გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
240210017002086966
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017002086966

(№2/703-2017)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - შპს ,,მისო ევ--------------ი’’

წარმომადგენელი - ლ--- მა--------ა

წარმომადგენელი - თა---- გე----ე

მოპასუხე - კო---- მი-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 3 797 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 800 აშშ დოლარი, სარგებელი - 975 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1022 აშშ დოლარი) მოპასუხე კო---- მი-----ესათვის მოსარჩელე შპს „მისო ევ--------------ი“-ს სასარგებლოდ.

 

1.2. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარის ანაზღაურების დაკისრება და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 150 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე კო---- მი-----ესათვის მოსარჩელე შპს „მისო ევ--------------ი“-ს სასარგებლოდ.

 

1.3. გადახდევინება მოხდეს მოპასუხის კო---- მი-----ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

1.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელის განმარტებით საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 3 797 აშშ დოლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 800 აშშ დოლარი, სარგებელი - 975 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1022 აშშ დოლარი. თუმცა მოსარჩელე ამცირებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობას და ითხოვს 3 175 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 1 800 აშშ დოლარი, სარგებელი - 975 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 400 აშშ დოლარი. მოპასუხემ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უზრუნველყო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეწია დამატებითი ხარჯი გირავნობის საგნის შეფასების მიზნით, 50 ლარი და დაეწყო სააღსრულებლო წარმოება რისთვისაც გაწია დამატებითი ხარჯი - 150 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ასევე ეკისრება მოპასუხეს, მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კო---- მი-----ის წარმომადგენელმა ლაშა ხოშტარიამ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა და შესაბამისადაც არანაირი ვალდებულება არ არსებობს მოპასუხის მხრიდან. მოპასუხეს არ წაუკითხავს ხელშეკრულება თუ რას ითვალისწინებდა და ხელი მოაწერა ბრმად. (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი. 13.02.2019)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 21 ოქტომბერს კო---- მი-----ესა და შპს „მისო ევ--------------ი“-ს (ს/კ 40-------) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №KULE16004058, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხი 1 800 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 18 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ბა----- ჩა---ს კუთვნილი ა/მანქანა "NISSAN SKYLINE“. ხელშეკრულების 6.4 პუნქტით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- №KULE16004058 ხელშეკრულება;

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და გრაფიკი (დანართი 1);

- სესხის დაფარვის წესი (დანართი 2);

 

3.2.2. №KULE16004058 ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

 

3.2.3. 2016 წლის 21 ნოემბრიდან მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარმოეშვა დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გაფრთხილების წერილები;

- სარჩელი

 

3.2.4. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე 2017 წლის 28 თებერვალს გაიცა გირავნობის მოწმობა №013062, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება, თუმცაღა ვერ მოხერხდა ავტომობილის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 28 თებერვალის გირავნობის მოწმობა;

- კერძო აღმასრულებლის 08.03.2017 წლის განცხადება.

-

3.2.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე კო---- მი-----ეს (პ/ნ 62---------) დაერიცხა დავალიანება 3 797 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 800 აშშ დოლარი, სარგებელი - 975 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1022 აშშ დოლარი. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს თანხა 1022 აშშ დოლარი სასამართლო სხდომაზე შეამცირა 400 აშშ დოლარამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სასამართლო სარწმუნოდ ვერ ჩათვლის მოპასუხის მტკიცებას, რომ ხელშეკრულება არ წაუკითხავს და ისე მოაწერინეს ხელი, ვინაიდან, ხელშეკრულება ხელმოწერილია თავად კო---- მი-----ის მიერ ქართულ ენაზე. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებებს, რომ ვინაიდან ვერ შეძლეს გირავნობის საგნის მოძიება, აღნიშნული მას უფლებას ანიჭებს მოითხოვოს თანხის დაკისრება ისე, რომ გადახდევინება მოხდეს პირდაპირ ნებისმიერი ქონებიდან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების უზრუნველყოფა მოხდა მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დაგირავებით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი მოთხოვნის სრულად დასაფარად, კლიენტი პასუხს აგებს დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.

 

აღნიშნული პირობა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით) მოთხოვნის დაცვით შეთანხმებულია მხარეების მიერ და წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მისო ევ--------------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 408-ე, 412-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს კო---- მი-----ესა და შპს „მისო ევ--------------ი“-ს (ს/კ 40-------) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №KULE16004058, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხი 1 800 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 18 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ბა----- ჩა---ს კუთვნილი ა/მანქანა "NISSAN SKYLINE“. ხელშეკრულების 6.4 პუნქტით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია მოპასუხე კო---- მი-----ის მიერ.

 

ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დაცულია სახელშეკრულებო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი და არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად შეიძლება გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი. გამომდინარე აქედან, მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის 1 800 აშშ დოლარის დაკისრება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში სასამართლოს მიაჩნია, რომ მართლზომიერია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

შპს ,,ევ--------------’’-სა და კო---- მი-----ეს შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა, შესაბამისად მოთხოვნა სარგებლის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 400 აშშ დოლარი, უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - 204,40 აშშ დოლარის ოდენობთ.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარის ანაზღაურების დაკისრებას და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 150 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის და სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 200 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გირავნობის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. გირავნობის საგნით უნდა დაიფაროს გირავნობით უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ გირავნობის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს გირავნობის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს გირავნობის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, მხარეები ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. აღნიშნულ წესზე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ ხელშეკრულების 6.4. პუნქტით. საქმის მასალებით და მათ შორის გადახდების ისტორიით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით გირავნობისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულება (№KULE16004058). ასევე უდაოა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი სხვა ქონებიდან. მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 21 ოქტომბრის გირავნობის ხელშეკრულების 6.1 მუხლის შესაბამისად, თუ მოგირავნეს ხელი შეეშალა თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ. გამსესხებელს აქვს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნა გირავნობის საგნით 2016 წლის 21 ოქტომბრის გირავნობის ხელშეკრულების 6.5 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ დამოუკიდებლად, უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის გარეშე არ არსებობს და თანხის დაკისრებასთან ერთად უნდა განისაზღვროს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხიც.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, რაც შეადგენს 271,93 ლარს, ხოლო 15,07 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,,ევ--------------ი“-ს (ს/ნ 40-------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე კო---- მი-----ეს (პ/ნ 62---------), მოსარჩელე სს ,,ევ--------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2979,40 (ორიათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი დოლარი და 40) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, 1 აშშ = 2,4587) ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1800 აშშ დოლარი, სარგებელი - 975 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 204,40 აშშ დოლარი.

 

3. კო---- მი-----ისთვის დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით მოხდეს გირავნობის საგნის რეალიზაცია, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი - "NISSAN SKYLINE“, სახელმწიფო ნომერი - T--------, ტექიკური პასპორტის №EV-------, შასის ნომერი - V3-------, გამოშვების წელი - 2003. იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარავად, ან ვერ იქნება მოძიებული გირავნობის საგანი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულება განხორციელდეს კო---- მი-----ეს კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებიდან;

 

4. მოპასუხე კო---- მი-----ეს (პ/ნ 39---------) მოსარჩელე სს ,,ევ--------------ი+“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 271,93 ლარი, გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 50 ლარი და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 150 ლარის ოდენობით.

 

5. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.(მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია