გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
330210018002592194
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/24152-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბ--–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ზ---------–------–---–ი

წარმომადგენლები - თ-------–-----ა, თ---------------------ე

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - სს „თ--–--ი“

წარმომადგენელი - ჯ--------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითადი სარჩელით)

 

1.1. სს „თ--–--ს“ ზ---------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 22 190 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელს საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები უდევს: 2017 წლის 10 ნოემბერს ინდ. მეწარმე ზ---------–------–---–მა სს „თ--–--ს“ მიმართა ელექტროენერგიის სიმძლავრის 440 კვ. სთ-ით გაზრდის თაობაზე, რისთვისაც განისაზღვრა 60 კალენდარული დღის ვადა. ზ. ალ------–---–-- გადაიხადა 19 000 ლარი. სამუშაოების ჩაბარება უნდა მომხდარიყო 2018 წლის 8 თებერვლამდე. სს „თ--–--მა“ ვალდებულება ვერ შეასრულა და მიმართა სე---ს ვადის გაგრძელების მოთხოვნით. სე---მა ვადა გააგრძელა 2018 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

ზ---------–------–---–ს გაფორმებული ჰქონდა წინარე ქირავნობის ხელშეკრულება შპს „პ---–----------------------თან“, რომლითაც, როგორც მომავალი გამქირავებელი, იღებდა ვალდებულებას, რომ ელექტროენერგიის სიმძლავრეს გაზრდიდა 500 კვტ.სთ-ით. შპს „პ---–----------------------ი“ დათანხმდა ვადის გაგრძელებას 2018 წლის 10 მარტამდე. ვინაიდან სს „თ--–--მა“ ამ ვადაშიც ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, შპს „პ---–----------------------მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება და ზ---------–------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა. ზ---------–------–---–მა გადაიხადა 22 190 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით ზ---------–------–---–ს არ ჰქონდა შესრულებული ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოები. გარდა ამისა, ზ---------–------–---–ის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა დამონტაჟებული მაღალი ძაბვის აღრიცხვის კვანძის დემონტაჟი. ამ დროისათვის დამკვეთის მიერ დამონტაჟებული ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგური არ იყო მზად მაღალი და დაბალი ძაბვის მისაღებად. ზ---------–------–---–ის თანხმობის გარეშე კაბელის დაგრძელების სამუშაოები ვერ დაიწყებოდა. ზ---------–------–---–მა თანხმობა მისცა სს „თ--–--ს“ 2018 წლის 5 აპრილს.

 

წინარე იჯარის ხელშეკრულება არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში. იგი ხელოვნურადაა შექმნილი სარჩელის აღძვრის მიზნებისათვის.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით)

3.1 ზ---------–------–---–ს სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 19 000 ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ---------–------–---–ს გადასახდელი აქვს ქსელზე მიერთების სიმძლავრის გაზრდის საფასურის მეორე ნახევარი და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დავალიანებას არ ფარავს.

 

4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურა, რომ ზ---------–------–---–ს გადასახდელი აქვს 19 000 ლარი, მაგრამ მიიჩნევს, რომ ურთიერთმოთხოვნები უნდა გაიქვითოს.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 2017 წლის 10 ნოემბერს ინდ. მეწარმე ზ---------–------–---–მა სს „თ--–--ს“ მიმართა საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განაცხადით.

 

განაცხადით ზ---------–------–---–მა მოითხოვა ქ. თ---–--–-------------------ში მდებარე მისი კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების სიმძლავრის გაზრდა 500 კვტ-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განაცხადი (ს.ფ. 19-20).

 

5.1.2 განაცხადის მიღების შემდგომ შედგა N1--- პროექტი და მომზადდა ობიექტის სიმძლავრის გაზრდის ტექნიკური პირობა. სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის ვადად განისაზღვრა 60 სამუშაო დღე, 2018 წლის 8 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ტექნიკური პირობა (ს.ფ. 21);

- პროექტი (ს.ფ. 74-76).

 

5.1.3 ზ---------–------–---–მა გადაიხადა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ღირებულების ნახევარი - 19 000 ლარი. მეორე ნახევარი გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 22).

 

5.1.4 2018 წლის 16 იანვარს სს „თ--–--მა“ მიმართა საქართველოს ენ-----------ა და წყ--–------------ს მარ-----–-------–-----------–---------ს და მოითხოვა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ვადის გაგრძელება 2018 წლის 8 მარტამდე.

 

სე----ს გადაწყვეტილებით სს „თ--–--ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ზ---------–------–---–ის კუთვნილ ობიექტზე ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 7 მარტის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადაწყვეტილება N1---- (ს.ფ. 24-28);

- თ--–--ის მიმართვა (ს.ფ. 17-18).

 

5.1.5 ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 29 მაისს.

 

ვადის დარღვევის გამო ზ---------–------–---–ს უარი არ უთქვამს სიმძლავრის გაზრდაზე. მის კუთვნილ უძრავ ნივთს ამჟამად მიეწოდება ელექტროენერგია გაზრდილი სიმძლავრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N5- აქტი (ს.ფ. 132).

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1 2017 წლის 5 აგვისტოს ინდ. მეწარმე ზ---------–------–---–სა და შპს „პ---–----------------------ს“ შორის დაიდო ქირავნობის წინარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მომავალი გამქირავებელი (ზ---------–------–---–ი) მომავალ დამქირავებელს (შპს „პ---–----------------------ს“) სამეურნეო საქმიანობის მიზნით გადასცემს მის კუთვნილ, ქ. თ---–--–-------------------ში მდებარე კომერციულ ფართებს.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად მომავალი გამქირავებელი იღებს ვალდებულებას, 2018 წლის 10 თებერვლამდე გასაქირავებელი ქონება გახადოს სამეურნეო საქმიანობისათვის ვარგისი, კერძოდ, გარემონტებასთან ერთად, უზრუნველყოს გასაქირავებელი კომერციული ფართი 500 კვტ.სთ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიწოდებით.

4.3 პუნქტის თანახმად, მომავალი გამქირავებლის მიერ წინარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თუკი დათქმულ დროში - 10.02.2018 წლამდე არ გაფორმდება ხელშეკრულება მომავალ დამქირავებელთან, გამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა მომავალში გასაფორმებელი ხელშეკრულების ორი თვის ქირა 22 190 ლარი დამქირავებლის სასარგებლოდ.

მხარეთა შეთანხმებით ძირითადი ხელშეკრულების დადების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 10 მარტამდე.

 

2018 წლის 10 მარტს მომავალმა დამქირავებელმა წინარე ხელშეკრულება შეწყვიტა და პირგასამტეხლოს გადახდა მოითხოვა.

 

ზ---------–------–---–მა შპს „პ---–----------------------ს“ გადაუხადა 22 190 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მან, ვინც ითხოვს ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა, კერძოდ, მან უნდა დაადასტუროს ვალდებულების არსებობა, ვალდებულების დარღვევა და დარღვევის შედეგად მიღებული ზიანი.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება დათქმულ ვადაში, რის გამოც, მესამე პირთან ვერ დადო ქირავნობის ხელშეკრულება. მესამე პირმა მასთან დადებული წინარე ხელშეკრულება ხელშეკრულება შეწყვიტა და მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის შპს „პ---–----------------------თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, ხელშეკრულების ნამდვილობას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება პოსტ ფაქტუმ შეიქმნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სასამართლოში თანხის მოთხოვნის საფუძველი გამხდარიყო.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის აღნიშნული მტკიცება გაზიარებული ვერ იქნება.

 

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 5 აგვისტოს წინარე ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ზ---------–------–---–სა და შპს „პ---–----------------------ს“ შორის. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად მომავალი გამქირავებელი იღებს ვალდებულებას, 2018 წლის 10 თებერვლამდე გასაქირავებელი ქონება გახადოს სამეურნეო საქმიანობისათვის ვარგისი, კერძოდ, გარემონტებასთან ერთად, უზრუნველყოს გასაქირავებელი კომერციული ფართი 500 კვტ.სთ სიმძლავრის მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიწოდებით. 4.3 პუნქტის თანახმად, მომავალი გამქირავებლის მიერ წინარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თუკი დათქმულ დროში - 10.02.2018 წლამდე არ გაფორმდება ხელშეკრულება მომავალ დამქირავებელთან, გამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა მომავალში გასაფორმებელი ხელშეკრულების ორი თვის ქირა 22 190 ლარი დამქირავებლის სასარგებლოდ.

 

სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით არის იჯარის და არა ქირავნობის წინარე ხელშეკრულება. ქირავნობა და იჯარა, როგორც ნივთით სარგებლობის მატერიალურ-სამართლებრივი ფორმები, ერთმანეთისაგან განსხვავდება იმით, რომ ქირავნობა არ უკავშირდება ქირავნობის საგნიდან ნაყოფის (ე.ი. - გარკვეული მოგების) მიღებას, მაშინ, როცა იჯარა სწორედ საიჯარო ქონების გამოყენებით მეურნეობის სწორად წარმოების შედეგად ნაყოფის (შემოსავლის) მიღებაზეა ორიენტირებული. ხელშეკრულებიდან (იხ. 1.1, 1.3 პუნქტები, ს.ფ. 33) და სასამართლოს მთავარ სხდომაზე ზ---------–------–---–ის განმარტებებიდან ნათლად ირკვევა, რომ შპს „პ---–----------------------ს“ ფართი ცალსახად ესაჭიროებოდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის. სწორედ ამ მიზნით უნდა განხორციელებულიყო ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა, ამასთან, ქონების მესაკუთრეს ძირითადი ხელშეკრულების დადებამდე უნდა მოეყვანა ქონება სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის საჭირო მდგომარეობაში (იხ. 2.1 პუნქტი).

 

ხელშეკრულებას ხელს აწერენ ზ---------–------–---–ი და შპს „პ---–----------------------ის“ დირექტორი გ--------------–--ე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა, მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს მის ნამდვილობას. მართალია, უძრავ ქონებაზე გარიგება უნდა დაიდოს წერილობით და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ხოლო თუ ძირითადი ხელშეკრულება არის ფორმასავალდებულო, ეს ფორმა დაცული უნდა იყოს წინარე ხელშეკრულებისათვისაც, მაგრამ სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არის გარიგების ფორმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ადასტურებს გარიგების დადებას და იგი იძენს სამართლებრივ ძალას მესამე პირებისთვის, მაგრამ რეგისტრაციის არ არსებობა არ წარმოდგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

 

საქმეში წარმოდგენილია ზ---------–------–---–ის 05.02.2018 წლის წერილი, რომლითაც მან შპს „პ---–----------------------ის“ დირექტორს აცნობა, რომ 10.02.2018 წლამდე ვერ ხერხდებოდა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა და მოითხოვა ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვადის გადაწევა 2018 წლის 10 მარტამდე (ს.ფ. 40). 10.02.2018 წლის წერილით შპს „პ---–----------------------ის“ დირექტორი ვადის გაგრძელებას დაეთანხმა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ იჯარის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო 2018 წლის 10 მარტამდე (ს.ფ. 41). წერილი დამოწმებულია შპს „პ---–----------------------ის“ ბეჭდით.

 

2018 წლის 10 მარტის წერილით შპს „პ---–----------------------ის“ დირექტორმა ზ---------–------–---–თან ხელშეკრულება შეწყვიტა და მოითხოვა 10 დღის ვადაში პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან ამ მეიჯარემ შეთანხმებულ ვადაში ვერ უზრუნველყო წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (ს.ფ. 42).

 

საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ 29.03.2018 წელს ზ---------–------–---–მა შპს „პ---–----------------------ს“ გადაუხადა პირგასამტეხლო 22 190 ლარი (ს.ფ. 45).

 

ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ---------–------–---–სა და შპს „პ---–----------------------ს შორის“ ნამდვილად დაიდო იჯარის წინარე ხელშეკრულება. ვინაიდან ზ---------–------–---–მა 2018 წლის 10 მარტამდე ვერ უზრუნველყო ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა და იჯარის ხელშეკრულების დადება, შპს „პ---–----------------------მა“ მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვიტა და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა, რომელიც ზ---------–------–---–მა გადაიხადა.

 

5.2.2 ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული სს „თ--–--ის“ მიზეზით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებმა უნდა დაადასტურომ მათი მტკიცების სფეროში შემავალი გარემოებები. მხარემ რომელიც თავს იცავს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელისაგან, უნდა დაადასტუროს მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, მათ შორის ის, რომ ვალდებულების დარღვევა გამოიწვია თავად კრედიტორმა ან მოვალისაგან დამოუკიდებელმა სხვა მიზეზებმა.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სს „თ--–--მა“ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს ინდ. მეწარმე ზ---------–------–---–მა სს „თ--–--ს“ მიმართა საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განაცხადით.

 

სე----ს 2008 წლის 18 სექტემბრის N-- დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ („წესების“) შესაბამისად, 6--- ტექნიკური მახასიათებლებით ელ. ენერგიის მიწოდების 1-500 კვტ-ით გაზრდის ვადაა 60 სამუშაო დღე.

 

11.12.2017 წელს დამტკიცდა ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ტექნიკური პირობები (პროექტი). პროექტის მიხედვით დამკვეთის კუთვნილ ტერიტორიაზე დამკვეთის მიერ უნდა დამონტაჟებულიყო სტანდარტული ორშეტიანი ქალაქის ტიპის კომპლექსური სატრანსფორმატორო ქვესადგური 6--------- კვტ სიმძლავრის ზეთიანი ტრანსფორმატორით მაღალი ძაბვის მხარეს ორი უჯრედით. დაბალ მხარეს საკაბელო ქსელი უნდა მოეწყო დამკვეთს სურვილისამებრ. ტექნიკური პირობისა და პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით სს „თ--–--ს“ უნდა მოეწყო მაღალი ძაბვის უჯრედი, ამისათვის უნდა მოწყობილიყო შესაბამისი ფუნდამენტი, დამონტაჟებულიყო კარადა, რომელშიც განთავსდებოდა გამთიშველი დამცველებით და ა.შ. უჯრედიდან დამკვეთის მიწის ნაკვეთამდე უნდა მისულიყო კაბელი შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ, სადაც უნდა დამონტაჟებულიყო N1 სტანდარტის კარადა. კარადიდან კაბელი უნდა ყოფილიყო მიყვანილი დამკვეთის მიერ მოწყობილ უჯრედამდე (იხ. ტექნიკური პირობა, პროექტი, ს.ფ. 21; 74-76).

 

ვადის გაზრდის შესახებ სს „თ--–--ის“ მიმართვით ირკვევა, რომ კომპანიამ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ ნებართვის მოსაპოვებლად მიმართა ქ. თბ--–---- მუ--–----–-------------------------------------------ს 22.12.2017 წელს. სა--------- მოითხოვა პროექტის დაკორექტირება, რაც წინასწარ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, ვინაიდან განცხადება აკმაყოფილებდა ქ. თბ--–---- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N1---- დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სე----ს გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა ვადის გაზრდის მიზეზი 2018 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ ზ---------–------–---–მა მის მიერ შესასრულებელი სამუშაოები დროულად არ დაასრულა, რის გამოც „თ--–--მა“ ვერ უზრუნველყო სიმძლავრის გაზრდა დადგენილ ვადაში.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ზ---------–------–---–მა 2018 წლის 28 იანვარს გააფორმა ხელშეკრულება შპს „ქ---–-–--თან“, რომელმაც იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა სატრანსფორმატორო ქვესადგურის აწყობისა და მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 20 დღის განმავლობაში. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 31 კალენდარული დღით (ს.ფ. 29). მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც გაირკვეოდა, ზუსტად როდის დასრულდა სამუშაო. ხელშეკრულების მიხედვით კი, ბოლო ვადა შეიძლებოდა ყოფილიყო 04.03.2018 წელი.

 

სს „თ--–--ის“ წერილით ირკვევა, რომ კომპანიამ მაღალი ძაბვის კაბელის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო 12.02.2018 წელს და დაასრულა 22.02.2018 წელს. კაბელი პროექტის მიხედვით დამონტაჟდა ობიექტის წითელ ხაზთან არსებულ მაღალი ძაბვის კვანძამდე. ზ---------–------–---–მა გამოთქვა პრეტენზია და მისი კატეგორიული მოთხოვნით მოხდა კვანძის დემონტაჟი. ამ მომენტისათვის დაკვეთის მიერ დამონტაჟებული ახალი ქვესადგური არ იყო მზად მაღალი და დაბალი ძაბვის მისაღებად, დამკვეთს არ ჰქონდა დამონტაჟებული მაღალი ძაბვის კაბელი ქვესადგურიდან აღრიცხვის კვანძამდე. დემონტაჟის შემდგომ მაღალი ძაბვის კაბელის დაგრძელების სამუშაოები ვერ დაიწყებოდა ზ---------–------–---–ისგან მის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მიღების გარეშე. სამუშაოები განახლდა თანხმობის მიღების შემდეგ, აგრეთვე დაიწყო მიწის გათხრა კაბელის დასაგრძელებლად 60 მეტრით ახალ ქვესადგურამდე. სამუშაო შეჩერდა დამკვეთის მოთხოვნით, რადგან მას სურდა არხის გაფართოვება და მასში დაბალი ძაბვის კაბელის მოთავსება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა (ს.ფ. 72).

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ზ---------–------–---–ის განცხადებით ირკვევა, რომ მან მის კუთვნილ ტერიტორიაზე კაბელის გაყვანის სამუშაოების წარმოების ნებართვა სს „თ--–--ს“ 2018 წლის 5 აპრილს მისცა (ს.ფ. 71).

 

სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე ზ---------–------–---–მა დაადასტურა, რომ მოწყობილი აღრიცხვის კვანძი მოახსნევინა და სხვა ადგილას გადაატანინა, ვინაიდან, მისი განმარტებით, შესასვლელში იყო გაკეთებული და სატვირთო ავტომანქანა ვეღარ შევიდოდა ტერიტორიაზე.

 

მოწმე ა---------–--------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს სს „თ--–--ის“ სამონტაჟო სამუშაოების განყოფილებაში და მისი განყოფილება აწარმოებს სამონტაჟო სამუშაოებს მოსახლეობიდან განაცხადის საფუძველზე. 2018 წლის თებერვალში სს „თ--–--მა“ აწარმოა სამუშაოები ზ---------–------–---–ის განაცხადის საფუძველზე, კერძოდ, საკაბელო არხის გათხრითი სამუშაოები და მაღალი ძაბვის კაბელის სამონტაჟო სამუშაოები. კაბელი დამონტაჟდა დამკვეთის კუთვნილი ობიექტის წითელ ხაზამდე. წითელ ხაზთან მოეწყო ფუნდამენტი და დაამონტაჟა „თ--–--მა“ მაღალი ძაბვის აღრიცხვის კვანძი. კარადა რომ დამონტაჟდა, ზ---------–------–---–მა გამოთქვა პრეტენზია, რომ იმ ადგილას უნდა ყოფილიყო კომერციული ფართი და კარადა ხელს შეუშლიდა. მან სიტყვიერად გამოთქვა სურვილი, რომ კარადა მოხსნილიყო და აღრიცხვის კვანძი დამონტაჟებულიყო მის ტერიტორიაზე არსებულ ქვესადგურში და ასევე კაბელი დაგრძელებულიყო და მისულიყო მის ქვესადგურამდე. დამკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე „თ--–--ს“ არ ჰქონდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოების უფლება. წერილობითი თანხმობის გაცემის შემდგომ „თ--–--მა“ განაახლა სამუშაოები. მიწით შევსების სამუშაოები შეჩერდა ზ---------–------–---–ის მოთხოვნით, რადგან მას სურდა არხის გაფართოება და მასში თავისი კაბელების ჩალაგება. მიწით შევსება სანამ არ მოხდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება ვერ განხორციელდებოდა. (21.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:31:06) მოწმის განმარტებით, კარადა დაიდგა შესასვლელი კარის გვერდით, კარიდან 3-4 მეტრის მოშორებით. (21.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი,16:35:48) მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ თავად განუმარტა ზ---------–------–---–ს სამუშაოების წარმოებაზე მისი თანხმობის აუცილებლობის შესახებ და მან იცოდა, რომ საჭირო იყო წერილობითი თანხმობა. (21.12.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი,16:36:49).

 

ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სამუშაოების დასრულების ვადა დაირღვა სს „თ--–--ისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით. თავდაპირველად ვადის გაგრძელების აუცილებლობა გამოიწვია ქო--------------------------ს მოთხოვნამ პროექტის კორექტირების შესახებ. გაგრძელებულ ვადაში სამუშაოების დასრულება შეაფერხა ზ---------–------–---–მა, კერძოდ, მან არ უზრუნველყო ქვესადგურის დროულად მოწყობა და აღრიცხვის კვანძამდე მისასვლელი კაბელის მონტაჟი. მოწყობილი აღრიცხვის კვანძი გადაატანინა სხვა ადგილას, ამასთან გადატანისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გასცა მხოლოდ 2018 წლის 5 აპრილს. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, იმთავითვე იყო გათვალისწინებული აღრიცხვის კვანძის შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ მოწყობა (იხ. განმარტებითი ბარათი, ს.ფ. 76).

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 629-ე, 394-ე, 385-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 340 მუხლები; „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 26-27 მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან, ხოლო 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---------–------–---–ი არის სს „თ--–--ის“ აბონენტი და კანონით დადგენილი წესით შეისყიდის ელექტროენერგიას. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს ინდ. მეწარმე ზ---------–------–---–მა სს „თ--–--ს“ მიმართა საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ განაცხადით. ტექნიკური პირობის დამტკიცებით მხარეებს შორის დაიდო შერეული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ნარდობის და ნასყიდობის სამართლებრივ ელემენტებს. ხელშეკრულების ფარგლებში ზ---------–------–---–ს უნდა შეესრულებინა სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, მოემზადებინა მისი კუთვნილი ობიექტი მაღალი ძაბვის ელ. ენერგიის მისაღებად და გადაეხადა სიმძლავრის გაზრდის საფასური, ხოლო სს „თ--–--ს“ უნდა შეესრულებინა სიმძლავრის გაზრდისათვის საჭირო ყველა ტექნიკური სამუშაო და მიეწოდებინა დამკვეთისათვის ელ. ენერგია გაზრდილი სიმძლავრით.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ („წესების“) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცალო მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 26-ე და 261 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა იმ ვადაში, რაც განსაზღვრულია ამ წესების, შესაბამისი №4 ან №6 დანართით გათვალისწინებულ შეთავაზებული პაკეტისათვის.

 

„წესების“ შესაბამისად, 6--- ტექნიკური მახასიათებლებით ელ. ენერგიის მიწოდების 1-500 კვტ-ით გაზრდის ვადაა 60 სამუშაო დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად კი მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

დადგენილია, რომ, საბოლოოდ, სს „თ--–--ის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 7 მარტით. სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 29 მაისს. ვინაიდან სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდა, ზ---------–------–---–მა დაარღვია მესამე პირთან ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადა პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა.

 

ვალდებულების დარღვევის, ზიანის მიყენებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად ხელშეკრულების მხარე ზიანს აანაზღაურებს, თუ ის პასუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე.

 

სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება იქნეს მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევს მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობა გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია (იხ. სუსგ Nას-167-163-2016). სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ბრალეული ქმედებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოების დასრულების ვადა დაირღვა სს „თ--–--ისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზებით. თავდაპირველად ვადის გაგრძელების აუცილებლობა გამოიწვია ქო--------------------------ს მოთხოვნამ პროექტის კორექტირების შესახებ, რაც წინასწარ მოსალოდნელი ვერ იქნებოდა და ამ გარემოებას არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. გაგრძელებულ ვადაში სამუშაოების დასრულება შეაფერხა ზ---------–------–---–მა, კერძოდ, მან არ უზრუნველყო ქვესადგურის დროულად მოწყობა და აღრიცხვის კვანძამდე მისასვლელი კაბელის მონტაჟი. მოწყობილი აღრიცხვის კვანძი გადაატანინა სხვა ადგილას, ამასთან გადატანისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გასცა მხოლოდ 2018 წლის 5 აპრილს (ვრცლად იხ. 5.2.2 პუნქტი).

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ზ---------–------–---–მა მოცემულ სამართალურთიერთობაში არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა. 2017 წლის 5 აგვისტოს იჯარის წინარე ხელშეკრულებით მან მესამე პირის წინაშე იკისრა ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა ობიექტისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდას 2018 წლის 10 თებერვლამდე ისე, რომ მისთვის უცნობი იყო სს „თ--–--ის“ პოზიცია და საერთოდ ტექნიკურად თუ იყო შესაძლებელი სიმძლავრის გაზრდა. გარდა ამისა, სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნით სს „თ--–--ს“ მხოლოდ 2017 წლის 10 ნოემბერს მიმართა, ქვესადგურის აწყობა-მონტაჟის თაობაზე კი ხელშეკრულება დადო 2018 წლის 28 იანვარს, რომლითაც სამუშაოების შესრულების ვადა 31 დღით განისაზღვრა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა სს „თ--–--ის“ მიზეზით არ დარღვეულა და იგი არ არის პასუხისმგებელი დამკვეთისათვის მიყენებულ ზიანზე.

 

8.2. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური

 

„წესების“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

 

დადგენილია, რომ ზ---------–------–---–მა გადაიხადა ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულდა და დამკვეთის კუთვნილ ობიექტს ელ. ენერგია გაზრდილი სიმძლავრით მიეწოდება, საფასურის მეორე ნახევარი მას არ აუნაზღაურებია. დადგენილია ასევე, რომ შპს „პ---–----------------------თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიუხედავად, მას უარი არ უთქვამს სიმძლავრის გაზრდაზე და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ კვლავ დაინტერესებულია, ელ. ენერგია გაზრდილი სიმძლავრით მიიღოს.

 

წარმოდგენილი შესაგებლით ზ---------–------–---–ი ასევე არ უარყოფს საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 570 ლარი.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან ზ---------–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, თბ--–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 1991 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ---------–------–---–ის სარჩელი სს „თ--–--ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სს „თ--–--ის“ შეგებებული სარჩელი ზ---------–------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

3. ზ---------–------–---–ს სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 19 000 ლარის გადახდა;

 

4. ზ---------–------–---–ს სს „თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 570 ლარის ანაზღაურება;

 

5. გაუქმდეს თბ--–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე სს ,,თ--–--ს“ დაევალა აღუდგინოს ელექტროენერგიის მიწოდება ი/მ ზ---------–------–---–ს (აბონენტის N4------) და სს ,,თ--–--ს“ აეკრძალა ი/მ ზ---------–------–---–სათვის (აბონენტის N4------) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბ--–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–---- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია