო იზიარებს ამ უკანასკნელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს შეეძლო თავისუფლად მიემართა სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის და მიეღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დღემდე არ გაუკეთებია მოთხოვნილი ოპერაცია, გამოწვეულია მისივე უმოქმედობითაც, რამდენადაც უდავოა, რომ სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის ასეთი მომსახურების გაწევის მოთხოვნით მოსარჩელეს არ მიუმართავს.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, პაციენტის უფლების დარღვევით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზრაურებისათვის გონივრულ და ადეკვატურ ოდენობად, სასამართლო მიიჩნევს 500 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 100 ლარის ანაზღაურება. დარჩენილი 50 ლარი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 3631-3633, 3635-3636, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. რე-----------ას (პ.ნ.6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“ (ს.ნ.4--------) დაევალოს, სტაციონალურ სამედიცინო დოკუმენტში, ,,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე“, სისხლის გადასხმაზე თანხმობის გაცხადების მოთხოვნის გარეშე, მოსარჩელე, რე-----------ას (პ.ნ.6----------) გაუწიოს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: სეპტოპლასტიკა (კოდი DHSA00) და ნიჟარების დეზინტეგრაცია (კოდიDHSA32).

3. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“ (ს.ნ.4--------) მოსარჩელე რე-----------ას (პ.ნ.6----------) სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება.

4. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკის“ (ს.ნ.4--------) მხრიდან, მოსარჩელე, რე-----------ას (პ.ნ.6----------) მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული ქმედების შედეგის აღმოფხვრისა და ამ საფუძვლით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

5. მოპასუხე, შპს ,,ს. ხე----–---–--------–------------------------- კლინიკას“ (ს.ნ.4--------) დაეკისროს მოსარჩელე, რე-----------ას (პ.ნ.6----------) მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან მისთვის 100 ლარის ანაზღაურება. დარჩენილი 50 ლარი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი