გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
330210018002653254
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28270-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - სს „დ-------------------–-------------------------“

წარმომადგენელი - ა------------------ი

მოპასუხეები - ნ------------–---–ი, კ----------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ-----–-----------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს კ----------–-–---–სა და ნ------------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ 9 605.92 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 11 ივლისს ქ. თბ--–--–------–--–---–--------ზე მოპასუხე ნ------------–---–ის კუთვნილი „მე---------ს“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო ნომრით T------ მოძრაობისას, კ----------–-–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, მოახდინა შეჯახება „ი-----ში“ დაზღვეულ ლ-------------------ის კუთვნილ „ბ----“ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომრით L------.

 

ლ-------------------ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში“ და მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა 9 605.93 ლარს.

 

სს „დ-------------------–-------------------------მ“ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დამზღვევს ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა კ----------–-–---–მა და ნ------------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისით დაზღვეულია ერთი სატრანსპორტო საშუალება, ხოლო შპს „ავ-----------------ს“ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ავტო-სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო კოდით დგინდება, რომ მიყენებული ზიანის დაანგარიშება განხოციელდა სხვა ავტო-სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით. გაუგებარია რის მიხედვით მიიჩნია შპს „ავ-----------------მ“, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების არცერთი ნაწილი არ ექვემდებარებოდა აღდგენას და საჭიროებდა ახალი ან მეორადი ნაწილებით ჩანაცვლებას. მოსარჩელე სარჩელში არ უთითებს სად არის მანქანის ის დაზიანებული ნაწილები, რომლებიც მოპასუხის შეხედულებით ექვემდებარებოდა აღდგენას და შემდგომ მეორად ნაწილებად რეალიზაციას.

 

ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე მოპასუხის მიერ განხორციელდა ლ-------------------ის კუთვნილი დაზიანებული მანქანის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც ნათლად გამოჩნდა, რომ მანქანის „კაპოტი“ უკვე შეკეთებული იყო. შესაბამისად, მოპასუხეების პოზიციაა, რომ „კაპოტი“, ისევე როგორც რამოდენიმე სხვა დაზიანებული ნაწილი ექვემდებარებოდა ხელახალ აღდგენას და მისი ახალი ან მეორადი „კაპოტით“ შეცვლა არ წარმოადგენდა მანქანის ნორმალური ექსპლოატაციისათვის საჭირო აუცილებლობას. მოსარჩელისათვის მიყენებული და რეალურად დამდგარი ზიანი იყო მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე სს „დ-------------------–-------------------------ს“ მიერ ლ-------------------ისათვის გადარიცხული თანხა.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16 ივლისს, ავტო-საგზაო შემთხვევიდან ოთხ დღეში, მოპასუხემ წერილობით მიმართა სს „დ-------------------–-------------------------ს“, კეთილსინდისიერად აღიარა ლ-------------------ის კუთვნილი ავტო-სატრანსპორტო საშუალებისათვის ზიანის მიყენებაში ნაწილობრივი ბრალეულობა და გამოთქვა მზადყოფნა თავად აღმოეფხვრა მიყენებული ზიანი, კერძოდ, შეეკეთებინა ავტო-სატრანსპორტო საშუალება და აღედგინა ავტომობილის პირვანდელი მდგომარეობა. მოპასუხეს მოსარჩელისაგან არანაირი პასუხი აღნიშნულზე არ მიუღია.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე კ----------–-–---–მა ცნო სარჩელი 6840 ლარის ნაწილში, ხოლო ნ------------–---–მა სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. „ბ----“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით L------, დაზღვეული იყო სს „დ-------------------–-------------------------ში“ (მზღვეველი) ლ-------------------ის (დამზღვევი) მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

 

3.1.2. 2018 წლის 11 ივლისს თბ--–--–------–--–---–--------ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა დამზღვევის კუთვნილი ავტომანქანა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კ----------–-–---–ის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესულია კანონიერ ძალაში. კ----------–-–---–მა ჯარიმა დროულად გადაიხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჯარიმო ქვითარი;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები.

 

3.1.3. კ----------–-–---–ი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა ნ------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ „მე---------ს“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით T------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები;

- მომსახურების სააგენტოს ცნობა.

 

3.1.4. მზღვეველმა ლ-------------------ს აუნაზღაურა ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანი 9 605.92 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- 13.08.2018 წლის საგადახდო დავალება N---------;

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენა შესაძლებელია 6840 ლარად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის მიყენებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისით დაზღვეულია ერთი სატრანსპორტო საშუალება, ხოლო შპს „ავ-----------------ს“ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ავტო-სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო კოდით დგინდება, რომ მიყენებული ზიანის დაანგარიშება განხორციელდა სხვა ავტო-სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „ავ-----------------ს“ ცნობა, რომლის თანახმადაც დასკვნაში ტექნიკური შეცდომაა დაშვებული და არასწორადაა მითითებული ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი. დასკვნა მომზადდა „ბ----“ მარკის ავტომანქანაზე, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია W----------------. ცნობას ერთვის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შეფასების დასკვნაში ასახული ყველა სხვა მონაცემი ემთხვევა, ხოლო დასკვნის შემდგენლის განმარტებით, საიდენტიფიკაციო ნომერი შეცდომითაა მითითებული, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ავ-----------------მ“ შეაფასა სწორედ დაზღვეულ ავტომანქანაზე მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ ტიპის დავებზე მტკიცების ტვირთი ნაწილდება დელიქტიდან გამომდინარე დავების მსგავსად. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის მიყენება და მისი ოდენობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარმოადგენს ზიანის გაანგარიშების დამადასტურებელ მტკიცებულებას, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც სადავოდ ხდის ზიანის ოდენობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „ავ-----------------ს“ შეფასების აქტი. აქტის თანახმად, დაზიანებები გამომდინარეობს აღწერილი ავტოავარიიდან. ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელია. შესაცვლელი ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება ჯამში შეადგენს 9605,93 ლარს. შესაცვლელი ნაწილების ღირებულება დაანგარიშებულია როგორც ახალი, ისე მეორადი ნაწილების ღირებულებით.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სს----–----------------–--------–-----------------–ო ექსპერტიზის ერ-------–--------ოს დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, 2013 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ „----------- წინა მარჯვენა მაშუქის (ბლოკის გარეშე ქსენონიანი) საბაზრო ღირებულება შეადგენს 1350 ლარს, წინა ბამპერის (გოლი ემ პაკეტი, პარკინგ სერსორებიანი) საბაზრო ღირებულება შეადგენს 1350 ლარს. წინა მარჯვენა ფრთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 550 ლარს. ერთი ცალი პარკინგ სენსორის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 ლარს, ხოლო ძრავის სახურავის საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით შეადგენს 1600 ლარს.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ადასტურებს, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელია უფრო დაბალ ფასად.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული თანხით - 6840 ლარით სრულად არის შესაძლებელი დაზიანებული ნაწილების აღდგენა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ დაზღვეული ავტომანქანა ავარიამდეც დაზიანებული იყო, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება. გარდა ამისა, შსს საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლ-------------------ი განმარტავს, რომ მის ავტომანქანას დაუზიანდა წინა მარჯვენა მაშუქი, ბამპერი და ძრავის ხუფი. შპს „ავ-----------------ს“ აქტში მოცემული დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალი ამ განმარტებას შეესაბამება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე კ----------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6840 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია სადაზღვევო კომპანიას წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, მათ შორის სადავო გახადოს ზიანის მოცულობა. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. ხელშეკრულების მხარეების ამგვარი შეთანხმება მესამე პირზე არ ვრცელდება და მისი პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით, ან სხვა ფორმით ზოგადად დამკვიდრებული ტარიფებით. მზღვეველი დამზღვევისათვის ზიანის ანაზღაურებისას მოქმედებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხოლო მესამე პირი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე-412-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კ----------–-–---–მა სარჩელი ცნო 6840 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ნაცნობი ნაწილის მიღმა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, არ არსებობს დელიქტურ-სამართლებრივი ვალდებულების სავალდებულო ელემენტი და ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6.2. დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომელსაც ავარიის დროს კ----------–-–---–ი მართავდა ნ------------–---–ის სახელზეა რეგისტრირებული. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხვნის სოლიდარულად წარდგენა.

 

მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).

 

ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი კ----------–-–---–ი, ხოლო ნ------------–---–ის მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოპასუხემ სარჩელი მთავარ სხდომაზე ცნო, ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟი -205,6 ლარი უნდა განახევრდეს: ნახევარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნახევარი აანაზღაუროს მოპასუხემ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სარჩელი მოპასუხეების კ----------–-–---–ისა და ნ------------–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. კა---------–-–---–ს სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 6840 ლარის ანაზღაურება;

 

3. დანარჩენ ნაწილში სს „დ-------------------–-------------------------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. კ----------–-–---–ს სს „დ-------------------–-------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 102,6 ლარის გადახდა.

 

5. სს „დ-------------------–-------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 289 ლარიდან, დაუბრუნდეს 102,6 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 27.09.2018 წლის N1---- საგადახდო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია