გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001865823
2-1012/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09/01/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს მ----------------------------–------------–ი’’
წარმომადგენელი: თ----------–----–-–---–ი
მოპასუხე: მ------- პ----ე
წარმომადგენელი: ნ--------------------
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს მისო ,,ბ------–მა“ სარჩელი აღძრა მ------- პ----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს:
- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4643 აშშ დოლარის გადახდა;
- 2016 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 2500 აშშ დოლარის 2.5 %-ის გადახდა;
- 2016 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირი თანხის - 2500 აშშ დოლარის 0.1 %-ის გადახდა.
1.2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით შპს მისო ,,ბ------–ი“ მოითხოვს რეალიზებული იქნას გირავნობით დატვირთული შემდეგი ქონება:
- ძეწკვი ჯვრით - 585 სინჯი, 17.8 გრამი;
- სამაჯური - 585 სინჯი, 37.5 გრამი;
- ძეწკვი - 585 სინჯი, 42.5 გრამი.
1.3. გირვნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ვალის დაფარვის არასაკმარისობისას, დავალიანების დასაფარად გადაწყვეტილება მიქცეული იქნას მოპასუხის სხვა ქონებაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 13 მარტს და 18 აპრილს მოსარჩელესა და მ------- პ----ეს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხად გაიცა 2600 აშშ დოლარი, სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 2.5 %-ს. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება გადასახდელი თანხის 0.1 %. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა შემდეგი ნივთები:
- ძეწკვი ჯვრით - 585 სინჯი, 17.8 გრამი;
- სამაჯური - 585 სინჯი, 37.5 გრამი;
- ძეწკვი - 585 სინჯი, 42.5 გრამი.
მოპასუხეს ერთი თვის ვადაში უნდა დაეფარა სესხი ან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც მას გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანებად ერიცხება ძირი თანხა - 2500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1325 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 818 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მიხედვით სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა გაგრძელდეს ვალდებულების სრულად დაფარვამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მ------- პ----ე სარჩელს სცნობს ძირი თანხის ნაწილში. სარგებელისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელს არ სცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 13 მარტს მოსარჩელესა და მ------- პ----ეს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხად გაიცა 1500 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 2.5 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 13 მარტის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-18.
3.1.2. 2016 წლის 18 აპრილს მოსარჩელესა და მ------- პ----ეს შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხად გაიცა 1200 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 2.5 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 18 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 19.
3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა შემდეგი ნივთები:
- ძეწკვი ჯვრით - 585 სინჯი, 17.8 გრამი;
- სამაჯური - 585 სინჯი, 37.5 გრამი;
- ძეწკვი - 585 სინჯი, 42.5 გრამი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 18 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ს. ფ. 19.
- 2016 წლის 13 მარტის სესხის ხელშეკრულება. ს. ფ. 17-18.
- გირავნობის საგნების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტი. ს .ფ. 20-21.
3.1.4. მოპასუხეს ერთი თვის ვადაში უნდა დაეფარა სესხი ან ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 13 მარტის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-18.
- 2016 წლის 18 აპრილის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 19.
3.1.5. მოპასუხემ სესხის დაფარვა შეწყვიტა 2015 წლის 28 სექტემბრიდან. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2500 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს და სარგებელის დარიცხვას, მისს მოცულობას და კანონიერებას. დადგენილია, რომ სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის სარგებელი და პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება და უნდა იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს მისო ,,ბ------–სა“ და მ------- პ----ეს შორის შორის ვალდებულება წარმოიშვა 2014 წლის 13 მარტისა და 18 აპრილის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხეს ორჯერ ასესხა თანხა. 2016 წლის 13 მარტს ასესხა 1500 აშშ დოლარი. ხოლო 2016 წლის 18 აპრილს ასესხა 1200 აშშ დოლარი. ორივე სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად სესხად გაცემული თანხის 2.5 %-ს. მსესხებელი ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში გადაეხადა სესხის ძირიცა და სარგებელიც, ან ყოველთვიურად გადაეხადა სარგებელი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მ------- პ----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მ------- პ----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მ------- პ----ემ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 2500 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ------- პ----ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მ------- პ----ე სესხის ძირი თანხის დაფარვამდე სარგებელის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხად გაცემული თანხის 2.5 %. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ელიზბარ აბაშიძემ სარგებელის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 1325 აშშ დოლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო დავალიანების 0.1 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მ------- პ----ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელის აღძვრამდე შეადგენს 818 აშშ დოლარს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია თანაბრად იქნას გათვალიწინებული ხელშემკვრელი მხარეების ინტერესები. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა - 818 აშშ დოლარი. იგი დაანგარიშებულია 2017 წლის 28 სექტემბრიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს სახით 0.1 %-ის დადგენა ამ კონკრეტული შემთხვევისათვისთვის გონივრულია. შესაბამისად არარსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო ერთი თვის ვადით. თუ ერთ თვეში სესხს არ დაფარავდა, მაშინ მისი ვადა გაგრძელდებოდა მანამ სანამ არ დაფარავდა ძირ თანხას. საბოლოო ჯამში მოპასუხემ შეწყვიტა პროცენტის გადახდა, რამაც მოსარჩელეს მიანიჭა ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნა. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს მანამ, სანამ მოპასუხე არ დაუბრუნებს სესხის თანხას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქედების ვადაში. საქ. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით. საქ. სკ-ის 403-ე მუხლი არის საგამონაკლისო ნორმა და მიუთითებს იმ გამონაკლისზე, რაც კანონითაა დადგენილი სესხზე სარგებელის გადახდისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით თუ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს ვალდებულება, შესრულების ვადა გადაცილდა და მხარეებიც შეთანხებული არიან, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოხდეს სარგებელის გადახდა, მაშინ დამსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს ურთიერთ შეთანხმებული სარგებელი სესხის სრულ დაბრუნებამდე.
მხარეები ხელშეკრულების 2.1.5. პუნქტით შეთანხმდენ, რომ სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს სესხის სრულად დაბრუნებამდე მსესხებელი გადაუხდის საპროცენტო სარგებელს და პირგასამტეხლოს. სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის გადახდაზე შეთანხმება არაა კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება. ასეთი შეთანხმება გამომდინარეობს საქ. სკ-ის 403-ე მუხლიდან. თუ მხარეები მსგავს პირობაზე შეთანხმდებიან, მაშინ მსესხებელი ვალდებული იქნება სესხის დაფარვამდე გადაიხადოს სარგებელი. როგორც აღინიშნა მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის სრულად დაბრუნებამდე საპროცენტო სარგებელის და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე მ------- პ----ე მოვალეა მოსარჩელეს სარგებელი და პირგასამტეხლო გადაუხადოს მანამ, სანამ მთლიანად არ შეასრულებს თავის ძირითად ვალდებულებას. ამდენად მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი და პირგასამტეხლო გადაუხადოს სესხის სრულად დაბრუნებამდე, საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. საქ. სკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით. მოპასუხეს მოსარჩელესთან დაგირავებული აქვს შემდეგი ნივთები:
- ძეწკვი ჯვრით - 585 სინჯი, 17.8 გრამი;
- სამაჯური - 585 სინჯი, 37.5 გრამი;
- ძეწკვი - 585 სინჯი, 42.5 გრამი.
6.10. საქ. სკ-ის 254-ე მუხლის მეორე ნაწილით მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა სესხზე გადასახდელი თანხა 4643 აშშ დოლარი. ასევე არ იხდის ყოველთვიურ სარგებელსა და პირგასამტეხლოს. ვალდებულების შესრულების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს დაგირავებული ნივთებით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
ამავე კოდექსის 278-ე მუხლით გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 4643 აშშ დოლარი. მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნით. მოთხოვნის დაკმაყოფილება შეიძლება დაგირავებული ნივთების რეალიზაციით ან ნივთების საკუთრებაში მიღებით, ასევე სხვა მეთოდითაც თუ ამ სხვა მეთოდზე არიან მხარეები შეთანხმებული. 2014 წლის 13 მარტის და 18 აპრილის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ თუ მოპასუხე სესხს არ დაფარავს, მაშინ მოსარჩელე გაყიდის გირავნობის საგანს და ამ გზით დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნას. მიუხედავად გირავნობის საგნის რეალიზაციაზე შეთანხმებისა, წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს გაყიდოს დასახელებული გირავნობის საგანი ან მიიღოს საკუთრებაში და ამ გზით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლო განმარტავს, რომ გირავნობის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. გირავნობის საგნით უნდა დაიფაროს გირავნობით უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საქ. სკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს გირავნობის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს გირავნობის გარდა სხვა ქონებაზეც, ამისათვის აუცილებელია მხარეები მასზე შეთანხმდნენ წინასწარ. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანების დასაფარად არ დარჩა საკმარისი, მაშინ მოთხოვნა უნდა გავრცელდეს გირავნობის საგნის გარდა სხვა ქონებაზეც. შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 676 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნო 2500 აშშ დოლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივად სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 196.5 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდს. ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი ნაწილი თანხა კი გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო ,,ბ------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მ------- პ----ეს შპს ,,ბ------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
- 2014 წლის 13 მარტისა და 18 აპრილის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4643 აშშ დოლარის გადახდა;
- 2016 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 2500 აშშ დოლარის 2.5 %-ის გადახდა;
- 2016 წლის 16 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის ძირი თანხის - 2500 აშშ დოლარის 0.1 %-ის გადახდა.
3. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით აუქციონზე რეალიზებული იქნას გირავნობით დატვირთული შემდეგი ქონება:
- ძეწკვი ჯვრით - 585 სინჯი, 17.8 გრამი;
- სამაჯური - 585 სინჯი, 37.5 გრამი;
- ძეწკვი - 585 სინჯი, 42.5 გრამი.
4. გირვნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ვალის დაფარვის არასაკმარისობისას, დავალიანების დასაფარად გადაწყვეტილება მიქცეული იქნას მოპასუხის სხვა ქონებაზე.
5. მ------- პ----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 480.5 ლარის ანაზღაურება.
6. შპს მისო ,,ბ------–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 196.5 ლარი (საგადასახადო დავალება 1, გადახდის თარიღი - 28/10/2016 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე