გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/25626-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - გ------- კ------ე
წარმომადგენელი - მ------ ლ-–-ი
მოპასუხეები - შპს „კ---- დ----–--------ი“, შპს „ი------------“
წარმომადგენელი - გ-------– ვ--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მოპასუხე შპს „კ---- დ----–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9---- აშშ დოლარის ანაზღაურება;
1.2. დავალიანების (9---- აშშ დოლარის) დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მის: თბილისი, ა-–---------- ყ------ის გამზირი 12ა (ნაკვეთი 0------), საკადასტრო კოდი: 0---------------- V-- სართული (დაშენება-მანსარდის სართული) საერთო ფართობით 246 კვ.მ. აქედან 164 კვ.მ. და დაშენებული (ლეგალიზებული ფართი) 54.20 კვ.მ;
1.3. მოპასუხე მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, კერძოდ მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი 2014 წლის 30 სექტემბრიდან (მაშინ, როდესაც საცხოვრებელი სახლი მას უნდა გადასცემოდა) 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისთვის (სარჩელის შეტანის დრო) 15 827 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბრიდან ყოველ მომდევნო დღისთის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დღეში 14.5 აშშ დოლარი.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2012 წლის 31 ოქტომბერს, შპს "კ---- დ----–--------სა" და გ------- კ------ეს შორის გაფორმებულ უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად შპს „კ---- დ----–--------მა“ იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 30 სექტემბრამდე, თბილისში, მ---–-----ის ქ.№---ში (ს.კ. 0---------------), მ---–-----ის ქ. №---ში (ს.კ. 0-----------------------------------) აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი და ბოლო სართული სრული მოცულობით გადაეცა გ------- კ------ისთვის. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად დადგენილი გრაფიკის საფუძველზე გ------- კ------ემ 2012 წელს გადაიხადა 9---- აშშ დოლარი.
2012 წლის 01 ნოემბერს, უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს "ი------------სა" და გ------- კ------ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.
შპს "კ---- დ----–--------მა" დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რადგან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაწყებულა და შესაბამისად მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება არ გადასცემია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 31 ოქტომბერს, შპს "კ---- ად----–--------სა" და გ------- კ------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეებმა იკისრეს ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით დაედოთ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველი მიყიდიდა უძრავ ქონება №--ს (მიწის ნაკვეთი - მდებარე მის: ქ. თბილისი, ყ------ის ქ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------, საერთო ფართიდან — 241 კვ.მ — დან 100 კვ.მ ) და უძრავ ქონება №--ის (მის: ქ. თბილისი, მ---–-----ის ქ. №-- (საკადასტრო კოდი: 0---------------) - მ---–-----ის ქ №-- (საკადასტრო კოდი: 0---------------------------------) ბოლო სართული სრული მოცულობით, რომლის საერთო ფართობი არ უნდა იყოს, 400 კვადრატულ მეტრზე ნაკლები) მყიდველს.
წინამდებარე ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოფილი იქნებოდა უძრავი ქონებით/ქონებებით, მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხების (ავანსების) პროპორციულად, რაზეც დამატებით გაფორმდებოდა იპოთეკის ხელშეკრულებები.
ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება №- უძრავ ქონებაზე უნდა გაფორმებულიყო არაუგვიანეს 2013 წლის 30 იანვრისა.
ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება №- უძრავ ქონებაზე უნდა გაფორმებულიყო არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ №- უძრავ ქონებაზე მყიდველის სახელზე უნდა მომხდარიყო საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაცია და სამომავლო საკუთრების უფლება მყიდველზე უნდა დარეგისტრირებულიყო 2012 წლის 30 დეკემბრამდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მყიდველი არ დაარღვევდა წინამდებარე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკს.
ხელშეკრულების №- დანართის თანახმად, განისაზღვრა ჩამონათვალი „თეთრი კარკასისა“ („მოჭიმული“ იატაკი, გალესილი კედლები, ექსტერიერზე ორმაგი შემინვის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, შესასვლელი რკინის კარი, ელექტროგაყვანილობა, ცენტრალური სანტექნიკური დგარები, მოპირკეთებული ფასადი და სადარბაზო, ინდივიდუალური პროექტით ამოყვანილი ტიხრები, გათბობის სისტემა) რაც კომპანიას ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შეესრულებინა.
მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ შპს "კ---- ად----–--------ს" უძრავი ქონების მშენებლობა არ დაუწყია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 18-24).
3.1.2. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა წინარე ნასყიდობის ფასი და გადახდის წესი:
5.2. პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადახდა განხორციელდებოდა ყოველთვიურად 9---- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდით 8 თვის განმავლობაში. თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის ოქტომბრიდან და უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 01 ივნისამდე. ყოველთვიური გადასახდელი თანხა უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვამდე. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდებოდა, რომ №- უძრავი ქონების საერთო ფართობი აღემატებოდა 400 კვადრატულ მეტრს, მაშინ ბოლო გადასახდელ თვეში მყიდველი დამატებით გადაიხდიდა ყოველ ზედმეტ კვადრატულ მეტრე ნასყიდობის საგნის ფასს. თანხის გადახდა მყიდველის მიერ დაიწყებოდა წინამდებარე ხელშეკრულების 13 პუნქტში მითითებული უზრუნველყოფის შეთავაზების შემდეგ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 18-24).
3.1.3. 2012 წლის 21 ნოემბერს, შპს "კ---- დ----–--------სა" და გ------- კ------ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, შპს "ი------------სა" (მესაკუთრე) და გ------- კ------ეს (იპოთეკარი) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, ა-–---------- ყ------ის გამზირი 12ა (ნაკვეთი 0------), საკადასტრო კოდი: 0---------------- V-- სართული (დაშენება-მანსარდის სართული) საერთო ფართობით 246 კვ.მ. აქედან 164 კვ.მ. და დაშენებული (ლეგალიზებული ფართი) 54.20 კვ.მ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-28).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29-36).
3.1.4. 2012 წლის 5 ნოემბერსა და 7 ნოემბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გ------- კ------ემ გადაიხადა 90,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5)
2012 წლის 5 ნოემბრისა და 7 ნოემბრის საგადახდო დავალებები (ს.ფ. 114-115).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
გ------- კ------ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 327-ე, 411-ე, 477-ე, 629-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულების სახელწოდებაა უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება შინაარსისა და თავისი არსიდან გამომდინარე წარმოადგენს ნარდობის წინარე ხელშეკრულებას.
ამგვარი შეფასების შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 629-ე მუხლებისა და ამ ხელშეკრულებისათვის, სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, დამახასიათებელი არსებითი პირობები.
ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ნიშნები და არსებითი პირობები განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასითებელი ნიშნებისაგან.
ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია მყიდველისათვის ხელშეკრულების საგნის გადაცემა. ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია უპირველესად სამუშაო პროცესის დასახვა, განსაზღვრა და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება და ნარდობის ხელშეკრულება წარმოადგენენ კაუზალური ტიპის ხელშეკრულებებს, აუცილებელია დადგინდეს ხელშეკრულების საფუძველი, მიზანი, რომლის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული ხელშეკრულების სახესთან დაკავშირებული დასკვნების გაკეთება და, შესაბამისად, ქონებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა. ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს შემკვეთისათვის სამუშაოს შედეგის გადაცემას, ამიტომ მენარდეს ეკისრება ამ შედეგის მიღწევის რისკიც. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი, მაშინ როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანია ქონების საკუთრებაში გადაცემა. ამგვარი მსჯელობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შინაარსის დადგენისათვის არ არის საკმარისი ფორმალურ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება, შესაძლოა გარეგნული გამოხატულება ქმნიდეს ნასყიდობის ან ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძველს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია მხარეთა ნება და ფაქტობრივად არსებული უფლება-ვალდებულებები, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს ფორმალურად არსებული ურთიერთობისაგან და ქმნიდეს სხვა გარიგებით წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად - ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და შეთანხმების შინაარსის გათვალისწინებით 2012 წლის 31 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სკ-ის 477-ე, 629-ე და 327-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის წინარე ხელშეკრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, გ------- კ------ემ, დაკვეთმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადა 9-------- აშშ დოლარი, ხოლო მენარდეს ვალდებულება არ შეუსრულებია და არ გაუფორმებია ძირითადი ხელშეკრულება და არც უძრავი ქონება აუშენებია. შესაბამისად, შპს „კ---- დ----–--------მა“ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგებს. ამ მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სკ-ის 352-ე მუხლი მაინც წარმოადგენს სამართლებრივი შედეგების მომწესრიგებელ ნორმას ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი უფლებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ კანონისმიერი, თუ ხელშეკრულებით შეთანხმებული გასვლის უფლების გამოყენება ნამდვილ სახელშეკრულებო ურთიერთობას გარდაქმნის მიღებულის უკან დაბრუნების ურთიერთობად (რესტიტუციულ ურთიერთობად). გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად.
გასვლის უფლების გამოყენებისას ხელშეკრულების მხარეებმა მიღებული უნდა დააბრუნონ ნატურით. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება და მისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. სკ-ის 405-ე მუხლი მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას უძრავი ქონება ამ დრომდე არ აუშენებია, აშკარაა, რომ ამგვარ ვითარებაში დამატებითი ვადის განსაზღვრის აუცილებლობა არ არსებობდა და ამასთან, მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულებამ ინტერესი დაკარგა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს „კ---- დ----–--------ის“ მიერ 9-------- აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, მოპასუხის შპს „ი------------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.
6.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის გადახდის დაკისრებას, კერძოდ, მიუღებელი საპროცენტო შემოსავალი 2014 წლის 30 სექტემბრიდან (მაშინ, როდესაც საცხოვრებელი სახლი მას უნდა გადასცემოდა) 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისთვის (სარჩელის შეტანის დრო) 15 827 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბრიდან ყოველ მომდევნო დღისთვის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დღეში 14.5 აშშ დოლარი.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის რომელი ქმედება (უმოქმედობა) იყო არამართლზომიერი, რომ ამ ქმედებამ (უმოქმედობამ) გამოიწვია ზიანი და რომ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1------------, 21 აპრილი, 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ მოსარჩელისათვის გადასაცემი ფართი წარმოადგენდა არა კომერციულ ფართს, არამედ საცხოვრებელ ბინას. ამასთან, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებას, რომ გ------- კ------ის მიერ კომერციულ ბანკებში 9-------- აშშ დოლარის განთავსების შემთხვევაში ის მიიღებდა სარგებელს სესხის საპროცენტო განაკვეთის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ 411-ე მუხლის მიზნებისათვის მიუღებელის შემოსავალი, რომლის მიღებაც პროგნოზირებადი იყო კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს თავად იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის არაჯეროვანი შესრულების გამოც, მხარე ამგვარი შემოსავლის ანაზღაურებას ითხოვს. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობით და დამოკიდებულია ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შედეგად მისაღებ სარგებელზე.
ამასთან, თავის მხრივ, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება გადახდილი თანხის სანაცვლოდ მოპასუხისაგან საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემა, გამორიცხავდა იმავდროულად ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხიდან სარგებლის მიღების მოლოდინს, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 3------- ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- კ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე შპს „კ---- დ----–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 9-------- აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს შპს ,,ი------------ს’’ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება: თბილისი, ა-–---------- ყ------ის გამზირი 12ა, საკადასტრო კოდი: 0---------------- V-- სართული (დაშენება-მანსარდის სართული) საერთო ფართობით 246 კვ.მ. - აქედან 164 კვ.მ. და დაშენებული (ლეგალიზებული ფართი) 54.20 კვ.მ;
4. სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 3------- ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე