გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27363-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „თ----------ი“
წარმომადგენელი: თ-------------ე
მოპასუხე: ლ------–-–--–--–ი
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ------–-–--–--–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9981.52 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5561.14 ლარი, პროცენტი - 1920.38 ლარი და პირგასამტეხლო - 2500 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 04 მაისს სს „თ----------სა“ და ლ------–-–--–--–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო) შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი - 7450 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1467 კალენდარული დღე; წლიური საპროცენტო სარგებელი - 27%; პირგასამტეხლო - 20 ლარი და დავალიანების 0,5% გრაფიკის ყოველი დარღვევისას. მოპასუხეს ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა დაეფარა ყოველი თვის 10 რიცხვში.
მოპასუხემ 2015 წლის მაისში აითვისა თანხა. იგი 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით სტაბილურად ახორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა უწევდა 2016 წლის 10 დეკემბერს, თუმცა მას თანხა არ გადაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 9981.52 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5561.14 ლარი, პროცენტი - 1920.38 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 2500 ლარი.
მოპასუხეს 2018 წლის 07 თებერვალს ჩაბარდა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა დავალიანების შესახებ და განესაზღვრა ორ კვირიანი დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ------–-–--–--–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, პირგასამტეხლოს თაობაზე მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
მოპასუხემ, ასევე განმარტა, რომ მას საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები აღარ შეუსრულებია 2017 წლის იანვრის თვიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 04 მაისს სს „თ----------სა“ და ლ------–-–--–--–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1-------------9, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 7450 ლარი; კრედიტის ვადა - 1467 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 27%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის 10 რიცხვში.
3.1.2. ლ------–-–--–--–მა დაარღვია მასსა და სს „თ----------ს“ შორის 2015 წლის 04 მაისს დადეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.1.3. 2018 წლის 07 თებერვალს სს „თ----------ის“ სახელით მოქმედი „სა------------------ოს“ მიერ ლ------–-–--–--–ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ეცნობა სს „თ----------ის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ და მიეცა დამატებითი 14 საბანკო დღე დავალიანების ნებაყოფლობით შესრულებისათვის. აღნიშნული შეტყობინება პირადად ჩაბარდა ლ------–-–--–--–ს, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შედეგად - 2018 წლის 21 თებერვალს, შეწყდა მხარეთა შორის 04.05.2015წ. დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ------–-–--–--–ის მიერ მასსა და სს „თ----------ს“ შორის 2015 წლის 04 მაისს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები დარღვეულ იქნა 2017 წლის იანვრის თვიდან. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხეს ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები აღარ შეუსრულებია 2016 წლის 10 დეკემბრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მსესხებელი 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით სტაბილურად ახორციელებდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდას. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2016 წლის 10 დეკემბერს, თუმცა მას თანხა აღარ გადაუხდია. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ამონაწერი სესხის ანგარიშიდან, რომლის თანახმად 2016 წლის 10 ნოემბრის შემდგომ მსესხებლის მიერ სესხზე თანხის გადახდა არ ფიქსირდება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებს, რომ მან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა შეწყვიტა 2017 წლის იანვრის თვიდან და არა 2016 წლის 10 დეკემბრიდან. თუმცა, მას ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამდენად, კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. თუმცა, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, ფულადი ვალდებულების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის პერიოდთან დაკავშირებით, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 5561.14 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ----------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 04 მაისს სს „თ----------სა“ და ლ------–-–--–--–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1-------------9, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 7450 ლარი; კრედიტის ვადა - 1467 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 27%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, ლ------–-–--–--–ს 2016 წლის 10 დეკემბრიდან აღარ გადაუხდია გრაფიკით განსაზღვრული თანხა.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელე, ასევე ითხოვს მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 1920.38 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 04.05.2015წ. გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო განაკვეთი - წლიური 27%-ის ოდენობით. დადგენილია, ასევე, რომ მსესხებელს 2016 წლის 10 დეკემბრიდან აღარ გადაუხდია გრაფიკით განსაზღვრული ყოველთვიური შესატანი.
მოსარჩელის განმარტებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ რაც 2018 წლის 07 თებერვლის წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით არ იქნა შესრულებული კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანება. ამდენად, ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულების დარღვევიდან დაახლოებით 1 წლისა და 3 თვის შემდეგ. ამ პერიოდში, კი სს „თ----------ის“ მხრიდან ხდებოდა სესხზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების უფლება, ისევე როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაგირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაგენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს ხელშეკრულებაში, თუ შეწყვიტოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმას, სამოქალაქო სამართალში (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) განმტკიცებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს გამსესხებელს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად მოახდინოს ხელშეკრულების შეწყვეტა, უსაფუძვლოდ არ გაახანგრძლივოს აღნიშნული პროცესი და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. (იხ. სუსგ. №ას-1708-1602-2012; 09 ოქტომბერი, 2013 წელი)
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ კანონმდებელი საბანკო ურთიერთობაში კრედიტის გამცემს, როგორც საბანკო ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, ბანკმა კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში არ უნდა შექმნას კრედიტის მიმღებისათვის უარესი პირობები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ს“ მიუხედავად სსკ-ის 873-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ეკისრებოდა მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება და მისი უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა. კერძოდ, იგი ვალდებული იყო მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემდგომ, გონივრულ ვადაში მოეხდინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტა, რათა არ მომხდარიყო სესხზე პროცენტის დარიცხვის უსაფუძვლოდ გახანგრძლივება, რაც მისი მხრიდან არ მომხდარა. არამედ, როგორც მოსარჩელის განმარტებიდან ირკვევა, ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა ვალდებულების დარღვევიდან თითქმის 1 წლისა და სამი თვის შემდეგ. მოსარჩელის მიერ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით განუხორციელებლობა, კი საფუძველს აცლის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 04 მაისს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თ----------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2500 ლარის ოდენობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს -500 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი - 2500 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა - 299.45 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სს „თ----------ს“ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხის - 5561.14 ლარის ნაწილში) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 166.83 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ------–-–--–--–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 15 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი ლ------–-–--–--–ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ლ------–-–--–--–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6061.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5561.14 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი.
2. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ლ------–-–--–--–ისათვის 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 1920.38 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. ლ------–-–--–--–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 15 ლარის გადახდა.
4. სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 299.45 ლარიდან - 166.83 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №20.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/27363-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
07 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „თ----------ი“
წარმომადგენელი: თ-------------ე
მოპასუხე: ლ------–-–--–--–ი
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი ლ------–-–--–--–ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ლ------–-–--–--–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6061.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 5561.14 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი.
2. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ლ------–-–--–--–ისათვის 2015 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 1920.38 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. ლ------–-–--–--–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 15 ლარის გადახდა.
4. სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 27 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 299.45 ლარიდან - 166.83 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №20.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი